Category: ახალი ამბები

  • მურუსიძე-ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც გუშინდელს. თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს – ზურაბიშვილი

    “ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ.
    ძალაუფლების გაღმერთება და კერპად ქცევა პირდაპირ საბჭოთა მემკვიდრეობაა, თავისი ვერტიკალით, ერთპარტიულობით, ერთპიროვნული გადაწყვეტილებებით, მადლობებით, გადარჩენისთვის საკუთარი თავის დამცირებით და დამნაშავედ ცნობით, კომპრომატებით, მოსმენებით და დასმენებით, კლანებითა და მონებით… აქ საბჭოთა სისტემაზე ვსაუბრობ.
    დამოუკიდებლობის შემდეგ, ვერცერთმა მთავრობამ ვერ იპოვა თავის თავში ძალა და ნება, რომ ძალაუფლების მონოლითი ბოლომდე ჩამოეშალა და ძალაუფლების დემოკრატიული ბალანსი აღედგინა. ძალაუფლება კი, ხელიდან ხელში გადავიდა, სხვა მეპატრონე გაუჩნდა, მაგრამ სისტემა ძირეულად არ და ვერ გარდაიქმნა. ეს სისტემა გულისხმობს ძალაუფლების ერთ ხელში და ერთ ვერტიკალზე კონცენტრაციას, სასამართლოს და ყველა ძალოვანი უწყებების ძალაუფლების დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენებას. სასამართლო „კლანი“ სწორედ ამ მარადიული სისტემის ინკარნაციად იქცა: მურუსიძე და ჩინჩალაძე იგივე თავდადებით ემსახურებიან დღევანდელ მმართველ გუნდს, როგორც ემსახურებოდნენ გუშინდელს და თუ არაფერი შეიცვალა, ხვალაც მონახავენ ახალ პატრონს, ვისაც გამოუცხადებენ ერთგულ მსახურებას.
    ამ სისტემისათვის დამახასიათებელია ოპოზიციის შევიწროების სურვილი. სისტემას არ სჭირდება არც პოლიტიკური კონკურენტი და არც კრიტიკული აზრი. აქედან გამომდინარე, ავტომატურად ხდება ნებისმიერი ალტერნატივის დემონიზაცია, ანუ უაპელაციოდ მოღალატის, აგენტის, რადიკალის იარლიყის მიკერება… „ვინც ჩემს ძალაუფლებაში მეცილება, ესე იგი, ქვეყანას ებრძვის“. კომპრომატები დისკრედიტაციისა და განადგურების იარაღია, მოსყიდვა კი, რბილი ალტერნატივა!”

    აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი წლიურ მოხსენებაში.

  • წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას, მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?! – ვაშაძე ზურაბიშვილზე

    წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას, მნიშვნელოვანია, მოვისმინო, აპირებს თუ არა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი?! – ვაშაძე ზურაბიშვილზე

    „უმნიშვნელოვანესი წელია საქართველოსთვის. ეს არის წელი, როცა ქართველი ხალხი აირჩევს გზას, მივდივართ ეკონომიკური განვითარებისკენ და დასაქმებისკენ, ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციისკენ, თუ მეტი უმუშევრობისკენ, მეტი კლანური და ივანიშვილის მმართველობისკენ, მეტი ჭაობისკენ, მეტად რუსეთისკენ. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოვუსმინო პრეზიდენტს, როგორ ხედავს თავის როლს ამ მნიშვნელოვან წელს. ბოლო წელია მისი პრეზიდენტობის და მნიშვნელოვანია, როგორც არჩევნების, გარემოს კუთხით, როგორ ხედავს და აფასებს მმართველი გუნდის პერსპექტივას, რომელსაც არ უნდა 9 პუნქტის შესრულება და ევროკავშირი, არაფერს აკეთებს დასაქმებისთვის და რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოვისმინო მისგან, წელს ამთავრებს საპრეზიდენტო ვადას და აპირებს თუ არა გაათავისუფლოს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისგან?!”

    ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

  • ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

    ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

    „მე მქონდა საშუალება მასთან მატარებელში მესაუბრა. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარია“, – წერს გონჩარენკო „ტელეგრამის“ არხზე.

  • ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება – ნახეთ ჩამონათვალი

    ხვალ, 6 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, III მიკრორაიონების, გობრონიძის, დუმბაძის, წმინდა ნინოს და კერესელიძის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭედიას ქუჩის მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტროსადგური „დიდუბე“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, სამტრედიის, ერისთავის და ხოშარაულის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის  დასახლების, პურის  მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, დიდი  ხეივნის, მეფე სოლომონ II, კრწანისის, გორგასალის, ორთაჭალის, ჯიბლაძის, ახოსპირელის, ლერმონტოვის, გუდიაშვილის, აბესაძის, აბო-ტბილელის, ბეთლემის, ჩიხლაძის და ალავერდოვის ქუჩების მოსახლეობას.

    მთაწმინდის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას, ღამბაშიძის, ქუჩიშვილის, ბარნოვის, კეკელიძის და თვალჭრელიძის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის  ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ინტენსიფიკაციის და გუდავას ქუჩების მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, დოლიძის, ციხისძირის, როსტომაშვილის, წულაძის, მეველეს, ნინიძის, ჩოხელის, მახარაშვილის, ბალადანის, ბაქარაშვილის, ჩოლოყაშვილის, ჩარხის, ვირსალაძის, აბრამიშვილის, სახალხოს, ლერწმის, აბუსერიძე-ტბელის, მანავის, მამუკინის, ხევის და ამილახვარის ქუჩების მოსახლეობას.

  • ყველაფერი გადავდე, არ შემეძლო გვერდიდან ყურება – როგორ ნადგურდება საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

    გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია. მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა.

    როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს “პრეზიდენტი იყო და ალბათ რაღაცას დააშავებდა”. მე არ დამიშავებია არაფერი რაშიც მადანაშაულებენ!

    მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები. სანამ პირში სული მიდგას, არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის.

    მე ყველაფერი გადავდე ამ ბრძოლისთვის, ძალიან კომფორტული და პატივისცემით გარშემორტყმული გარემო, ჩემი პირადი ცხოვრება იმიტომ, რომ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო გვერდიდან მეყურებინა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობისა და იმის, თუ როგორ ნადგურდება საქართველო. გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები.

    სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ! მთავარია დავინახოთ ერთმანეთი, ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, არავის მივცეთ საშუალება გადაგვიაროს და მოგვსპოს. ჩვენ გავიმარჯვებთ!

    აცხადებს, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

  • დასავლეთში არასრულწლოვანმა იმშობიარა – მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

    დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა – მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.

    რადიო თავისუფლების ცნობით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, თუმცა ნაყოფი დაიღუპა. გამოცემის ცნობითვე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოზარდმა კლინიკა დღეს, 5 თებერვალს დატოვა.

  • თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ კონტროლს – გომელაური კირბალზე

    თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ კონტროლს – გომელაური კირბალზე

    საზარელი ფაქტი იყო ნამდვილად, რაც მოხდა კირბალში. ეს არ იყო პირველი შემთხვევა. მე-10 წელია, რაც ვიკავებ მინისტრის თანამდებობას, ასევე, უსაფრთხოების სამსახურში ვიყავი, მინდა ხაზი გავუსვა, რომ რთულია ჩვენი მხრიდან რეაგირება გავაკეთოთ გამოძიების კუთხით, როდესაც ვერ გადავდივართ, ვერ ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს მეორე მხარეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, გაძლიერებაა რომელიმე სექტორის მიმართულებით.

    შეთანხმება ხდება სამმხრივად, ჩვენ არ ვაკეთებთ თვითნებურად საგუშაგოს გახსნას, გაუქმებას ან გადატანას, 10 მეტრიც რომ გადავაადგილოთ, უნდა შევათანხმოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ასევე მესამე მხარესთან, აქედან გამომდინარე რთულია. ვცდილობთ ხოლმე, რომ მოძრავი პატრულით სიღრმეებში ვიმუშავოთ, რომ არ მოხდეს შენიშვნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან.

    მთლიანად გადაფარვა შეუძლებელია ფიზიკურად, რადგან 391 კილომეტრია, წარმოგვიდგენია ყველას, ამის გაკონტროლება ფიზიკურად, თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, მთელი პოლიცია რომ იქ ჩავიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს.

    […] იმ სოფელში, სადაც დაიღუპა, მოკლეს საქართველოს მოქალაქე, ვცდილობთ დაემატოს მოძრავი პატრული, მაგრამ ხდება ხშირად დაკავება. ვერ ვიტყვი, რომ ხშირად მკვლელობით მთავრდება, თუმცა წლების წინაც იყო ორი-სამი შემთხვევა.

    ამბობს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.

  • ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველწლიურად 30-40 ადამიანი იღუპება – გომელაური

    ნარკოტიკების ზედოზირებით ყოველწლიურად 30-40 ადამიანი იღუპება – გომელაური

    ”სამწუხაროდ, ნარკოტიკული საშუალებების ზედოზირებით გარდაცვალების ფაქტები იშვიათი არაა. ყოველწლიურად, ეს რიცხვი სადღაც 30-დან 40-ის ფარგლებში მერყეობს ხოლმე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრათ. 2023 წელს 284 ნარკომოვაჭრე დავაკავეთ, როცა წინა წლებში იყო 70, 20, 30 წინა წლებში, 2022-ში იყო 202 და 284 [2023 წელს]. მესმის, რომ კიდევ ბევრი რაღაც, სხვა ღონისძიებებია გასატარებელი. პრობლემა რომ არის მსოფლიოში, გასაგებია. არ მინდა ქვეყნები დავასახელო – ჩვენზე 10-ჯერ მეტი, რეალურად ვლაპარაკობ, ღია სტატისტიკებია, ევროპის ქვეყნები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა შტატებში 10-ჯერ მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს არ არის, ვთქვათ, რომ რახან იქ იღუპება, ჩვენთანაც უნდა დაიღუპოს. ალბათ, ერთობლივად სამუშაო იქნება უფრო კომპლექსური და არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროსი”,

    აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

  • ამოვიღეთ ასაფეთქებელი მოწყობილობები, უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში გადაჰქონდათ – სუს-ი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოში რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. საუბარია 6 მოწყობილობასა და 14 კგ ასაფეთქებელ ნივთიერებაზე. სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში 19 იანვარს, უკრაინის ქალაქ ოდესიდან – რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, საბაჟო პუნქტ სარფიდან შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო პუნქტ დარიალის მეშვეობით იგეგმებოდა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, წინასწარი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრო მანქანისათვის განკუთვნილი 2 ერთეული აკუმულატორი. არსებული აკუმულატორები გამოყენებული იყო კონტეინერებად, ორივე მათგანში ჯამში განთავსებული იყო 6 ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა.

    აღნიშნული კონტეინერებიდან სპეციალური გამნაღმველი ჯგუფის მიერ ამოღებული იქნა ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება, რაც ექსპერტიზისთვის გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, ხოლო ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ კონტეინერებს დაუბრუნდა პირვანდელი ვიზუალური სახე და ე.წ. მულაჟების სახით, კვლავ დაბრუნებული იქნა ზემოხსენებულ ამანათში, რათა წარმოებული ფარული მოქმედებების შესახებ არ გამხდარიყო ცნობილი როგორც დამკვეთებისთვის, ისევე შემსრულებლებისათვის.

    ამანათის შემდგომი გადაადგილების პროცესი, რა თქმა უნდა, კონტროლდებოდა კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მთავარ მიზანს წარმოადგენდა დამკვეთებისა და დამატებითი პირების დადგენა, რომლებიც შესაძლოა ჩართული ყოფილიყვნენ აღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირების საქმეში. ასევე, დადგენილიყო ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილების მარშრუტი და მათი გამოყენების საბოლოო მიზნები.

    დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები სამხედრო წარმოების პლასტიკურ ასაფეთქებელ ნივთიერება სი-4-ს შეიცავს, რომლის მოქმედებაში მოყვანა შესაძლებელია ელექტრო დეტონატორის და სპეციალური ტაიმერის საშუალებით. ასაფეთქებელი ნივთიერების საერთო წონა 14 კილოგრამს აღწევს. კონტეინერში ასევე მოთავსებული იყო 6 ერთეული დეტონატორი და 6 ერთეული სპეციალური გასაღები. ასაფეთქებელი მოწყობილობის 6-ვე ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მომყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო.

    ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე. ხალხმრავალ ადგილებში მსგავსი მოწყობილობის ამოქმედება გამოიწვევდა ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან დაზიანებას და მასშტაბურ მსხვერპლს. აღნიშნული ნივთიერების მუხტი სიმძლავრით ბევრად აღემატება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის მუხტს.

    კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული მოქმედებების შედეგად, გამოკითხული მოწმეების ჩვენებების და ამოღებული აუდიო-ფაილების საფუძველზე დგინდება, რომ ხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით სარფი, უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით და იგეგმებოდა მისი გატანა რუსეთის ფედერაციაში, კონკრეტულად ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო გამშვები პუნქტის დარიალის მეშვეობით.

    მოგვიანებით, დამკვეთის დავალებით გადაწყვეტილება შეიცვალა და პროცესში ჩართულმა პირებმა ერთ-ერთი კონტეინერის, სადაც 3 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული ქვეყნიდან გატანა სცადეს აღნიშნული პუნქტიდან, ხოლო მეორე კონტეინერი 3 ასაფეთქებელი მოწყობილობით დატოვეს თბილისში, კონკრეტულ მისამართზე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ შეჩერებული და ამოღებული იქნა აღნიშნული გზავნილი იმ დროს, როდესაც მას უნდა გადაეკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი საქართველოს მხრიდან.

    სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ აღნიშნული ასაფეთქებელი მოწყობილობის საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქის განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს – 7, უკრაინის – 3 და სომხეთის – 2 მოქალაქე. საქმის მასალებით, პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატების კანდიდატი, პარტიიდან ხალხის მსახური ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ბათუმიდანაა.

    აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობის გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ, ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობისა და კაფსულ დეტონატორების შესახებ.

    რაც შეეხება ქალაქ თბილისში დატოვებულ 3 ერთეულ ასაფეთქებელ მოწყობილობას, განკუთვნილი იყო ის რუსეთში გასატანად, თუ უნდა დარჩენილიყო საბოლოოდ საქართველოში მოქმედებაში მოსაყვანად, ამას მიმდინარე გამოძიება დაადგენს. თუმცა აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი მდგომარეობა იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მთელს ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა ემსახურებოდა მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს, როგორც დაგეგმვის, ისევე განხორციელების ნაწილში.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 231-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენას და შენახვას. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან 6-წლამდე. თუმცა გამოძიების პროცესში, შეიძლება დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება 18-323 მუხლით გაგრძელდეს, რაც ტერორისტული აქტის მომზადებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ათიდან 15 წლამდე” – ნათქვამია განცხადებაში.

  • არ მგონია, მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი რომელსაც ენმ-ის დაშლა შეეძლოს, გარდა ხაბეიშვილისა – კალაძე

    არ მგონია, საქართველოში მოიძებნებოდეს პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, ნაციონალური მოძრაობა დაეშალა, გარდა ლევან ხაბეიშვილისა…

    გადაჯგუფება მთლიანად ოპოზიციაში ხდება. რეალურად, ესენი ერთი ჯგუფის წარმომადგენლები არიან. დღეს შეიძლება ერთი სახელი დაირქვან, ხვალ მეორე. გუშინ ნაციონალური მოძრაობა იყო, დღეს ლელოა. საზოგადოებამ უკვე იცის, ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ, რა არის მათთვის მთავარი მამოძრავებელი, ვისგან იმართებიან, საიდან იმართებიან, ყველაფერი ცხადი და ნათელია. ვინ სად წავა და რომელ პარტიას დატოვებს ან გაერთიანდება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს […]

    მათ [ოპოზიციონერ დეპუტატებს] სძულთ ჩვენი ქვეყანა, უსამშობლო ადამიანები არიან, აქვთ კონკრეტული დავალებები, ვისგან, ვიცით ყველამ და ამ დავალებებს ასრულებენ.

    განაცხადა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.