Category: ახალი ამბები

  • პრეზიდენტის დასაბუთება აცდენილია შეწყალების კონცეფციას- EMC

    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი პრეზიდენტის მიერ გიორგი მამალაძის არშეწყალებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ უარის დასაბუთება შეწყალების კონცეფციიდან და მიზნებიდან “ამოვარდნილია”.

    “ამ საქმეზე და მის პოლიტიკურ და საეკლესიო კონტექსტზე ღია დისკუსიები როგორც ჩანს საპატრიარქოსთვის მიუღებელი იყო და ამდენად შეწყალების შესახებ სინოდის შუამდგომლობა უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო.

    2020 წლის 6 იანვარს წინასაშობაოდ პრეზიდენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, დეკანოზის შეწყალებაზე უარის შესახებ, ეს ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მუდმივად არღვევს სეკულარულ მიდგომებს და თავად პრეზიდენტი საპატრიარქოს და პატრიარქის მიმართ ღია და პრობლემურ ლოიალობას ავლენს, ცხადია, იმის განცდა, რომ ამ საქმეზე პრეზიდენტი საპატრიარქოსგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებდა, არ არსებობს. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ შეწაყლებაზე პრეზიდენტის უარის დასაბუთება მკვეთრად პრობლემურ მიდგომებს და ახსნას შეიცავს. მისი დასაბუთება ამოვარდნილია შეწყალების კონცეფციიდან და მიზნებიდან. არც ერთი კომენტარი პრეზიდენტს არ გაუკეთებია სასულიერო პირის მძიმე ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის, საპატიმრო პიროიბებში სასჯელის მოხდის სირთულეების და ასევე, ამ საქმეზე მართლმსაჯულების ხარვეზების შესახებ”,- ნათქვამია განცხადებაში.

  • მე-6 სართულიდან ბიჭი გადავარდა.მეგობრები დახმარებას ითხოვენ

    თბილისში, მე-6 სართულიდან ბიჭი გადავარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ბიჭის მეგობრები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. როგორც აღმოჩნდა, პაციენტს პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება.

    “ხალხნო ძალიან ცუდ სიტუაციში ვართ . ჩემი ბავშვობის მეგობარი გადმოვარდა 6 სართულიდან და სხეულის 65% აქვს დამსხვრეული. აქვს სისხლდენა და ვერანაირად ვერ ვშოულობთ დონორებს რომლებიც პირველი უარყოფითი სისსხლის ჯგუფის მატარებლები არიან . ძალიან გთხოვთ და გემუდარებით გაავრცელეთ რამენაირად ეს ინფორმაცია რომ ადამიანს რამე ვუშველოთ და გვერდში დავუდგეთ. ხვალ დილით იკეთებს პირველ ოპერაციას და სისსხლის მარაგი საერთოდ არ გვაქვს . გვჭირდება ისეთი კარგი ადამიანები რომლებსაც ბოლო 1 2 თვის განმავლობაში არანაირი ვირუსი არგადაუტანია , არაქვს ტატუ საერთოდ ან აქვს და რამოდენიმე წლის წინანდელი . 55 კილოზე ზემოთ ჯანმრთელო ადამიანებო თუ კი ხართ გთხოვთ რომ მოგვეხმაროთ … 558129717”- წერს დაშავებულის მეგობარი

  • ამ დედა@@@@შვილს ვინმემ აუხსენით, რომ დეკანოზი მამალაძე არ იხდის სასჯელს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის-უგულავა მამალაძის არშეწყალებაზე

    გიგი უგულავა  პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დეკანოზ გიორგი მამალაძის არშეწყალებასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ამ დედა@@@@შვილს ვინმემ აუხსენით, რომ დეკანოზი მამალაძე არ იხდის სასჯელს პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, არამედ მისი მდივნის – შორენა თეთრუაშვილის. შესაბამისად, მთელი მისი “დასაბუთება”, რომის პაპის ისტორიები ფარსი და კონტექსტს მოკლებულია. ივანიშვილის ჩვეულებრივი ჯალათია სალომე ზურაბიშვილი. გულისამრევი, უთავმოყვარეო არსება”-წერს უგულავა.

  • “არ მქონდა არგუმენტი რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი”-სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

    სალომე ზურაბიშვილმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

    “მე ბოლომდე მოვისმინე ადვოკატების არგუმენტები, დეტალურად გავეცანი წმინდა სინდოის შუამდგომლობას და მივიღე გადაწყვეტილება, რომელზეც მთლიანად ვიღებ პასუხიმეგებლობას ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში სამართლიანობის პრიცნიპს ეფუძნება, ვერ მოვნახე არგუმენტი  მითუმეტეს შეწყალების კრიტერიუმების გამკაცრების პირობებში, როცა ბევრი მსჯავრდებულის საქმე განხილული ვერ იქნებოდა, რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე”-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

    შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

  • გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

    გუდაურში რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა ერთდღიანი სამძებრო-სამუშაოების შემდეგ მიაკვლიეს. დაღუპული პროზექტურაშია გადასვენებული.

    შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ნაძვის ხეზე ხალხს ხვალისთვის გორში ეპატიჟება

    საპრეზიდენტო ნაძვის ხე 6 იანვარს გორში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც მოსახლეობას საპრეზიდენტო ნაძვის ხეზე და საახალწლო კონცერტზე ხვალ გორში 17 საათისთვის ეპატიჟებიან. ღონისძიების შესახებ სხვა დეტალები უცნობია. მას სავარაუდოდ დაესწრება თავად სალომე ზურაბიშვილი.

  • “მკვდრეთით აღდგენას გილოცავ საქართველო!“–ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობაში საქართველოს შანსს ხედავს

    ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებს ვრცელ მიმოხილვას უძღვნის, სადაც რეგიონის ისტორიას ძველი წელთაღრიცხვიდან მოყვება და კავკასიის  როლზე წერს. კონფლიქტში, რომელიც შესაძლოა ირან–ამერიკას შორის დაიწყოს და რეგიონი მოიცვას, ისტორიკოსი საქართველოს შესაძლებლობას ხედავს: 

    “ისტორია იწყება შუმერიდან”- სემუელ კრამერი. ძვ.წთ. მე-4 ათასწლეულიდან ძვ.წთ. 500 წლამდე მსოფლიო ისტორიის ცენტრი იყო კავკასია, შუამდინარეთი, ირანი, მცირე აზიის ნახევარკუნძული, სირია-პალესტინის ტერიტორია და ეგვიპტე: მტკვარ-არაქსის კულტურა, შუმერი, აქადი, ძველი ეგვიპტე, ელამი, აიეტი და მედეა, ხამურაბის ბაბილონი, თრიალეთის კულტურა, აბრაამი, იაკობი, იოსები და ძმანი მისნი, ჰიქსოსები, ხეთების სამეფო, კასიტები, ხური-მითანი, ეხნატონი, ნეფერტიტი, ტუტანხამონი, რამზესები, ქადეშის ზავი, ხალიბების (ხალდების) მიერ რკინის მეტალურგიის განვითარება, “ზღვის ხალხების შემოსევა”, «ტროას ომი”, მოსეს მიერ ისრაელის გამოყვანა ეგვიპტელთა ტყვეობიდან, ასურეთი, დიაოხი,კოლხური კულტურა, ურარტუ, კიმერიელებისა და სკვითების შემოსევები,ფინიკია, მიდია, ნაბუქოდონოსორ II-ს ბაბილონი და ებრაელთა ტყვეობა, კრეზის ლიდია და კიროს აქემენიანის სპარსეთი.

    ძვ.წთ. 500-334 წლებში მსოფლიო ისტორიის ცენტრმა დასავლეთით, ეგეოსის ზღვის აუზში გადაინაცვლა: ბერძენ-სპარსელთა ომები, პელოპონესის ომები და მაკედონიის სამეფოს ელადაში გაბატონება.

    334-270 წლებში მსოფლიო ისტორიის ცენტრი კვლავ შუამდინარეთ კავკასიის ხაზზე დაბრუნდა: ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობები და ალექსანდრეს მიერ დედაქალაქად ბაბილონის გამოცხადება, სელევკიდების სახელმწიფოს ჰეგემონობა.

    ძვ. წთ. 264-146 წ.წ. მსოფლიო ისტრიის ცენტრი ხმელთაშუაზღვის დასავლეთ ნაწილში გადადის: 3 პუნიკური ომი , თავის ჰანიბალითა და სციპიონებით, თუმც 215-146 წლებში ცენტრი ისევ აღმოსავლეთით “მოჩოჩავს: მაკედონური ომები, 190- მაგნეზიასთან ბრძოლა.
    ძვ. წთ.89-27 წლებში მსოფლიო ისტორიის ცენტრი ძირითადად ბალკანეთი და მცირე აზიაა : რომი-პონტოს ომები, სამოქალაქო ომები: ფარსალოსი, ბრძოლა ფილიპესთან და აქციუმის კონცხთან. ( გამონაკლისი მხოლოდ “გალიის ომია” ძვ.წთ. 58-50 წლებში.

    ქრისტეშობიდან 1453 წლამდე მსოფლიო ისტორიის ცენტრი შუამდინარეთ-კავკასიის ხაზია: პართია-რომის ომები, ფარსმანები, იუდაელთა ომი, ვესპასიანე, ტრაიანე, ადრიანე პიუსი… რომისა და სასანური ირანის ომები, ნისიბისის ზავი, ბიზანტიის და სასანიდების ომები, 20 წლიანი ომი ეგრისში, ნინევეას დაცემა, ბიზანტია-არაბთა სახალიფოს დაპირისპირება, თურქ-სელჩუკთა შემოსევები, ჯვაროსნები, დავითისა და თამარის საქართველო, სალადინი, მონღოლები, გიორგი ბრწყინვალეს საქართველო თემურ-ლენგი და გიორგი VII, კონსტანტინოპოლის დაცემა.

    1453 წლიდან მსოფლიო ისტორიის ცენტრი ჯერ მედიჩების რენესანსულ , ხოლო მე-16 საუკუნიდან ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებზე გადადის: პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, მათი აღმოჩენები და მათ შორის ომები.

    1789 წლიდან 1991 წლამდე მსოფლიო ისტორიის ცენტრი ევროპის კონტინენტია: საფრანგეთის რევოლუცია, ნაპოლეონის ომები, პრუსია-გერმანიის იმპერია, იტალიის სამეფო, ვიქტორიას ბრიტანეთი, პირველი და მეორე მსოფლიო ომები, სტალინ-ჰიტლერ-მუსოლინ-ჩერჩილ-რუზველტით. აშშ-სსრკ-ს ცივი ომი, რომლის ცენტრალური ცეცხლის ხაზიც ბერლინის კედელია.

    1990-იანი წლებიდან მსოფლიო ისტორიის ცენტრი კვლავ სირია-პალესტინა, ირან-ავღანეთ, კავკასია-შუამდინარეთის რეგიონს უბრუნდება, რომლის ბუნებრივი ცენტრიც კავკასია-შუამდინარეთია: ერაყის ომი, რუსეთ-საქართველოს ომი, ავღანეთის ომი, ომი სირიაში, ისრაელის ომები.

    მსოფლიო ისტორიის 6000 წლიდან 5000 წელი კავკასია-შუამდინარეთი მსოფლიო ისტორიის ცენტრი იყო. ამ ცენტრში გაძლება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. 1453-1991 წლებში საქართველო თავის ბუნებრივ ცხოვრების წესს იყო გადაჩვეული, პოლიტიკურად ამ პერიოდში საქართველო მოკვდა (1453 წელს კონსტანტინოპოლი დაეცა და 1465 წელს საქართველო სამეფო-სამთავრო-სათავადოებად დაიმსხვრა), რადგან მსოფლიო ისტორიის ცენტრი დროებით დასავლეთში იყო გადატანილი და კავკასია-შუამდინარეთი გეოპოლიტიკურ ჯურღმულად იყო ქცეული. 1991-დან მსოფლიო ისტორიული ცენტრი კვლავ კავკასია-შუამდინარეთში ბრუნდება, რაც ერთდროულად სახიფათოცაა და უდიდეს შესაძლებლობათა მომტანიც არის! მკვდრეთით აღდგენას გილოცავ საქართველო! “– წერს მასხარაშვილი

  • დედოფალი ელისაბედი ტახტის სამ მემკვიდრესთან ერთად: სამეფო ოჯახმა ახალი საოჯახო პორტრეტი გამოაქვენა

    ბუკინგემის სასახლის სატახტო დარბაზში ფოტოგრაფმა რენალდ მაკეჩნიმ დედოფლისა და სამეფო ტახტის სამი შესაძლო მემკვიდრის ფოტო შობამდე ერთი კვირით ადრე, 18 დეკემბერს გადაიღო, თუმცა მხოლოდ გუშინ გამოაქვეყნა.

    პორტრეტზე დედოფალი უფროს შვილ ჩარლზთან, შვილიშვილთან, პრინც უილიამთან და შვილთაშვილთან პრინც ჯორჯთან ერთად არის გადაღებული.

    ამ ფოტოს გარდა გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც დედოფალი და მისი მემკვიდრეები ვეტერანებისთვის საშობაო პუდინგის კეთებისას არიან გადაღებული.

    ამავე ფოტოგრაფის მიერ არის გადაღებული ბრიტანეთის მონარქის და მისი პირდაპირი მემკვიდრეების ფოტო 2016 წელს, დედოფლის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით. მაშინ პრინცი ჯორჯი მხოლოდ 3 წლის იყო და შორტები ეცვა, როგორც სამეფო ოჯახის პატარა ბიჭებისთვის პროტოკოლით არის გათვალისწინებული.

  • ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ვარკეთილში ქალი გარდაიცვალა

    ვარკეთილში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 59 წლის ქალი გარდაიცვალა. ის საცხობში მუშაობდა, სადაც დღეს გარდაცვლილი ნახეს.

    მომხდარს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც “კურიერს” უწყებაში განუცხადეს, ქალის გარდცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაძლოა მიზეზი სწორედ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

    მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მიმდინარეობს ექსპერტიზა.

  • “დიპლომატიის დროა“–საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ–ირანს შორის დაძაბულობის ესკალაციას ეხმიანება

    ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ვითარების ესკალაციას, სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. დავით ზალკანიანი ტვიტერზე წერს, რომ ვითარების დეესკალაციისა და დაძაბულობის შემცირებისთვის დიპლომატიის დროა : ,, ჩვენ დავგმეთ ბოლოდროინდელი ძალადობა და პროვოკაციული თავდასხმა ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩოზე. შტატებს ლეგიტიმური უფლება აქვს, საკუთარი მოქალაქეები დაიცვას,” – დაწერა დავით ზალკალიანმა ტვიტერზე.

    საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით- ერაყში განვითარებული მოვლენების გამო- იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა.

    ” საელჩო მუშაობს ერაყში საქართველოს საპატიო კონსულების მეშვეობით იმ ქართველებთან, ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და ყველა მათგანი გაფრთხილებულია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ირანს, საელჩო ასევე მუშაობს ამ მიმართულებით“ – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

    შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აეროპორტში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამხედრო პირი , „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა. მომხდარი ირანმა-ამერიკის მხრიდან ომის გამოცხადებად შეაფასა. ირანის სულიერი ლიდერი, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი შტატებს საპასუხო ზომებით ემუქრებიან. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საფრანგეთიც და დიდი ბრიტანეთიც.