Category: ახალი ამბები

  • ზელენსკი:უკრაინაში ჩამოვიდა საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც “ყველაფრის ჩამოგდება“ შეუძლიათ

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პარასკევს საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ქვეყანაში საჰაერო თავდაცვის ორი ახალი სისტემა ჩავიდა.

    „დღევანდელი მთავარი სიახლე არის ის, რასაც ყველა დიდი ხანია ველოდით. რისთვისაც თვეების განმავლობაში სხვადასხვა დონეზე ვმუშაობდით. შედეგად, უკრაინაში კიდევ ორი ​​საჰაერო თავდაცვის სისტემა შემოვიდა. ყველა დეტალი, რა თქმა უნდა, საჯაროდ არ უნდა განიხილებოდეს. მაგრამ ეს ის სისტემებია, რომლებიც ყველაფერს ჩამოაგდებს. ჩვენ დავიცავთ რეგიონებს. ჯერჯერობით, სისტემები არ არის საკმარისი უკრაინის სრულად დასაცავად, მაგრამ ჩვენ ამისთვის ყოველდღე ვმუშაობთ“, – თქვა მან.

  • ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს წყვილი, რომელმაც 2 ბავშვი მე–15 სართულიდან გადმოაგდო

    ჩინეთში ფართოდ განიხილება ბავშვების მკვლელობა, რომელიც 2020 წელს ჩონცინგში მოხდა.

    ბავშვების მკვლელი მამაკაცი და ქალი სიკვდილით დასაჯეს მას შემდეგ, რაც ისინი დამნაშავედ ცნეს ორი ბავშვის, ორი წლის გოგონასა და ერთი წლის ბიჭის  მე-15 სართულიდან გადაგდებაში.

    სასამართლოს განაჩენში ნათქვამია, რომ ბავშვების მამამ ჟანგ ბომ და მისმა მეუღლემ იე ჩენჩენმა 2020 წელს ბავშვები მოკლეს “უაღრესად ბოროტი განზრახვით” და  მოტივით და ეს გააკეთეს სასტიკი ფორმით.

    სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ჟან ბოს ჰქონდა რომანი იე ჩენჩენთან და შემდგომში  მეუღლეს გაშორდა.

    როგორც სასამართლოს განაჩენში ნათქვამი, იე ჩენჩენი მისი პარტნიორის შვილებს “დაბრკოლებად  თვლიდა ჟან ბოსთან  დაქორწინებისთვის და არასაჭირო ტვირთად მათი მომავალი ერთობლივი ცხოვრებისთვის”.

    პროკურატურა თვლიდა, რომ იე ჩენჩენი მუდმივად ცდილობდა დაეყოლიებინა თავისი პარტნიორი მკვლელობის ჩადენაზე.

    შედეგად, 2020 წლის 2 ნოემბერს ჟანგ ბომ ბავშვები თავისი ბინის ფანჯრიდან გადააგდო. წყვილი ცდილობდა მათი სიკვდილი უბედურ შემთხვევად წარმოეჩინა.

    წყვილი  სიკვდილით   ოთხშაბათს ქალაქ ჩუნცინში დასაჯეს. კონკრეტულად როგორ აღსრულდა სასიკვდილო განაჩენი,ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია, რომ ჩინეთი ყოველწლიურად უამრავ ადამიანს სიკვდილით სჯის, როგორც სასიკვდილო ინექციით, ასევე დახვრეტის გზით.

    გარდაცვლილი ბავშვების დედამ, ჩენ მეილინმა, ხუთშაბათს საღამოს თქვა: “საშინელება, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენი ოჯახისთვის  წამება იყო, ბოლოს და ბოლოს გაქრა”.

    სიკვდილით დასჯის შესახებ პოსტები გახდა მთავარი თემა ჩინურ სოციალურ მედიაში, ასობით მილიონი ნახვით Weibo-ზე, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე.

    „ისინი ამას სრულიად იმსახურებენ“, დაწერა Weibo-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა და პოსტმა  30000-ზე მეტი მოწონება დაიმსახურა. “უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ბავშვებს ექნებათ მშვიდობა და სიხარული მომავალ ცხოვრებაში”, – წერს სხვა მომხმარებელი.

    იე ჩენჩენისა და ჟან ბოს სიკვდილით დასჯის შესახებ განცხადება იმავე დღეს გაკეთდა, როდესაც ჩინეთში კიდევ ერთი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდა – პრესტიჟული ჩინური უნივერსიტეტის სტუდენტის წინააღმდეგ. იგი დამნაშავედ ცნეს საკუთარი დედის მკვლელობაში, რომელიც მან ჰანტელებით განახორციელა.

  • დაუსაბუთებელია დადგენილება, სააპელაციოში გავასაჩივრებთ – საია ფერაძის საქმეს ასაჩივრებს

    “დაუსაბუთებელია დადგენილება, სააპელაციოში გავასაჩივრებთ” –  “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ მოსამართლემ არ დაასაბუთა, რატომ არის სამოქალაქო აქტივისტ, ნატა ფერაძის საქმეზე გამოყენებული სანქცია პროპორციული ზომა.

    “ეს დადგენილება არის ძალიან დაუსაბუთებელი. აქ საუბარია იმაზე, ეს ქმედება ჩაიდინა თუ არა, არ არის სადაო. ნატა თვითონ შესხმის ფაქტს ადასტურებდა. თუმცა მსჯელობა სასამართლო დადგენილებაში გასცდა ამ ფაქტს და სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ სხვაგვარადაც ირღვეოდა საზოგადოებრივი წესრიგი, ყვირილით, ხმაურით და ა.შ. რასაც ადგილი არ ჰქონდა.

    დასაბუთების თვალსაზრისით ამ დადგენილებას აქვს ძალიან ბევრი პრობლემა და ერთ-ერთი არის ეს, რომ მტკიცებულებების არარსებობის პირობებში მაინც ისეთი დასკვნები გააკეთა სასამართლომ, რომელიც არ დგინდებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით.[…] ამ მუხლით მოსამართლეს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს როგორც ჯარიმა, ასევე, შეუძლია, შენიშვნის გამოყენება და პატიმრობა არის ყველაზე მკაცრი სანქცია… გვიჩნდება განცდა, რომ ეს არის შემთხვევა, როდესაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამაგალითოდ დაესაჯა აქტივისტი მის მიერ გამოხატული ქცევის გამო და დასჯა გამოიყენა რეპრესიულად, რომ ალბათ, სხვებისთვისაც ყოფილიყო მსუსხავი ეფექტის მატარებელი”, – აღნიშნავს საიას წარმომადგენელი.

  • მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის პოსტს პასუხობს

    მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის პოსტს პასუხობს:

    ”როგორც ჩანს, კომისიამ საკუთარი “ანალიზის” გააზრება დაიწყო და აღმოაჩინა, რომ თურმე ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ინტერნეტპაკეტისა და სატელევიზიო არხების ფასი საქართველოში იაფია, რასაც ვამტკიცებდით.იმედია, კომუნიკაციების კომისია გააგრძელებს საკუთარი კვლევის შედეგების სრულად აღქმას და ამიერიდან საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდის.” – ნათქვამია მაგთიკომის განცხადებაში.

  • უკრაინელი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს – ჯო ბაიდენი

    უკრაინელი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს – ჯო ბაიდენი

    “აქტიურად ვმუშაობთ ისრაელელი და პალესტინელი ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოების, ღირსების მოსატანად. ამას ვაკეთებთ დღე და ღამე. ვმუშაობთ ჩვენი მძევლების სახლში დაბრუნებაზე, ისრაელში მშვიდობის დამყარებაზე.

    ჩვენ ასევე ვმუშაობთ მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისთვის და ღირსებისთვის უკრაინელი ხალხისთვის. მათ წარმოუდგენელი გამბედაობა და გამძლეობა გამოიჩინეს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ მათი დახმარება უნდა გავაგრძელოთ”,

    აცხადებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი.

  • 1 მარტიდან სარეკლამო SMS-ები თანხმობის გარეშე აღარ მოგივათ – ახალი კანონი

    პერსონალური მონაცემების დაცვის ახალ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. აღნიშნული ცვლილება 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.

    კომპანია ვალდებულია შეწყვიტოს ინდივიდის მონაცემების დამუშავება შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში. სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განიხილავს საჩივარს მიმართვის საფუძველზე და კომპანიას დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობაა:

    • 500 ათას ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიაზე ან მეწარმეზე – 2 000 ლარი
       
    • 500 ათას ლარზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანიებისთვის – 3 000 ლარი
       
    • დამამძიმებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმები იზრდება

    სარეკლამო შეტყობინებებისთვის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება და სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება) დასაშვები ხდება მხოლოდ იმ პირის თანხმობით, ვის მონაცემებსაც ამუშავებენ.

    პირს, ვის მონაცემსაც ამუშავებენ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია გამოიხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებული იქნება, შეწყვიტოს პირის მონაცემთა დამუშავება.

     

  • კედელთან აღმოვჩნდი..უნგრეთს გამოყოფილი თანხაც ჩამოერთმეოდა და მასაც უკრაინას გაუგზავნიდნენ – ორბანი

    “კედელთან აღმოვჩნდი.. უნგრეთს გამოყოფილი თანხაც ჩამოერთმეოდა და მასაც უკრაინას გაუგზავნიდნენ”- ამის შესახებ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

    “კედელთან აღმოვჩნდი, თუ ეს შეთანხმება მიღწეული არ იქნებოდა და უნგრეთი ვეტოს უფლების გამოყენებას გააგრძელებდა, მაშინ 26 წევრი შეთანხმდებოდა უკრაინაში ფულის გაგზავნაზე, რასაც ვერ აღვკვეთდი. უნგრეთს გამოყოფილი თანხაც ჩამოერთმეოდა და მასაც უკრაინას გაუგზავნიდნენ.რატომ უნდა ყოფილიყო ეს კარგი? საბოლოოდ, მოვძებნეთ გამოსავალი – კარგი შეთანხმება. ჩვენ არ გავგზავნით უკრაინაში იარაღს. ვიღებთ ფულს ბრიუსელისგან და წვლილს შევიტანთ უკრაინაში სამოქალაქო სექტორის დაფინანსებაში”,

    ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები საბოლოო შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დასახმარებლად €50 მილიარდს გამოყოფენ. ამ გადაწყვეტილებას დიდი ხნის მანძილზე უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში კი უნალექო ამინდი იქნება.

    ინფორამციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 6 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 6 თებერვლამდე ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 6 თებერვლამდე ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება.

  • ”რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა.. ინანებენ ციხეში რომ მივყავარ, შიგნიდან ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან” – ნატა ფერაძე დააკავეს

    ”რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა.. ინანებენ ციხეში რომ მივყავარ, შიგნიდან ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან” – ამის შესახებ, აქტივისტმა ნატა ფერაძემ, დაკავებამდე რამდეიმე წუთით ადრე, პირდაპირ ეთერში განაცხადა.

    “ვერ შემაშინებენ, ბრძოლა გრძელდება […] ინანებენ, ციხეში რომ მივყავარ, იმიტომ, რომ შიგნიდან ძალიან ბევრ ამბავს გამოვიტან, თუ რა მიქარვებია […] რა თქმა უნდა, რადიკალების, ორკების მოთხოვნა შეასრულეს. ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა […] აქამდე, სასამართლო ჯარიმას იყენებდა ხოლმე, მაგრამ ნახეს, რომ ეს თანხა გროვდებოდა და ეს არ გვაფერხებდა. ახლა კი დაშინების ამ მეთოდზე გადავიდნენ და თან ალტ-ინფოს უგორებენ, რომ აი, თქვენი წმინდა სტალინის შელახვისთვის ციხეში ვსვამთო […]  საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ბევრი მუქარა იყო და მე დაცვა მჭირდებოდა. მაგრამ, რეაგირება საერთოდ არ ჰქონიათ. ჩვენმა ე.წ. სამართალდამცველებმა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარაზე პირი ამოიკერეს. დახმარება ამერიკამ შემომთავაზა. ქართული ოცნება კი მეუბნება, რომ ფეხებზე ვკიდივარ და საერთოდ მიგდებული ვყავარ. ოფიციალურად შევიტანეთ მოთხოვნა, რომ ჩემთვის დაცვა დაეყენებინათ. ვალდებულება აქვთ, რომ ამაზე პასუხი გამცენ, მაგრამ ეს ლაჩრები პასუხს არ გვცემენ და ტელეფონს გვიკიდებენ”. – თქვა ფერაძემ.

    ცნობისთვის, დღეს, 2 თებერვალს ნატა ფერაძე პოლიციელებმა საკუთარ სახლში დააკავეს. მას სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

    9 იანვარს, Facebook-ზე სამოქალაქო აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი აქვს შესხმული. საქმე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იყო აღძრული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

  • ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

    აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება მას ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებოდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

    ნატა ფერაძემ 9 იანვარს სამების ტაძარში, წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, საღებავი შეასხა.

    “სუფთა ფურცლების მოსამართლის ჩერბაკოვას ხელმოწერილი ოქმი მომიტანეს, ახლა მოვლენ და 5 დღით მივყავარ, თავისუფლების აღკვეთა გადაწყვიტეს იმ თავისი სტალინის საღებავის შესხმისთვის. […] ახლა ველოდები გადაყვანას. ვასაჩივრებთ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, არ არის სამართლიანი, ამ ზომის გამოყენება მარაზმია”, – აცხადებს აქტივისტი ფორმულასთან საუბრისას.