Category: ახალი ამბები

  • ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ამსახველი რუკის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება – სანიკიძე

    “ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ამსახველი რუკის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება ” – ასე ეხმაურება, ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობის, პრესსპიკერი ლევან სანიკიძე შალვა პაპუაშვილის დღევანდელ ბრიფინგს, სადაც  პაპუაშვილმა გამოიყენა რუკა, რომელზეც დროებით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ შედის.

    “ხელისუფლება, რომელიც თავს უკრავდა ლავროვს, თავს უკრავდა სიმონიანს იმ განცხადებებზე, სადაც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიჩნეულია დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. თუ არ ესმით და ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაიხსენონ რა არის საქართველოს რუკა და ამასთანავე აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ 343-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულია შემდეგი ჩანაწერი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.” განაცხადა სანიკიძემ.

  • ანგარიშზე მადევს ყადაღა, მედავებიან რომ ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე – უგულავა

    “ახლა ბანკიდან შემატყობინეს რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა რომ მერიისგანაა, მეტიც ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია. მედავებიან რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე. მერიის ცხელი ხაზი იძახის გაასაჩივრეთო. გასაგებია რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია. ახლა მე უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს. დასანანია რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა სადაა გამოსაქანი არეალი,”

    აცხადებს ამის შესახებ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.

  • პროკურატურაში დამიბარეს, მისვლას არ ვაპირებ! – ლონდა თოლორაია

    სადამკვირვებლო მისია ჩემი ხმის წარმომადგენელი ლონდა თოლორაია პროკურატურაში დაიბარეს. ის აცხადებს რომ პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ ლონდა თოლორაია სოციალურ ქსელში წერს.

    “წინასაარჩევნო პერიოდიდან დაწყებული დღემდე, პროკურატურას და საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებას ვთხოვდით:

    პირადობის მოწმობების ჩამორთმევის გზით ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებზე;

    ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩეველთა ზეწოლის, არჩევნების გაყალბების ფაქტებზე;

    ცესკოს წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილ სამოხელეო დანაშაულებზე.

    ყველა მოწოდებაზე იყო და არის სრული მდუმარება: არც გამოძიების დაწყების/არდაწყების შესახებ გაგვაგებინა ვინმემ და არც ჩვენი ჩვენებებით დაინტერესებულა არც ერთი საგამოძიებო უწყება, არ გავრცელებულა არც ერთი საჯარო განცხადება, პრევენციულიც კი სანამ ცესკომ არ მიმართა პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

    პროკურატურას და საგამოძიებო უწყებებს რომ ემოქმედათ წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა ამ რეალობის წინაშე არ ვიდგებოდით.

    დღეს დამირეკეს პროკურატურიდან და მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებულ გამოძიებაზე.

    პროკურატურაში, რომელიც სრულად უმოქმედო იყო და არ შეასრულა მისი არც პრევენციული, არც საგამოძიებო და არც საზედამხედველო როლი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, მისვლას არ ვაპირებ. თუ რეალურად მნიშვნელოვანია ამ უწყებისთვის ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია (თუმცა ყველაფერი უკვე საჯაროა – ტელევიზორში და სოციალურ ქსელში), მივალ სასამართლოში, სადაც მინიმუმ ერთით მეტი ადამიანი მოისმენს როგორი უმოქმედო იყო პროკურატურა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში”, – წერს თოლორაია.

    ცნობისთვის, პროკურატურაში დაიბარეს გახარია – საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერიც ნათია მეზვრიშვილიც, მანამდე კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

    ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

    პარტია გიორგი გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ იქამდე, სანამ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას მათ მიერ შეტანილ ოფიციალურ მტკიცებულებებზე, რაც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარასა და კორუფციაზე მიუთითებს, საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას არ აპირებს.

    საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ცესკოს მიმართვის საფუძველზე საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე “სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით” დაიწყო.

    “პროკურატურიდან დამირეკეს, ივანიშვილის დაკვეთით არჩევნების გაყალბების ჩასაფარცხად გამოძიება რომ დავიწყეთ მაგაზე გიბარებთ, რადგან თქვენ გაყალბების მტკიცებულებებზე და სქემებზე საუბრობთო.

    1. კარგია, რომ გაყლბების მტკიცებულებებმა და სქემებმა შეგაშინათ;

    2. ჩვენ დაკვეთილ, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის და არჩევნების მოპარვის გაფორმების მიზნით წარმოებულ გამოძიებებში არ დავდივარ;

    3. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ათობით განცხადება გვაქვს ოფიციალურად შემოტანილი (მტკიცებულებებით დადასტურებული), რომელიც არჩევნების გაყალბების მიზნით ძალადობაზე, მუქარაზე, კორუფციაზე მიუთითებს. არც ერთზე არათუ გამოძიება არ დაგიწყიათ, არც კი დაგირეკავთ. შესაბამისად, როგორც კი ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ ამ ნამდვილ დანაშაულებზე ნამდვილ გამოძიებას (ცალკე და არა მაგავე საქმეში) დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოვალთ და ყველაფერს მოვიტანთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გენდობით);

    4. რაც შეეხება ამ ყალბ გამოძიებას, თუ ჩემს გარეშე გამოძიებას ვერ ატარებთ (რაც ცოტა სასაცილოა, როცა მტკიცებულებები სოციალურ მედიაში რასაც ჰქვია ყრია), იცით მაგისტრატი მოსამართლის გზა.

    აქვე, ტყუილად გგონიათ, რომ გამაჩერებთ. არჩევნების გაყალბების საქმის ბოლომდე მისაყვანად გავაკეთებ ყველაფერს. პირადად ჩამოვივლი ყველა პარტნიორს, რომ თქვენი საბოლოო დელეგიტიმაცია მოხდეს. შემდეგ კი, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად გავატარებთ პროკურატურის, სასამართლოს, სამართალდამცავების და მთლიანად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას”, – წერს ნათია მეზვრიშვილი.

  • მშვიდობის პოლიტიკით ეკონომიკური პრობლემებისგან ევროპაც გადავარჩინეთ – პაპუაშვილი

    მშვიდობის პოლიტიკით ეკონომიკური პრობლემებისგან ევროპაც გადავარჩინეთ – პაპუაშვილი

    ქართველი ხალხი დგას იმ პოლიტიკის უკან, რომ სანქციები არ დაწესდეს, ომში მოხალისეები არ გაიგზავნოს და ჩვენ გარშემო სხვა ქვეყნებთან ესკალაციაში არ შევიდეთ […] გარშემო გავიხედოთ, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში ვართ. და მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი, ფაქტობრივად, საქართველო მშვიდობის ოაზისია. ეს მშვიდობა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ ეს სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია.

    დღეს საქართველო არის რეალური ხიდი და ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის. ყველა ეს ტვირთი დღეს საქართველოზე გადის. ამიტომ, ამ მშვიდობით ვსარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც. თორემ, აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როცა ეს დერეფანიც ჩაკეტილი იქნებოდა და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ. სინამდვილეში, ქართულმა ოცნებამ და ქართველმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით, ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსსა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ეკონომიკური პრობლემებისგან ევროპაც გადაარჩინა.

    თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • რაც ნაკლებ სანდოა საქართველო დასავლეთისთვის, ეს უფრო ხელსაყრელია რუსეთისთვის! – ჰამილტონი

    “საქართველოში პოლიტიკური კრიზისი რუსეთისთვისაა ხელსაყრელი, რადგან ის აქცევს საქართველოს ევროკავშირისა და ნატოსთვის, თუ უფრო ზოგადად – ევროპისთვის, ნაკლებ მიმზიდველ პარტნიორად. და რაც უფრო ნაკლებ მიმზიდველი პარტნიორია საქართველო, მით უფრო მეტად ხელსაყრელია ეს რუსეთისთვის. […]

    რაც უფრო ნაკლებ სანდო და ნაკლებ დემოკრატიულ პარტნიორად აღიქმება საქართველო დასავლეთისთვის, ის მით უფრო დაშორდება იმ ინსტიტუტებს, რომელთა წევრობაც სურს. კრემლისთვის კი ეს მხოლოდ სასიხარულო ამბავი იქნება”,

    ამერიკელი თადარიგის პოლკოვნიკი და საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის კვლევების ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ამერიკის ხმას ესაუბრა.

  • თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა! – ზურაბიშვილი სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

    თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა! – ზურაბიშვილი სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

    “თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა, მაია სანდუ. […]

    მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნები საუკეთესო “მტკიცებულებაა”: მსგავსი რუსული ჩარევისა და მასობრივი გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000-მა ამომრჩეველმა გადაარჩინა… ჩვენი 1 000 000 ამომრჩევლისგან შემდგარი დიასპორა შეაკავეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს “დართეს”

    პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

  • მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა

    მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

    ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ,ხმების 99.50%-ის დათვლის შედეგად პროევროპელ კანდიდატს მაია სანდუს 55.25% ( 923610 ხმა) აქვს, მის კონკურენტს ალექსანდრ სტოიანოგლუს კი 44.75% (748 161).

    მაია სანდუს გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი დიასპორამ შეასრულა.

    მან საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების ხარჯზე გაიმარჯვა, სადაც დიასპორამ ხმა მასობრივად სწორედ მოქმედ პრეზიდენტს მისცა.

    მანამდე, მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, სტანისლავ სეკრიერუმ განაცხადა, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რუსეთის მხრიდან ჩარევა “მასობრივად” მიმდინარეობდა.

  • რამდენიმე კრიზისული ფაზა გველოდება..მნიშვნელოვანია, ემოციები დავაცხროთ – გახარია

    ჩვენ იმ სამოქალაქო პროტესტში – რომელიც აუცილებელია, იმიტომ, რომ სხვანაირად არ გამოვა არაფერი, მაგრამ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი – ჩვენ ამაში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება. ჩვენ ჩვენს ამომრჩეველთან ახლა უკვე ისეთი ბმა გვაქვს, რასაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გაწყვეტს. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება.

    ახლა, რაც შეეხება გეგმას. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პირველ რიგში ემოციები დავაცხროთ და ეფექტიანობაზე, შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული. ჩვენ რამდენიმე კრიზისული ფაზა გველოდება. ჩვენი ბრალი ეს არ არის. ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელმაც გადაწყვიტა, რომ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, უნდა მოჰპაროს ქართველ ხალხს ნება. […]

    პირველი ფაზა იქნება შემდეგი ორი თვე. ახალ წლამდე. ამ ფაზაში ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანა არის, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმაცია [არ მოხდეს] საერთაშორისოდ ჯერ გაფორმებული არ არის არც ლეგიტიმაცია, არც დელეგიტიმაცია. შუაშია ჩამოკიდებული. ამიტომ არის ეს გამოძიების საკითხი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მტკიცებულებები – არა კონკრეტული ცალკე აღებული მტკიცებულებები. კონკრეტული ცალკე აღებული მტკიცებულებები საჭიროზე უფრო მეტია – არამედ, კომპლექსური სურათი, როგორ მოხდა სისტემურად რაზეც ახლა ვისაუბრე, ამ არჩევნების გაყალბება.

    უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მათ შორის, სადამკვირვებლო მისიებს, მათთვის ეს საერთოდ რთულად აღსაქმელია, როგორ შეიძლება 200 000 ხმის მოპარვა, მაგრამ, როდესაც მათ უხსნი, რომ სახელმწიფო, მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, ინსონალური ცოდნით, პერსონალური მონაცემებით, მთელი სისტემით, უბრალოდ ერთ პარტიას უდგას გვერდით და გადაქცეულია პარტიის ინსტრუმენტად – ყველაფერზეა საუბარი ხომ? ძალოვნები, სასამართლო, პროკურატურა, შემოსავლების სამსახური, ფინანსთა სამინისტრო – ყველაფერი აბსოლუტურად – ამის შემდგომ, ამ ხალხმა უნდა დაინახოს და მიხვდნენ, რომ მტკიცებულებების დამტკიცებამდე, ეს ჩარევა იმდენად კომპლექსური იყო, რომ მას პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგზე.

    ეს არის ყველაზე სწრაფი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო პოზიცია ჩამოყალიბდეს და საერთაშორისო პოზიციის ჩამოყალიბება უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ მივაღწიოთ ერთი, დიდი ნაწილის გადათვლას, მეორე, რიგგარეშე არჩევნებს – ოღონდ, უნდა გვესმოდეს, რომ ერთსაც და მეორესაც აზრი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ცესკოს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და როგორც მინიმუმ, სუს-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში. […]

    პარალელურად, უნდა გვესმოდეს, რომ იქ სადაც ჩვენ ოცნებამ მიგვიყვანა, ფაქტობრივად ქვეყანა დააყენა რამდენიმე კრიზისის წინაშე. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ფაქტობრივად დღეს პოლიტიკური იზოლაციას მოჰყვება ეკონომიკური იზოლაცია. […] ფაქტია, რომ სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით. ეს არის ჩვენი პოლიტიკური იზოლაცია – საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი. […]

    ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკურ კრიზისთან გამკლავების გეგმა არის საჭირო, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, უკვე დაწერილი გვაქვს და უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ, როგორც კი შიგნით 2 თვის თემას დავხურავთ, უნდა დავიწყოთ მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, რომ მათი ქმედებები დღევანდელი არალეგიტიმური პარლამენტის და მის მიერ არჩეული მთავრობის წინააღმდეგ, არ შეეხოს მოქალაქეებს და ტარგეტირებულად შეეხოს იმ ადამიანებს. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩვენ გვექნება არჩევანი, ან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუუქმონ უვიზო რეჟიმი და ბევრი სხვა ნაბიჯი გადადგან, ან ქვეყნის მტრებს ტარგეტირებულად მიდგნენ. […]

    ეკონომიკურ ნაწილში უნდა გვესმოდეს, რომ როგორც კი პოლიტიკური იზოლაცია ფაქტი გახდება, ლარის კურსი, საფინანსო სისტემის მდგრადობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, უბრალოდ ბიზნესებს შორის ურთიერთობები – რა თქმა უნდა, აქ სერიოზული პრობლემები გაჩნდება, რომლის შედეგი და ეფექტი ეკონომიკაზე, იქნება ძალიან სწრაფი. ეს 2-3 თვის საკითხია. […]

    ახლა, უსაფრთხოების ნაწილი. როგორ წარმოგიდგენიათ, მეგობრებო, საქართველო, რომელსაც სტრატეგიული ფარდა და ქოლგა არ ექნება ევროკავშირის და აშშ-სი, რომლებიც ჩვენს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარდა, ყოველდღიურ საოპერაციო უსაფრთხოებაში გვეხმარებოდნენ, როგორ გგონიათ, როგორ იოპერირებს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ის რეგიონალური დიდი სახელმწიფო, რომელიც უზომოდ არის დაინტერესებული, რომ საქართველო ევროპული კონტექსტიდან ამოგლიჯოს და ახლოაღმოსავლური, ერთ-ერთი რიგითი პატარა ქვეყანა გახადოს, ჩვეულებრივი რუხი ზონა გახადოს, სადაც რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ბევრი სხვა სახელმწიფო უბრალოდ რუხ ბიზნესს გააკეთებენ… ფაქტობრივად, ქვეყანა ამ ხელისუფლების წყალობით, ამ გლობალურ დაპირისპირებაში კი არ ირჩევს მხარეს, უკვე ხდება მხარე. […]

    ჩვენ, ყველამ ერთად, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხელისუფლება დაკავებულია მხოლოდ იმით, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს და მოპარული ფული გადაფაროს, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ გავუმკლავდეთ პოლიტიკურ იზოლაციას, როგორ გავუმკლავდეთ ეკონომიკურ იზოლაციას და როგორ გავუმკლავდეთ უსაფრთხოების ნაწილში იზოლაციას.

    თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია ფორმულას გადაცემა დროების ეთერში.

  • სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ორივე ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

    “ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ტელეფონით საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. მან გამოთქვა შეშფოთება საქართველოში შექმნილი ვითარების გამო”, – აღნიშნავს გერმანიის პრეზიდენტის პრესსპიკერი.