Category: ახალი ამბები

  • 59% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის

    NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59% ფიქრობს, რომ  საქართველოში დემოკრატია არ არის. 33% მიიჩნევს, რომ არის, ხოლო 8%-მა არ იცის.

    წინა კვლევასთან შედარებით, მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის 10%-ზე მეტით არის გაზრდილი.

    ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

    კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

    საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

  • მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება-NDI

    საქართველოს მოსახლეობის 53 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება- ამის შესახებ კვლევის შედეგები  ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ გამოაქვეყნეს. 

    მოსახლეობის მხოლოდ 19 % მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 24% კი ფიქრობს, რომ ქვეყანაში არაფერი იცვლება.

    ცნობისთვის, ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინა. პრეზენტაციაზე ქვეყნის განვითარების კურსთან, დემოკრატიის განვითარებასთან, მთავრობის და ინსტიტუტების საქმიანობასთან, პარტიებთან და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული მიგნებები იყო წარმოდგენილი.

    კვლევის საველე სამუშაოები 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. სულ პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 2 180 პირი გამოკითხეს.

    საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%-ია.

  • გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახა კალაძის საქმიანობას აფასებს, ყველაზე ცუდად კი სალომე ზურაბიშვილის

    NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ლიდერებიდან ყველაზე დადებითად დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობას აფასებს.

    გამოკითხულთა 31% კახა კალაძის საქმიანობას დადებითად აფასებს, 13% – ძალიან კარგად აფასებს, 32% – საშუალოდ, 16% – ცუდად, 6% – ძალიან ცუდად, 1%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.

    ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 4% აფასებს, კარგად – 17%, საშუალოდ – 34%, ცუდად – 24%, ძალიან ცუდად – 10%, 10%-მა კი კითხვაზე არ უპასუხა.

    NDI-ის კვლევის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 12% – კარგად, 30% – საშუალოდ, 25% – ცუდად, 11% – ძალიან ცუდად, კითხვაზე არ უპასუხა 20%-მა.

    პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილის კი საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს, კარგად 8%, საშუალოდ 31%, ცუდად – 34%, ძალიან ცუდად – 20%, 6%-მა კითხვაზე არ უპასუხა.

    აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.

  • მეგან მარკლის მამა მზად არის შვილს სასამართლოში დაუპირისპირდეს

    75 წლის ტომას მარკლმა მზადყოფნა გამოთქვა სასამართლოს წინაშე წარდგეს მისი ქალიშვილის, მეგან მარკლის წინააღმდეგ. მას განზრახული აქვს დაამტკიცოს იმ ტაბლოიდების უდანაშაულობა, რომელთანაც პრინცი ჰარის მეუღლეს სასამართლო დავა აქვს.

    მეგან მარკლის მამამ საჯაროდ გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს The Mail on Sunday–სთან და მის დამფუძნებელ კომპანიასთან – Associated Newspapers–სთან მეგანის სასამართლო დავაში.
    მეგან მარკლმა ჟურნალისტები მამისთვის გაგზავნილი მისი წერილის ფრაგმენტების გამოყენებაში დაადანაშაულა. წერილი მამას მეგანმა ჰარიზე გათხოვების შემდეგ მისწერა. პრინცის მეუღლის თქმით პრესამ მისი ფრაზები კონტექსტიდან ამოგლეჯილად წარმოადგინა, რათა “მკითხველის აზრით მანიპულირება მოეხდინა“.

    თავად ტომასი ამტკიცებს, რომ ტაბლოიდის თანამშრომლებს წერილი პირადად მან გადასცა. მამის სურვილი საკუთარი ქალიშვილის წინააღმდეგ სასამართლოზე მოწმედ გამოვიდეს, მათი მრავალწლიანი კონფლიქტით არის გამოწვეული. მამა ამტკიცებს, რომ შვილი მის რეპუტაციას საზოგადოების თვალში განზრახ ლახავს.

    გამოცემა The Sun ამტკიცებს, რომ საქმეზე დართულ მასალებს შორის არის დოკუმენტები, რომლებიც მეგანის მამის სიტყვებს ამტკიცებს. “მან გაავრცელა ცილისმწამებლური ჭორები მამის შესახებ, რათა მედიაში მისი იმიჯი შეებაღალა. ასევე არსებობს მნაცემები, რომ მეგანი საკუთარ მეგობრებს თხოვდა ჟურნალისტებისთვის მასზე დადებით ისტორიები მოეყოლათ, რათა საკუთარი თავის შესახებ მაქსიმალურად პოზიტიური წარმოდგენა შეექმნა“ – უამბობს გამოცემას სანდო წყარო.

  • ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ-ოხანაშვილი ბაკურიანში მომხდარი ინციდენტის დეტალებზე საუბრობს

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი  ბაკურიანში მომხდარ ინციდენტს იხსენებს.

    ანრი ოხანაშვილი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს.

    „შევედით კაფეში. შევნიშნეთ ადამიანი, უფრო სწორად ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი აგრესიული მზერით ჩემს მიმართ, რაზეც ჩემს მეუღლეს ვთხოვე, რომ ყურადღება არ მიექცია. ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებიდა, ჩვენი მაგიდის გარშემო ტრიალებდა, შემდგომ დაიწყო გასვლა გარეთ, რამდენიმე წუთში დაბრუნდა ისევ უკან და კიდევ დაჟინებული მზერით ყურების შემდგომ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და დაიწყო ხმამაღლა ძალიან ბინძური, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. იყო რა თქმა უნდა, მუქარაც, ბავშვებთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი ამოცანა რაც იყო, ბავშვები და მეუღლე გამერიდებინა სიტუაციას. ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რაიმე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში და მაქსიმალურად პირველი ამოცანა იყო ბავშვები გამერიდებინა სიტუაციას. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი იყო ძალიან აგრესიული, იგინებოდა, ილანძღებოდა და ნაწილმა სცადა მისი შეჩერება, ვინაიდან კაფის მუშაობა პარალიზებული გახდა.

    ფაქტი აღიკვეთა, ეს პიროვნება დაკავებულია, თუმცა ჩემი ინფორმაციით, ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და არა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. მე გამოვიკითხე, მივეცი ჩვენება, მეც და ჩემი ოჯახის წევრმა, ჩემმა მეუღლემ. ამ საკითხს მე ვუყურებ სამართლებრივად, ჩემი თმენის ვალდებულება მეტის უფლებას არ მაძლევს, რომ პოლიტიკურ შეფასებაში შევიდე. ეს პიროვნება ფაქტია, რომ პოლიტიკურად ანგარიშსწორებას ცდილობდა.ამ ადამიანს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ. გარკვეული ინფორმაციები ეტაპობრივად გავიგე მეც, ისევე როგორც თქვენ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

  • საქმის მასალებში არ იკვეთება ფულის გათეთრების დანაშაული-ომბუდსმენი ხაზარაძის საქმეზე

    თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას ავრცელებს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „2020 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. აღნიშნული დოკუმენტი აერთიანებს ბრალდების საქმის მასალების 33 ტომის სრულად გაცნობის შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ საკვანძო კითხვის ნიშნებს, რომელზე მსჯელობასაც, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ ყურადღება უნდა დაუთმოს.

    სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ეყრდნობა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დანაშაულის შინაარსობრივ, სტრუქტურულ და მიზნობრივ ანალიზს. დოკუმენტში განხილულია თუ რატომ არის ფულის გათეთრება კონვენციური წარმომავლობის დანაშაული, რა სპეციალური წინაპირობები, სქემა და მიზანი ესაჭიროება ამ დანაშაულის ჩადენას და რატომ უნდა განიმარტოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებული შესაბამისი ნორმა მისი ავტონომიური შინაარსის მიხედვით.

    სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს უშუალოდ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების საქმეს. დოკუმენტის თანახმად, საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქმედება ჩაითვალოს ფულის გათეთრების დანაშაულად. კერძოდ:

    პრედიკატული დანაშაულის ჩადენა:

    უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესის დაწყებამდე აუცილებელია არსებობდეს უკანონოდ მოპოვებული „შავი ფული“, რომლის ფულად-საკრედიტო სისტემაში ინტეგრაციას ცდილობს დამნაშავე. პრედიკატული დანაშაული, როგორც წესი, რეგულარულ, არაერთგზის დანაშაულს გულისხმობს. თუმცა, მოცემულ საქმეში არ იკვეთება არათუ მსგავსი განმეორებადი, არამედ თუნდაც ერთჯერადი წინასწარი, პრედიკატული დანაშაულის ჩადენა.

    ფულის გათეთრების სქემა:

    ზოგადად, ფულის გათეთრების სქემა სამ ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა ბანკის როგორც წესი, სხვადასხვა ანგარიშებზე განთავსდება, შემდგომ მრავალი წვრილმანი გადარიცხვა სრულდება, რათა მაკონტროლებელმა ორგანოებმა აღნიშნული თანხის წარმომავლობის დადგენა ვეღარ შეძლონ, ბოლოს კი თანხა დამნაშავის საბანკო ანგარიშზე ბრუნდება.

    საქმის მასალების მიხედვით კი, ბრალდებულებს მიღებული თანხა არ განუთავსებიათ სხვადასხვა ანგარიშებზე, არ დაუშლიათ მცირე ერთეულებად კონტროლისთვის თავის არიდების მიზნით, არ განუხორციელებიათ წვრილმანი გადარიცხვები და ამავდროულად, საქმიდან საერთოდ არ იკვეთება თანხის მათ ანგარიშზე უკან დაბრუნება, რაც დანაშაულის ჩადენის მთავარ მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

    ამრიგად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პროცესის მიმდინარეობისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლო უნდა დაეყრდნოს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით დამკვიდრებულ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკას, რომელიც ზემოაღნიშნული ელემენტების არსებობის აუცილებლობაზე მიუთითებს.

    სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით სასამართლოს ასევე წარედგინა ფულის გათეთრების სხვა ეკონომიკური დანაშაულებისგან გამიჯვნისა და სისხლისსამართლებრივი ნორმის სწორი განმარტების მიდგომის შესახებ მსჯელობა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი დაეხმარება სასამართლოს წინამდებარე საქმის სამართლიან შეფასებასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • „იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია. ეს ვნებს საქართველოს.ივანიშვილი რუსეთს აწონებს თავს“– დასავლელი ექსპერტების მწვავე შეფასებები ანაკლიის პროექტის ჩავარდნაზე

    „მე გამოვხატე იმედი, რომ საქართველო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს დაასრულებს. მისი განხორციელება გააძლიერებს საქართველოს კავშირს თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მისცემს საქართველოს საშუალებას მოექცეს რუსეთის და ჩინეთის ეკონომიკური გავლენის ქვეშ“, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 2019 წელს საქართველოს მაშინდელ პრემიერთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას. ამერიკის პირველმა დიპლომატმა, მკაფიო მესიჯით მოუწოდა თბილისს პორტის პროექტი არ შეეჩერებინა.

    თუმცა, მიუხედავად ვაშინგტონის გზავნილისა, გასულ კვირას, საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ პორტის მშენებლობის კონტრაქტი შეუჩერა, რაც ბევრის შეფასებით პროექტის ფაქტობრივ ჩავარდნას უდრის და მის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. კითხვაზე, თუ როგორ აისახება ეს ნაბიჯი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი ამბობს, რომ ეს არა მარტო ვაშინგტონის უკმაყოფილებას გამოიწვევს, არამედ ასევე უარყოფითად აისახება საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე.

    „ვაშინგტონი ამ ნაბიჯით უკმაყოფილო იქნება. ეს ერთპიროვნული გადაწვეტილებაა და ნამდვილად არ უწყობს ხელს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. მიუხედავად იმისა, თუ რა იყო ამ ნაბიჯის მიზეზი: ის რომ ივანიშვილი რუსეთს აწონებს თავს, ან უბრალოდ სურს პროექტის შეჩერება, ეს ცუდ მესიჯს უგზავნის ინვესტორებს და იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ საქართველოში ნამდვილი ეკონომიკური რეფორმები და განვითარება იხილონ“, – ამბობს ჯონ ჰერბსტი, „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის პროგრამების ხელმღვანელი.

    ჰერბსტის თქმით ამ საკითხს ამერიკის მთავრობა ქართველ პარტნიორებთან დააყენებს.

    „ქართული ოცნების“ ოპონენტები გადაწვეტილებას ერთი ვერსიით რუსეთის ინტერესებს, მეორე ვერსიით კი “თი-ბი-სი ჰოლდინგის” თანადამფუძნებელთან, მამუკა ხაზარაძესთან დაპირისპირებას უკავშირებენ. თუმცა მთავრობა კონსორციუმისთვის კონტრაქტის შეჩერების მიზეზზე საუბრისას, ამბობს, რომ კონსორციუმმა „დაამტკიცა, რომ ვერ შეძლებს პროექტის განხორციელებას“.

    თუ გადაწვეტილების მიზეზი რუსული ფაქტორი, ან შიდა პოლიტიკური გათვლებია, ეს საკითხს „განსაკუთრებით პრობლემატურს“ ხდის, – ამბობს ჯონათან კაცი, „გერმანიის მარშალის ფონდიდან”.
    „ანაკლია საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობის, უსაფრთხოების და დასავლელ პარტნიორებთან გაღრმავებული ინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტია. ეს პრიორიტეტული პროექტია თბილისის პარტნიორებისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ პირდაპირი ინვესტიციების და ვაჭრობის გაზრდას საქართველოსთან. განსაკუთრებით პრობლემური იქნება, თუ ანაკლიის გარშემო გადაწვეტილება მიღებული იქნა კრემლის ზეწოლის საფუძველზე ან შიდა პოლიტიკური გათვლებიდან გამომდინარე, რადგან საქართველო საჭიროებს ეკონომიკური მდგრადობის განმტკიცებას. საქართველოს აქვს შესაშური პოზიცია, რომ იქცეს კონტინენტზე ვაჭრობის ფასილიტატორად. საქართველო უნდა ეცოდოს თავიდან აიცილოს დამაზიანებელი ქმედებები, რამაც შესაძლოა ინვესტორთა ინტერესი გაანელოს და ძალაუფლების გადამეტების შესახებ შეშფოთება გაზარდოს“, – ამბობს კაცი.

    კაცის პოზიციას იზიარებენ სხვა მიმომხილველებიც ვაშინგტონში. ისინი პორტის რეგიონულ მნიშვნელობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ანაკლიის პორტი არა მხოლოდ საქართველოს არამედ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც მომგებიანია. ამასთან, მათი თქმით, პორტის პროექტს, ვაშინგტონისთვის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. პომპეოს განცხადება, ამბობს კარნეგის ფონდის მკვლევარი პოლ სტრონსკი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის ამ პროექტის მნიშვნელობაზე მიუთითებდა.

    „პომპეოს მიერ ამის აღნიშვნა აჩვენებს, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია შეერთებული შტატებისთვის, პროექტში ჩართული ამერიკელი ინვესტორებისთვის და საქართველოს იმიჯისთვის, როგორც დასავლისკენ მიმავალი, რეფორმატორი, უსაფრთხო ქვეყნისთვის ბიზნესის საკეთებლად. ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიმართულება რუსული და ჩინური გეოპოლიტიკური ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა და ამ პორტის ქონა, ამერიკელი ინვესტორებით, ვაშინგტონისთვისმნიშვნელოვანია“, –ამბობს სტრონსკი.

    სტრონსკის თქმით, რუსეთის ფაქტორზე უფრო მეტად, ის გადაწვეტილების უკან პოლიტიკურ მოტივაციას ხედავს.

    „იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია. ეს ვნებს საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის უსაფრთხო ქვეყნის რეპუტაციას, მის იმიჯს, როგორც ადგილის, საიდანაც რეგიონული ოპერაციები შეგიძლია განახორციელო, აჩვენებს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში რეფორმების კუთხით უკუსვლას და პოლიტიზებულ ეკონომიკურ გარემოს. ეს არ არის კარგი საქართველოსთვის. ეს ნაბიჯი საქართველოს იურიდიულ პრობლემებსაც შეუქმნის. ამერიკული ინვესტორები ამას ჩაინიშნავენ, თუ ასეთუ დიდი პროექტის შეთხვევაში შეიძლება მოხდეს მსგავსი რამ, ეს აჩვენებს, რომ შესაძლოა უფრო მომცრო პროექტებსაც შეექმნათ საფრთხე“, – განუცხადა მან “ამერიკის ხმას”.

    საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას სათავეში “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ედგა. პროექტის განხორციელება გამოწვევის წინაშე მას შემდეგ დადგა, რაც კონსორციუმის თანადამფუძნებელი მამუკა ხაძარაძეს წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა.

    ანაკლიის პორტის ინვესტიციების საერთო რაოდენობა, კონსორციუმის ინფორმაციით, 2.5 მილიარდია დოლარია. კონსორციუმის მიზანი აბრეშუმის გზაზე განთავსებულ ბაზრებზე გასვლაა. კონსორციუმში რამდენიმე კომპანია შედის. პროექტის ძირითადი პარტნიორი „თი-ბი-სი“ ჰოლდინგია.

    პორტის პროექტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობს საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი. ის ამბობს, რომ კონსორციუმს და პორტს, მის გარშემო განვითარებული მოვლენების მიღმა, სხვა ინფრასტრუქტურული, კომერციული და პოლიტიკური დაბრკოლებებიც აქვს. მისი თქმით ესაა ტვირთბრუნვა, რკინიგზა და კონკურენცია ფოთის პორტთან. თუმცა კორტნის თქმით ანაკლიის პორტს აქვს პოტენციალი იყოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და ცენტრალური აზიისათვის.

    „იქნება, ეს ფოთის პორტის გაფართოება თუ ანაკლიის პორტის აშენება, ეს ძალიან კარგია მთელი რეგიონისთვის: ჩინეთის საზღვრიდან დაწყებული შავ ზღვაზე საქართველოს საზღვრით დამთავრებული. სტრატეგიული და ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული პროექტი. თუმცა, ამას ჭირდება დიდი გადაწვეტილებების მიღება, რომელიც პროექტის კომერციული წარმატებისკენ უნდა იქნას გადადგმული და არა პოლიტიკური მიზნებისთვის“, – ამბობს უილიამ კორტნი.

    კრიტიკის პასუხად კონსორციუმის ხელმძღვანელი, ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ კონსორციუმს ანაკლიის პორტის კომერციული მხარე შესწავლილი აქვს.

    „ჩვენ კერძო ინვესტორები ვართ. პროექტის კომერციულობის ძალიან დეტალური შესწავლა გავაკეთეთ, პროექტში 75 მილიონის ინვესტიციას არ განვახორციელებდით კომერციულად მომგებიანი რომ არ იყოს. ჩვენ ამ პროექტთან მიმართებაში პოლიტიკური დატვირთვა არ გაგვაჩნია “, – ამბობს ის.

    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ პორტის კონტრაქტის ჩამორთმევის გარშემო საუბარი უკვე დიდი ხანია გრძელდება. გასული კვირის გადაწვეტილებით „ქართულმა ოცნებამ“ ეს ნაბიჯი ოფიციალურად გადადგა. მოახერხებს თუ არა მთავრობა და კონსორციუმი პროექტზე შეთანხმებას, ამ დროისთვის უცნობია.

    თუმცა, ვაშინგტონში, ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა და პოლიტიკურმა ნაბიჯებმა, საქართველოში ეკონომიკური გარემოს თავისუფლების შესახებ კითხვები გააჩინა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოს მედიასივრცე შეარყია-Human Rights Watch

    ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ ივლისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელმაც „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ საქმეში სამართლიანი სასამართლოს გარანტიის დარღვევა ვერ აღმოაჩინა, საქართველოს მედიასივრცე შეარყია, – ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ადამიანის უფლებების 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი. 

    „გადაწყვეტილების შედეგად, ტელევიზია ყოფილ მფლობელს – ქიბარ ხალვაშს გადაეცა, რომელმაც განაცხადა, რომ 2006 წელს ის აიძულეს, ტელევიზია საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად გაეყიდა. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ვარაუდობს, რომ სარჩელი ტელევიზიის ხელში ჩაგდების მიზნით ხელისუფლების მიერაა ორკესტრირებული.ხ ალვაშმა ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია დანიშნა, რომელმაც პირობა დადო, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ჩაერეოდა, თუმცა პაატა სალიამ მალევე გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები, პოლიტიკური და გასართობი გადაცემების წამყვანები და ამის მიზეზად ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ მათი საჯარო განცხადებების გამო შექმნილი ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა. ამ ნაბიჯის შემდეგ ტელევიზია თითქმის მთელმა ნიუსრუმმა დატოვა, რამაც მაუწყებლობის დროებით შეწყვეტა გამოიწვია.

    აგვისტოში გენერალურმა პროკურატურამ ნიკა გვარამიას ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენა და განაცხადა, რომ მან ყალბი სარეკლამო შეთანხმების გაფორმებით ტელევიზიას 7,2 მილიონი ლარი დააკარგვინა. სასამართლომ გვარამიას გირაოს სახით 40,000 ლარის გადახდა დააკისრა,“- აღნიშნულია Human Rights Watch-ის ანგარიშში.

  • ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი შახტაში ჩავარდა-დაშავებულია 2 ადამიანი

    ბათუმში, პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი შახტაში ჩავარდა. დაშავებულია დედა-შვილი, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    არსებული ინფორმაციით, ლიფტი მე-11 სართულიდან ჩავარდა. 

    მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას წესების დარღვევას გულისხმობს.

  • ცნობილია პირი, ვინც ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

    პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, რუსთავი2–ის ინფორმაციით წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად “ლელოს” აქტივისტი, 2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

    შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

    რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

    დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

    დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკურად ბათურიანში გაუსწორდნენ, სადაც ერთ ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა. რუსთავი2–ის ინფორმაციით ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.