Category: ახალი ამბები

  • პოლიციელები აშინებდნენ და თავს ესხმოდნენ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს – Amnesty International

    პოლიციელები აშინებდნენ და თავს ესხმოდნენ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს – Amnesty International

    პოლიციელები აშინებდნენ და თავს ესხმოდნენ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს – Amnesty International-ის ანგარიშის “ადამიანის უფლებების მდგომარეობა მსოფლიოში” მიხედვით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებები მკვეთრად შეიზღუდა.

    “2024 წლის ბოლოს, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ეს მოიცავდა ყოველდღიურ დემონსტრაციებს დედაქალაქში, თბილისსა და რეგულარულ აქციებს სხვა დიდ ქალაქებში. საპროტესტო აქციების ტალღაზე საპასუხოდ, „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო რეპრესიული კანონების სერია. პარტიამ გამოიყენა თავისი პოლიტიკური გავლენა კონტროლის გასამყარებლად და სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლო და ზედამხედველობის ორგანოების პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოსაყენებლად. წმენდა გავრცელდა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტზე, საჯარო მოხელეების და იმ თანამდებობის პირების ფართომასშტაბიანი გათავისუფლებით, რომლებიც, მათი აზრით, საპროტესტო აქციებს თანაუგრძნობდნენ…

    უმეტესწილად მშვიდობიანი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს უკანონო ძალა, რამაც დაძაბულობა გაამწვავა და ძალადობის იზოლირებულ ინციდენტებში გადაიზარდა, ძირითადად პოლიციის აგრესიის საპასუხოდ. მიმდინარე პროტესტების ჩახშობის მცდელობისას, 2024 წლის ბოლოს შემოღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში დიდი ჯარიმები დაწესდა მშვიდობიანი საპროტესტო ქმედებებისთვის, როგორიცაა ნიღბის ტარება ან გზის გადაკეტვა. ამას მოჰყვა კანონების ახალი, ფართომასშტაბიანი პაკეტი, რომელმაც კიდევ უფრო შეზღუდა მშვიდობიანი შეკრების უფლება. სამართალდამცავ ორგანოებს მიენიჭათ ფართო უფლებამოსილება, დაეპატიმრებინათ ადამიანები მშვიდობიანი პროტესტისთვის, მათ შორის სახის დაფარვისთვის, კარვების გაშლისთვის ან გზების გადაკეტვისთვის. ხელისუფლებამ სისტემატურად დაიწყო აქტივისტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის მხარდამჭერების მიზანში ამოღება, ჩხრეკის ჩატარება და საპროტესტო მასალების კონფისკაცია. კანონების მიღებიდან მომდევნო კვირაში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს…

    სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები – ზოგიერთი შეიარაღებული და, როგორც ჩანს, ხელისუფლებასთან დაკავშირებული – პოლიციის თანამონაწილეობით აშინებდნენ და თავს ესხმოდნენ მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის მათ სახლებთან და სამუშაო ადგილებთან ახლოს. დაკავებულთაგან ბევრს პატიმრობაში ყოფნისას არ მიეცა ადვოკატებთან, ნათესავებთან ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე წვდომა. საბა სხვიტარიძეს, რომელიც 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს, 3 სექტემბერს ორწლიანი პატიმრობა მიესაჯა პოლიციელისთვის სხეულის დაზიანების სავარაუდო მიყენებისთვის. მან აღწერა, თუ როგორ დაკითხეს ადვოკატის გარეშე და როგორ აწამეს ნიღბიანმა პოლიციელებმა. პატიმრობაში მიღებული დაზიანებების სამედიცინო მტკიცებულებების მიუხედავად, წლის ბოლომდე ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა…

    ასობით მომიტინგემ განაცხადა, რომ მიიღო სერიოზული დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები და ტვინის შერყევა, ხოლო 100-ზე მეტი ჟურნალისტი დაიჭრა. პოლიციის ძალადობა გამწვავდა 4 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლის დროსაც ზოგიერთმა მონაწილემ სცადა პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლა. საპასუხოდ, სპეცრაზმმა ჩაატარა სამხედრო რეიდები, გამოიყენა გადაჭარბებული ძალა და დააკავა 60-ზე მეტი მომიტინგე საკუთარ სახლებში. ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ფართოდ გავრცელებული ცნობების მიუხედავად, წლის ბოლოსთვის არც ერთ პოლიციელს ან მთავრობის მომხრე თავდამსხმელს პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. დეკემბერში ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება BBC-ის ბრალდებებზე, რომ წყლის ჭავლში მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო აკრძალული ტოქსიკური ქიმიკატები. ბრალდებების განხილვის ნაცვლად, გამოძიება ცდილობდა ექსპერტებისა და მოწმეების დაშინებას, რომლებმაც BBC-ის რეპორტაჟისთვის შესაბამისი მტკიცებულებების მიწოდება განახორციელეს”, – ნათქვამია ანგარიშში.

  • 1970 წელს გაკეთებული იატაკის დემონტაჟია, ბურღი დასაშვებია – სააგენტო ბოლნისის სიონზე

    1970 წელს გაკეთებული იატაკის დემონტაჟია, ბურღი დასაშვებია – სააგენტო ბოლნისის სიონზე

    “1970 წელს გაკეთებული იატაკის დემონტაჟია, ბურღი დასაშვებია ” – კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო განცხადებით ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს ბოლნისის სიონში მიმდინარე სამუშაოები, როგორ ანგრევენ მიწის ბურღით იატაკს.

    “ბოლნისის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.

    მიმდინარე სამუშაოები მოიცავს, მათ შორის, ტაძრის ინტერიერში 1970-იან წლებში მოწყობილი ბაზალტის იატაკის დემონტაჟს, რომელიც განთავსებულია ბეტონის დუღაბზე. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების ფარგლებში, ინტერიერში განხორციელებული შურფირების შედეგად, სამხრეთი კედლის პილასტრის ძირში და სამხრეთი მინაშენის დასავლეთ ნაწილში გამოვლინდა ადრინდელი პერიოდის იატაკი, აგრეთვე პილასტრის ბაზა სრულყოფილი სახით.

    აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტი ითვალისწინებს 1970-იან წლებში მოწყობილი იატაკის დემონტაჟს არქეოლოგიური ზედამხედველობის პირობებში და ახალი, ღია ფერის ქვით იატაკის მოწყობას ტრადიციული ქართული წყობის გამოყენებით. ამასთან, არსებული იატაკის ნიშნული დაიწევა რამდენიმე სანტიმეტრით, რაც უზრუნველყოფს გამოვლენილი სვეტებისა და პილასტრების პროპორციების სრულფასოვან აღქმას.

    გვიანდელი ბეტონისა და ბაზალტის ფენების მოხსნის პროცესში, ტექნოლოგიური აუცილებლობიდან გამომდინარე, გარკვეულ, ძნელად მოსახსნელ ადგილებში, გამოყენებულია შესაბამისი მექანიკური საბურღ-სატეხი საშუალება, რაც დასაშვებია პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ძეგლის კონსტრუქციულ მდგრადობასა და არ იწვევს მის დაზიანებას.

    სამუშაოები მიმდინარეობს არქეოლოგისა და დარგის შესაბამისი სპეციალისტების მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ, პროცესის თითოეული ეტაპის დოკუმენტირებითა და კონტროლით”. – წერს სააგენტო.

  • საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას – მარტა კოსი

    საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას – მარტა კოსი

    პროგრესი უნიფორმა არ არის. საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები იწვევს სერიოზულ შეშფოთებას. სახელმწიფო კონტროლის ავტოკრატიული სისტემა პოლიტიკურ გამოხატვაზე უფრო მეტად უბიძგებს ქვეყანას დაშორდეს ევროპულ მომავალს, რომელიც მისი მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია. ჩვენი მიზანია საქართველო მჭიდროდ იყოს დაკავშირებული ევროკავშირთან და შევინარჩუნოთ ჩვენი შესაძლებლობა ევროკავშირის ინტერესების დასაცავად.

    ამის შესახებ განაცხადა, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მიმდინარე შეხვედრაზე
  • გავოგნდი, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის ჯარისკაცმა ლიბანში კათოლიკური ხატი დააზიანა! სამხედრო ხელმძღვანელობა  საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს დამნაშავის მიმართ – ნეთანიაჰუ

    გავოგნდი, როდესაც შევიტყვე, რომ ისრაელის ჯარისკაცმა ლიბანში კათოლიკური ხატი დააზიანა! სამხედრო ხელმძღვანელობა საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს დამნაშავის მიმართ – ნეთანიაჰუ

    ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა და სამხედროებმა დაგმეს ჯარისკაცის ქმედებები, რომელმაც ლიბანის ერთ-ერთ სოფელში იესო ქრისტეს ქანდაკება ნაჯახით გაანადგურა.

    “გუშინ, ისრაელელთა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, განცვიფრებული და დამწუხრებული დავრჩი იმის გაგებით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა ჯარისკაცმა სამხრეთ ლიბანში კათოლიკური რელიგიური სიწმინდე დააზიანა. მე მკაცრად ვგმობ ამ აქტს. სამხედრო ხელმძღვანელობა ამ საკითხზე სისხლის სამართლის გამოძიებას აწარმოებს დამნაშავის მიმართ, შესაბამისად, მკაცრ დისციპლინურ ზომებს მიიღებს,” – წერს ნეთანიაჰუ X-ზე.

  • სახელმწიფომ შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზედაც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას? – კალაძე

    სახელმწიფომ შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზედაც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას? – კალაძე

    გულწრფელად გეტყვით, დარგის სპეციალისტი არ ვარ, თუმცა რადგან თემა მწვავე იყო, მეც მოვიძიე ინფორმაცია – რა ვითარება იყო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, რომ კომპანია, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს აწარმოებს, თავად ვერ იღებს პასუხისმგებლობას მასზე. ყველანაირ პოლიტიკას დავანებოთ თავი, ადამიანურად ვსვამ ძალიან მარტივ შეკითხვას: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ოჯახებისთვის, ბავშვებისთვის შეიძინოს ისეთი პრეპარატი, რომელზედაც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?

    თქვა კახა კალაძემ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების მოთხოვნაზე.

  • ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები – მიტროპოლიტი გრიგოლი

    ეკლესია მაგალითს მისცემს საზოგადოებას, როგორ პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები – მიტროპოლიტი გრიგოლი

    ამ დიდი სიხარულის დღეებში თქვენ ხედავთ ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ სურათს ყვავილებით შემკულს, საიდანაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შემოგვყურებს. ამ დიდ სიხარულის დღეებს წინ უძღოდა მისი უწმინდესობის გარდაცვალება. ვერაფერი აკავებს სევდას, წუხილს და ტკივილს და ეს ძალიან ადამიანურია. ღმერთმა საუკუნო ნათელში დაამკვიდროს მისი უწმინდესობის უკვდავი სული.

    თუ თვალს გადავავლებთ 1977 და 2026 წელს შორის თუკი რამ გაკეთდა, შეიქმნა, აშენდა და დაფუძნდა ეკლესიის წიაღში, მის სახელს უკავშირდება. მის უწმინდესობას მინდა მივმართო – ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ ამ განსაცდელის ჟამს თქვენ თქვენი ლოცვა შეგვაწიეთ, რადგანაც საპატრიარქო ტახტის დაქვრივება განსაცდელია ეკლესიისთვის.

    დღეს ახალი პატრიარქის არჩევის მოლოდინით ცხოვრობს ერი, ეკლესია. პირველი არჩევნებია, როდესაც უნდა ავირჩიოთ კათოლიკოს-პატრიარქი დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში და თუ ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ცხოვრებაში, მე ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგები როგორ უნდა იქნეს აღიარებული.

    ჩვენ ქრისტესმიერი მშვიდობა გვინდა, ამ სიყვარულით ვართ გაერთიანებული იმ გუმბათქვეშ, რასაც საქართველოს ზეცა ჰქვია. ჩვენზე მეტი გულშემატკივარი ამ ქვეყანას არ ჰყავს. იმედი მაქვს, რომ მოთმინებით, ლოცვით, ღირსეულად ჩავაბარებთ ამ გამოცდას.

    დაბოლოს რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, საკმაოდ რთულია, დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს ქვეყანას, თითოეულ ადამიანს, რთულ გზას გადის ჩვენი სამშობლო და ბუნებრივიცაა, ალბათ, რადგან ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, საიდან მოვდივართ საით გვინდა, წავიდეთ. ია-ვარდით მოფენილ გზაზე არასდროს უვლია საქართველოს, მაგრამ როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, არ დაუთმია თავისი ღირსება საქართველოს. დღეს კი დაიბადა თაობა, რომელიც შეინახავს იმ ქრისტიანულ მორალს, რომელიც საფუძვლად უდევს ადამიანობას, ქართულ სახელმწიფოებრიობას.

    ვფიქრობ, ეკლესია მაგალითს მისცემს ჩვენს საზოგადოებას, როგორი კულტურის პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები და არჩევნების შედეგები როგორ უნდა იქნეს აღიარებული.

    თქვა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

  • 2025 წლის 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

    2025 წლის 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა

    2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა. ამის შესახებ, ნათქვამია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.

    “ბავშვობის ასაკში ქორწინება და ნიშნობა კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წელს გაზრდილია არასრულწლოვანთა ორსულობის რიცხვი, თუმცა შემცირებულია არასრულწლოვანი მშობლების რაოდენობა. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა და 2025 წელს ჯამურად 287 არასრულწლოვანი მშობელი აღირიცხა.

    სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვალავ იკვეთება ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების პრობლემა. სახალხო დამცველი, წლებია, მიუთითებს არასრულწლოვანთა ნიშნობის ან ქორწინების მიზნით დადებული გარიგების კრიმინალიზაციის აუცილებლობაზე, თუმცა ქმედითი ნაბიჯები ეფექტიანი მექანიზმების შესაქმნელად, არც 2025 წელს გადადგმულა”. – ნათქვამია ანგარიშში.

  • საია-მ 2024 წლის ნომბერ-დეკემბრის აქციებისდროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა

    საია-მ 2024 წლის ნომბერ-დეკემბრის აქციებისდროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა

    საიამ ევროპულ სასამართლოში 2024 წლის ნომბერ-დეკემბრის აქციების დროს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ადმინისტრაციულ პაქტიკაზე საჩივარი გაგგზავნა.

    საია-ს განცხადება:

    “მტკიცებულებებით დასტურდება ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობა, კერძოდ:

    • აქციების დარბევის პარალელურად, როგორც წესი, სპეციალური დანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებს უსაფუძვლოდ აკავებდა, სცემდა, ხშირად ჯგუფურად, შემდეგ კი გადაჰყავდა პოლიციის კორდონის მიღმა, მედიის კამერებისგან მოშორებით, სადაც ძალადობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდებოდა.
    • ძალადობა, როგორც წესი, გრძელდებოდა სპეციალურად მოწყობილ სადამსჯელო მიკროავტობუსებში. სპეცრაზმის წევრები, სპეციალური ხელთათმანების საშუალებით, ფეხით, ზოგ შემთხვევაში, კეტით ან სხვა ხელსაწყოს გამოყენებით, ჯგუფურად სცემდნენ მსხვერპლებს.
    • ფიზიკურ ძალადობას, როგორც დაკავების შემდეგ, ისე მიკროავტობუსში, თან ახლდა ნივთების წართმევა, შეურაცხყოფა, დამცირება და მუქარა, მათ შორის, გაუპატიურებით დამუქრება. როგორც წესი, სპეცრაზმელები მსხვერპლებს მიზანმიმართულად ურტყამდნენ თავისა და სახის არეში.
    • მიკროავტობუსში ცემის შემდეგ, რაც, ხშირად, რამდენიმე ეპიზოდად მიმდინარეობდა, მსხვერპლებს გადასცემდნენ საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც ისინი პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და დაკავების შესახებ ყალბ ოქმებს აფორმებდნენ.
    • ხშირად, ფსიქოლოგიური ძალადობა და, ზოგიერთ შემთხვევაში, ფიზიკური ძალადობა გრძელდებოდა როგორც ტრანსპორტირების დროს, ასევე პოლიციის განყოფილებაში.

    ის რომ ეს არ იყო ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ მიზანმიმართული სახელმწიფო სტრატეგია, დასტურდება მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოებითა და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობითაც, იმის მიუხედავად, რომ მეთაურის პასუხისმგებლობის საკითხი გაეროს ექვსმა სპეციალურმა მომხსენებლმაც გამოავლინა.

    დაუსჯელობას ხელს უწყობს, გამოძიების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევაც, მათ შორის: ინსტიტუციურ დონეზე საგამოძიებო ორგანოს გაუქმება და საქმის პროკურატურისთვის გადაცემა,  დანაშაულზე არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების წარმოება, მტკიცებულებების მოპოვებისთვის შექმნილი ხელოვნური დაბრკოლებები, მათ შორის:

    • რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის გარშემო არსებული შენობების სათვალთვალო კამერების კადრების გამოძიებისთვის გადაცემაზე სახელმწიფო უწყებები უარს აცხადებენ, ხშირად “სისტემის გაუმართაობის” ან “კამერების დაზიანების” მიზეზის ხსენებით (მაშინ, როდესაც ამ კამერათა ჩანაწერები დემონსტრანტებთან მიმართებით საქმეების ხშირად უსაფუძვლო წარმოებისთვის მთავარი მტკიცებულება ხდება ადგილობრივი სასამართლოებში);
    • ამასთანავე, შსს-მ დაადასტურა, რომ სპეციალური აღჭურვილობა გაიცემოდა ინდივიდუალური ნომრების მითითების გარეშე.

    გამოძიებაში დაზარალებულთა ჩართულობას ზღუდავს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების არ გადმოცემა. მხოლოდ მათი ნაწილის გაცნობაა შესაძლებელი, და, მხოლოდ საგამოძიებო ორგანოში ვიზიტისას, რაზე დაყრდნობითაც, შეგვიძლია შევაფასოთ, რომ 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები არ განხორციელებულა. არც ერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული. მათ შორის, არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ არის გადადგმული არც ერთი ნაბიჯი.

    გასაჩივრებულია ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) (არსებითი და პროცედურული ნაწილი); მე-11 მუხლი (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება); მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა), მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან და მე-11 მუხლთან ერთობლიობაში; მე-17 მუხლი (უფლებათა ბოროტად გამოყენების აკრძალვა) და 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა).

    საია ამ და სხვა მნიშვნელოვან საქმეებზე განაგრძობს სტრატეგიულ სამართალწარმოებას ევროპულ სასამართლოში და საზოგადოებას დროდადრო მიაწვდის შესაბამის განახლებულ ინფორმაციას. ვრცლად ამ საქმის დეტალებს გაეცანით ქვემოთ:

    საჩივართან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია: 

    პირველი მომჩივანი 2024 წლის 2 დეკემბერს დააკავეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ნიღბიანმა ოფიცრებმა, რომლებმაც ის საზოგადოების თვალს მიღმა, სპეციალურად მოწყობილ „სადამსჯელო მიკროავტობუსში“ მოათავსეს. მომჩივანს მრავალჯერადად სასტიკად სცემდნენ მუშტებით, ფეხებითა და რეზინის ტყვიის იარაღის ლულებით, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. პოლიციის ოფიცრები მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უწოდებდნენ „მოღალატეს“ და ემუქრებოდნენ ცოცხის, ხელკეტებისა და მაშხალების გამოყენებით გაუპატიურებით, ასევე, მისი მეუღლისა და შვილების დაზიანებით/გაუპატიურებით. მას დაუდგინდა თავის ტვინის შერყევა, ცხვირის დეფორმაცია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD).

    მეორე მომჩივანს 2024 წლის 28 ნოემბერს გდდ-ის ოფიცრებმა სცემეს, რის შემდეგაც ე.წ. “პოლიციის დერეფანში” გაატარეს, სადაც მას სპეციალური ხელთათმანებით გამძაფრებული ტკივილის მიყენებით ურტყამდნენ თავში, სახეში, ნეკნებსა და ზურგში. პოლიციის მიკროავტობუსში ცემის შედეგად ცხვირი გაუტყდა და უხვად სდიოდა სისხლი. დაკავების იზოლატორში 16 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, მას არ მიეცა საავადმყოფოში გადაყვანის უფლება, მიუხედავად განმეორებითი მოთხოვნებისა.

    მესამე მომჩივანს 2024 წლის 29 ნოემბერს სპეციალური დანიშნულების რაზმის ოფიცრები თავს დაესხნენ და ურტყამდნენ თავში, სახესა და მხარზე, რის შედეგადაც მას მხრის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა და რამდენჯერმე გონება დაკარგა. ტრანსპორტირებისას მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. დაკავების დროს მობილური ტელეფონი წაართვეს, რაც მას უკან აღარ დაბრუნებია.

    მეოთხე მომჩივანს 2024 წლის 30 ნოემბერს დაახლოებით შვიდი ნიღბიანი ოფიცერი ურტყამდა თავში, ზურგში და ტანში. მას აყენებდნენ ჰომოფობიურ და დამამცირებელ შეურაცხყოფას.

    საია ამტკიცებს რომ კონვენციური დარღვევები შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარეობს:

    1. კონვენციის მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) დარღვევა:
    •  მატერიალური დარღვევა (მე-14 მუხლთან ერთობლიობაში):

    წამება (1-ლი, მე-2 და მე-3 მომჩივნების მიმართ): მომჩივნების მიმართ განხორციელებული ხანგრძლივი და მიზანმიმართული სასტიკი ცემა, მათ შორის გაუპატიურების მუქარა და დახურულ სივრცეში (მიკროავტობუსებში) წამება, აღწევს წამების ზღვარს. ეს ქმედებები მიზნად ისახავდა მათ დასჯას და დაშინებას მათი პრო-ევროპული პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რაც დისკრიმინაციული მოპყრობის ნაწილია.

    არასათანადო მოპყრობა (მე-4 მომჩივნის მიმართ): მე-4 მომჩივნის მიმართ გამოყენებული არასაჭირო და არაპროპორციული ძალა, ასევე ჰომოფობიური შეურაცხყოფა, წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას.

    ადმინისტრაციული პრაქტიკა: მომჩივნების შემთხვევები, სხვა კონტექსტუალურ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიუთითებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინასწარ ორგანიზებულ და კოორდინირებულ სისტემაზე, რომელიც მიმართული იყო პროტესტის ჩახშობისკენ.

    • პროცედურული დარღვევა (ოთხივე მომჩივნის მიმართ):

    დანაშაულის არასწორი კვალიფიკაცია: გამოძიება ამ საქმეზე მიმდინარეობს არასწორი მუხლის საფუძველზე (“უფლებამოსილების გადამეტება” (სსკ-ის 333-ე მუხლი)), ნაცვლად საქმისთვის შესაბამისი მუხლებისა – “წამება” (სსკ-ის 144¹ მუხლი) და “დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა” (სსკ-ის 144³ მუხლი), რაც ხელს უშლის გამოძიების სათანადოდ წარმართვას.

    პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება: საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყო ნიღბიანი ოფიცრების იდენტიფიცირება. ამასთანავე, შსს-მ დაადასტურა, რომ სპეცაღჭურვილობა გაიცემოდა ინდივიდუალური ნომრების მითითების გარეშე. გამოძიება უმოქმედოა და არც ერთი პირი არ არის დღემდე ბრალდებული. მათ შორის, არც სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დადგენის მხრივ არ არის გადადგმული არც ერთი ნაბიჯი.

    მტკიცებულებების მოპოვება: რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის გარშემო არსებული შენობების სათვალთვალო კამერების კადრების გამოძიებისთვის გადაცემაზე სახელმწიფო უწყებები უარს აცხადებენ, ხშირად “სისტემის გაუმართაობის” ან “კამერების დაზიანების” მიზეზის ხსენებით.

    სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების არ გადმოცემა: მომჩივანთა მხრიდან მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურა უარს აცხადებს მომჩივნებისთვის საქმის მასალების ასლების გადმოცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ მომჩივნებს აქვთ დაზარალებულის სტატუსი და, შესაბამისად, საქმის მასალების ასლების მიღების უფლებაც.

    გამოძიების დაყოვნება: 2025 წლის მარტიდან მოყოლებული ეფექტიანი საგამოძიებო მოქმედებები მომჩივნებთან მიმართებით არ განხორციელებულა.

    სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებამ გამოიწვია გამოძიების უფლებამოსილების პროკურატურაზე გადაცემა, რაც უქმნის საფრთხეს ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და ეფექტიანი გამოძიების წარმოებას.

    1. კონვენციის მე-11 მუხლის (შეკრების თავისუფლება) დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში:

    გაუმართლებელი ჩარევა: მომჩივნების უკანონო დაკავება და მათ მიმართ ძალადობის გამოყენება არ იყო გამართლებული, რადგან ისინი მშვიდობიანად მონაწილეობდნენ აქციაში და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს. შესაბამისად, ამ ჩარევის მიზანი იყო მათი დასჯა და დაშინება, რაც არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს.

    დისკრიმინაციული მოტივი: შეკრების თავისუფლების დარღვევა მოხდა პოლიტიკური აზრის გამო, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკური დისიდენტების ჩახშობის კოორდინირებული პოლიტიკის ნაწილი.

    1. კონვენციის 1-ლი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების დაცვა) დარღვევა (მე-3 მომჩივანთან მიმართებით): 

    ქონების უკანონო ჩამორთმევა: მე-3 მომჩივანს უკანონოდ ჩამოერთვა მობილური ტელეფონი.

    ეფექტიანი გამოძიების არარსებობა: ხელისუფლებამ არ დაიწყო გამოძიება ამ დანაშაულის ფაქტზე, მიუხედავად მომჩივნის არაერთი მიმართვისა.

    1. კონვენციის მე-17 მუხლის (უფლებების ბოროტად გამოყენების აკრძალვა) დარღვევა:

    ძალაუფლების სისტემური ბოროტად გამოყენება: ხელისუფლების ქმედებები წარმოადგენს ძალაუფლების სასტიკ ბოროტად გამოყენებას, რომელიც მიმართულია პრო-ევროპული პროტესტების ჩახშობისკენ და სცდება დემოკრატიული წესრიგის ფარგლებს. ამას ადასტურებს ნიღბიანი ოფიცრების მიერ განხორციელებული მიზანმიმართული წამება/არასათანადო მოპყრობა, მიკროავტობუსების „დასჯის ადგილებად“ მოწყობა, აგრეთვე, მაღალი თანამდებობის პირების მიერ ძალადობის განმახორციელებელთა საჯარო დაჯილდოება და დამნაშავე ოფიცრების დაუსჯელობა.

    ამ მუხლზე დავა სამართალწარმოების კუთხით სიახლეა, და, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებით პირველად საჩივრდება სწორედ დემონსტრაციების კონტექსტში. კონვენციის მე-17 მუხლი, პირველ რიგში, ხელს უშლის მონაწილე სახელმწიფოებს გამოიყენონ კონვენციის რომელიმე დებულება მასში დაცული უფლებებისა და თავისუფლებების გასანადგურებლად. მეორეც, ის ხელს უშლის მონაწილე სახელმწიფოებს დაეყრდნონ კონვენციის დებულებას იმ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, რომლებსაც ეს დებულება იცავს კონვენციაში გათვალისწინებული უფლებისა და თავისუფლებების უფრო ფართო ღონისძიებით. საჩივარში მე-17 მუხლს ვეყრდნობით იმის მტკიცებისას, რომ სახელმწიფომ იმოქმედა ისე, რომ მიზნად ისახავდა ამ უფლებებისა და თავისუფლებების განადგურებას ან მათ შეზღუდვას კონვენციაში გათვალისწინებულზე უფრო მეტად.

    საიას და 10 სხვა უფლებადაცვითი ორგანიზაციის; ასევე, საიას, GCRT-ს, UATC კოალიციის წევრი და სხვა ორგანიზაციების ერთობლივი დოკუმენტირების ანგარიშები დეტალურად, რესპოდენტებზე და სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით, აღწერენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევებს, მათ შორის, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებულ ქცევის მოდელებს. ანგარიშებში აღწერილი საპოლიციო ძალადობის ფორმები, მათი ინტენსივობა, თანმიმდევრულობა და მასშტაბი მიუთითებს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფართოდ გავრცელებასა და სისტემურობაზე, რაც მიზნად სწორედ შეკრების თავისუფლების, განსხვავებული აზრის დაცულობის არარად ქცევას ისახავდა, რასაც მხარდ უჭერს შემდგომი განვითარებაც, კერძოდ, არაეფექტიანი გამოძიება.” – ნათქვამია საია-ს განცხადებაში

  • “ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში “ფედერალისტებს” ამატებს

    “ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელში “ფედერალისტებს” ამატებს

    “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს გამოითხოვენ პარტიების აკრძალვაზე ძველ სარჩელს და სასამართლოს მიმართავენ ახალი სარჩელით, რომელშიც გაზრდილი იქნება პარტიების ჩამონათვალი, კერძოდ ჩაემატება პარტია “ფედერალისტები”.

    “იცით, რომ მას შემდეგ რაც 2026 წლის 2 მარტს რადიკალურმა ოპოზიციურმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შექმნეს ე.წ. ალიანსი, სადაც განაცხადეს, რომ ექნებათ საერთო სტრატეგიული მიზნები და მათ შორის, თქვეს რომ იმუშავებენ იმაზე, რომ მათი მიზანი არის კონსტიტუციის არაღიარება, კონსტიტუციური ინსტიტუტების არაღიარება, არჩევნებისთვის ძირის გამოთხრა და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის არაღიარება. მათ შორის, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორები. ვთქვით, რომ ეს იქნებოდა საფუძველი, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის რომელიც საკონსტიტუციოშია შეტანილი, გადაგვეხედა.

    […] ამიტომ, დღეს მივმართავთ საკონსტიტუციოს ახალი სარჩელით, ამავე დროს, გამოვითხოვთ ძველ სარჩელს, რომელიც გვქონდა ამ არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, და მივმართავთ ახალი სარჩელით, რომელშიც გავზრდით ჩამონათვალს. კერძოდ, თუკი თავდაპირველ სარჩელში ეს იყო 3 პარტია – ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო, ახლა სარჩელში ამ სამ პარტიასთან იქნება ფედერალისტური პარტია.

    […] რა თქმა უნდა ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, ვთქვით, რომ ვუყურებთ რა არის მიზნები, რამდენად არაკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორეს მხრივ, ასე ვუყურებთ, თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ვიცით, რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის 3 მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავგაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოდ. შესაბამისად, ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ სარჩელზე, შესაბამისად, მეოთხე პარტიად დაემატება ფედერალისტური პარტია”. – თქვა პაპუაშვილმა.

  • აშშ-მ ირანული სატვირთო გემი დააკავა, ორმუზის სრუტე კვლავ დახურულია

    აშშ-მ ირანული სატვირთო გემი დააკავა, ორმუზის სრუტე კვლავ დახურულია

    აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა და თეირანს კვლავ დაემუქრა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ხიდებისა და ელექტროსადგურების, განადგურებით. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებამ აშშ ზავის დარღვევაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა ომანის ყურეში ირანის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დააკავეს.

    ამასთან, ორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც ჩვეულებრივ ახლო აღმოსავლეთის ნავთობის ტრანსპორტირება ხდება, კვლავ დახურული რჩება.

    „დღეს ირანის დროშის ქვეშ მცურავმა თითქმის 900 ფუტის სიგრძის [დაახლოებით 275 მეტრი] და ავიამზიდის მასასთან შესადარმა სატვირთო გემმა Touska-მ ჩვენი საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელმა Spruance-მა ‘ტუსკა’ ომანის ყურეში შეაჩერა და მკაფიო გაფრთხილება მისცა, რომ გაჩერებულიყო. ირანულმა ეკიპაჟმა დამორჩილებაზე უარი თქვა, ამიტომ ჩვენმა ხომალდმა ის შეაჩერა და ძრავის განყოფილებაში ხვრელი გაუჩინა,“ — დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

    „ამჟამად გემი აშშ-ის საზღვაო ქვეითების კონტროლის ქვეშ იმყოფება. Touska აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სანქციების ქვეშაა თავისი წარსული უკანონო საქმიანობის გამო. ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ გემს და ვამოწმებთ, რა ტვირთი აქვს ბორტზე,“ — დაამატა ამერიკის პრეზიდენტმა.

    ირანის ხელისუფლებამ გემის დაკავებას „მეკობრეობის აქტი“ და „ზავის დარღვევა“ უწოდა და საპასუხო მოქმედებით დაიმუქრა.

    მოლაპარაკებების ბედი გაურკვეველია.

    რეგიონში ახალი ესკალაციის ფონზე გაურკვეველი რჩება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების ახალი ეტაპის ბედი, რომელიც ამ კვირაში პაკისტანში უნდა გამართულიყო.

    ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ მისი წარმომადგენლები ისლამაბადისკენ მიემგზავრებიან.

    „ჩვენ ძალიან სამართლიან და გონივრულ გარიგებას ვთავაზობთ და იმედი მაქვს, ისინი მას დათანხმდებიან. თუ არა, აშშ ირანში ყველა, გამონაკლისის გარეშე, ელექტროსადგურს და ყველა, გამონაკლისის გარეშე, ხიდს გაანადგურებს,“ — დაწერა ტრამპმა. „აღარავის ვეფერები! ისინი ძალიან სწრაფად და მარტივად დაეცემიან. ხოლო თუ შეთანხმებაზე არ წავლენ, ჩემთვის პატივი იქნება გავაკეთო ის, რაც ირანთან მიმართებით წინა პრეზიდენტებს ბოლო 47 წლის განმავლობაში უნდა გაეკეთებინათ.

    წარსულშიც ტრამპი არაერთხელ დამუქრებია ირანის კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებით, რის შემდეგაც მხარეებმა ორკვირიანი ზავი გამოაცხადეს და სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს.

    როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა BBC-ს აცნობა, ისლამაბადში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე ამერიკულ დელეგაციას კვლავ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს. კონსულტაციებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ვენსთან ერთად ერთი კვირის წინ გამართულ პირველ რაუნდშიც იყვნენ ჩართული.

    არაოფიციალური ინფორმაციით, ირანის დელეგაცია ისლამაბადში შესაძლოა სამშაბათს ჩავიდეს. წინა შეხვედრაზე მას ირანის პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამად-ბაგერ ღალიბაფი ხელმძღვანელობდა.

    თუმცა ირანის სახელმწიფო მედია კვირას წერდა, რომ ირანელი წარმომადგენლები აშშ-სთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ გეგმავენ, სანამ ორმუზის სრუტეში ქვეყნის პორტების ამერიკული ბლოკადა გრძელდება.

    რას ამბობენ მხარეები ბლოკადაზე

    წინა დღეს ირანმა ორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა კვლავ დაბლოკა. ამასთან, ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ სრუტე დახურული დარჩება იქამდე, სანამ აშშ ირანული გემებისა და პორტების ბლოკადას არ მოხსნის.

    ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ირანის წინააღმდეგ მიმდინარე საზღვაო ბლოკადის გაგრძელების გამო, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს, კვირას, ორმუზის სრუტეში კიდევ ორ ნავთობტანკერს არ მისცეს გავლის საშუალება.“

    Tasnim-ის ცნობით, ეს ორი ტანკერი, „რომლებიც ბოტსვანისა და ანგოლის დროშებით მოძრაობდნენ“, ორმუზის სრუტის გავლას აპირებდნენ, თუმცა „ირანის შეიარაღებული ძალების დროული მოქმედებების შედეგად იძულებული გახდნენ კურსი შეეცვალათ და უკან დაეხიათ“.

    ირანის მთავარი მომლაპარაკებელი და პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ ღალიბაფიც აცხადებს, რომ ორმუზის სრუტე დაბლოკილი დარჩება, სანამ აშშ-ის მხრიდან საზღვაო ბლოკადა შენარჩუნდება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის „მხოლოდ“ ერთი ან ორი სადავო საკითხიღა დარჩა — არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რას ეხება ეს საკითხები და რამდენად მნიშვნელოვანია ისინი.

    კვირას გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა ირანი ზავის პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თეირანმა „გუშინ ორმუზის სრუტეში ცეცხლი გახსნა“, სამიზნეები კი ფრანგული ხომალდი და ბრიტანული სატვირთო გემი იყვნენ.

    აშშ აცხადებს, რომ ორმუზის სრუტეში ირანული გემების მოძრაობის ბლოკირებას აგრძელებს. პენტაგონის ცნობით, ბლოკადის დაწყებიდან მოყოლებული, სრუტესთან ახლოს 23 გემი აიძულეს უკან შემობრუნებულიყო.

    თავის მხრივ, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა „ზავის პირობების დარღვევაა“.

    ბლოკადის ფონზე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა გააფრთხილეს, რომ „არც ერთმა გემმა არ უნდა დატოვოს თავისი სადგომი სპარსეთის ყურეში ან ომანის ყურეში“.

    „ორმუზის სრუტისკენ მიახლოება შეფასდება როგორც მტერთან თანამშრომლობა, ხოლო გემი, რომელიც [ამ მითითებას] დაარღვევს, სამიზნე გახდება,“ — ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.

    IRGC-მა ასევე განაცხადა, რომ „დონალდ ტრამპის განცხადებებს ორმუზის სრუტესთან დაკავშირებით არანაირი ძალა არ აქვს“.