Category: ახალი ამბები

  • მოპარული ბავშვები – BBC-ის სკანდალური დოკუმენტური ფილმი ქართველი ბავშვების გაყიდვის საქმეზე

    ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის ეთერში გავიდა ვრცელი დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მრავალწლიან პრაქტიკას ეხება. ბიბისი–ს ვებგვერდზე კი გამოქვეყნდა ფილმის ბეჭდური ვერსია, რომლის თარგმანს გთავაზობთ.

    ფილმის მთავარი გმირი ჟურნალისტი თამუნა მუსერიძეა, რომელიც წლების მანძილზე ადამიანებს დაკარგული მშობლების და შვილების მოძებნაში ეხმარება. ბიბისი–ს მოთხრობილი აქვს სამი კონკრეტული  ისტორია, როცა შვილები ბიოლოგიურ  მშობლებს დააშორეს:

    ემი და ანო იდენტური ტყუპები არიან, მაგრამ დაბადებისთანავე ისინი დედას წაართვეს და სხვადასხვა ოჯახებში გაყიდეს. წლების შემდეგ მათ შემთხვევით აღმოაჩინეს ერთმანეთი ტალანტ შოუსა  და TikTok ვიდეოების საშუალებით. როდესაც წარსულში უფრო ღრმად ჩაიხედეს, გააცნობიერეს, რომ ისინი იმ ათასობით ბავშვს შორის არიან, რომლებიც წლების მანძილზე დაბადებისთანავე იპარავდნენ სამშობიაროებში და ყიდნნენ.  მათ შორის, ზოგიერთი შემთხვევა 2005 წელსაც კი  მოხდა. ახლა გოგოები პასუხებს ეძებენ.

    ემი ლაიფციგში, სასტუმროს ნომერში წინ და უკან დადის. “მეშინია, ძალიან მეშინია”, – ამბობს ის და ნერვიულად იბნევა. „მთელი კვირა არ მიძინია. ეს არის ჩემი შანსი, რომ საბოლოოდ მივიღო პასუხები იმაზე, რაც მოხდა ჩვენთან დაკავშირებით.”

    მისი ტყუპი და ანო  სავარძელში ზის და უყურებს TikTok-ის ვიდეოებს თავის ტელეფონზე. ”ეს ის ქალია, რომელმაც შეიძლება გაგვყიდა“- ამბობს ის და თვალებს ატრიალებს.

    ანო აღიარებს, რომ ისიც ნერვიულობს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცის, როგორი რეაქცია ექნება და შეძლებს თუ არა ბრაზის შეკავებას.

    ეს არის გრძელი მოგზაურობის დასასრული. ისინი საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრნენ ფაზლის დაკარგული ნაწილის პოვნის იმედით. ისინი საბოლოოდ ხვდებიან ბიოლოგიურ დედას.

    ბოლო ორი წლის განმავლობაში ისინი ცდილობდნენ მომხდარის სურათი აღედგინათ.  როგორც კი მათ სიმართლე გაარკვიეს, მიხვდნენ, რომ საქართველოში ათიათასობით სხვა ადამიანი იყო, რომლებიც ასევე ჩვილები გაყიდეს საავადმყოფოებიდან და ათწლეულების განმავლობაში ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ. მომხდარის გამოძიების ოფიციალური მცდელობების მიუხედავად, ჯერ არავინ დასჯილა.

    ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინეს ემიმ და ანომ ერთმანეთი, მაშინ იწყება, როცა გოგოები 12 წლის იყვნენ.

    ემი ხვიტია შავი ზღვის სანაპიროზე ნათლიას სახლში იყო და უყურებდა საყვარელ გადაცემას „ნიჭიერი“. შოუს მონაწილე ჯაივის მოცეკვავე გოგონა მას ძალიან ჰგავდა. მხოლოდ კი არ გავდა, არამედ ზუსტად მისი იდენტური იყო.

    “ყველა ურეკავდა დედაჩემს და ეკითხებოდა: “რატომ ცეკვავს ემი სხვა სახელით?” – ამბობს ემი.

    ემიმ ამის შესახებ ოჯახს უთხრა, მაგრამ მათ პასუხს თავი აარიდეს. “ყველას ჰყავს ორეული”, – თქვა დედამ.

    შვიდი წლის შემდეგ, 2021 წლის ნოემბერში, ემიმ გამოაქვეყნა TikTok-ის ვიდეო, რომელშიც ის ლურჯი თმით და წარბების პირსინგით იყო.

    ორასი მილის (320 კმ) დაშორებით, თბილისში, კიდევ ერთ 19 წლის გოგოს, ანო სართანიას მეგობარმა გაუგზავნა გოგოს ვიდეო, რომელიც მას ძალიან გავდა.

    ანო ცდილობდა მოეძებნა ინტერნეტით გოგონა, რომელსაც წარბი გახვრეტილი ჰქონდა , მაგრამ ვერ იპოვა, ამიტომ მან ვიდეო გაავრცელა უნივერსიტეტის WhatsApp ჯგუფში, რათა ენახა ვინმეს შეეძლო თუ არა დახმარება. ვიღაცამ, ვინც ემის იცნობდა, ნახა პოსტი და  მათ ფეისბუქზე დაუკავშირდა.

    ემი მაშინვე მიხვდა, რომ ანო ის გოგო იყო, რომელიც წლების წინ ნახა შოუ “ნიჭიერში.“

    “ამდენი ხანი გეძებდი!” გაგზავნა მან მესიჯი. – მეც, – უპასუხა ანომ.

    მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ აღმოაჩინეს, რომ ბევრი რამ ჰქონდათ საერთო.

    ორივე დაიბადნენ დასავლეთ საქართველოში, კირცხის სამშობიარო სახლში, რომელიც ახლა აღარ არსებობს, მაგრამ დაბადების მოწმობებიდან ჩანს, რომ მათი დაბადების დღეები ერთმანეთისგან რამდენიმე კვირით იყო დაცილებული.

    ისინი არ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ  დები და მით უმეტეს ტყუპები. მაგრამ ძალიან ბევრი მსგავსება იყო.

    მათ მოსწონდათ ერთი და იგივე მუსიკა, ორივეს უყვარდა ცეკვა და ერთნაირი ვარცხნილობაც კი ჰქონდათ. მათ აღმოაჩინეს, რომ მათ ჰქონდათ იგივე გენეტიკური დაავადება, ძვლის დაავადება, რომელსაც დისპლაზია ჰქვია.

    ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ისინი ერთად ხსნიდნენ საიდუმლოს. “ყოველთვის, როცა რაღაც ახალს ვიგებდი ანოს შესახებ, ყველაფერი უფრო უცნაური ხდებოდა”, – ამბობს ემი.

    შეხვედრაზე შეთანხმდნენ და ერთი კვირის შემდეგ, როცა ემი თბილისში, რუსთაველის მეტროსთან ესკალატორის ზედა ნაწილს მიუახლოვდა, მან და ანომ ფიზიკურად ნახეს ერთმანეთი.

    ”ეს იყო სარკეში ჩახედვა: იგივე სახე, იგივე ხმა. მე ვარ ის და ის მე ვარ“, – ამბობს ემი. მან მაშინ იცოდა, რომ ისინი ტყუპები იყვნენ.

    “არ მიყვარს ჩახუტება, მაგრამ ჩავეხუტე”, – ამბობს ანო.

    მათ გადაწყვიტეს დაპირისპირებოდნენ ოჯახებს და პირველად გაიგეს სიმართლე. ისინი 2002 წელს ცალ-ცალკე იშვილეს,  რამდენიმე კვირის დაშორებით.

    ემი ნერვიულობდა და გრძნობდა, რომ მთელი ცხოვრება ტყუილი იყო. თავიდან ფეხებამდე შავებში ჩაცმული, მკაცრად გამოიყურება, მაგრამ ნერვიულად აწვალებს  ყელსაბამს და ლოყაზე ტუშით დალაქავებულ ცრემლს იწმენდს. “ეს გიჟური ამბავია,” ამბობს ის. “Მაგრამ ეს სიმართლეა.”

    ანო “ჩემს ოჯახზე გაბრაზებული და ნაწყენი იყო, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა, რთული საუბრები დასრულებულიყო, რათა ყველას გაგვეგრძელებინა ცხოვრება.”

    უფრო ღრმად ჩაძიებისას ტყუპებმა აღმოაჩინეს, რომ ინფორმაცია მათ ოფიციალურ დაბადების მოწმობებზე, მათ შორის დაბადების თარიღზე, არასწორი იყო.

    ემის დედას რომელსაც შვილები არ უჩნდებოდა,  მეგობარმა უთხრა, რომ ადგილობრივ საავადმყოფოში არასასურველი ბავშვი დაიბადა. და მას მოუწევს ექიმებისთვის ფულის  გადახდა, მაგრამ მას შეუძლია წაიყვანოს იგი სახლში და გაზარდოს როგორც საკუთარი.

    იგივე ამბავი ანოს დედასაც უამბო.

    არცერთმა მშვილებელმა ოჯახმა არ იცოდა, რომ გოგონები ტყუპები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხა გადაიხადეს თავიანთი ქალიშვილების შვილად ასაყვანად,  ისინი ამბობენ, რომ ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეს უკანონო იყო. საქართველო არეულობის პერიოდს გადიოდა და რადგან საქმეში  საავადმყოფოს პერსონალი იყო ჩართული,  მათ ეს ლეგალურად ჩათვალეს.

    რა თანხა გადაიხადეს ბავშვში, არცერთ ოჯახს არ დაუსახელებია.

    ტყუპებს  აინტერესებდათ, გაყიდეს თუ არა ბიოლოგიურმა მშობლებმა ისინი მოგებისთვის.

    ემის სურდა მათი ბიოლოგიური დედის მოძებნა, მაგრამ ანო არ იყო დარწმუნებული. “რატომ გინდა იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელსაც შეეძლო ჩვენი ღალატი?” ჰკითხა მან.

    ემიმ აღმოაჩინა ფეისბუქის ჯგუფი, რომელიც  ქართველ ოჯახებს იმ ბავშვების მოძებნაში ეხმარებოდა, რომლებიც დაბადებისთანავე  სავარაუდოდ არალეგალურად გააშვილეს და მათი ამბავი გააზიარა.

    მათ გერმანელი ახალგაზრდა ქალი გამოეხმაურა და თქვა, რომ დედამისმა ტყუპი გოგონები გააჩინა კირცხის სამშობიაროში 2002 წელს და მიუხედავად იმისა, რომ უთხრეს, რომ ისინი გარდაიცვალნენ, ახლა მას გარკვეული ეჭვი გაუჩნდა.

    დნმ-ის ტესტებმა აჩვენა, რომ ფეისბუქის ჯგუფის გოგონა მათი და იყო და დედასთან, აზასთან ერთად გერმანიაში ცხოვრობდა.

    ემის ძალიან უნდოდა აზასთან შეხვედრა, მაგრამ ანო უფრო სკეპტიკურად იყო განწყობილი. “ეს ის ადამიანია, ვისაც შეეძლო შენი გაყიდვა, სიმართლეს არ გეტყვის”, – გააფრთხილა მან. მიუხედავად ამისა, იგი დათანხმდა ემისთან ერთად გერმანიაში წასვლას მის მხარდასაჭერად.

    ტყუპების მიერ გამოყენებული ფეისბუქ ჯგუფია „ვეძებთ“ . მას აქვს უთვალავი პოსტი დედებისგან, რომლებიც ამბობენ, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მათი ჩვილები გარდაიცვალნენ, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ სიკვდილი არ იყო დაფიქსირებული და მათი შვილები შეიძლება ცოცხლები იყვნენ.

    სხვა პოსტები არის ბავშვებისგან, როგორიცაა ემი და ანო, რომლებიც ეძებენ თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს.

    ჯგუფს ჰყავს 230 000-ზე მეტი წევრი და დნმ-ის ვებგვერდებზე წვდომასთან ერთად, ფართოდ გახსნა ბნელი თავი საქართველოს ისტორიაში.

    ის ჟურნალისტმა თამუნა მუსერიძემ 2021 წელს მას შემდეგ დააარსა, რაც მან აღმოაჩინა, რომ ნაშვილები იყო. მან აღმოაჩინა დაბადების მოწმობა არასწორი დეტალებით, როცა გარდაცვლილი დედის სახლს ასუფთავებდა.

    მან ჯგუფი შექმნა საკუთარი ოჯახის მოსაძებნად, მაგრამ ჯგუფმა საბოლოოდ  გამოააშკარავა  ბავშვებთან ტრეფიკინგის სკანდალი, რომელიც გავლენას ახდენს ათიათასობით ადამიანზე და ათწლეულებს მოიცავს.

    მან ხელი შეუწყო ასობით ოჯახის გაერთიანებას, მაგრამ ჯერ ვერ მოძებნა საკუთარი ოჯახი.

    თამუნამ აღმოაჩინა შვილად აყვანის შავი ბაზარი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ათლეულების მანძილზე  მოქმედებდა –1950-იანი წლების დასაწყისიდან 2005 წლამდე.

    იგი თვლის, რომ მას მართავდნენ ორგანიზებული კრიმინალები და ჩართული იყვნენ ადამიანები საზოგადოების ყველა ფენიდან, ტაქსის მძღოლებიდან დაწყებული ხელისუფლების მაღალი რანგის ადამიანებით დამთავრებული. კორუმპირებული ჩინოვნიკები უკანონო გაშვილებისთვის საჭირო საბუთებს აყალბებდნენ.

    “მასშტაბები წარმოუდგენელია, 100 000-მდე ბავშვი მოიპარეს. ეს იყო სისტემური”, – ამბობს ის.

    თამუნა განმარტავს, რომ მან ეს მაჩვენებელი გამოთვალა იმ ადამიანების რაოდენობის დათვლით, ვინც დაუკავშირდა მას და გადაიანგარიშა ეს წლებზე და ქვეყნის მაშტაბზე.

    დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის არარსებობის გამო – ზოგი დაიკარგა, ზოგი კი დახურულია – ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია.

    თამუნა ამბობს, რომ ბევრმა მშობელმა უთხრა, რომ როცა მათი გარდაცვლილი ჩვილების ცხედრები მოითხოვეს, უთხრეს, რომ ისინი უკვე საავადმყოფოში იყვნენ დაკრძალული. მას შემდეგ მან გაიგო, რომ საქართველოს საავადმყოფოებში სასაფლაოები არასოდეს ყოფილა. სხვა შემთხვევაში მშობლებს აჩვენებდნენ გარდაცვლილ ჩვილებს, რომლებიც მაცივარში ჰყავდათ შენახული გაყინულ მდგომარეობაში.

    თამუნა ამბობს, რომ ბავშვის ყიდვა ძვირი ჯდებოდა, დაახლოებით ერთი წლის ხელფასის ტოლფასი. მან აღმოაჩინა, რომ ზოგიერთი ბავშვი აშშ-ში, კანადაში, კვიპროსში, რუსეთსა და უკრაინის ოჯახებში მოხვდა.

    2005 წელს საქართველომ შეცვალა შვილად აყვანის კანონმდებლობა და 2006 წელს გააძლიერა ანტიტრეფიკინგის კანონები, რამაც გაართულა უკანონო შვილად აყვანა.

    კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც პასუხებს ეძებს, არის ირინა ოთარაშვილი. 1978 წელს ყვარლის სამშობიაროში, საქართველოს კავკასიონის მთისწინეთში, ტყუპი ბიჭი გააჩინა.

    ექიმებმა უთხრეს, რომ ორივე ბიჭი ჯანმრთელი იყო, მაგრამ, მიზეზების გამო, რომლებიც არასოდეს აუხსნიათ,  ისინი მისგან შორს ჰყავდათ.

    დაბადებიდან სამი დღის შემდეგ მას უთხრეს, რომ ორივე მოულოდნელად გარდაიცვალა. ექიმმა თქვა, რომ მათ სუნთქვის პრობლემები ჰქონდათ.

    ირინა და მისი ქმარი ვერ მივხდნენ, რა მოხდა,  მაგრამ განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში კითხვებს ვერ დასვამდი –  ამბობს ის. ყველაფრის სჯეროდა, რასაც ამბობდნენ.

    მათ სთხოვეს, მოეტანათ ჩემოდანი, რათა წაეღოთ ჩვილების ნეშტი და დაემარხათ სასაფლაოზე ან უკანა ბაღში, როგორც ეს იმ დროს ჩვილების დაკრძალვის შემთხვევაში იყო მიღებული. ექიმმა უთხრა მათ, არასოდეს გაეხსნათ ჩემოდანი,  რადგან ძალიან შემაწუხებელი იქნებოდა ცხედრების დანახვა.

    ირინა ისე მოიქცა, როგორც უთხრეს, მაგრამ 44 წლის შემდეგ მისმა ქალიშვილმა ნინომ თამუნას ფეისბუქის ჯგუფი იპოვა და დაეჭვდა.

    “იქნებ ჩვენი ძმები სინამდვილეში არ მომკვდარან?” ფიქრობდა იგი. ნინომ და მისმა დამ ნანამ გადაწყვიტეს ჩემოდანი ამოეთხარათ.

     

    “გული ამიჩქარდა,” ამბობს ის. “როდესაც გავხსენით, ძვლები არ იყო, მხოლოდ ჯოხები იყო. არ ვიცოდით, გაგვეცინა თუ გვეტირა.”

    მისი თქმით, ადგილობრივმა პოლიციამ დაადასტურა, რომ შიგთავსი იყო ყურძნის ვაზის ტოტები და ადამიანის ნაშთების კვალი ჩემოდანში არ იყო.

    ახლა მას სჯერა, რომ მისი დიდი ხნის დაკარგული ძმები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.

    ლაიფციგის სასტუმროში ემი და ანო ემზადებიან ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად. ანო ამბობს, რომ გადაიფიქრა და უარის თქმა სურს. მაგრამ ეს არის მოკლევადიანი ყოყმანი. მან ღრმად ჩაისუნთქა და სვლა განაგრძო.

    მეორე ოთახში მათ  ბიოლოგიური დედა აზა ნერვიულად ელოდება.

    ემი ყოყმანით აღებს კარს,  ანო მიჰყვება და ოთახში უბიძგებს დას.

    აზა გოგოებს ეგებება და მაგრად ეხუტება მათ. წუთები გადის, ჩახუტებულები არიან, არავინ ლაპარაკობს.

    ემის სახეზე ცრემლები ჩანს, მაგრამ ანო რჩება სტოიკური და ურყევი. ცოტა გაღიზიანებულიც კი გამოიყურება. შემდეგ მარტოები სალაპარაკოდ სხდებიან.

    მოგვიანებით ტყუპები ამბობენ, რომ დედამ აუხსნა, რომ მშობიარობის შემდეგ ცუდად გახდა და კომაში ჩავარდა. როდესაც გაიღვიძა, საავადმყოფოს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ ჩვილები დაბადებიდან მალევე გარდაიცვალნენ.

    მისი თქმით, ემისა და ანოს შეხვედრამ მის ცხოვრებას ახალი აზრი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს არ არიან, მაინც ურთიერთობენ.

    2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ბავშვთა ისტორიული ტრეფიკინგის გამოძიება. დეპარტამენტმა BBC-ს განუცხადა, რომ ესაუბრა 40-ზე მეტ ადამიანს, მაგრამ შემთხვევები “ძალიან ძველი იყო და ისტორიული მონაცემები დაიკარგა”. ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ამბობს, რომ მან ეს ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა ხელისუფლებას არ უთქვამს, როდის გაავრცელებს ანგარიშს.

    მან სულ მცირე ოთხჯერ  სცადა გაერკვია რა მოხდა. ეს მოიცავდა 2003 წელს ბავშვთა ტრეფიკინგის საერთაშორისო გამოძიებას, რამაც გამოიწვია რამდენიმე დაპატიმრება, მაგრამ მხოლოდ მცირე ინფორმაცია გასაჯაროვდა. 2015 წელს კი, მორიგი გამოძიების შემდეგ, ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსთავის სამშობიარო სახლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ბარავკოვი დააკავეს, მაგრამ გაამართლეს და სამსახურში დაბრუნდა.

    ცალკეულ შემთხვევებზე დამატებითი ინფორმაციისთვის BBC დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ გვითხრეს, რომ კონკრეტული დეტალები მონაცემთა დაცვის გამო არ გახმაურდება.

    თამუნა ახლა ძალებს აერთიანებს ადამიანის უფლებათა ადვოკატ ლია მუხაშავრიასთან, რათა დაზარალებულთა ჯგუფის საქმეები ქართულ სასამართლოში წარიმართოს. მათ დაბადების დოკუმენტებზე წვდომის უფლება სურთ, რაც ამჟამად საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია.

    “ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც ან ვიღაც მაკლდა ჩემს ცხოვრებაში”, – ამბობს ანო. ”მე ვოცნებობდი შავებში ჩაცმული პატარა გოგონაზე, რომელიც ყველგან უკან გამომყვებოდა და შემეკითხებოდა, როგორი იყო ჩემი დღე”. ეს გრძნობა გაქრა, როდესაც მან ემი იპოვა.

  • სალომე ზურაბიშვილს სომხეთის პრემიერის ვიზიტის შესახებ არ შეატყობინეს

    საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ მისთვის სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტის შესახებ მთავრობას არ შეუტყობინებია, და შესაბამისად მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ზურაბიშვილს არ მიეცა.
    “საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
    ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ“– წერს სალომე ზურაბიშვილი.
  • მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით ხაშურში 51 წლის კაცი დააკავეს

    ხაშურში 51 წლის კაცმა 16 წლის გოგოზე სექსუალურად იძალადა. კაცი მოზარდს დანით ემუქრებოდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას სთხოვდა. მამაკაცი დაკავებულია. შსს–ს ინფორმაციით,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

    რეგიონული გამოცემა “მოზაიკას“ ინფორმაცით დაკავების დროს მამაკაცს თან დანა უპოვეს.  სექსუალური ძალადობა რამდენჯერმე მოხდა.

    დაკავებულის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

  • president.ge-ზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთილია – სუს-ი

    president.ge-ზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთილია – სუს-ი

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომლის შედეგად ვებ გვერდზე www.president.ge განთავსებული ინფორმაციის მთლიანობა და ავთენტურობა დაირღვა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში  ფუნქციონირებს.

    მიმდინარეობს ინციდენტის კვლევის დამატებითი მოქმედებები აღნიშნული ვებგვერდის სხვა მოწყვლადობებზე შემოწმების, ასევე, დამნაშავეთა იდენტიფიცირებისა და შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით.”

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღკვეთეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა.

  • “კეთილსინდისირების ინდექსით” წინ ვუსწრებთ EU-ს ყველა კანდიდატ ქვეყანას – პაპუაშვილი

    საქართველო “კეთილსინდისიერების ინდექსის” მიხედვით 29-ე ადგილით ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელზეა. ინდექსი აფასებს ბიუჯეტის გამჭვირვალობას, ელექტრონული მომსახურების ხელმისაწვდომობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, პრესის თავისუფლებას, ადმინისტრაციულ გამჭვირვალობას, ონლაინ სერვისებს, ადმინისტრაციულ დატვირთვის დონესა და ვაჭრობის თავისუფლებას. საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, წინ უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 8 წევრსა და NATO-ს 10 სახელმწიფოს.

    წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

  • სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ – ღარიბაშვილი ფაშინიანს შეხვდა

    მინდა, განსაკუთრებით გამოვყო დღევანდელი დღის გადაწყვეტილება, რაზეც ბოლო თვეების განმავლობაში ვმუშაობდით. ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დავაანონსეთ, რომ ჩვენ სომხეთთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელს მოვაწერდით. ჩვენ ისტორიულად, ტრადიციულად ძალიან ძლიერი მეგობრები და მოკავშირეები ვართ. ყველა მიმართულებით კარგი ურთიერთობა, პარტნიორობა და თანამშრომლობა გვაქვს. შეიძლება, ასე ითქვას, დე ფაქტო ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული პარტნიორები და სტრატეგიული მეგობრები. დღეს კი ეს მოცემულობა ოფიციალურად გაფორმდა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ.

    განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთია პრემირთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

  • არ ვარ კმაყოფილი, 200 000 დოზაც კი ვერ გაიხარჯა – ცერცვაძე გრიპის ვაქცინაციაზე

    “ვაქცინაციით არ ვარ კმაყოფილი, იმიტომ, რომ გაცილებით მეტი რესურსი იყო , საერთოდ საქართველოს მოსახლეობა სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის მიმართ. იგივე იყო კოვიდის დროს და იგივეა გრიპის დროსაც. 200 000 ვაქცინა შემოიტანა სახელმწიფომ და ისიც კი არ არის გახარჯული. საბედნიეროდ, ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები”

    აცხადებს ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.

  • სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, არცერთი ჩვენი ლიდერი რუსეთში არ ჩავა! – ოდიშარია

    ჩვენ არ გვაქვს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ისეთი ურთიერთობა, როგორსაც ვისურვებდი, რადგან არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა და არც გვექნება ის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე. ჩვენ არანაირ დათმობაზე რუსეთთან არ წავალთ, ვიდრე არ იქნება მიღწეული ის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

    ახლა ერთმა კერძო პირმა გამოხატა რაღაც სურვილი. ამის უფლება ყველას აქვს, ქართველები სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და შეიძლება მოიპატიჟოს, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც მე და არც სხვა ჩვენი გუნდის ლიდერები, რომელთაც შეხება აქვთ დიასპორასთან, არ იქნებიან რუსეთში იმ დრომდე, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება.

    ამის შეაახებ, ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • “ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა” – ფოტიგა

    “ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა” – ფოტიგა

    “მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად გააკეთა. ასევე, იყო კონკრეტული გეგმა შეთანხმებული, ერთის მხრივ, ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის, თუ როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა წევრობამდე. ამასთან, რადგან იყო შეშფოთება გარკვეული მიმართულებებით, მოხდა შეთანხმება ორმხრივად, რომ საქართველო რეკომენდაციებს შეასრულებდა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის ნება ევროკავშირში გაწევრიანებისა არ შეცვლილა და ხელისუფლება სწორედ ხალხის ნებას უნდა დაემორჩილოს. ევროკავშირის მოლოდინები აქ მეორეხარისხოვანია…
    ჩვეულებრივ, დასავლეთის ქვეყნებში არ შეიძლება მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი აქტიურ ბიზნეს საქმიანობაში იყოს ჩართული. მე არ ვიცი, რა სახის გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. თუმცა, მგონია, რომ პოლიტიკაში დაბრუნება ფორმალური ძალაუფლების დაბრუნების მიზნით გადაწყვიტა. ერთის მხრივ, ეს დადებითი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ღიად ჩართული ადამიანი ანგარიშვალდებულია და უკეთესია, ვისაც ძალაუფლება აქვს ოფიციალური თანამდებობა ეკავოს, ვიდრე ჩრდილიდან მართავდეს ქვეყანას. თუმცა, მისი მიზნები შეიძლება განსხვავებულიც იყოს. ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ასეა თუ ისე, ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალაუფლება აქვს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაცია ჯერ არ მომხდარა,”

    ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამ “მთავარ არხთან” განაცხადა.

  • ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში ისევ მძიმე ვითარებაა – „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანგარიში საქართველოზე

    „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებაა საუბარი.

    დოკუმენტში აღწერილია სამართალდამცველების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების რამდენიმე თვალშისაცემი დარღვევა. მათ შორის, საუბარია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დარბევის დროს სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევებზე.

    „ადამიანის უფლება ცენტრის“ ანგარიში
    7 და 8-9 მარტის აქციების დროს, გამოიკვეთა სამართალდამცავების მხრიდან ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევები, რაც გამოიხატებოდა სპეციალური საშუალებების წინასწარი გაფრთხილებისა და ლეგიტიმური საფუძვლის არსებობის გარეშე გამოყენებაში. მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გასცენ წინასწარი გაფრთხილება და აქციის მონაწილეებს მისცენ დაშლისთვის საჭირო გონივრული დრო. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალური საშუალებები გამოყენებული იყოს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევებში. გასათვალისწინებელია, ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპები, რომლის თანახმად, მანიფესტაციის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეების მიერ შეუსაბამო ქცევის გამოვლენის შემთხვევებში, აქცია ავტომატურად არ იძენს ძალადობრივი შეკრების ხასიათს.
    შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავებმა გამიჯნონ აქციის მშვიდობიანი და არამშვიდობიანი მონაწილეები. სახალხო დამცველმაც აღნიშნა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების ძალადობრივი ქმედების შემთხვევაში, ინდივიდუალურად უნდა გატარებულიყო აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები.

    „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ანგარიშში მოხვდა ნიკა გვარამიას, მიხეილ სააკაშვილის და ლაზარე გრიგორიადისის საქმეები.

    ახალგაზრდა აქტივისტის შესახებ ორგანიზაცია წერს, რომ არსებობს კითხვები ლაზარეს სხვადასხვა ნიშნით მსხვერპლად შერჩევასთან დაკავშირებით.

    „ადამიანის უფლება ცენტრის“ ანგარიში
    ყოფილი სახალხო დამცველის განცხადებით, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. იგივე პოზიცია აქვს ადამიანის უფლებათა ცენტრს. ცენტრის იურისტი 2023 წლის განმავლობაში ლაზარე გრიგორიადისის სამართლებრივ ინტერესებს იცავდა. ლაზარესთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრებები მისი „სხვადასხვა ნიშნით“ მსხვერპლად შერჩევასთან დაკავშირებითაც, რადგან მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მას „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“ და მას „გზას აცდენილი კაცი“ უწოდა. ასევე, პრემიერ-მინისტრის განცხადებაში აქციებში მონაწილე ახალგაზრდები დახასიათებულნი იყვნენ, როგორც „ექსტრემისტული დაჯგუფება, ანარქისტები, პროვოკატორები, სატანის ფორმიანები“. ასეთი ტიპის განცხადებებმა დამატებით შეუწყო ხელი საზოგადოებაში ლაზარეს მიმართ ნეგატიური განწყობების შექმნას. ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი წერილში ამბობს, რომ ის პროტესტის დროს ევროპულ კურსს იცავდა.

    „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წლიურ ანგარიშში საუბარია, ოკუპირებულ
    ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებზე. ასევე, მიმოხილულია სტიქიური მოვლენებისას ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული პრობლემები. დოკუმენტში საუბარია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზეც.

    რაც შეეხება მედიაგარემოსა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს შემაშფოთებელი იყო მედიის წარმომადგენლების პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები.

    „ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, უსაფრთხო მედიაგარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან თითოეულ შემთხვევაზე მოხდეს სწრაფი და ადეკვატური რეაგირება, ძალადობის ყველა შემთხვევის საჯაროდ დაგმობა და გამოხატვის თავისუფლებისა თუ ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია ანგარიშში.