Category: ახალი ამბები

  • სუსის ინფორმაციით აღმოჩენილია უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში გასატანი 14 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია 14 კგ-მდე ასაფეთქებელი ნივთიერება. უწყების კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა ბაჩა მგელაძემ დღეს, 5 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე  ისაუბრა.

    მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით მიმდინარე წლის 19 იანვარს საქართველოში შემოიტანეს საკონტროლო გამშვები პუნქტით „სარფი“ უკრაინის მოქალაქის მფლობელობაში არსებული მინივენის ტიპის ავტომობილით. მანვე განმარტა, რომ უკრაინიდან საქართველოს გავლით რუსეთში გასატანი ასაფეთქებელი ნივთიერებები, დამალვის მიზნით შენახული იყო აკუმულატორების ყუთებში.

    “აღნიშნული საქმის დეტალები და ფაქტობრივი გარემოება იძლევა იმის ეჭვის საფუძველს, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და ამ პროცესში საქართველოს მოქალაქეების მრავლად ჩართვა ემსახურებოდა იმ მოსაზრების შექმნას, რომ ტერორისტული აქტები, რომელიც განხორციელდებოდა საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ დაბრალებოდა საქართველოს როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ნაწილში”, – თქვა კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორმა.

    მისი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს 7, უკრაინის 3 და სომხეთის 2 მოქალაქე.

    “პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან „ხალხის მსახური“ ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით ქალაქ ბათუმიდანაა.

    აღნიშნული პირი საქართველოს ფარგლებს გარედან აქტიურ მეთვალყურეობას უწევდა ზემოხსენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გადაადგილებას. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული პირებისთვის, გარდა შარაშიძისა, სავარაუდოდ ცნობილი არ იყო მანქანის აკუმულატორებში განთავსებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და კაფსულ-დეტონატორების შესახებ”, – აცხადებენ სუს-ში.

  • ბატონი კახა ბექაური სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონობით ლარს აკარგვინებს და ამავდროულად საქართველოს სატელეკომუნიკაციო დარგის განვითარების მუხრუჭია

    კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაურის 7 წლიანი „მოღვაწეობა“ (კომისიის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა 2017 წელს, მანამდე წევრად – 2014 წელს) ნათელი დადასტურებაა, როგორ არ უნდა იმართებოდეს კოლეგიური მარეგულირებელი ორგანო. ნებისმიერი ქმედება, რასაც ახორციელებს კომისია ბატონი კახა ბექაურის თავმჯდომარეობით არის – არათანმიმდევრული, დარგისათვის დამაზიანებელი და ბარიერების შემქმნელი – პრობლემების გადაჭრის ნაცვლად ხელოვნურად ქმნის ახალ-ახალ დაბრკოლებებს. ამ ყველაფრის უკან ძირითადად დგას კომისიის თავმჯდომარის არაკომპეტენტურობა, პიროვნული ანგარიშსწორება, არაჯანსაღი ამბიციები და მასზე მორგებული შეუზღუდავი უფლებამოსილება, რაც საბოლოო ჯამში კომისიას აყალიბებს მკვეთრად ნეგატიური გავლენის მქონე სუბიექტად.

    კანონმდებლობით კომისიის ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციაა სიხშირული რესურსების მართვა და მათი ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. კომისია ამ ფუნქციასაც ვერ ასრულებს. 2017 წლიდან დღემდე – კახა ბექაურის კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მხოლოდ ორჯერ გაიყიდა მობილური მომსახურებისთვის განკუთვნილი ძირითადი ლიცენზიები. კომისიის არაკომპეტენტურობა გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ არსებული სიხშირეების ნაწილი, კომისიის მიერ გაცემულია ტექნიკურად არათანმიმდევრულად, რაც ხელს უშლის გასაცემი სიხშირის სრულად და სრულყოფილად გამოყენებას.

    „მაგთიკომმა“ 2021 წლის 29 ივლისს მოსთხოვა კომისიას აუქციონზე გამოეტანა 800 მჰც სიხშირე, რომლის შეძენის შემთხვევაში კომპანია მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა 4G მომსახურების შესაძლებლობებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი შემოსავლის სახით მილიონობით ლარს მიიღებდა. თავის მხრივ, მოთხოვნა განპირობებული იყო ინტერნეტ ტრაფიკის მნიშვნელოვანი ზრდით. „მაგთიკომის“ მოთხოვნაზე კომისიამ განმარტა, რომ უახლოეს მომავალში გეგმავდა 5G მომსახურებისთვის საჭირო სიხშირეების აუქციონის გამოცხადებას და ამ აუქციონზე იქნებოდა ხელმისაწვდომი 800 მჰც სიხშირული ზოლიც. კომისიისთვის „უახლოესი მომავალი“ დადგა 2 წლის შემდეგ. აუქციონზე გამოიტანა სიხშირეები არაგონივრული სალიცენზიო ვალდებულებებით, დაარღვია კანონით გათვალისწინებული ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი. აღსანიშნავია, რომ აუქციონში მონაწილე ოპერატორებისათვის უცნობი იყო კონკრეტულად სიხშირეების რომელ სპექტრს ყიდულობდნენ. თანაც, 4G და 5G ქსელის ასაგებად სიხშირეები კომისიამ იმ ფორმით გამოიტანა, რაც აიძულებდა ოპერატორებს შეეძინათ სიხშირე MVNO-ს იძულებითი (სავალდებულო) დაშვების სალიცენზიო ვალდებულებით (ისევე, როგორც საბჭოთა რეალობაში, ამა თუ იმ კლასიკოსის ტომეულების შეძენისას, გავალდებულებდნენ მარქს, ენგელს, ლენინის ტომეულებიც შეგეძინა). კომისიის თავმჯდომარის მიერ MVNO-ს იძულებითი დანერგვის მცდელობა ხომ არ არის მისი არაბუნებრივი ინტერესის შედეგი? (!!!) 

    საბოლოოდ რა მივიღეთ? –   ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა უარი თქვა აუქციონში მონაწილეობაზე და სახელმწიფო ბიუჯეტმა მხოლოდ ამ კონკრეტულ მაგალითზე ვერ მიიღო ათეულობით მილიონი ლარი. თავის მხრივ, “მზრუნველი” კომისიის ახირების გამო მილიონობით აბონენტი ვერ იღებს თანამედროვე ტექნოლოგიურ სიკეთეებს, მნიშვნელოვნად ფერხდება მობილური მომსახურების განვითარების პროცესი, სოლიდური ინვესტიციების განხორციელება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შედეგად  ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა. ამით კი ხელი ეშლება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს.

  • სალივანის თქმით, აშშ ახლო აღმოსავლეთში ირანულ დაჯგუფებებზე საპახუხო იერიშებს გააგრძელებს

    “ვაპირებთ დამატებით დარტყმებს [ირანზე]… აშშ უპასუხებს, როცა ჩვენ ძალებს თავს დაესხმებიან”, – ამის შესახებ თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

    “ეს ყველაფერი პარასკევს ღამით დაიწყო, თუმცა ამით არ დამთავრდება. ჩვენ ვაპირებთ, დამატებითი საჰაერო დარტყმები განვახორციელოთ, რათა მკაფიო სიგნალი გავაგზავნოთ, რომ ჩვენს ძალებზე თავდასხმას, ან ადამიანების მოკვლას, აშშ სათანადოდ უპასუხებს.

    გვჯერა, რომ ჩვენი დარტყმები ეფექტურ შედეგს გამოიღებს [ირანულ] დაჯგუფებებზე, რომლებიც ჩვენს ძალებს თავს დაესხნენ”, – თქვა სალივანმა.

    2 თებერვალს, იორდანიაში, ამერიკულ ბაზაზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

  • 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობები ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლდება – ბრეგაძე

    იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ ლამინირებული პირადობის მოწმობების ID ბარათებით უფასოდ ჩანაცვლების აქცია დააანონსა. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა,

    “2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შემდეგაც მოქალაქეები შეძლებენ სწრაფად და შეუზღუდავად სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას”, – თქვა ბრეგაძემ.

    2023 წლის 11 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში ცვლილება განიხილა. პროექტის თანახმად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობები, რომლებსაც არ აქვს ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი), რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.

  • აშშ-ის სენატმა საბოლოოდ შეათანხმა კანონპროექტი უკრაინის დახმარების შესახებ. ბაიდენი კონგრესს მის სწრაფად მიღებას სთხოვს

    ამერიკელი სენატორები ბოლოს და ბოლოს  შეთანხმდნენ ორპარტიულ კანონპროექტზე 118 მილიარდი დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსების შესახებ , რომელიც აერთიანებს სახსრებს უკრაინის, ისრაელის დასახმარებლად და შეერთებული შტატების სამხრეთ საზღვრის გასაძლიერებლად.

    აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს და სთხოვს კონგრესს, არ გადადოს მისი მიღება. პირველადი კენჭისყრა შუა კვირაში ჩატარდება, მაგრამ უკვე ცხადია, რომ კანონპროექტს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შეხვდება წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს უმრავლესობა აქვთ. პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა უკვე განაცხადა, რომ ის კანონპროექტის დაბლოკვის პირობას დებს.

    სენატორები შეთანხმებას გასული წლის შემოდგომის შემდეგ ვერ ახერხებენ. მთავარი მიზეზი რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის მექსიკასთან საზღვრის გაძლიერების ღონისძიებებსა და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება იყო. რესპუბლიკელებმა მექსიკასთან საზღვრის გამკაცრება მოითხოვეს და ეს უკრაინის დამატებითი დახმარების განხილვის პირობად აქციეს.

    დამატებითი დაფინანსების ჯამური მოცულობა 118 მილიარდ დოლარზე მეტია.

    აქედან,  $60,06 მილიარდის უკრაინის მხარდასაჭერად უნდა წავიდეს, 14,1 მილიარდის ისრაელის დასახმარებლად, 20,23 მილიარდი დოლარის მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 4,83 მილიარდი აშშ-ის პარტნიორების მხარდასაჭერად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, 2,44 მილიარდი – აშშ-ის ცენტრალური სარდლობისთვის და 2.44 – წითელ ზღვაში ოპერაციების მხარდასაჭერად.

    არალეგალური იმიგრაციის პრობლემები საზღვარზე და არჩევნები

    ”ამ კანონპროექტის პრიორიტეტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ შეიძლება მათი იგნორირება მოხდეს და მათ პოლიტიკამ ხელი შეუშალოს” – თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, დემოკრატმა ჩაკ შუმერმა განცხადებაში.

    კანონპროექტს მხარი დაუჭირა სენატის რესპუბლიკელთა ლიდერმა მიჩ მაკკონელმაც და აღნიშნა, რომ რესპუბლიკელები “უკეთეს გარიგებას ვერ მიიღებენ”.

    კანონპროექტს წინააღმდეგობა უფრო კონსერვატიული რესპუბლიკელების მხრიდან ექმნება. ისინი ხელმძღვანელობენ დონალდ ტრამპის პოზიციით, რომელიც დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება.

    ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება შემოთავაზებულ სასაზღვრო შეთანხმებას, რომელსაც სენატორები განიხილავდნენ.

    სავარაუდო კანდიდატს სურს გამოიყენოს საზღვრის საკითხი ბაიდენის წინააღმდეგ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში და არასაკმარისად მიიჩნევს კანონპროექტში გათვალისწინებულ ზომებს უკანონო იმიგრაციასთან საბრძოლველად.

    „ცუდი სასაზღვრო შეთანხმება ბევრად უარესია, სასაზღვრო შეთანხმების საერთოდ არარსებობა“, – წერს ტრამპი თავის გვერდზე Truth Social.

    პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც ეს პოსტი ტრამპისადმი ლოიალობის წყალობით დაიკავა, ასევე თქვა, რომ ამჟამინდელი სახით კანონპროექტს, რომელსაც სენატორები ამზადებენ, პალატაში არანაირი შანსი არ აქვს.

    შაბათს ჯონსონმა თქვა, რომ მომავალ კვირას გაიმართება კენჭისყრა ისრაელისთვის 17,6 მილიარდი დოლარის დახმარების კანონპროექტზე, უკრაინის დამატებითი თანხის გარეშე.

    შემოდგომის შემდეგ კონგრესი ვერ ახერხებს ახალი ბიუჯეტის მიღებას უკრაინის მხარდასაჭერად. ამ ხნის განმავლობაში მანამდე გამოყოფილი თანხები თითქმის ამოიწურა დაკიევისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა .

  • Tesla-სა და Space X-ის დირექტორთა საბჭოს წევრები ილონ მასკთან ერთად ნარკოტიკებს იღებდნენ, რათა ის არ გაენაწყენებინათ – The Wall Street Journal.

    გამოცემა The Wall Street Journal ელონ მასკის ნარკოტიკებთან დამოკიდებულების შესახებ წერს.

    გამოცემა წერს, რომ მასკმა კეტამინი მიიღო Tesla-ს გამგეობის წევრთან და Airbnb სახლების გაქირავების სერვისის ვებგვერდის თანადამფუძნებელ ჯო გებბიასთან, ასევე საბჭოს ყოფილ წევრებთან სტივ ჯარვესტონთან და ანტონიო გრაციასთან და მილიარდერის ძმასთან კიმბალ მასკთან შეხვედრისას.

    მედიის ცნობით, 2022 წლის ზამთარში საქმე იქამდე მივიდა, რომ მასკის მეგობარმა და დირექტორთა საბჭოს ყოფილმა წევრმა ლარი ელისტონმა შესთავაზა ბიზნესმენს ჰავაიზე ჩასულიყო „გასაშრობად“. როგორც Wall Street Journal-ი წერს, მასკის გარემოცვას ეშინია, ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმით ის არ განაწყენონ, რადგან ის დაეხმარა მათ სიმდიდრის დაგროვებაში.

  • ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურამ 7 პირი დააკავა

    პროკურატურა აცხადებს, რომ ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.

    პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:

    “როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, 2023 წლის 18 ივლისს, ასევე მიმდინარე წლის 1 თებერვალს, ტრანსნაციონალური ხასიათის მქონე თაღლითური ქოლ-ცენტრების და მათ ორგანიზებაში ჩართულ პირთა გამოვლენის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ, შვეიცარიის კონფედერაციის კომპეტენტური უწყების წარმომადგენლების ჩართულობით და ევროჯასტის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიებები ჩატარდა.

    ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.

    ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.

    ქოლ-ცენტრების გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჯგუფის წევრები ქმნიდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდების ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმებს, ვებ-გვერდების გამოყენებით ტოვებდნენ სანდო საინვესტიციო კომპანიების შთაბეჭდილებას და დაზარალებულებს სხვადასხვა სახის სარფიან, ფინანსურ გარიგებებს სთავაზობდნენ. შემდგომში კი, დაზარალებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებას და გათეთრებას ახდენდნენ.

    აღნიშნული გზით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. ხოლო შემდგომში, თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მოახდინეს ხსენებული თანხების მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსება და ჩართვა ეკონომიკურ ბრუნვაში, მათ შორის უძრავი ქონებების შეძენის გზით.

    გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.

    დანაშაულებრივი წარმომავლობის ქონებების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს.

    დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს უკვე მიმართა.

    ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და უწყებას ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს.

    საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ანალოგიურ დანაშაულებზე, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს პროკურატურის მიერ, 2021-2024 წლების პერიოდში, დაწყებულია ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული 72 ფიზიკური და 3 იურიდიული პირის მიმართ, რომელთაც ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ.

    ამავდროულად, საქართველოს პროკურატურა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროჯასტის კოორდინაციით ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ქვეყნებში ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების, მათ შორის ტრანსნაციონალური დანაშაულების სხვა ორგანიზატორების გამოვლენისა და მხილების მიზნით.“– წერს პროკურატურა

  • გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა. ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ხასაია და ჩიქობავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

    თსუ-ის პროფესორი აკაკი ჩიქობავა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი გიორგი ხასაია 23 იანვარს დააკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლებას სხვა აქტივისტებთან ერთად აპროტესტებდნენ. აქციაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 18 ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ორი – ხასაია და ჩიქობავა კი სისხლის სამართლის წესით. პროკურატურა მათ ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია 2 თებერვალს პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით 27 იანვარს, მას შემდეგ მიმართეს, რაც ხასაიასა და ჩიქობავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 იანვარს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

  • ბირთვული რაკეტა ავტოფარეხში–აშშ-ში პოლიციამ ცივი ომის დროინდელი არტეფაქტი იპოვა

    ამერიკის პოლიციამ განაცხადა, რომ ვაშინგტონის შტატის მაცხოვრებლის ავტოფარეხში იპოვეს დაჟანგული რაკეტა, რომელიც ცივი ომის დროს იყო წარმოებული და ბირთვული იარაღის მატარებელი  უნდა ყოფილიყო.

    თუმცა რაკეტას არ წარმოადგენდა საფრთხეს, რადგან არც საწვავი ჰქონდა და არც ქობინი. პოლიციამ უჩვეულო აღმოჩენა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოჰაიოში მდებარე შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმიდან  ზარი მიიღო. მუზეუმის თანამშრომლებმა თქვეს, რომ ვაშინგტონის შტატში, ბელვიუს მცხოვრებმა მათ რაკეტის გადაცემა შესთავაზა, რომელიც მის ავტოფარეხში იყო.

    ოთხშაბათს ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, პოლიციამ ბომბის გამანადგურებელი ჯგუფი გაგზავნა საჭირო მისამართზე. პოლიციამ განაცხადა, რომ ავტოფარეხში იპოვეს “Douglas AIR-2 Genie (ადრე ცნობილი როგორც MB-1) რაკეტა, უმართავი ჰაერი-ჰაერი რაკეტა, რომელსაც ჰქონდა 1.5 კილოტონიანი W25 ბირთვული ქობინი. თუმცა, თავად ქობინი, ისევე როგორც საწვავი, რაკეტაში არ იყო.

    ბელვიუს  პოლიციის სპიკერმა სეტ ტაილერმა განაცხადა, რომ ნაპოვნი მოწყობილობა “არსებითად სარაკეტო საწვავის ავზი იყო”. ”სინამდვილეში, ჩვენი ასაფეთქებელი მოწყობილობების რაზმის ერთ-ერთმა წევრმა იკითხა, საერთოდ რატომ იყო საჭირო პრესრელიზის გავრცელება ჟანგიანი რკინის ნაჭერის შესახებ”, – თქვა ტაილერმა.

    ცნობილია, რომ მამაკაცი, რომელმაც მუზეუმს რაკეტის გადაცემა შესთავაზა, არ ელოდა პოლიციის ვიზიტს და “უკიდურესად უკმაყოფილო” იყო იმით, რომ ამ ამბავმა ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო.

    ტაილერი ამბობს, რომ ეროვნული საჰაერო ძალების მუზეუმის თანამშრომლებს არ უთქვამთ, რომ პოლიციას იძახებდნენ. ”მან მოგვცა საშუალება, ჩაგვეტარებინა შემოწმება და ჩვენ დავადგინეთ, რომ საფრთხე არ არსებობდა”, – განმარტა პოლიციის წარმომადგენელმა. რაკეტის მფლობელი ამბობს, რომ ის ადრე მის გარდაცვლილ მეზობელს ეკუთვნოდა და თავდაპირველად კერძო კოლექციის გაყიდვისას იქნა შეძენილი. „რადგან ნივთი არ იყო საშიში და სამხედროებმა არ მოითხოვეს მისი დაბრუნება, პოლიციამ ის ადგილობრივ მცხოვრებს დაუტოვა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მისი აღდგენა და მუზეუმში გამოფენა“, – თქვა პოლიციამ.

    AIR-2 Genie რაკეტა გამოიყენებოდა აშშ-ს და კანადის სამხედროების მიერ ცივი ომის დროს. 1950-იან წლებში შემუშავებული რაკეტა იყო მსოფლიოში პირველი ბირთვული ჰაერ-ჰაერი რაკეტა და შექმნილი იყო ბომბდამშენების განადგურებისთვის.

    Seattle Times იტყობინება, რომ ის მხოლოდ ერთხელ გამოიყენეს წვრთნებისას – 1957 წელს. ასეთი რაკეტების წარმოება 1962 წელს შეწყდა, მაგრამ ისინი აშშ-ს არმიაში 1980-იანი წლების დასაწყისამდე დარჩა. 

  • შეერთებულმა შტატებმა დაიწყო პირველი დარტყმები ირანულ სამიზნეებზე ერაყსა და სირიაში

    ამერიკულმა ავიაციამ  ერაყსა და სირიაში პროირანული ფორმირებების სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა  28 იანვარს იორდანიაში მდებარე ბაზაზე დრონების თავდასხმის საპასუხოდ, რომელსაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

    ოფიციალური განცხადების თანახმად, 2 თებერვალს, გრინვიჩის დროით 21 საათზე,  აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ძალებმა განახორციელეს საჰაერო თავდასხმები ერაყსა და სირიაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა (IRGC) და მასთან დაკავშირებულ შეიარაღებულ ფორმირებებზე.

    აშშ-ს ძალებმა დაარტყეს 85-ზე მეტი სამიზნეს, ამასთან,  მრავალი თვითმფრინავი, მათ შორის შორი დისტანციის ბომბდამშენები, შეერთებული შტატებიდან ჩამოფრინდნენ.

    საჰაერო თავდასხმებში გამოყენებული იქნა 125-ზე მეტი მაღალი სიზუსტის  მართვადი საბრძოლო მასალა. სამიზნეებს შორის იყო სამეთაურო და მართვის ცენტრები, სადაზვერვო ცენტრები, რაკეტები, ასევე დრონების საწყობები და ლოგისტიკისა და საბრძოლო მასალის მიწოდების ჯაჭვი ბოევიკებისთვის და მათი სპონსორებისთვის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსიდან, რომლებიც ხელს უწყობდნენ თავდასხმებს აშშ-სა და კოალიციის ძალებზე, ნათქვამია განცხადებაში.

    ცოტა ხნის შემდეგ, თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოჩნდა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადება: „ჩვენი პასუხი დღეს დაიწყო. ის გაგრძელდება იმ დროსა და ადგილას, რომელსაც ჩვენ თვითონ ვირჩევთ. შეერთებული შტატები არ ეძებს კონფლიქტს ახლო აღმოსავლეთში ან მსოფლიოს სხვა წერტილში. მაგრამ ვისაც სურს ჩვენთვის ზიანის მოყენება, აცნობეთ მათ, რომ თუ ამერიკელს დააზიანებთ, ჩვენ გიპასუხებთ“.

    შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით პრეზიდენტმა ბაიდენმა გასცა ბრძანება, რომ „ამერიკული და კოალიციის ძალებზე თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს  ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსსა და მასთან დაკავშირებულ ბოევიკებს.

    „ჩვენ არ მოვითმენთ ამერიკულ ჯარებზე თავდასხმებს. ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ძალების და ჩვენი ინტერესების დასაცავად“, – დასძინა მან.

    ხუთშაბათს, Reuters, ანონიმ  წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ სირიაში მყოფმა IRGC-ის მაღალჩინოსნებმა ათობით საშუალო დონის ოფიცერთან ერთად  ქვეყანა დატოვეს.

    როგორც BBC-ის კორესპონდენტი უსაფრთხოების საკითხებში  აღნიშნავს, არც ირანს და არც შეერთებულ შტატებს არ სურთ სრულმასშტაბიან ომში შესვლა და ეს ორივე ქვეყანამ განაცხადა.

    CNN-ის ხუთშაბათის ინფორმაციის თანახმად,  აშშ-ს ოფიციალური პირები ამბობენ, რომ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ირანის მთავრობა სულ უფრო მეტად შეშფოთებულია რეგიონში მისი მარიონეტების საქმიანობით, რომლებმაც ოქტომბრის შემდეგ განახორციელეს 160-ზე მეტი თავდასხმა ამერიკულ ჯარებზე.

    მაგრამ ირანმა განაცხადა, რომ იგი გადამწყვეტად უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას მის ტერიტორიაზე, მის ინტერესებზე ან ირანის მოქალაქეებზე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.

    ერთი დღით ადრე ამერიკული მედიის წყაროებმა განაცხადეს, რომ ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე საპასუხო დარტყმების გეგმა დაამტკიცა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ის ამოქმედდება ყველაზე შესაფერის მომენტში (ძირითადად ამინდის პირობების თვალსაზრისით).

    იორდანიაში დრონების თავდასხმას სამი ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა და 40-ზე მეტი დაშავდა.

    ხომ არ გააჭიანურა აშშ–მ პასუხი მეტისმეტად?

    რამდენიმე სამხედრო ექსპერტმა ამბობს, რომ საპასუხო დარტყმის  გაჭიანურებით, შეერთებული შტატები რისკავს, რომ  ვერ მიაღწევს სასურველ ზემოქმედებას ირანის მიერ მხარდაჭერილ ბოევიკებზე და რეგიონში ამერიკელი ჯარების უსაფრთხოებაზე.

    “ ჩნდება კითხვა,  შეუძლია თუ არა ამან აღადგინოს შეკავება და დაშინება, თუ ის ოდესმე არსებობდა”, – თქვა ბრაიან კატულისმა, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა, რომელიც ადრე  ეროვნული უშიშროების საბჭოსთან მუშაობდა.

    ჰუსეინ იბიშის, ვაშინგტონის სპარსეთის ყურის ინსტიტუტის მკვლევარის თქმით, დარტყმის გაჭიანურებით, შეერთებული შტატები მიუთითებს „რის გაკეთებას  არ აპირებს დანამდვილებით – ვგულისხმობ ირანზე დარტყმას“.

    „თუ ისინი ირანს დაარტყამდნენ, რესპუბლიკელების მედროშეები, როგორიცაა დონალდ ტრამპი, დაგმობდნენ ბაიდენს, როგორც ომის გამჩაღებელს. ეს არის პოლიტიკური ხაფანგი. ეს ყველას ესმის, ამიტომ ამ ხაფანგში არ ჩავარდებიან“, – განაცხადა მან.