Category: ახალი ამბები

  • “მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ჩვენ სხვა ერთიანი მიზანი გვაქვს”- სალომე ზურაბიშვილი

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აკრიტიკონ, მაგრამ ახსოვდეთ, რომ მათ სხვა ერთიანი მიზანი აქვთ. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვეყნის შიგნით ყველას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ განსხვავებების მიუხედავად უფრო მეტი საერთო გვაქვს.

    “მე იმას კი არ გთხოვთ, რომ არ გამაკრიტიკოთ. მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთი სხვა ერთიანი მიზანი გაგვაჩნია. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა რომ ერთად ვიყოთ ამაში დარწმუნებული”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

    ცნობისთვის, გურიაში, კალანდობის სადღესასწაულო ღონისძიებაზე ჩასულ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.

    საკრებულოს წევრების თქმით, მათ არ უშვებენ კალანდობის დღესასწაულზე, რაც დაუშვებელია.

  • ისანში ტექნიკის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

    შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მეტროსადგური “სამგორის” მიმდებარედ შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

    ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, ხანძარი მეორეული ტექნიკის ბაზრობას გაუჩნდა.

    ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

    შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

  • ქართული ხორბალი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარადგინეს

    ხორბლის გვარში შემავალი 27 სახეობიდან, 14 საქართველოში გვხვდება, მათ შორის 5 ენდემურია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კოლხეთის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია ძვ. წ. V-IV ათასწლეულით დათარიღებული დანახშირებული ხორბლის მარცვლები, რაც საქართველოს ხორბლის კულტურის უძველეს კერად აქცევს.

    2019 წლის 25 მარტს ქართული ხორბლის კულტურას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

    როგორც სამინისტრო იუწყება, ქართული ხორბლის კულტურას, შესაძლოა, „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გადაუდებელი დაცვის საჭიროების სტატუსი მიენიჭოს.

    ენდემური ჯიშების დაცვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქართული ხორბლის მხარდამჭერი სახელმწიფო პოლიტიკის პროექტს და სტრატეგიულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

  • იაპონელი მილიარდერი მთვარეზე გასაფრენად პარტნიორს ეძებს

    44 წლის იაპონელ მილიარდერი იუსაკუ მაეზავა, SpaceX-ის პირველი მისიით მთვარეზე გამგზავრებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC- ავრცელებს. მას სურს, იპოვოს ქალი, რომელიც მისი ცხოვრებისეული პარტნიორი გახდება და 2023 წელს ღია კოსმოსში გაემგზავრება.

    “მარტოობა და სიცარიელე მიახლოვდება, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ,გავაგრძელო ერთი ქალის სიყვარული. მსურს ცხოვრების პარტნიორი ვიპოვო – წერს ონლაინ განცხადებაში. ის ასეე აღნიშნავს, რომ ამ დაუვიწყარი მოგზაურობის  გასაზიარებლად გამორჩეულ ქალს ეძებს.

    აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა 17 იანვარია. მაეზავა გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს გამოაცხადებს.რაც შეეხება პირობებს,  ქალის ასაკი უნდა აღემატებოდეს 20 წელს და აუცილებლად უნდა იყოს მარტოხელა ანუ გაუთხოვარი და რა თქმა უნდა, უნდა სურდეს კოსმოსში გაფრენა.

    რა თანხას გადაიხდის მაედზავა მთვარეზე გასაფრენად, არ სახელდება.

    ცნობისთვის, მთვარეზე ბოლოს ამერიკელი ასტრონავტები 1972 წელს გაფრინდნენ. ამის შემდეგ მსგავსი მისია არ განხორციელებულა. 

  • როგორ გამოიყურება ძმები ნობელების მუზეუმი რეკონსტრუქციიდან 6 თვის შემდეგ

    „ბათუმში, ძმები ნობელების მუზეუმის შენობის რეკონსტრუქცია 2018 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების განხორციელება ჯამში 190,265 ლარი დაჯდა.

    რეკონსტრუქციიდან 6 თვის შემდეგ შენობის მდგომარეობა გაუარესებულია და უფუნქციო მიშენებაში წყალი დგას“, –  ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს.

    ორგანიზაციის ინფორმაციით,  სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არაფერი გამოსწორებულა.

    „2018 წელს სატენდერო კომისია აცხადებდა, რომ: “შეივსება თავისუფალი ადგილები, შენობას დაემატება კაფე, სხვადასხვა სათავსო, ლითონის დეკორატიული ორსართულიანი კარკასი, მოეწყობა ეზო, გამწვანება, შენობა იქნება ადაპტირებული: „კარგი პროექტია, რომლის განხორციელებით, შენობა არ დაკარგავს თავის ვიზუალს, ღირებულებას და იგი უფრო თანამედროვე გახდება“.

    სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 2019 წლის ივნისში. მას შემდეგ ნახევარი წელია გასული და შენობა სავალალო მდგომარეობაშია. შენობაში ჩამოდის წვიმის წყალი, კედლებს ობი აქვს მოკიდებულ და მნიშვნელოვნად დაზიანებულია. შენობის ახლად მიშენებულ ნაწილის ორივე სართულზე წყალი დგას. შენობის პანდუსს შემდეგ ხვეული კიბე მოსდევს, რაც პანდუსს ბუტაფორიად აქცევს. 190,265 ლარის დახარჯვის შემდეგ, შენობის მდგომარეობა ყველა კრიტერიუმით გაუარესდა.

    მუზეუმის შენობა კულტურული მეკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. მასში განლაგებული იყო ლუდვიგ და რობერტ ნობელების ოფისი, რომელთაც კავკასიაში ნავთობის წარმოების, მისი გაყიდვის და ტექნოლოგიურ განვითარებაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. პარალელურად შენობაში განთავსებული იყო შვედეთ-ნორვეგიის საკონსულოც. შენობაში ტექნოლოგიური მუზეუმი 2007 წელს გაიხსნა და მასში წარმოდგენილია ძმები ნობელების და მე-19 საუკუნის სხვა მეწარმეების და წარმოებების შესახებ ექსპონატები;

    190 265 ლარის ოდენობის გაფლანგული საბიუჯეტო სახსრების და დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიუხედავად, ხელშეკრულება სსიპ “აჭარის მიზეუმმა” შესრულებულად ჩათვალა. მას სამშენებლო კომპანიისთვის არც პირგასამტეხლო დაუკისრებია. აღსანიშნავია, რომ შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა ხელშეკრულების მიხედვით 3 წელია. მიუხედავად ამისა, სამშენებლო სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში შენობა სავალალო მდგომარეობაშია და არაფერი გამოსწორებულა“, – ნათქვამია  “ფლანგვის დეტექტორის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    {{PHOTOGALLERY}}

  • ავთანდილ წერეთელი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის ქვეყნიდან გასვლას ითხოვს

    ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა პროკურატურას საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, ქვეყნიდან გასვლის ნებართვის თხოვნით მიმართა.

    ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთელის განცხადებით, შესაბამისი განცხადება მან პროკურატურაში დღეს შეიტანა.

    მისივე ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი  უცხოეთში სამკურნალოდ მიდის, ქვეყნის დასატოვებლად კი მას ნებართვა სჭირდება.

    ავთანდილ წერეთელს ქვეყნის დატოვება 19 იანვრიდან  30 იანვრის ჩათვლით სურს. ადვოკატმა პროკურატურაში  განცხადებასთან ერთად სამედიცინო დაწესებულებიდან შესაბამისი დოკუმენტები წარადგინა.

  • ვეგეტარიანელი შინაური ცხოველები:რატომ ხდება პოპულარული მსოფლიოში ეს ტენდენცია

    მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება “ვეგანურ იანვარს“ – ინიციატივას, როცა მთელი თვე მხოლოდ მცენარეული წარმოშობის საკვებს ჭამთ.

    ინიციატივის არსი იმაშია, რომ ამით წვლილი შეგაქვთ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.ხორცპროდუქტების და რძის გადამამუშავებელი მრეწველობა ხომ ატმოსფეროში სათბურის აირების გატყორცნის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი წყაროა.

    თუმცა, გიფიქრიათ თუ არა ოდესმე უფრო შორს წასვლა და შინაური ცხოველების ვეგეტარიანელებად გარდაქმნა?

    თუ ადამიანების შეუძლიათ ცხოველურ საკვებზე უარის თქმა, რატომ არ შეიძლება იგივე შინაურმა ცხოველებმაც გააკეთონ?

    ვეგანი შინაური ცხოველები.

    შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ შინაური ცხოველების სულ უფრო მეტი პატრონი იყენებს მათთვის მცენარეულ საკვებს. ამ გადაწყვეტილებაზე მეცნიერული დასკვნებიც ახდენს გავლენას.

    აგვისტოში გაეროს კლიმატის ცვლილების ექსპერტების მთავრობათაშორისმა ჯგუფმა გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღრმავებს კლიმატის პრობლემებს განვითარებულ ქვეყნებში ხორცის და რძის პროდუქტების მოხმარება.


    ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციის მონაცემებით შინაური ცხოველები მთელ მსოფლიოში მოხმარებული ხორცის 12%–ს მოიხმარენ. თუმცა სხვა წყაროები ამტკიცებენ, რომ ეს ციფრი შესაძლოა 20% –ს აღწევდეს.

    აშშ–ში სათბურის გაზების რაოდენობა, რომელიც მთელი წლის მანძილზე კატების და ძაღლების მიერ მოხმარებული ხორცის წარმოებისას გამოიყოფა 13.6 მილიონი ავტომობილის გამონაბოლქვს უტოლდება. ეს არის კალიფონიის უნივერსიტეტის მკვლევარების მონაცემები.
    კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს დაფიქრებისკენ უბიძგებს, თუ რა გავლენას ახდენს მათი ცხოველების კვება გარემოზე, ცნობილი ადამიანების მაგალითია.

    მათ შორის არის ფილმ ჯოკერის ვარსკვლავი, ჰოაკინ ფენიქსი, რომელიც თავგადაკლული ვეგანი და ცხოველების უფლებების დამცველია. მისი დამსახურებაა, რომ ოქროს გლობუსის წლევანდელ ცერემოანიალზე მენიუ პირველად იყო მთლიანად ვეგანური. თავის ცხოველებსაც ის მხოლოდ მცენარეული საკვებით კვებავს.


    ორგანიზაცია “საზოგადოებრივი სამეცნიერო ბიბლიოთეკის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით ავსტრალიაში, კანადაში, ფინეთში, ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში და აშშ–ში შინაური ცხოველების მფლობელთა მესამედი მზადყოფნას გამოთქვამს საკუთარი ცხოველი მთლიანად მცენარეულ კვებაზე გადაიყვანოს.

    გავლენიანმა მსოფლიო ორგანიზაცია Peta-მ, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავს, ასევე მოუწოდა ყველას ვეგანურ საკვებზე გადასვლისკენ – იმ პირობით, რომ ამ საკვების შემცველობაში მნიშვნელოვანი დანამატები იქნება.

    პეტა გვაფრთხილებს, რომ დანამატები უკიდურესად მნიშვნელოვანია: საკვები ნივთიერებების საკმარისი რაოდენობის გარეშე შინაურ ცხოველებს შესაძლოა სმენის, კანის, ძვლების, კუჭნაწლავის და რეპროდუქტიული სისტემის პრობლემები დაეწყოთ.

    ბევრი ვეტერინარი დარწმუნებულია, რომ ვეგანური დიეტა კატებისთვის არ გამოდგება. ბრიტანეთის ვეტერინართა ასოციაციის ხელმძღვანელი, დენიელა დოს სანტოსი ამბობს, რომ თეორიულად ძაღლების ვეგეტარიანული საკვებით კვება შეიძლება, თუმცა კატების მფლობელებს მოუწოდებს ეს არ გააკეთონ. ასოციაციის ეს რეკომენდაცია იმ მოსაზრებას ეფუძნება, რომ ძაღლები ე.წ. ფაკულტატიური მტაცებლები არიან და შეუძლიათ ხორცის გარეშეც იცხოვრონ. კატები კი ობლიგატიური მტაცებლები არიან, ანუ მათ არ შეუძლიათ მათთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების მცენარეებიდან მიღება.

    ამასთან, სანტოსის თქმით არ არსებობს საიმედო კვლევები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ რაციონი ხორცის გარეშე კატების და ძაღლების სწორად კვებისთვის არსებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი თქმით, შეიძლება ვეგეტარიანულმა კვებამ კატებში გულის პრობლემები გამოიწვიოს.


    თუმცა, ჰარვარდის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგმა, შენონ ფალკონერმა ამ პრობლემის გადაჭრის გზა მოიფიქრა. ის კომპანია Because Animals -ის თანამფლობელია, რომელმაც ლაბორატორიაში ხელოვნური ხორცი შეიმუშავა. ფალკონერი ამტკიცებს, რომ სრულიად შესაძლებელია არსებობდეს კატების საკვები ხორცის გარეშე. მისი თქმით, კატებისთვის და სხვა ცხოველებისთვის მთავარია საკვები ნივთიერებები და არ აქვს მნიშვნელობა, ამ ნივთიერებებს რომელი წყაროდან მიიღებენ.

    რას ამბობენ ვეგანი ცხოველების პატრონები

    ბრიტანელი ჯოანა ფარი თავს ვეგანი კატების ელჩს უწოდებს. მისი კატა, მეჯიკი, როგორც ჯოანა ამტკიცებს უკვე რვა წელია ვეგანია და არასოდეს გამხდარა ავად. ფარი აღნიშნავს, რომ მისი კატა ნაკლებად მტაცებელი გახდა სხვა ცხოველების მიმართ მას შემდეგ, რაც ის ვეგეტარიანელი გახდა.
    თუმცა ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ არის. ყველაფერთან ერთად ვეგანური საკვები, თანაც დაბალანსებული ჩვეულებრივზე ბევრად ძვირი ღირს.

  • “მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან. შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა“–საქართველოს პატრიარქი

    სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას საქართველოს პატრიარქმა მეორედ მოსვლაზე იქადაგა და თქვა, რომ მეორეედ მოსვლა ახლოს არის ჩვენთან და შესაძლოა სულ რამდენიმე დღე დარჩა მეორედ მოსვლამდე: 

    “დღეს არის სხვა წმინდანებთან ერთად ხსენება წმიდისა დავით წინასწარმეტყველისა, მეფისა. დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობს თავისთვის, “მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი”. სიმშვიდე არის ის პირობა, როდესაც სულიწმინდა გადმოდის ადამიანზე. სიმშვიდე აუცილებელია ჩვენთვის. ჩვენ გვაკლია სიმშვიდე, გვაკლია იმიტომ, რომ არეული ვართ თანამედროვე ცხოვრებაში. ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენ თავზე, ძალიან დიდი იმედი გვაქვს იმ მეცნიერებისა, კულტურისა, თანამედროვე მიღწევებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთის ხელშია. აი, ეს სისწრაფე, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, მეცნიერებაში, კულტურაში, მშენებლობაში ეს სისწრაფე მეტყველებს იმის შესახებ, რომ უფალი ახლოსაა ჩვენთან. მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია, ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან რომ ჟამი ახლოს არისო ამბობენ, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები: მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მიეცი, ძალიან აქტუალურია.“– თქვა ქადადგებისას პატრიარქმა.

  • ირანში აქციების დროს დიდი ბრიტანეთის ელჩი დააკავეს

    ირანში აქციის დროს, დიდი ბრიტანეთის ელჩი რობ მაკაირი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  

    გავრცელებული ინფორმაციით, დესპანი „ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეების წახალისებისთვის“ რამდენიმე საათით დააკავეს.ინფორმაციას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

    „ჩვენი ელჩის თეირანში დაკავება ყოველგვარი საფუძვლისა და განმარტების გარეშე საერთაშორისო კანონის აშკარა დაღვევაა“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „ირანის მთავრობა გზაჯვარედინზე იმყოფება. მას შეუძლია პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გზით სვლა განაგრძოს, ან გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ და დიპლომატიურ გზას დაადგეს“,- აცხადებს რააბი.

    შეგახსენებთ, გუშინ, მას შემდეგ რაც, ირანმა უკრაინული თვითმფრინავის შეცდომით ჩამოგდება აღიარა, ქვეყანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მომიტინგეებმა ანტისამთავრობო სლოგანები გააჟღერეს და ყასემ სოლეიმანის სურათები დახიეს.

  • ბასიანთან მომხდარი სროლისას 3 პირი დაჭრეს

    დღეს გამთენიისას სროლა მოხდა თბილისში, კლუბ ბასიანთან, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ჩ.  დააკავეს.

    გამოძიებით ინფორმაციით “ დაკავებულმა მიმდინარე წლის 12 იანვარს, კლუბი “ბასიანის” შესასვლელთან ცეცხლასროლი იარაღიდან განახორციელა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ჭრილობები მიაყენა 3 პირს – 1993 წელს დაბადებულ თ.ა.-ს, 1987 წელს დაბადებულ ბ.ჭ.-ს და 1995 წელს დაბადებულ დ.ც.-ს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.“

    სამართალდამცველებმა ბ.ჩ. მომხდარიდან მალევე,  მისივე საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი , 6 დანა და 23 საბრძოლო ვაზნა.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს.დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.