Category: ახალი ამბები

  • ნაადრევი სიკვდილიანობის ერთ–ერთი მთავარი მიზეზი არასწორი კვებაა. ახალი კვლევა

    ყოველი მეხუთე ადამიანი მსოფლიოში ნაადრევად იღუპება არასწორი კვებისგან.არასწორად დაბალანსებული კვების რაციონი ყოველწლიურად დედამიწაზე 11 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს – ამტკიცებენ კვლევის ავტორები, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ Lancet–ში გამოქვეყნდა.
    მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასწორი კვება სიცოცხლისთვის უფრო დიდი რისკია, ვიდრე მოწევა და დღეისათვის მსოფლიოში გარდაცვლილი ასი ადამიანიდან ყოველი მეხუთე ამ მიზეზით კვდება.ყველაზე მეტად სიცოცხლის ხანგრძლივობას მარილი ამცირებს – ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ პროდუქტში – პურში, სოიოს სოუსში ან მზა კერძებში.
    ამასთან, მკვლევარების აზრით მათი ნაშრომი არა გასუქების პრობლემას , არამედ ცუდ დიეტას მიეძღვნა, რომელიც გულსაც ვნებს და შესაძლოა სიმსივნის გაჩენის მიზეზიც გახდეს.ყველაზე ავტორიტეტულ წყაროდ მთელ მსოფლიოში ადამიანების სიკვდილის მიზეზის შესაფასებლად კვლევითი პროგრამა “დაავადების გლობალური ტვირთი“ ითვლება.ახალმა კვლევამ სხვადასხვა ქვეყნებში კვების თავისებურებები გაითვალისწინა, რათა გაერკვია, როგორ მოქმედებს ისინი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
    საშიშად ითვლება რაციონი, რომელშიც:
    1. მეტისმეტად დიდი რაოდენობით არის მარილი – 3 მილიონი გარდაცვალება
    2. ბურღულეულის პროდუქტების უკმარისობა – 3 მილიონი გარდაცვალება.
    3. ხილის უკმარისობა – 2 მილიონი გარდაცვალება.
    სხვა სერიოზულ ფაქტორებს შორის, რომლებიც ნაადრევ სიკვდილიანობას იწვევენ, ასევე არის რაციონში თხილის, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ასევე ომეგა3–ის ცხიმოვანი მჟავების და უჯრედისის სრული არარსებობა.
    კვლევის ავტორების თქმით კვება ჯანმრთელობის საკითხში ერთ–ერთი გადამწყვეტი ფაქტორია და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
    როგორ შეუძლია დიეტას ადამიანის მოკვლა?

    ყოველწლიურად 11 მილიონი ადამიანის სიკვდილიდან, რომელიც დაუბალანსებელ კვებას უკავშირდება, 10 მილიონი გულ სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მარილის მეტისმეტად დიდი რაოდენობით მოხმარების საფრთხეს.
    მარილის სიჭარბე არტერიული წნევის მატებას იწვევს, ეს კი თავის მხრივ გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.
    მარილს პირდაპირი გავლენის მოხდენაც შეუძლია გულზე და სისხლძარღვებზე, რაც გულის უკმარისობას იწვევს.უხეშ ბურღულეულს, ხილს და ბოსტნეულს კი საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. ისინი გულის მუშაობას ეხმარებიან და გულ სისხლძარღვთა დაავადების გაჩენის რისკს ამცირებენ.
    არასწორი კვების შედეგად გამოწვეულ დაავადებებს მიეკუთვნება სიმსივნე და მეორე ხარისხის შაქრის დიაბეტი.
    კვლევის თანახმად მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის რაციონში ყველაზე მეტად თხილის და ბურღულეულის ნაკლებობაა. მეცნიერთა აზრით ამის მიზეზი ის არის, რომ საყოველთაო წარმოდგენით ეს პროდუქტები წონის მატებას იწვევს. არადა, სინამდვილეში სასარგებლო ცხიმებს შეიცავს. გარდა ამისა, ბევრი ამ საკვებს არ განიხილავს, როგორც ყოველდღიური რაციონის აუცილებელ ელემენტს, რაც არასწორია.
    კამათი იმის შესახებ, ზედმეტი შაქრის მოხმარება უფრო ცუდია თუ ზედმეტი ცხიმის, მუდმივად გრძელდება. ისევე როგორც დავა – თუ რა კავშირია წითელ და გადამუშავებულ ხორცსა და კიბოს შორის.
    “ეს მართლაც საშიში ფაქტორებია და ამას კვლევაშიც ვაჩვენებთ, მაგრამ მარცვლეულის, ბურღულეულის, ხილის, ბოსტნეულის, თხილის მიუღებლობასთან შედარებით ნაკლებად აქტუალური“ – ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ნიტა ფორუხი.
    კვლევაში ასევე საუბარი იმაზე, რომ მთელ მსოფლიოში გაზიანი სასმელების ჭარბი მოხმარება დაფიქსირდა. მეცნიერები თვლიან, რომ დადგა დრო ცხოვრების ჯანმრთელი წესის პროპაგანდისტული კამპანიების მიმართულება შეიცვალოს და არა ცხიმების და შაქის რაოდენობაზე, არამედ ჯანსაღი საკვების სარგებლიანობაზე გაკეთდეს აქცენტი.

    კვლევის ავტორების თქმით რაციონის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს, მიუხედავად ადამიანის წონისა. პირველ რიგში უნდა გაიზარდოს ბურღულეულის, ხილის, ბოსტნეულის, თხილის, მარცვლეულის მოხმარება. უნდა შემცირდეს მარილის რაოდენობა .
    მაგალითად, ბრიტანეთში მიმდინარეობს კამპანია, რომელიც რაციონში ხილის და ბოსტნეულის წილის გაზრდისკენ არის მიმართული. მისი სახელწოდებაა “დღეში ხუთი“ და მოსახლეობას მოუწოდებს დღეში მინიმუმ 5 პორცია ხილი და ბოსტნეული მიიღონ.
    რა თქმა უნდა, ადამიანები ცხოვრების ჯანსაღ წესს აირჩევენ, თუ საკმარისი ინფორმაცია და საკმარისი შემოსავალი ექნებათ. თუმცა ექსპერტების გათვლებით ღარიბ ქვეყნებში ასეთი ჯანსაღი კვება ოჯახური ბიუჯეტის მინიმუმ 52%–ს დაიკავებს.
    სამწუხაროდ, ჯანსაღი კვება ხშირად დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. მავნე და უსარგებლო პროდუქტებს მაღაზიები ხშირად მიმზიდველი აქციებით და ფასდაკლებებით ყიდიან. სასარგებლო პროდუქტი კი ძვირია. მკვლევარების აზრით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები მოსახლეობისთვის რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს.
  • 61 წლის ქალი ჰომოსექსუალ შვილს სუროგატ დედობაზე დათანხმდა და საკუთარი შვილიშვილი გააჩინა

    61 წლის ამერიკელი ქალი ნებრასკის შტატიდან მისი ჰომოსექსუალი ვაჟიშვილის და მისი იმავე სქესის მეუღლისთვის სუროგატი დედა გახდა. სესილ ელეჯის თქმით ეს ერთადერთი შანსი იყო მისი შვილისთვის, მეთიუსთვის და მისი პარტნიორისთვის, ელიოტისთვის საკუთარი ბიოლოგიური შვილის მშობლები გამხდარიყვნენ.
    ნებრასკის შტატში ტრადიციულად კონსერვატიული შეხედულებები მძლავრობს: ლგბტ მშობლებისთვის შვილის აყვანის აკრძალვა ამ შტატში 2017 წელს გაუქმდა. ერთნაირსქესიანთა ქორწინება კი 2015 წელს დაკანონდა, მას შემდეგ რაც აშშს უზენაესმა სასამართლომ ყველა შტატისთვის სავალდებულო კანონი მიიღო. თუმცა ნებრასკაში დღემდე არ არსებობს კანონი სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.

    კვერცხუჯრედის დონორი ელიოტის უფროსი და გახდა. განაყოფიერებისთვის საჭირო სპერმა კი მეთიუსგან აიღეს. პატარა გოგონას უმა–ლუიზა დაარქვეს.
    შტატის კანონების გამო, რომელიც სუროგატ დედობას არ აღიარებს, ბავშვის დაბადების მოწმობაში დედად თავად სესილი ჩაიწერა, მამად კი მისი შვილი მეთიუ. სხვა შტატებში მსგავს შემთხვევებში მშობლებად ოფიციალურად წერენ ერთნაირსქესიან წყვილებს.
    პირველად სესილმა თავის შვილს და მის მეუღლეს მათი შვილის სუროგატი დედობა ორი წლის წინ შესთავაზა. “მაშინ მათ ბევრი იცინეს. მე ხომ 59 წლის ვიყავი“ – უყვება ბიბისი–ს სესილი. თუმცა რეპროდუქციულ კლინიკებში მრავალრიცხოვანი კონსულტაციების შემდეგ ეს ვარიანტი ხუმრობიდან რეალობად იქცა, იმის მიუხედავად, რომ სესილმა ბოლოს 30 წლის წინ იმშობიარა, მენოპაუზა კი დიდი ხნის წინ დაუდგა.
    “ექიმმა გამოკვლევაზე დამიბარა და მითხრა, რომ შეიძლებოდა გამომსვლოდა სუროგატი დედობა. ჯანმრთელობას ყოველთვის ვაქცევდი ყურადღებას. სამი შვილი გავაჩინე და ვითომ რატომ არ შემეძლო კიდევ ერთი გამეჩინა?“ – ამბობს სესილი.

    მისი სხვა შვილები დედის სუროგატულმა ფეხმძიმობამ თავიდან შოკში ჩააგდო, თუმცა სესილის თქმით როცა მათ სრული სურათი გააცნობიერეს, მთლიანად მხარი დაუჭირეს დედის და ძმის ინიციატივას. წინააღმდეგი არც სესილის ქმარი ყოფილა.
    სადაზღვევო კომპანიამ უარი თქვა არა მხოლოდ ჩასახვისთვის აუცილებელი ხელოვნური განაყოფიერების და ჰორმონალური თერაპიის, არამედ ორსულობის პერიოდის და მშობიარობის ანაზღაურებაზეც. მარტის ბოლოს სესილიმ უპრობლემოდ იმშობიარა. ექიმები საკეისრო კვეთისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მან ბავშვი ბუნებრივი გზით გააჩინა.
    “ის საოცარი დედაა. უდიდეს პატივს ვცემ და უსაზღვროდ მადლობელი ვარ, რომ ჩემი გულისთვის ყველაფრის გაწირვა შეუძლია“ – ამბობს სესილის შვილი მეთიუ.
    მეთიუ ელეჯი 2015 წელს მედიაში ბევრი პუბლიკაციის გმირი გახდა, როცა კათოლიკური ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ადმინისტრაციას, სადაც მასწავლებლად მუშაობდა შეატყობინა, რომ მისივე სქესის პარტნიორზე დაქორწინებას აპირებდა. ამ შეტყობინების შემდეგ ელეჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

    მაშინ ელეჯის სკოლაში დაბრუნების და დისკრიმინაციის აღკვეთის მოთხოვნით პეტიციას ბევრმა მოსწავლემ და მათმა მშობელმა მოაწერა ხელი. სულ პეტიციამ 100 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა ელეჯი სახელმწიფო სკოლაში მუშაობს.

    ბებიების მიერ საკუთარი ბიოლოგიური შვილიშვილის გაჩენის შემთხვევები ბევრ ქვეყანაში არსებობს. თუმცა ასეთი შემთხვევების მოტივი ძირითადად გარდაცვლილი შვილის შთამომავლობის გაგრძელება ან საკუთარი ქალიშვილისთვის დახმარებაა, რომელსაც ჯანმრთელობა არ აძლევს დაფეხმძიმების საშუალებას.ჯერ კიდევ 2005 წელს ვირჯინიის შტატში კამილ ჰემონდმა სამი ტყუპი გააჩინა. ბიოლოგიურად ეს მისი ქალიშვილის შვილები იყვნენ, რომელსაც უნაყოფობის დიაგნოზი დაუსვეს.
    ამერიკის სხვადასხვა შტატში განსხვავებული კანონები მოქმედებს. ზოგ შტატში დედად აღიარებენ ქალს, ვისი გენეტიკური მასალაც იქნა ჩასახვისას გამოყენებული. ზოგ შტატში კი, მათ შორის ნებრასკაში დედა ითვლება ქალი, ვინც ბავშვი მუცლით ატარა და გააჩინა, თუნდაც ის სუროგატი დედა იყოს.
  • პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ლონდონის მაღაზიაში შენიშნეს

    პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე დღე რჩება. სავარაუდოდ ბავშვი აპრილის შუა რიცხვებში გაჩნდება. შესაბამისად, წყვილს მოსამზადებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ამ დღეებში ცოლ–ქმარი ლონდონში, კენსინგტონის რაიონში ერთ–ერთ ბუტიკში შენიშნეს. მაღაზია Ilapothecary კანის მოვლის ორგანული საშუალებებით ვაჭრობს, ასევე მასაჟის და ენერგეტიკული გაწმენდის მომსახურებას სთავაზობს კლიენტებს.
    მეგანი და ჰარი თავისუფალ, სპორტულ სტილში იყვნენ ჩაცმული. მეგანს ჯინსზე და თეთრ მაისურზე ჰარის ქურთუკი ქონდა შემოცმული.
  • ამერიკელებს სულ უფრო ნაკლები სექსი აქვთ. ბოლო კვლევის შედეგები

    მუდმივად იზრდება აშშ–ს სრულწლოვან მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც რამდენიმე თვის, ზოგჯერ წლის განმავლობაში სექსი არ ჰქონია. ბოლო კვლევების მონაცემებით 2018 წელს ყოველ მეოთხე ამერიკელს, ანუ 25%–ს არცერთი სქესობრივი პარტნიორი არ ჰყოლია. გამოკითხულთა 15%–ს სექსი არ ჰქონია ბოლო ხუთი წლის მანძილზე.
    ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე. პირველად მსგავსი სტატისტიკის წარმოება აშშ–ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა 1988 წელს დაიწყო.
    ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ სექსუალური აქტივობის ასეთი ვარდნის მიზეზი ზოგადად ნაციის დაბერებაა: ბეიბი ბუმერების თაობა, რომელიც 1946-1964 წლებში დაიბადა, ბუნებრივი მიზეზების გამო სექსით აღარ არის დაკავებული.
    თუმცა, მეცნიერების გასაოცრად იმის შესახებ, რომ სექსუალური პარტნიორი ბოლო ერთი წლის მანძილზე არჰყოლიათ თითქმის იმდენივე (23%) ახალგაზრდა სრულწლოვანმა ქალმა და კაცმა განაცხადა, რომელთა ასაკი 30 წლამდეა. ეს ორჯერ მეტია ათი წლის წინანდელ მაჩვენებელზე.
    როგორც წესი, მილენიალები, ანუ 1981 წლის შემდეგ დაბადებული თაობა ყველაზე სექსუალურად აქტიურ სოციალურ ჯგუფად ითვლება, თუმცა გამოკითხვების ბოლო მონაცემები ამ წარმოდგენას აქარწყლებს.
    ექსპერტები ვარაუდით ამის მთავარი მიზეზი ის არის, რომ ამერიკელები ბოლო დროს უფრო “ნელა იზრდებიან“, უფრო გვიან იწყებენ ზრდასრული ადამიანის ცხოვრებას, უფრო გვიან გადადიან ცალკე საცხოვრებლად მშობლების სახლიდან და უფრო გვიან ქმნიან საკუთარ ოჯახებს.
    “20–30 წლის ასაკის სულ უფრო მეტ ადამიანს არ ყავს პარტნიორი, რომელთან ერთადაც ცხოვრობს“ – ციტირებს გამოცემა Washington Post სან დიეგოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორს, ჯეინ ტვენჯს–გასაგებია, რომ ასეთ პირობებში მათ ნაკლები სექსი აქვთ. როცა მშობლებთან ერთად ცხოვრობ, ალბათ უფრო ძნელია საკუთარ სახლში სექს პარტნიორი მიიყვანო“ – ამბობს პროფესორი.
    გასაკვირი არ არის, რომ შემდეგ ასაკობრივ ჯგუფში ეს მაჩვენებელი არსებითად იკლებს. 30–დან 40 წლამდე ამერიკელთა შორის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სექსის არქონის შესახებ მხოლოდ 7% –მა განაცხადა.
    40–დან 50 წლამდე კი ასეთი ცოტა უფრო მეტი – 9% აღმოჩნდა. 50–დან 60 წლის ასაკამდე ამერიკელებში ბოლო ერთი წლის მანძილზე სექსი 13%–ს არ ქონია.
    საინტერესოა, რომ 18–დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შორის, ვინც სექსის სრულ არქონას აღიარებს, არსებითი გენდერული დისბალანსია.
    ბოლო ერთი წლის მანძილზე სექსუალური პარტნიორი ამ ჯგუფში მამაკაცთა 28%–ს და ქალთა 18%–ს არ ქონია.
    ცნობილი ამერიკელი ოჯახური ფსიქოლოგი, ლეონარდ საქსი, რომელიც ურთიერთობების ფსიქოლოგიის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორია წერს, რომ ასეთი განსხვავება გასაკვირი არ არის. ახალგაზრდა მამაკაცები ქალებზე უფრო ხშირად უყურებენ პორნოგრაფიას და ერთობიან ვიდეოთამაშებით. სექსუალური ცხოვრების ინტენსივობის შემცირებას ფსიქოლოგი სწორედ ამ ფაქტორების გაჩენას უკავშირებს.
    მას ეთანხმება პროფესორი ტვენჯიც, რომელიც ამბობს, რომ დღეს ადამიანებს ბევრად უფრო მეტი არჩევანი აქვთ, რა გაკეთონ საღამოს 10 საათზე, ვიდრე 20 წლის წინ: სოციალური ქსელები, სტრიმინგ სერვისები, კომპიუტერული თამაშები და  სხვა.
  • მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი გაუჩინარდა

    აბუ დაბის ახალ მუზეუმში ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე უნდა გამოეფინათ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი – “სამყაროს გადამრჩენელი“, თუმცა როგორც გაზეთ New York Times–ს მუზეუმის თანამშრომლები უყვებიან, არ იციან სად არის ტილო.
    2017 წლის დეკემბერში აბუ დაბის ლუვრმა ტვიტერში დააანონსა, რომ ნახატ “სამყაროს გადამრჩენელს“ გამოფენდნენ. ნახატის გარშემო ხანგრძლივი დავის შემდეგ 2011 წელს ხელოვნებათმცოდნეთა და მკვლევართა კონსორციუმი მივიდა დასკვნამდე, რომ ეს არის ლეონარდო და ვინჩის ნახატი.
    ის აბუ დაბიში 2018 წლის 18 სექტემბერს უნდა გამოეფინათ, თუმცა მუზეუმმა გამოფენა გადადო, ისე რომ მიზეზი არ აუხსნია.
    20 მარტს გაზეთმა New York Times–მა აბუ დაბის ლუვრის თანამშრომლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მათ უბრალოდ არ იციან სად არის ნახატი: პარიზის ლუვრმა, რომელმაც აბუ დაბის მუზეუმს მისი სახელწოდების გამოყენების უფლება მისცა, ასევე არ იცის სად არის ნამუშევარი.

    ფოტო: აბუ დაბის ლუვრი
    საფრანგეთის ხელისუფლება კვლავ გეგმავს “სამყაროს გადარჩენელის“ ჩართვას ლეონარდოს გადაცვალების 500 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაში, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გაიმართება.ხელისუფლების წარმომადგენლები ძველებურად იმედოვნებენ, რომ მანამდე ნამუშევარი სადმე გამოჩნდება.
    როგორ აღმოჩნდა ლეონარდო აღმოსავლეთში:
    2017 წლის ნოემბერში ნახატი კრისტის აუქიონზე, ნიუ იორკში 450 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც კი კერძო პირს ნახატში ოდესმე გადაუხდია.მყიდველი აუქციონში ტელეფონით მონაწილეობდა და ანონიმურობის შენარჩუნება არჩია. New York Times–ის ინფორმაციით რეკორდული თანხა და ვინჩის შედევრში საუდელმა პრინცმა ბადერ ბინ აბდულა ბინ მუჰამედ ბინ ფარხან ალ–საუდმა გადაიხადა. ის მემკვიდრეობითი პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორია.

    არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით ორმა საინვესტიციო ფირმამ რამდენიმე მსხვილ მუზეუმთან გარიგება დადო და ნახატი გამოიყიდა. ისინი თითქოსდა ნახატის არენდით გაცემას ან ახლო აღმოსავლეთის ან აზიის მუზეუმებისთვის მიყიდვას აპირებდნენ. ამ ფონზე, უცნობია, როგორ აპირებდა აბუ დაბი ნახატის მოპოვებას გამოფენისთვის.

    ნახატის გაურკვეველი ადგილმდებარეობა და ბუნდოვანი მომავალი და ვინჩის შემოქმედების მკვლევარებს ძალიან აწუხებს და კვლავ დგება საკითხი მისი ნამდვილობის შესახებ.
    ექსპერტმა ჟაკ ფრანკმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს წერილი გაუგზავნა დე ნახატის ნამდვილობა ეჭვქვეშ დაყენა.

    ეს ნამუშავერი ერთადერთია და ვინჩის ორი ათეული ნახატიდან, რომელიც დღემდე კერძო კოლექციებში რჩება. სავარაუდოდ ის 1505 დაიხატა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე ის ინგლისის მეფეს, კარლ პირველსაც ეკუთვნოდა.
    ექსპერტთა ნაწილი კვლავ ეჭვქვეშ აყენებს, რომ ეს ნახატი ნამდვილად ლეონარდოს დახატულია.
    “სამყაროს გადამრჩენლის“ გაყიდვების ისტორია 1958 წლიდან იწყება, როცა ის ლონდონში აუქციონზე 60 ათას დოლარად გაიყიდა, რადგან და ვინჩის ერთ–ერთი მიმდევრის ნახატად ითვლებოდა.
    ნახატის ისტორია ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე ნაკლებად არის ცნობილი. მხოლოდ 2005 წელს ნახატი კვლავ გამოჩნდა ბაზარზე და უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია, როგორც “დაკარგულმა ლეონარდომ“. 2011 წლამდე ოფიციალურად ითვლებოდა, რომ ეს იყო იტალიელი ხელოვანის დაკარგული ნახატის ასლი, რომელიც მისმა მოწაფემ დახატა. თუმცა 2011 წელს მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ ნახატი მართლაც ლეონარდოს დახატული იყო. იმავე წელს ის ლონდონში, ნაციონალურ გალერეაში გამოიფინა.
    2013 წელს ის რუსმა მილიარდერმა კოლექციონერმა, დიმიტრი რიბოლოვლევმა იყიდა და 127.5 მილიონი დლარი გადაიხადა. 2017 წელს ბიზნესმენის ოჯახურმა ტრასტმა ის ნიუ იორკში აუქციონზე გაიტანა.
    New York Times ნახატის ადგილსამყოფელის კიდევ ერთ ვერსიას ყვება. გაზეთი ინფრმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყიდვის შემდეგ ის ევროპაში გაიგზავნა. ერთ–ერთი ექსპერტის თქმით მას ნახატის შეფასება გასული წლის შემოდგომაზე ციურხში სთხოვეს. მას შემდეგ ნახატის კვალი დაიკარგა.
  • ქალმა ერთ თვეში ორჯერ იმშობიარა

    ბანგლადეშელმა ქალმა ტყუპები ლამის ერთთვიანი ინტერვალით გააჩინა. 20 წლის არიფა სულტანამ ბიჭი თებერვლის ბოლოს გააჩინა, 26 დღის შემდეგ კი კვლავ იგრძნო სამშობიარო ტკივილები და საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას ორი საშვილოსნო აქვს და ის ჯერ კიდევ ფეხმძიმედ არის. საკეისრო კვეთის შედეგად მან კიდევ ერთი ბიჭი და ერთი გოგო გააჩინა. ორივე ბავშვი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა.
    არიფა სულთანა სოფელში ცოვრობს. პირველი შვილი მან ხულნას ოლქის რაიონულ საავადმყოფოში გააჩინა. 26 დღის შემდეგ კი მეზობელ რაინში , ჯესორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მუცელში ტკივილებს უჩიოდა.საავადმყოფოს ექიმის, ილა პოდარის თქმით, რომელმაც მას საკეისრო კვეთა გაუკეთა, ტყუპები 21 მარტს დაიბადნენ.
    “როცა პაციენტი მოგვიყვანეს, ულტრაბგერითი სკანირება ჩავატარეთ და აღმოვაჩნიეთ, რომ მას ორი ნაყოფი ყავდა მუცელში. უბრალოდ შოკში ვიყავით. ძალიან გაგვიკვირდა. მსგავსი არასოდეს არაფერი გვინახავს.“– ამბობს ექიმი.მისი თქმით არიფა სულთანა ძალიან ღარიბი ოჯახიდან არის და ფეხმძიმობის დროს ექიმთან არ ყოფილა. შესაბამისად, პირველი მშობიარობის შემდეგ ეჭვიც კი არ ქონია, რომ მუცლით კიდევ ორ ბავშვს ატარებდა.
    ორი საშვილოსნო – არცთუ იშვიათი ფენომენი

    სინგაპურელი გინეკლოგი, ექიმი კრისტოფერ ენგი ამბობს, რომ ორმაგი საშვილოსნო არცთუ იშვიათი მოვლენაა.
    “როგორც ჩანს ოვულაციის დროს ერთდროულად სამი კვერცხუჯრედი განაყოფიერდა, შედეგად სამი ნაყოფი განვითარდა“ – ამბობს ის.
    თავად არიფა სულთანა ამბობს, რომ ძალიან უხარია ოჯახში ასეთი მატება. თუმცა ამავე დროს შიშობს, რომ ოჯახის ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება.მისი ქმარი მუშაა და თვეში დაახლოებით 95 დოლარს გამოიმუშავებს. თუმცა ქალის თქმით, ბავშვების დაბადება ღმერთის საჩუქარია და მთავარია მათი ჯანმრთელობა.
  • წითელას აფეთქების ახალი ტალღა მსოფლიოში. რა ზომებს მიმართავენ სხვადასხვა ქვეყნები

    მთელ მსოფლიოში წითელას სერიოზული აფეთქებაა. ოთხშაბათს ამერიკის ერთ–ერთ შტატში საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადეს. უკრაინაში ბოლო ათწლეულის მანძილზე დაავადებულთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, წლის დასაწყისიდან წითელას შემთხვევები გახშირდა რუსეთშიც. რა არის ამის მიზეზი და როგორ ებრძვიან წითელას სხვადასხვა ქვეყნებში.

    საგანგებო მდგომარეობა აშშ–ში

    ნიუ იორკის შტატში წითელას აფეთქების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ოქტომბერში როკლენდის ოლქში 300 000 მოსახლიდან წითელას 153 შემთხვევა დაფიქსირდა. ხელისუფლებამ 500 დოლარიანი ჯარიმა და ექვსთვიანი პატიმრობა შემოიღო აუცრელი ადამიანებისთვის, ვინც საჯერო თავშეყრის ადგილებში გამოჩნდება. ბოლო ერთი თვის განმავლობაში აუცრელ არასრულწლოვნებს სკოლებში, სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში და ეკლესიებში მისვლა აეკრძალათ. ასეთი გადაწყვეტილება დაავადების აფეთქების კვალდაკვალ მიიღეს ვაშინგტონის, კალიფორნიის, ტეხასის და ილინოისის შტატებშიც.

    ბოლო წლების მანძილზე აშშ–ში სტაბილურად მცირდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ვაქცინაციას იკეთებს. მშობლები ბავშვებს აცრებს სხვადასხვა მიზეზით არ უკეთებენ: ფილოსოფიური ან რელიგიური მოტივით, ან სულაც იმ მოსაზრებით რომ აცრამ შეიძლება სერიოზული გარულებების პროვოცირება გამოიწვიოს.

    The New York Times–ის ცნობით როკლენდში ბევრი დაავადებული ულტრაორთოდოქსალური თემების წევრია, რომელთა რიგებში 6 ათასამდე აუცრელი ბავშვია. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ოლქში 17 ათასზე მეტი ვაქცინაცია ჩატარდა, თუმცა ამან ინფექციის გავრცელება ვერ შეაჩერა.

    როკლენდის მერი, ედ დეი ამ ვითარებას ““ჯანდაცვის კრიზისს“ უწოდებს. ის ამბობს, რომ ამერიკელი ექიმები წინააღმდეგობას ხვდებიან ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ამ დამოკიდებულებას მერი მიუღებელს და უპასუხისმგებლოს უწოდებს.მისი თქმით, ოჯახებში მისულ სამედიცინო მუშაკებს ბევრი კატეგორიულ უარს ეუბნებოდა და ცხვირწინ კარს უხურავდა. ადგილობრივი გაზეთის რედაქტორი, დილან სკრილოფი ბიბისისთან ინტერვიუში ამბობს, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევები ნახევარი წლის წინ დაფიქსირდა, მას შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობაში დაავადებულთა რიცხვი სტაბილურად იზრდება, მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლების მოწოდებებისა რელიგიური თემების მიმართ, რომ იმუნიზაციას მიმართონ.

    წითელას აფეთქება ევროპაში

    2018 წელს ევროპაში წითელათი დაავადების შემთხვევებმა ბოლო ათწლეულის რეკორდი მოხსნა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით 2018 წელს ევროპაში წითელათი 72 ადამიანი გარდაიცვალა, 82 ათაზე მეტი კი დაავადდა. დაავადების შემთხვევები დარეგისტრირდა 53 დან 47 ევროპულ ქვეყანაში. უმრავლეს შემთხვევაში დაინფიცირებულების ჰისპიტალიზება გახდა საჭირო.
    ყველაზე რთული სიტუაცია უკრაინაშია, სადაც 2018 წელს წითელას 53 ათაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ეს იმაზე მეტია, ვიდრე ყველა დანარჩენ ევროპულ ქვეყანაში ერთად აღებული. 2019 წლის პირველ ორ თვეში დაავადდა 20 ათასზე მეტი ადამიანი. ცხრა მათგანი გარდაიცვალა. დაავადებულთა ნახევარზე მეტი ბავშვია.
    ყველაზე მძლავრი კერები დაფიქსირდა ლვოვის, ვინიცკის, რივნენსკის და ხმელნიცკის ოლქებში , ასევე კიევში. ლვოვის ოლში, სადაც ყველაზე მეტი აუცრელი ბავშვია, თებერვლიდან იმუნიზაციის ბრიგადები მუშაობენ. 1 თებერვლიდან ლვოვის სკოლებში ექიმებმა 18 ათასზე მეტი ბავშვი აცრეს ასაკით ექვსიდან თვრამეტ წლამდე. აცრები მხოლოდ მშობლების თანხმობით კეთდება.



    რატომ ხდება წითელას ინფექციის პერიოდული აფეთქება

    წითელა უკიდურესად გადამდებ ვირუსულ დაავადებად ითვლება. ის უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე ებოლა, ტუბერკულოზი ან გრიპი. ვირუსი სწრაფად ვრცელდება ჰაერ–წვეთოვანი გზით. დაავადება ხშირად გართულებებით მიმდინარეობს და შეიძლება პნევმონია, ყურის ინფექცია და ტვინის ანთება გამოიწვიოს.
    ვინაიდან წითელას სამკურნალო საშუალებები არ არსებობს, ერთადერთი საიმედო დაცვა აცრაა. მასობრივი ვაქცინაციის გაჩენამდე მსოფლიოში წითელათი ყოველწლიურად 2.6 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპებოდა. ახლა საშუალო წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 90 ათას ადამიანს შეადგენს, თუმცა ბოლო წლებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.
    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინაციაზე უარის თქმა 2019 წლის ჯანდაცვის საფრთხეებს შორის ერთ–ერთ მთავარ საფრთხეთა სიაში შეიყვანა.მიუხედავად იმისა, რომ მითები აცრების მავნებლობის შესახებ არაერთხელ გააცამტვერეს მედიამ, პედიატრებმა და მეცნიერებმა, ცრურწმენები ისევ არსებობს და მსოფლიოში აუცრელი ბავშვების რაოდენობა იზრდება, რითაც ე.წ. კოლექტიური იმუნიტეტი ქვეითდება. ეს არის საზოგადოების უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს გარკვეულ დაავადებებს.
    კვლევების თანახმად იმ საზოგადოებებში, სადაც აუცრელი ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი დიდია, მაღალია იმ ადამიანების დაავადების რისკიც კი, ვინც აცრა დროულად გაიკეთა.
  • მოგწონთ თუ არა თბილისში ტაქსებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციები?

    {{ARTICLEIMAGE}}

  • ბრიტანეთში ყველაზე მახინჯი ძაღლი გარდაიცვალა

    ბრიტანეთში ყველაზე მახინჯ ძაღლად ცნობილი ჩინური ჯუჯა ტერიერი სახელად ჩეიზი 16 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლოს ის პრაქტიკულად უკბილო იყო და თვალის კატარაქტა აწუხებდა.
    2017 წელს ჩეიზიმ მესამე ადგილი დაიკავა მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლების კონკურსში, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდა.
    მისი პატრონი, უელსელი სტორმ შაილერი აცხადებს, რომ ძაღლი პანკრეატიტით გარდაიცვალა. მისი თქმით, ჩეიზი ძალიან მხიარული არსება იყო, მიუხედავად მისი სიმახინჯისა და ჯანმრთელობის პრობლემებისა.
    “ბოლო დღემდე არ კარგავდა სიცოცხლის ხალისს. ის იყო პატარა ძაღლი დიდი გულით. სხვა ასეთი აღარ იქნება“ – ამბობს ძაღლის პატრონი.
    სტორმ შაილერი აღიარებს, რომ არასოდეს არ ქონია რაიმე პრიზის იმედი, როცა ჩეიზი იყიდა. ჩეიზიმ კონკურსზე მარჯვენა თვალზე კატარაქტისა და იმის წყალობით მიიღო პრიზი, რომ კიბორჩხალასავით გადაადგილდებოდა.
    “იმ დღეს თითქოს დიდების ტალღებში ნებივრობდა და ეს ძალიან მოსწონდა. ძალიან ალერსიანი იყო, ძალიან უყვარდა მოფერება,მას ვერავინ შემიცვლის“ – ამბობს სტორმი

  • ამერიკულ სამშობიაროში 9 მედდა ერთდროულად დაფეხმძიმდა

    აშშ–ში, მენის შტატის ქალაქ პორტლენდის ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში ერთდროულად 9 თანამშრომელი დეკრეტული შვებულებისთვის ემზადება. ხელმძღვანელობას რთული პერიოდი აქვს. ისინი გამალებით ეძებენ ცხრა მედდის შემცვლელებს, რომლებიც პრაქტიკულად ერთდროულად გადიან დეკრეტულ შვებულებაში. თუმცა სიტუაცია იმდენად არაორდინარული და სახალისოა, რომ ხელმძღვანელობა მას იუმორით და გაგებით ეკიდება. კლინიკის ვებგვერდზე ფოტოსესია გამოაქვეყნეს, რომელზეც ფეხმძიმე კოლეგები არიან გამოსახული.

    ერთ ფოტოზე ცხრავე ფეხმძიმეა გადაღებული, მეორეზე მხოლოდ რვის გადაღება მოახერხეს. ყველა მედდა სამშობიარო განყოფილებაში მუშაობს. ყველა ბავშვი აპრილიდან–ივლისამდე პერიოდში დაიბადება. ზოგისთვის ეს მეორე მშობიარობაა, ზოგისთვის მესამე და მეოთხე. ზოგი კი დედა პირველად ხდება. თუმცა სამსახურის წყალობით ბავშვის მოვლაში კარგი გამოცდილება აქვთ და დედობისთვის მზად არიან.

    პირველმა საკუთარი ფეხმძიმობის შესახებ თანამშრომლებს ერინ გრენიემ აცნობა. შემდეგ კი ინფორმაცია მისმა კოლეგებმა, რეიჩელ სტელმახმა, ბრიტნი ვერვილმა და ლონი სოუსმაც გაამხილეს. “მეოთხე თანამშრომელმაც რომ გვაცნობა ფეხმძიმობის შესახებ, უკვე დავფიქრდით, ჩვენთან ჰაერი რამე განსაკუთრებულ ნივთიერებას ხომ არ შეიცავს. დაიწყო ფეხმძიმობის ტრენდი“ –ხუმრობს გრენიე. ამის შემდეგ უკვე ამანდა სპირმა, სამანტა ჯილიომ, ნიკოლ გოლდბერგმა, ნიკოლ ბარნსმა და ჰოლი სელბიმაც განაცხადეს, რომ ფეხმძიმედ იყვნენ.

    “როცა რომელიმე თანამშრომლები ამბობს – “ფეხმძიმედ ვარ“– უკვე სიცილით ვკვდებით“ – ამბობენ კლინიკის თანამშრომლები.მომავალი დედები ამბობენ, რომ თანამშრომლების მხრიდან დიდ მხარდაჭერას გრძნობენ. ქალები მოუთმენლად ელიან მორიგ ფოტოსესიას, ოღონდ უკვე თავისი პატარებით ხელში.