Category: ახალი ამბები

  • მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ელაპარაკონ ხალხს – ლევან იოსელიანი

    “მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩამოვიდეს საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები და ელაპარაკონ ხალხს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, რომ ადამიანების ცხოვრება ამ პირობებში გაუმჯობესდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი, რომელიც მაგალითად შესაძლებელი არის თბილისში. მაგალითად ინტერნეტი, რომელიც ამ სოფელში არ არის და ერთ- ერთი საკითხი ეს არის, რომელიც დააყენეს რომ ინტერნეტის პრობლემა რამენაირად მოგვარდეს”

    აცხადებს, ამის შესახებ, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

     

  • მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი, საპროტოკოლო ვერ დავინახე – პაპუაშვილი ელისაშვილს

    “შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ თქვენ ქცევის წესებიდან, თუმცა ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენ ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი, საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება”

    ასე მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის წლიური მოხსენებისას სხდომათა დარბაზში მისი შემოსვლისას, მმართველი პარტია ფეხზე არ წამოდგა და ზურაბიშვილს არ მიესალმა, რაც მისივე თქმით, არც პოლიტიკური და არც ადამიანური კულტურა არ არის.

  • დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

    ბუკინგემის სასახლემ გამოაცხადა, რომ მეფე ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

    ეს არ არის პროსტატის კიბო, მაგრამ ის მაშინ აღმოაჩინეს, როცა ცოტა ხნის წინ მეფე პროსტატის ადენომის მკურნალობის კურსს გადიოდა.

    სასახლის განცხადებაში არ არის მითითებული სხვა დეტალები, მათ შორის მეფის ავადმყოფობის ეტაპი ან ექიმის პროგნოზი, მაგრამ ნათქვამია, რომ მეფემ ორშაბათს დაიწყო “შესაბამისი მკურნალობის კურსი”.

    ბუკინგემის სასახლემ ასევე აღნიშნა, რომ მეფე “ზოგადად დადებითად არის განწყობილი მისი მკურნალობის მიმართ და მოელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება სრულად საზოგადოებრივ საქმიანობას”.

    უახლოეს მომავალში ის ნაკლებად დაესწრება საჯარო ღონისძიებებს, ამ პასუხისმგებლობას მკურნალობის მსვლელობისას სამეფო ოჯახის სხვა უფროსი წევრები აიღებენ. ამ სტატუსს ამჟამად ფლობენ მისი მეუღლე, დედოფალი კამილა, ვაჟი, პრინცი უილიამი, ძმა, პრინცი ედვარდი და და, პრინცესა ანა.

    ჩარლზ III კვლავ განაგრძობს სახელმწიფოს მეთაურის კონსტიტუციური როლის შესრულებას, მათ შორის სახელმწიფო დოკუმენტაციის გაფორმებას და კერძო შეხვედრებს. მათ შორის,  პრემიერ მინისტრთან აუდიენციას: ისინი გააგრძელებენ ყოველკვირეულ შეხვედრებს.

    თუ ექიმები მეფეს ურჩევენ პირისპირ შეხვედრების მინიმუმამდე შემცირებას, შესაბამისი ზომები მხოლოდ მაშინ იქნება მიღებული.

    იმ შემთხვევაში, თუ მეფე ვერ ახერხებს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას, არსებობს კარგად ჩამოყალიბებული კონსტიტუციური პროცედურა. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გადადის „სახელმწიფო მრჩევლებზე“.

    ამჟამად მათ შორის არიან დედოფალი კამილა, პრინცი უილიამი, პრინცესა ანა და პრინცი ედვარდი. პრინცი ჰარი და იორკის ჰერცოგი (ანუ პრინცი ენდრიუ) ამ სიაში აღარ შედიან, რადგან ისინი არ არიან სამეფო ოჯახის მომუშავე წევრები.

    მედიის ინფორმაციით, პრინცი ჰარი, რომელიც ახლა კალიფორნიაში ცხოვრობს, ესაუბრა მამას და უახლოეს დღეებში დიდ ბრიტანეთში ჩავა.

    ორშაბათს დილით 75 წლის მეფე ნორფოლკის სანდრინგემის სასახლიდან ლონდონში დაბრუნდა. ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ის მკურნალობას ამბულატორიულად გაივლის.

    კიბოს თერაპიის აბსოლუტური უმრავლესობა  ამბულატორიულად ტარდება. მაგრამ ეს  მოიცავს შესაძლო მკურნალობის უზარმაზარ სპექტრს.

    ქიმიოთერაპია ასევე  სხვადასხვა ფორმით გამოიყენება, რომელთაგან თითოეულმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. მაგრამ რადგან უცნობია, რა ტიპის კიბო აქვს მეფეს, ძნელია ვარაუდი, რა ტიპის მკურნალობა ჩაუტარდება მას.

    მედია წერს,  რომ მეფე ჩარლზ III-მ პირადად  აცნობა თავისი დიაგნოზი მის უახლოეს ოჯახის წევრებს, მათ შორის პრინცებს უილიამსა და ჰარის, ასევე მის და-ძმებს პრინცესას ანას და პრინცებს ენდრიუს და ედვარდს.

    კვირას მეფე სანდრინგემში წირვას დაესწრო და შეკრებილ ხალხს მიესალმა.

    ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ მეფემ ლონდონის კერძო კლინიკაში პროსტატის ოპერაცია გაიკეთა.

    ჩარლზ III-მ გადაწყვიტა გამოეცხადებინა თავისი მკურნალობა, რათა მეტი მამაკაცისთვის მიეცა მოტივაცია, გამოკვლევა ჩაიტარონ.

    გავრცელებული ინფორმაციით, ის კმაყოფილი იყო ამ სამედიცინო პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობით. მისი განცხადების შემდეგ, ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის ვებგვერდზე  პროსტატის პრობლემებისა და დაავადებების შესახებ ძებნების რაოდენობის მკვეთრი ზრდა (1000%-ით)აღინიშნა.

    კიბოს მრავალი სახეობის განვითარების ალბათობა ასაკთან ერთად იზრდება. ბრიტანეთში, საშუალოდ, 75 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში კიბოს ახალი შემთხვევების მესამედზე მეტი (36%) მოდის.

    წამყვანი ბრიტანელი ონკოლოგი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, პროფესორი კეროლ სიკორა, თვლის, რომ მეფის გადაწყვეტილება მისი დიაგნოზის გასაჯაროებაზე დაეხმარება საზოგადოებას უკეთ გაიგოს, რა არის სინამდვილეში ასეთი დაავადებები.

    „კიბო ბევრ ადამიანს აშინებს და მისი დიაგნოზის გასაჯაროებით, ჩარლზ III, რა თქმა უნდა, დაეხმარება ადამიანებს გარკვეული შიშების მოხსნაში. ჩვენ ვმკურნალობთ სიმსივნით დაავადებულთა თითქმის ნახევარს და… იმედია დიდხანს და წარმატებულად იცხოვრებს, მაგრამ… ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერი შეიძლება დაავადდეს კიბოთი… გახსნილობა საუკეთესო საშუალებაა ადამიანების დასაცავად, რათა მათ არ ეშინოდეთ. ისაუბრეთ ღიად იმ სიმპტომებზე, რომლებიც კიბოს მოასწავებდეს“ – ამბობს პროფესორი სიკორა.

  • ცუდი იცით რა არის? უმადურობა, ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? – გადადექით! – ინჯია ზურაბიშვილს

    „ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენ საუბარში გაიჟღერა, რომ კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ. თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ თქვენ „ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა?.[…] თქვენი ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება მიმაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივია, ანტიქართული. თქვენი წინადადებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ყველაფერი მიმართულია იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმი გახდეს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. უკრაინის მაგალითი თქვენთვის მაგალითი არ არის, სადაც ასიათასობით ადამიანია დახოცილი, ქვეყანა დანგრეულია და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პოზიციაზე რომ მდგარიყო ეს ხელისუფლება, რა დღეში იქნებოდა, რა სახე ექნებოდა საქართველოს დღეს?“

    ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

  • ჩვენ მზად ვართ, მოვიდეთ, მოგისმინოთ, სხვებსაც მოვუსმინოთ, ჩვენი აზრებიც ვთქვათ, აზრები გავცვალოთ – ელისაშვილი პრეზიდენტს

    პარტია მოქალაქეების სახელით ვიტყვი, რომ პრეზიდენტის მხრიდან პლატფორმაზე შემოთავაზება საინტერესო იყო. ჩვენ მზად ვართ, მოვიდეთ, მოგისმინოთ, სხვებსაც მოვუსმინოთ, ჩვენი აზრებიც ვთქვათ, აზრები გავცვალოთ. იქნებ აქედან რაიმე სასიკეთო და სახეირო გამოდნეს. ვინაიდან, მე რასაც ვხედავ, ქართული ოცნება კი არ არის ძლიერი, არამედ, ჩვენ ვართ ერთმანეთს დატაკებული და ერთმანეთს ვჭამთ.

    ასე ეხმაურება პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას.

  • შევქმნათ მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” – ზურაბიშვილი

    “ქვეყანას სჭირდება დამშვიდება და დაცულობა, რაც მთავარია, ქვეყნის მომავლის დანახვა და ამ ქვეყანაში საკუთარი პერსპექტივის აღმოჩენა და დაჯერება. ამიტომ, დღეს, ამ ტრიბუნიდან გთავაზობთ არსებული ჩიხიდან გამოსვლის ფორმულას და გზას, რათა არ გავუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი. ქვეყანას სჭირდება ერთობა. საზოგადოებას აღარ სჯერა და აღარ სურს იხილოს არაერთხელ უკვე გავლილი პარტიების გაერთიანების სქემები. ასევე, არ სჯერა ცალ-ცალკე, ტოტალურ გამარჯვებაზე გამოცხადებული პრეტენზიების. სჭირდება რეალური მიზანი და ამ ერთი მიზნის ირგვლივ ცოცხალი ძალების შეკრება და ენერგიის მობილიზება. მიზანი გაგვაჩნია – ევროპული მომავალი, ამისათვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერებაა საჭირო. ამის მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებით. ეს არის ის, რასაც გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – “ერთობის პლატფორმა ევროპისთვის” – ამბობს ზურაბიშვილი.

    პრეზიდენტის თქმით, მას სურს აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და შეხვდეს ყველა პოლიტიკურ აქტორსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

    “მე მზად ვარ ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგით და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოაყალიბებას. ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხდე და მოვუსმინო ყველას. სხვა გამარჯვების ფორმულა არ არსებობს, რამეთუ წარსულიდან წამოსული დაქსაქსულობა და დაპირისპირება, მხოლოდ სკეპტიციზმს და უიმედობას გააღვივებს, რაც პირველ რიგში, ქვეყანას ასუსტებს. გამარჯვების ფორმულაში არ იგულისხმება რომელიმე მხარის, თუ პარტიის გამარჯვება, არამედ ერთობის, ევროპულობის და ქვეყნის გამარჯვება. ისე, როგორც 15 დეკემბერს გაიმარჯვა მთლიანად საქართველომ, ასევე ახლაც საქართველო უნდა გამოვიდეს გამარჯვებული: რეფორმების გატარებითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს სტაბილურობის, მშვიდობისა და წინსვლის ერთადერთი გარანტიაა”

    განაცხადა ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას.

  • ქედის მუნიციპალიტეტში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად პოლიციელი დაიღუპა

    ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო.

    თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.

    ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

    სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

    სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

  • თქვენ პასუხისმგებლობა გაკისრიათ! დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა – პრეზიდენტი ოპოზიციას

    ასევე, მოგმართავთ თქვენ, ოპოზიციას. თქვენც გაკისრიათ გარკვეული პასუხისმგებლობა, დაასრულეთ ერთმანეთის ლანძღვა, გინება და ერთმანეთთან დაპირისპირება, რომელიც საზოგადოებაში უიმედობისა და ნიჰილიზმის გამღვივებელია. ჩემი საქმე არაა, რომ გიბიძგოთ, ან გითხრათ გაერთიანდეთ თუ დაიშალოთ, მაგრამ გეუბნებით, რომ უნდა შეძლოთ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე შეჯერება. საზოგადოებას უნდა აჩვენოთ, რომ ამ ევროპული მიზნის ირგვლივ მაინც შეგიძლიათ ერთად საუბარი, მუშაობა და შედეგის მიღწევა. ოპოზიციის მთავარი მოვალეობაა, რომ მოახდინოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერი საზოგადოების მობილიზაცია და ჩართულობა.

    ასე მიმართა, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

  • ეს თქვენი ქვეყანაა, არავის დაუტოვოთ! მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს – ზურაბიშვილი

    “მივმართავ ახალგაზრდობას, თქვენ დიდი წვლილი მიგიძღვით შარშანდელ გამარჯვებაში და ახლაც შემდეგი ეტაპისათვის მზადებაში თქვენი ჩართულობა გადამწყვეტი იქნება. ეს თქვენი ქვეყანაა, ბრწყინვალე წარსულით და არანაკლებ ბრწყინვალე მომავლით, არავის დაუტოვოთ, გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში სწორედ ახალგაზრდების არნახულმა აქტიურობამ გადაწყვიტა ამ არჩევნების შედეგები და შეცვალა მომავალი. ეს თქვენც შეგიძლიათ! დაბოლოს, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ვირჩევთ რომელიმე პარტიას მეორის ნაცვლად, ამა თუ იმ პროგრამას, ამა თუ იმ ლიდერს, ან კიდევ არცერთი მოგვწონს და ამიტომ თავს ვიკავებთ. დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ, სადაც არჩევნებით უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი მომავალი, მივცეთ ხმა ახალი მმართველობის მოდელს, ახალ ეკონომიკას, ესე იგი, ახალ, ევროპულ სახელმწიფოს”.

    თქვა პრემიზდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

  • თქვენთან ასოცირდება გავრილოვის შემოშვება, ანტიევროპული რიტორიკა – ზურაბიშვილი კობახიძეს

    მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, წინასწარ ვერ და არ შევაფასებ ახალ თუ მომავალ პრემიერს, არც იმას, თუ რას ნიშნავს ერთის მოსვლა, მეორეს წასვლა და მესამის წახალისება, მაგრამ ვალდებული ვარ, ამ ტრიბუნიდან გავაჟღერო ის, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაზეც პასუხის მიღება მათი უფლებაა. ასეთი ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ დემოკრატიის მთავარი პრინციპია.

    მივმართავ ახალ თუ მომავალ პრემიერს – თქვენ, ვისთანაც ასოცირდება გავრილოვის შემოშვება პარლამენტში, შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება, ანტიევროპული რიტორიკა და იმპიჩმენტი, როგორ აპირებთ საზოგადოების ევროპული დაკვეთის შესრულებას და კერძოდ, რეკომენდაციების არჩევნებამდე განხორციელებას?

    მიმართა პარლამენტში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს.