Category: ახალი ამბები

  • მარტვილში მომხდარი მკვლელობის გამო 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს (ვიდეო)

    მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მომხდარი მკვლელობის გამო 59 წლის მამაკაცია დაკავებული. ინფორმაცის ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ თანასოფლელს – რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა.

    ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“,- ნათქვამი შსს-ს განცხადებაში.

    მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მამაკაცმა მეზობელი, 40 წლის რაჯი ბერულავა მოკლა. გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში დანით აქვს მიყენებული.

  • მარტვილში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

    მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში მეზობლებს შორის კონფლიქტი მსხვერპლით დასრულდა. მოკლულია 40 წლის რაჯი ბერულავა.

    გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდისა და ბარძაყის არეში დანით აქვს მიყენებული.

    სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ადგილზე დააკავეს. როგორც ცნობილია ის წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა.

    შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

  • ტაქსის მძღოლს,რომელმაც თბილისის ზღვაზე ბრიტანეთის მოქალაქე გააუპატიურა, 7 წელი მიუსაჯეს

    თბილისის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაცის  მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

    შემთხვევა გასული წლის ზაფხულში მოხდა, ტაქსის მძღოლი მეორე დღეს, 2019 წლის 27 ივლისს  დააკავეს.

    გამოძიების ინფორმაციით, მსჯავრდებულმა ე.გ.-მ 2019 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, მის მფლობელობაში არსებულ ავტომობილში, ბრიტანეთის მოქალაქე თ.ჰ. გააუპატიურა.

    მძღოლს ბრალი  137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

  • რუსთავში ბუნებრივი აირით 3 წლის ბავშვი მოიწამლა

    რუსთავში ბუნებრივი აირით 3 წლის ბავშვი მოიწამლა.

    “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა,   ბუნებრივი აირის ნამწვით  3 წლის ბავშვი და მისი დედა მოიწამლნენ.

    დედა და მცირეწლოვანი შვილი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, არსებული ინფორმაციით, მათი  ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

  • ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

    ხულოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული ახალგაზრდა საავადმყოფოშია გადაყვანილი,პაციენტს  სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

    შემთხვევა ხულოში, ღორჯომის თემში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • წყალმომარაგების პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა – მაია ცქიტიშვილი

    წყალმომარაგების პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა- ეს განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა გააკეთა.

    „გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებას, დანარჩენი გუდაური კი უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა. პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომლის სათავე ნაგებობებზე მაღლაა.

    ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს. ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი გააჩნია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

  • სამთო კურორტებზე წყლის პრობლემების შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორი გათავისუფლდა

    სამთო კურორტებზე წყლის პრობლემების შემდეგ გაერთიანებული წყალმომარაგების დირექტორი გათავისუფლდა.

    მის ნაცვლად  დირექტორად გრიგოლ მანდარია დაინიშნა.ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

    მანდარია განათლებით ეკონომისტია. 2012 წლიდან სსიპ ,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში“ წყალმომარაგების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2019 წელს დაინიშნა საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩევლად წყალმომარაგების საკითხებში.

    გრიგოლ მანდარიას მოპოვებული აქვს ენერგეტეკისა და ტელეკომუნუკაციის დოქტორის ხარისხი. გრიგოლ მანდარიას აქვს წყალმომარაგების კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციების შეფასება-ანალიზიისა და წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების განმახორციელებელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება, რაც დაეხმარება მას „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ დასახული გეგმების და ახალი პროექტების განხორციელებაში.

  • ეპისკოპოსმა, რომელმაც საშობაო წირვა ჩაატარა, გამოდის და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს-თორნიკე მამალაძე მეუფე დიმიტრის განცხადებაზე

    ეპისკოპოსმა, რომელმაც საშობაო წირვა ჩაატარა, წირვის შემდეგ გამოდის და ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებს, – ასე გამოეხმაურა დეკანოზი გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე დიმიტრის განცხადებას, რომელმაც თორნიკე მამალაძე  სიცრუეში დაადანაშაულა.

    „მეუფე დიმიტრისგან სხვა გამოხმაურებას არც ველოდი. ის ცდილობს თავისი თავი გამოიყვანოს. მან მეუფე პეტრე დეკანოზის გათავისუფლების ხელისშეშლაში დაადანაშაულა. თუკი მეუფე პეტრეს, ადამიანს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება და გათავისუფლებულია სინოდიდან, უფრო დიდი ძალა შესწევს და მან არ გაათავისუფლებინა ჩემი ძმა, გამოდის, რომ ის უფრო გავლენიანი და ძლიერია ვიდრე თავად პატრიარქი და სინოდის წევრები? ეს არის აბსურდი. მეუფე დიმიტრი თვითონ იტყუება, თვითონ ამისამართებს ადამიანებს და ცილისმწამებელი გამოდის ეპისკოპოსი, რომელმაც თვითონ ჩაატარა საშობაო წირვა. წირვის შემდეგ გამოვიდა და ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა. თავად მიხედოს თავის ცილისმწამებლურ და მატყუარა განცხადებებს.

    რაც შეეხება პატრიარქსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას, შეხვედრა ნამდვილად შედგა, 4 იანვარს, საპატრიარქოში. პრეზიდენტმა პატრიარქს ჰკითხა, თუ რა უნდა ექნა დეკანოზ მამალაძესთან მიმართებაში, რაზეც პატრიარქმა მიუგო, რომ ამ ადამიანის გათავისუფლება რომ ნდომოდა აქამდე სთხოვდა მთავრობასაც და იმდროინდელ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც. ასე, რომ პატრიარქმა პრეზიდენტს ჩემი ძმის შეწყალებაზე უარი უთხრა. ეს ინფორმაცია მე მაქვს საპატრიარქოში მოღვაწე იმ ადამიანებისგან, ვინც სიმართლეს ემსახურებიან და ვინც ამ შეხვედრის დროს 3 მეტრის რადიუსში იმყოფებოდნენ პატრიარქისგან და პრეზიდენტისგან. ორმა ადამიანმა მომაწოდა მე ეს ინფორმაცია, ორივემ ერთი და იგივე“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

  • “პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს, პასუხს ვაგებინებ”-მეუფე იაკობი

    “პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს, პასუხს ვაგებინებ”-ეს განცხადება მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან შობის წირვის დასრულების შემდეგ   წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში განაცხადა.

    ბოდბელმა ეპისკოპოსმა საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე, მეუფე პეტრე ცაავაზე და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა.

    “ვითომ სიმართლისთვის იბრძვიან და სინამდვილეში, იმ ადამიანებს ჭკუა აქვს, ვინც ახლა პატრიარქს ბრძოლას გამოუცხადებს? ერთი გრამი ჭკუის ნატამალიც არ აქვს მას. დღეს არ მინდა მაგ თემაზე საუბარი, ცოტა ხნით ქვეყნიდან გავდივარ, დავბრუნდები და ეს საკითხი მოსაკითხია, აბა – რა იციან, რა უნდათ და რას იძახიან. ერთია, რას იძახი და მეორე – რას ამტკიცებ. ზოგი ღვთის შვილი ღმერთის გზას მიყვება, ზოგი, სამწუხაროდ, აცდენილია. ღმერთმა უშველოს ყველას. ვისურვებდი ცოტა მეტად იფიქრონ. როდესაც გვყავს მამა და შეურაცხყოფენ, მის გვერდით ვარ ამდენი წელია და ჩემზე მეტს რას ხედავენ, ისინი სად და ვისთან ერთად დადიან, გადახედონ.

    თქვან, რა იციან, ბოლომდე ამოიღონ ხმა, სიმართლესაც ვნახავთ, ერთმანეთს რატომ იცავენ. რა ცოდვამ დააკავშირა ისინი ერთმანეთს, მაგასაც გაჩვენებთ.ნუ ჰგონიათ, ბოლომდე ჩუმად ვიქნები. ღმერთს შევთხოვ, ვიღაცები გონებაზე მოიყვანოს. უწმინდესის აუგად ხსენებას არათუ ეკლესიაში აღარ მოვუთმენთ ერთმანეთს, არამედ გარეთ პასუხს მოვთხოვთ.

    „პეტრე რომ გამოდის და ზედმეტებს ლაპარაკობს ალბათ, მოუწევს მაგაზე პასუხი, ალბათ, კი არა მოუწევს და ვაგებინებ პასუხს,“ – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

  • ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული-პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

    თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    „2020 წლის 4 იანვარს, მიმდინარე გამოძიების ეტაპზე გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით,(ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) სსკ-ის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით ( თავისუფლების უკანონო აღკვეთა).

    საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, მ. ჩ. და მ. წ. იმყოფებოდნენ ქ. თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ბრალდებული ზ. ფ. და ვ. ბ. ხსენებულ პირებს შორის ურთიერთშელაპარაკება წარმოიშვა მ. ჩ. -ს და გარდაცვლილ მ. წ.-ს მიერ ბრალდებულ ზ. ფ. -ს საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ნიადაგზე.

    ბრალდებული ზ. ფ. შეეცადა ზემოხსენებული პირების შეჩერებას, რა დროსაც სცემა მ. ჩ. და მ. წ. ხსენებულ პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად მ. ჩ.-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

    უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 5 იანვარს, ზ.ფ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველომ დააკავა.

    „ვინაიდან დადგინდა, რომ ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი იყო, მიმდინარე წლის 6 იანვარს საქმე შემდგომი გამოძიების წარმართვის მიზნით ქვემდებარეობით გადაეგზავნა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

    2020 წლის 6 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ზ.ფ-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2020 წლის 6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

    დღეის მდგომარეობით სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს პროკურატურაში გრძელდება მტკიცებულებათა მოპოვება და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117 – ე მუხლის მეორე ნაწილით, 117- ე მუხლის მე-6 ნაწილით, 126 – ე მუხლის პირველი ნაწილით, 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 143- ე მუხლის პირველი ნაწილით და 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში.