Category: ახალი ამბები

  • სროლა ლუიზიანაში: დაიღუპა 8 ბავშვი. თავდამსხმელი მკლულია

    სროლა ლუიზიანაში: დაიღუპა 8 ბავშვი. თავდამსხმელი მკლულია

    კვირას დილით ადრე, აშშ-ის ლუიზიანის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შრივპორტში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, ერთიდან 14 წლამდე ასაკის რვა ბავშვი დაიღუპა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვების ნაწილი ამ კაცის ნათესავები იყვნენ.

    სროლა ადგილობრივი დროით დილის დაახლოებით 5 საათზე (გრინვიჩის დროით 10:00 საათზე) ქალაქის რამდენიმე ადგილზე მოხდა — ორ სახლში, რომლებიც ერთ კვარტალში მდებარეობს, და მესამეში, იმავე რაიონში, ახლოს.

    ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სროლის შემდეგ თავდამსხმელმა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის, ავტომობილი გაიტაცა და გაქცევა სცადა, თუმცა დევნის დროს პოლიციამ ის მოკლა.

    კიდევ ორმა ადამიანმა ცეცხლსასროლი ჭრილობები მიიღო, თუმცა მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

    „ვფიქრობთ, რომ ცეცხლი მხოლოდ მან გახსნა,“ — განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა კრის ბორდელონმა და ინციდენტს „ოჯახური კონფლიქტი“ უწოდა.

    „გვყავს დამწუხრებული ოჯახები, დამწუხრებული პოლიციელები, კორონერის სამსახურის თანამშრომლები,“ — თქვა შრივპორტის მერმა ტომ არსენომ. „ეს მთელ საზოგადოებას ეხება, ამიტომ ჩვენ ყველანი ამ ოჯახებთან ერთად ვგლოვობთ.“

    „ეს ტრაგიკული ვითარებაა — შესაძლოა, ყველაზე ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც შრივპორტი ოდესმე შეხებია,“ — დასძინა მან.

    შრივპორტის პოლიციის უფროსმა უეინ სმითმა განაცხადა, რომ გამოძიებაში შტატის პოლიციის დეპარტამენტი და სხვა უწყებებიც მონაწილეობენ.

    „უბრალოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო,“ — დაამატა მან. „ჩვენ დაუღალავად ვიმუშავებთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს, რათა პასუხები მივიღოთ იმაზე, თუ რა მოხდა.“

  • აფგან სადიგოვი:სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება

    აფგან სადიგოვი:სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება

    საქართველოდან გაძევებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით:

    „მთელი ჩემი გული, ჩემი ფიქრები და ჩემი სული საქართველოში დარჩა – პარლამენტის წინ ხალხთან და ბრძოლაში ჩვენი მეგობრების გვერდით.

    უსაზღვრო მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს, ჩემს თანამებრძოლებს, ჩემს მეგობრებს მოედნიდან, და ყველას, ვინც მხარს მიჭერდა.

    ივანიშვილმა – მკვლელმა, კორუმპირებულმა მაღალჩინოსანმა, კრემლისა და პუტინის მონამ და თავისი ქვეყნის მოღალატემ – დიდი დარტყმა მიაყენა ქართული სახელმწიფოს იმიჯს ჩემი გაძევებით, საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით. ამ ნაბიჯით მან ხალხის აწმყო და მომავალი თავის პირად ინტერესებს შესწირა.

    საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა ძალიან სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის“.

    სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და „დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის“ გაგრძელება ბოლომდე. მაგრამ მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი და თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი მონდომებითა და შეუპოვრად დარჩება და სამუდამოდ მოაშორებს „ქართული ოცნების“ კრიმინალურ დაჯგუფებას და ბანდიტების ლიდერს ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური არენიდან. ბოლომდე გვერდში დავუდგები ძვირფას ქართველ ხალხს და ჩემს თანამებრძოლებს!

    გაურკვეველია რა მოხდება რაღაც დროის შემდეგ და რა ტრაგედიები დაგვატყდება თავს. პატიმრობა, რეპრესია, და საიდუმლო მკვლელობები ნებისმიერ დროს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს პოლიტიკური ბრძოლის არენაზე.

    ძირს დიქტატურა!

    თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!“ – წერს სადიგოვი.

    შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.

     

  • გურამ თუშიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

    გურამ თუშიშვილი ძიუდოში ევროპის ჩემპიონი გახდა

    თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავისი პრინიპული მეტოქე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა და მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრებს კი მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა.

    ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა – ოთხი ოქრო, ორი ვერცხლი, ერთი ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული შედეგია.

    ევროპის ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100) გახდნენ, გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედლები მოპოვეს, ხოლო ილია სულამანიძე (100 კგ) ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

  • ძველად ნაცები იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან – მეუფე იაკობმა ქადაგებისას „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა

    ძველად ნაცები იყვნენ ასე, ახლა ესენი არიან – მეუფე იაკობმა ქადაგებისას „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა

    ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქის არჩევის პროცესში გარე ჩარევას არ დაუშვებს და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს.

    „ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, ყველამ კარგად გაითვალისწინოს. ამის გარანტები ჩვენ ვართ… პატრიარქსაც ჩვენით ავირჩევთ, გარედან დანიშნული არ გვეყოლება, ჩვენი არჩეული იქნება. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი დაგვტოვა პატრიარქმა და ყველაფერს გავაკეთებთ ისე, რომ ეკლესიაც კარგად იმართოს და სახელმწიფოსაც დავეხმაროთ,“ – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

    მთავარეპისკოპოსმა ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ეკლესიის შიდა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს.

    „ქუჩის და სახელმწიფოს კანონები თქვენ წერეთ და ჩვენსას საერთოდ ნუ შეეხებით, ან მოდით და გვკითხეთ. დაგარიგებთ, რომ ჭკვიანად მოიქცეთ.“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

    ეს უკვე მეორე ქადაგებაა პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, როცა მთავარეპისკოპოსმა არჩევნებში ჩარევის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ამას გარდა, ხელისუფლებას მოუწოდა „პაპზე უფრო კათოლიკეები ნუ აღმოჩნდებიან“.

  • პაპუაშვილი BBC-სთან დავაზე: დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ

    პაპუაშვილი BBC-სთან დავაზე: დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ

    შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით,   ქართული ოცნება  აპირებს  ბიბისის  მესამე საჩივრით მიმართოს.   წინა ორი საჩივარი სამაუწყებლო კორპორაციამ არ დააკმაყოფილა. დღეს,  პაპუაშვილმა   დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და  თქვა, რომ   მესამე საჩივრის განხილვა, ისევე როგორც წინა ორის,  ტელეკომპანიის შიდარეგულაციის ფარგლებში წარიმართება.   მისი განმარტებით,   თავად  ბიბისიში გასაჩივრებას   როგორც ფორმალობას ისე უყურებენ და აპირებენ რომ ყველა ინსტანციას, მათ შორის სტრასბურგსაც მიმართონ.  ქართული ოცნების საჩივარი  დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტურ ფილმს ეხება, სადაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოში, მომიტინგეების წინააღმდეგ სავარაუდოდ , პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერების „კამიტის“ გამოიყენებაზეა საუბარი. BBC-ს საგამოძიებო ფილმში ნახსენებია ასევე,  ქიმიურ გამხსნელი “ტრიქლორეთილენი“.  „ქართული ოცნება“  ფილმს ცილისწამებად აფასებს და მაუწყებლისგან  მასალების პლატფორმებიდან აღებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვს.

    „არ ვიცი, რა პირით გვესაუბრებიან ხოლმე რაიმე მართლმსაჯულების თუ სამართლებრივ პროცედურებზე. ჩვენ იძულებული ვართ, ვიდრე მივმართავდით სასამართლოსთვის, მიგვემართა თავად BBC-თვის. ჯერ დასხდნენ იგივე ჟურნალისტები, ვინც ცილისწამება გაავრცელა. განიხილეს ჩვენი საჩივრები და თქვეს, რომ “არა ჩვენ ვართ მართლებიო”. ეს საერთოდ აბსურდია, ჟურნალისტებმა, ვინც ტყუილი გამოიგონა, განიხილეს ჩვენი საკითხი და გვითხრეს უარი. შემდეგ შევაბრუნეთ საჩივარი – სამწუხაროდ, რა გითხრათ, მართლაც მსხვერპლის საზიანო კანონმდებლობით , რომელიც ბრიტანეთში არსებობს და აბსოლუტურად არღვევს მაყურებლის თუ ადამიანის უფლებას, აბსოლუტურად აცდენილია – შევიტანეთ ხელახალი საჩივარი, ამის შემდეგ აღმოჩნდა, რომ შემდეგი ინსტანცია გახლავთ იმ ხალხის რედაქცია, სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც დაავალა ეს სიუჟეტი, ჩაიბარა სიუჟეტი და გაუშვა სიუჟეტი – ამ რედაქციამ განიხილა და მათაც ჩვენდა გასაკვირად, თქვეს, რომ “არა, ჩვენ ვიყავით მართლებიო”, უარი შემოვიდა.

    ახლა ვართ მესამე ეტაპზე, რომ შევიტანოთ კიდევ ერთი საჩივარი. კიდევ ისევ BBC-ის უნდა მივმართოთ, ცოტა ერთი დონით მაღლა ხდება განხილვა – მაგრამ ასევე BBC-ში, რომელმაც სიუჟეტი დაუკვეთა, ჩაიბარა და გაუშვა. ასე რომ ჩვენ ვამზადებთ ახლა მესამე საჩივარს, რომელიც შებრუნდება ასევე BBC-ში, ვნახოთ რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ, შემდეგი ეტაპებია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

    მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გასაჩივრებას უყურებს, როგორც ფორმალობას, რადგან დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა “მსხვერპლის მიმართ მტრულია”.

    „BBC-ში გასაჩივრებას ვუყურებთ, როგორც ფორმალობას, ფაქტია, რომ ვინც დააშავა, არ იტყვის, რომ მე ვარ დამნაშავეო, ფაქტია, რომ დიდ ბრიტანეთში კანონმდებლობა არის ისეთი, რომელიც არის მტრული მსხვერპლის მიმართ. თქვენ წარმოიდგინეთ ამის უკან რამხელა შრომა და ხარჯი დევს. წარმიდგინეთ, რომ ამას ჩიოდეს არა პარტია, რომელიც ფინანსურად ძლიერია, შესაძლებლობაც აქვს, იურიდიული გამოცდილებაც ასეთ სარჩელებზე იმუშაოს, ჩვეულებრივ ადამიანს დაეჯახოს ამხელა BBC. ფაქტობრივად, მსხვერპლი არის ჭიანჭველას დონეზე, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს“, – აცხადებს პაპუაშვილი.

    ბიბისიმ“ საგამოძიებო ფილმი  2025 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა.  ამის  შემდეგ  სუსმა გამოძიება დაიწყო და ზუსტად 5 დღეში განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,კამიტი“ არასდროს შეუძენია და გამოიყენებია. რაც შეეხება ,,ტიქლორეთილენს“  ირკვევა, რომ ეს ნივთიერება შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა და სუსის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებულ ნივთიერებებს შორის  აღმოჩნდა – ჩამოწერილი ნაშთის სახით  880 ლიტრის ოდენობით.    პირველად ქართულმა ოცნებამ  ბიბისის საჩივრით 2026 წლის იანვარში მიმართა.    ბრიტანულმა მაუწყებელმა   ოცნების საჩივარი არ დააკმაყოფილა და პასუხად განაცხადა, რომ საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებას არ გადახედავს.

  • ჯო უილსონი:გვაშფოთებს რუსეთისა და ჩინეთის კომპარტიის მზარდი თანამშრომლობა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით

    ჯო უილსონი:გვაშფოთებს რუსეთისა და ჩინეთის კომპარტიის მზარდი თანამშრომლობა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით

    ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის შეფასებით, საქართველო სამხრეთ კავკასიაში კვლავ რჩება სტრატეგიულ აქტორად, რომლის გარშემოც გეოპოლიტიკური მეტოქეობა სულ უფრო მწვავდება. რესპუბლიკელი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რეგიონული პოლიტიკური ტრანსფორმაციის ფონზე, ქვეყანა ამ პროცესის ნაწილი მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით უნდა გახდეს. „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ის განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოში დემოკრატიის მდგრადობაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ურყევი არჩევანი სწორედ სამართლიანი საარჩევნო პროცესია. ამასთანავე, უილსონი ყურადღებას ამახვილებს რუსეთისა და ჩინეთის მზარდ გავლენებზე, განსაკუთრებით ანაკლიის პორტის ჭრილში. მისი განმარტებით, ვაშინგტონისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია,   რომ სტრატეგიული ინფრასტრუქტურა ავტორიტარული რეჟიმების კონტროლის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

     “საქართველო კვლავ ცენტრალური ქვეყანაა რეგიონში. სამხრეთ კავკასია მთლიანობაში სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარეობს. ერთ-ერთი მთავარი, რაც გვაშფოთებს, რუსეთისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მზარდი თანამშრომლობაა, განსაკუთრებით შავი ზღვის პორტ ანაკლიასთან დაკავშირებით. ჩინეთის ინტერესი ანაკლიის მიმართ უკავშირდება ცენტრალური აზიიდან იშვიათი მინერალების ტრანსპორტის კონტროლს. ეს რესურსები საქართველოს გავლით უნდა გადავიდეს, რაც პორტს სტრატეგიულად მნიშვნელოვანს ხდის. აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფრასტრუქტურა დარჩეს ღია და არ მოექცეს პეკინის დომინაციის ქვეშ.ასევე არსებობს შეშფოთება საქართველოს მთავრობის გარკვეულ ელემენტებსა და ირანს შორის დაახლოების შესახებ. სხვადასხვა ანგარიში მიუთითებს თანამშრომლობაზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასაც. ეს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს, თუ გავითვალისწინებთ ირანის ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის სასტიკ ჩახშობას, მათ შორის პროტესტის ათიათასობით მონაწილის დახოცვას.ჩემი აზრით, ასეთი ქმედებები და კავშირები არ ასახავს ქართველების ნებასა და მისწრაფებებს – ისინი ავლენენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი თანმიმდევრულ ერთგულებას.“– ამბობს უილსონი.

    ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ  რესპუბლიკელ კონგრესმენს ჰკითხა თუ  რა გზავნილი აქვს საქართველოს საზოგადოებისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით აშშ-ის ბოლო დიპლომატიური სიგნალების ფონზე. პასუხად ჯო უილსონმა განაცხადა,რომ  ვაშინგტონის პოზიცია უცვლელია: მიუხედავად დიპლომატიური დიალოგისა, მთავარ პრიორიტეტად რჩება ქართველი ხალხისა და დემოკრატიის მხარდაჭერა, რაც საბოლოო ჯამში მისი თქმით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში უნდა გამოიხატოს.

    “ხაზს გავუსვამდი აშშ-ის პოლიტიკის ფართო კონტექსტის მნიშვნელობას. ისეთი ლიდერები, როგორიცაა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ღრმად აცნობიერებენ ავტორიტარიზმის შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია შეიძლება მოიცავდეს დიალოგსა და მოლაპარაკებებს, ძირითადი პრინციპი უცვლელია: დემოკრატიული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა; საბოლოო მიზანი მკაფიოა: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლებიც ხალხის ნებას ასახავს.“

     ჯო უილსონმა ყურადღება „მეგობარ აქტზეც“ გაამახვილა და შეაფასა, რამდენად არსებობს სანქციებისა თუ მხარდაჭერის გაძლიერების პერსპექტივა. კონგრესმენის განმარტებით, „მეგობარი აქტის“ მიმართ ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრში უპრეცედენტო ერთიანობა არსებობს, რაც წარმომადგენელთა პალატაში მიღებულმა ხმების დიდმა უმრავლესობამაც დაადასტურა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ სენატში პროცესი ბიუროკრატიული მიზეზების გამო შენელდა, მხარდაჭერა კვლავ მყარია.

    “ამ კანონპროექტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა შთამბეჭდავია. იგი წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული დიდი უმრავლესობით მიიღო – 349 ხმა 42-ის წინააღმდეგ. ეს ასახავს ძლიერ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის ორივე მხრიდან.მიუხედავად იმისა, რომ სენატში პროცედურულმა დაბრკოლებებმა პროცესი შეაფერხა, მხარდაჭერის დონე კვლავ მაღალია. ეს დამაიმედებელია და აჩვენებს, რომ ამერიკულ პოლიტიკურ სისტემას, მიუხედავად შიდა განსხვავებებისა, შეუძლია გაერთიანდეს დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საზღვარგარეთ.“

    კითხვაზე –  გაზრდის თუ არა კანონპროექტის მიღების შანსებს იმ სენატორის თანამდებობაზე არ ყოფნა, რომელიც პროცესს აფერხებდა. ჯო უილსონმა უპასუხა,რომ   სენატში არსებული პროცედურული ბარიერის მოხსნა პროცესს ხელს შეუწყობს, თუმცა გადამწყვეტი მაინც ის ფართო პოლიტიკური კონსენსუსია, რომელიც ამერიკულ საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბდა. საუბარია სენატორ მარკვეინ მალინზე,რომელიც „მეგობარ აქტს“ ბლოკავდა. ის  შიდა უსაფრთხოების მინისტრი გახდა, რის შემდეგაც სენატის დატოვება მოუწია.  ჯო უილსონის თქმით ვაშინგტონის გზავნილი ერთმნიშვნელოვანია –  აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის სწრაფვას დემოკრატიული სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ.

  • ირანმა ორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გამოაცხადა, ტრამპმა კი ბლოკადის გაგრძელების შესახებ

    ირანმა ორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გამოაცხადა, ტრამპმა კი ბლოკადის გაგრძელების შესახებ

    თეირანმა განაცხადა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, გახსნას ორმუზის სრუტე, რომელიც თითქმის მთლიანად იყო ბლოკირებული მას შემდეგ, რაც აშშ-სა, ისრაელსა და ირანს შორის ომი დაიწყო.  აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე გადაუხადა მადლობა ირანის ხელისუფლებას. თუმცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბლოკადა ირანის მიმართ სრული მოცულობით გაგრძელდება მანამდე, სანამ ვაშინგტონი და თეირანი სამშვიდობო შეთანხმებას არ მიაღწევენ.

    სრუტე ღიაა ყველა გემისთვის, გარდა სამხედრო ხომალდებისა

    „ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემისთვის გავლის უფლება ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში სრულად გახსნილად ცხადდება,“ – დაწერა სოციალურ ქსელ X-ში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ. მისი თქმით, გემებს შეუძლიათ გადაადგილდნენ „შეთანხმებული მარშრუტით“.

    ირანსა და აშშ-ს შორის ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა 22 აპრილს ეწურება. მოსალოდნელია ახალი მოლაპარაკებები.

    ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრო პირმა განაცხადა, რომ კომერციულ გემებს ორმუზის სრუტეში გადაადგილება შეუძლიათ „მითითებული მარშრუტით“ და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების ნებართვით, იტყობინება სახელმწიფო ტელევიზია. სამხედრო ხომალდებისთვის გავლა კვლავ „აკრძალულია“.

    ყველა კომერციულ გემს, მათ შორის ამერიკულსაც, შეუძლია სრუტეში გავლა, მაგრამ მათი გადაადგილების გეგმები ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან უნდა იყოს შეთანხმებული, განუცხადა Reuters-ს ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა. მან ასევე დასძინა, რომ ირანული ფინანსური სახსრების განბლოკვა ორმუზის სრუტესთან დაკავშირებული შეთანხმების ნაწილი იყო. მისი თქმით, სრუტეში ტრანზიტი შეიზღუდება იმ მარშრუტებით, რომლებსაც ირანი უსაფრთხოდ მიიჩნევს, ხოლო სამხედრო ხომალდებისთვის წვდომა კვლავ აკრძალულია.

    ტრამპმა დაუყოვნებლივ გადაუხადა თეირანს მადლობა. „ირანმა ახლახან გამოაცხადა, რომ ირანული სრუტე [ორმუზის სრუტე] სრულად ღიაა და სრულფასოვანი გავლისთვის მზად არის. მადლობა!“ — დაწერა მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

    ირანი ფაქტობრივად ბლოკავდა ორმუზის სრუტეს ომის დაწყებიდან. ეს უმნიშვნელოვანესი დერეფანია — მის გავლით მსოფლიო ნავთობის ექსპორტის 20% გადის.

    ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ თეირანს სრუტის განბლოკვის შესახებ არ განუცხადებია და მოითხოვდა, რომ ზავი ლიბანზეც გავრცელებულიყო, მაშინ როცა ისრაელი აგრძელებდა „ჰეზბოლაზე“ იერიშების მიტანას.

    თავის მხრივ, აშშ-მაც გამოაცხადა თავისი ბლოკადის შესახებ, რომელიც ეხება ირანის პორტებიდან გამომავალ გემებს. ამერიკელი სამხედროები ამტკიცებდნენ, რომ ბლოკადის რეჟიმის დარღვევა ვერც ერთმა გემმა ვერ მოახერხა, თუმცა მონიტორინგის ორგანიზაციები იუწყებოდნენ, რომ ზოგიერთმა ტანკერმა სრუტეში გავლა მაინც შეძლო.

    პარასკევს შუაღამიდან ძალაში შევიდა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის შესახებაც წინა დღეს ტრამპმა განაცხადა. ლიბანელები, რომლებიც კონფლიქტის დროს იძულებულნი გახდნენ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ, ქვეყნის სამხრეთისკენ დაიძრნენ, მიუხედავად ლიბანის არმიის მოწოდებისა, სიფრთხილე გამოეჩინათ. ისრაელმა განაცხადა, რომ მისი სამხედროები სამხრეთ ლიბანში პოზიციებზე დარჩებიან.

    ორმუზის სრუტის გახსნის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „ისრაელი ლიბანს აღარ დაბომბავს“. „აშშ მათ ამას უკრძალავს. საკმარისია!!!“ — განაცხადა ტრამპმა.

    Reuters-ის ცნობით, პარასკევს აქციებისა და ობლიგაციების ფასები მკვეთრად გაიზარდა, ხოლო ნავთობისა და დოლარის ფასები მკვეთრად დაეცა მას შემდეგ, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ორმუზის სრუტეში ყველა კომერციული გემის გავლა სრულად გახსნილია.

    ამ ცნობების შემდეგ ნავთობის ფასები 11%-ით დაეცა, თუმცა უმსხვილესი საზღვაო გადამზიდავი კომპანიები უფრო ფრთხილად გამოეხმაურნენ ვითარებას და მიანიშნეს, რომ ტრაფიკის ომამდელ ნორმალურ დონემდე დაბრუნებას, რაც დღეში დაახლოებით 130 გემს შეადგენდა, შესაძლოა მეტი დრო დასჭირდეს.

    სრუტის გახსნის მოთხოვნა ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო აშშ-სა და ირანს შორის 11-12 აპრილს პაკისტანის დედაქალაქში გამართული მოლაპარაკებების დროს. მოსალოდნელია, რომ მეორე რაუნდიც შესაძლოა კვლავ ისლამაბადში გაიმართოს. ამის შესაძლებლობა წინა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში ტრამპმაც არ გამორიცხა. მისი თქმით, მოლაპარაკებები შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირასაც დაიწყოს, თუმცა Reuters აღნიშნავს, რომ შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო ეს სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოდ გამოიყურება.

    პაკისტანში სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ პარასკევს განაცხადა, რომ კულისებს მიღმა დიპლომატიაში პროგრესი შეინიშნება. მისი თქმით, მომავალმა შეხვედრამ შესაძლოა ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერამდე მიიყვანოს მხარეები, რასაც 60 დღის განმავლობაში ყოვლისმომცველი შეთანხმება მოჰყვება. „ორივე მხარე პრინციპულად თანახმაა. ტექნიკური დეტალები მოგვიანებით შეთანხმდება,“ — თქვა წყარომ.

    ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა Reuters-ს აცნობა, რომ სრუტის გახსნის შეთანხმების ფარგლებში მიღწეულია შეთანხმება ირანის მილიარდობით დოლარის ღირებულების აქტივების განბლოკვაზეც, თუმცა კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

    თავად ტრამპმა წინა დღეს თეთრი სახლის გაზონზე ჟურნალისტებს უთხრა: „ჩვენ ირანთან შეთანხმების დადებასთან ძალიან ახლოს ვართ.“ რამდენიმე საათის შემდეგ კი ლას-ვეგასში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი „მალე უნდა დასრულდეს“.

    ამერიკული ბლოკადა არ უქმდება

    Reuters-ის ამერიკულმა წყარომ განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ბლოკადა, რომელშიც 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, ძალაში რჩება. ტრამპმაც განაცხადა, რომ სრუტეზე ამერიკული ბლოკადა შენარჩუნდება.

    „ორმუზის სრუტე სრულად ღიაა, მზად არის ბიზნესისთვის და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, თუმცა სამხედრო-საზღვაო ბლოკადა სრული მოცულობით მხოლოდ ირანის მიმართ იმოქმედებს მანამდე, სანამ ჩვენი შეთანხმება ირანთან 100%-ით არ დასრულდება,“ — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ში.

    ტრამპის თქმით, „ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს“, რადგან სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების უმეტესობა „უკვე შეთანხმებულია“.

    ისლამაბადში გამართულ მოლაპარაკებებზე მთავარ შეუთანხმებელ საკითხებად რჩებოდა თეირანის ბირთვული პროგრამა და ორმუზის სრუტე. წინა დღეს ტრამპი ამტკიცებდა, რომ ირანი 20 წლით ურანის გამდიდრების შეჩერებას დათანხმდა. თეირანს ეს განცხადება არ დაუდასტურებია.

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პარასკევს განაცხადა, რომ დაახლოებით 12 ქვეყანა მზად არის გამოყოს რესურსები მისიისთვის, რომლის მიზანია ორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღდგენა. თავის მხრივ, ტრამპმა თქვა, რომ ნატოდან დაურეკეს და ჰკითხეს, სჭირდება თუ არა აშშ-ს დახმარება ორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ. Reuters-ის ცნობით, მან უპასუხა, რომ მათ თავი შორს დაეჭირათ.

    Truth Social-ში ტრამპის კიდევ ერთი პოსტიც გამოქვეყნდა: „ირანი დათანხმდა, რომ ორმუზის სრუტეს აღარასოდეს ჩაკეტავს. ის აღარ იქნება გამოყენებული იარაღად მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ!“ — ამტკიცებს ტრამპი.

    „ვფიქრობ, შეთანხმება ძალიან სწრაფად დაიდება“

    მოგვიანებით, Reuters-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან ითანამშრომლებს გამდიდრებული ურანის ამოღებისა და მისი შეერთებულ შტატებში გადატანის საკითხზე.

    „ჩვენ ყველაფერს მოვაწყობთ. ირანთან მშვიდ ტემპში ვიმუშავებთ, დავიწყებთ ამოღებას მძიმე ტექნიკის გამოყენებით… და მას შეერთებულ შტატებში დავაბრუნებთ,“ — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

    მან კვლავ ახსენა „ბირთვული მტვერი“ და დაამატა, რომ ის „ძალიან მალე“ იქნება ამოღებული. როდესაც ტრამპი „ბირთვულ მტვერზე“ საუბრობს, გულისხმობს იმას, რაც ირანის ბირთვულ ობიექტებზე ივნისის დაბომბვის შემდეგ დარჩა.

    ითვლება, რომ ირანს აქვს 60%-მდე გამდიდრებული 400 კილოგრამზე მეტი ურანი. ირანის ბირთვული პროგრამის საკითხი ამერიკა-ირანის მოლაპარაკებებში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად რჩება.

    ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო-საზღვაო ბლოკადას შეინარჩუნებს მანამდე, სანამ შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება.

    „ვფიქრობ, შეთანხმება ძალიან სწრაფად დაიდება. ირანთან ძალიან კარგად გამოგვდის ურთიერთობა,“ — თქვა მან.

    მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად დამატებითი მოლაპარაკებები იქნება საჭირო და ისინი „სავარაუდოდ შაბათ-კვირას“ გაიმართება. მან ასევე დაამატა, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ „შესაძლოა“ ისლამაბადში ჩავიდეს: „ეს გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.“

    ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ირანთან ერთად მუშაობს სრუტის განაღმვის საკითხზე. ხოლო იმ ცნობაზე პასუხად, თითქოს შეერთებული შტატები 20 მილიარდ დოლარად ურანის გაცვლის შეთანხმებას განიხილავს, თქვა: „ეს სრული სიცრუეა. არანაირი თანხა ხელიდან ხელში არ გადადის.“

  • ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული – კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

    ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული – კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე

    “ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული ” – ამის შესახებ “ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მონაწილეობს. ის ფორუმის გახსნით სესიას ესწრება.

    “ჩვენს გარშემო მიმდინარე ომებისა და დაძაბულობის მოწმენი ვართ. კონფლიქტები პირდაპირ ზემოქმედებს ყველა სასიცოცხლო სფეროზე: ენერგეტიკაზე, ტრანსპორტზე, ლოგისტიკურ ჯაჭვებსა და საერთო ეკონომიკურ სტაბილურობაზე. შექმნილ ვითარებაში გამოსავლის ძიება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანი, ევროკავშირში ინტეგრაციაა, თუმცა აშკარაა, რომ თავად ევროგაერთიანებაც სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ის ღირებულებები, რაზეც ეს კავშირი დაფუძნდა – ძლიერი იდენტობა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის პატივისცემა – დღეს ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რაც ჩვენთვისაც საყურადღებო საკითხია. მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასია განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს და ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ შესაძლებლობებს. საქართველო, როგორც ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მაქსიმალურად ცდილობს თავისი დაკავშირებადობის ფუნქციის რეალიზებას. ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ საიმედო სერვისებს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველომ განიმტკიცოს რეგიონული სატრანზიტო ჰაბის სტატუსი.

    ჩვენი ძალისხმევა ცალსახად მშვიდობისკენ არის მიმართული. ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩვენი პოლიტიკა შედეგიანია: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველო ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ლიდერია. მხოლოდ მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა. ჩვენს პრიორიტეტს ამ დინამიკის შენარჩუნება წარმოადგენს. ასევე ჩვენი მიზანია, მშვიდობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მისი პოპულარიზაცია რეგიონულ დონეზეც. ამ მიმართულებით, ჩვენ აქტიურად და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – თურქეთთან.” – განაცხადა ირაკლი კობახიძე.

  • “მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას” –  დააკავეს 4 პირი

    “მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას” – დააკავეს 4 პირი

    გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს: 2007 წელს დაბადებული ი.ი., 2006 წელს დაბადებული ლ.გ., 2007 წელს დაბადებული ე.ა. და 2006 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც 10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ.

    სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე პირები ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე დააკავეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება

    ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება

    ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, II შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება. ინფორმაციას, თბილისის მერია ავრცელებს.

    “აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს “თბილსერვის ჯგუფი” უზრუნველყოფს. ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.” – ნათქვამია განცხადებაში.