Category: ახალი ამბები

  • თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    დღეს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

    კომპანიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, ქერჩის, წყაროთუბნის და ხევისპირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონი, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოლოღაშვილის, კუკური გოგიაშვილის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, ირინა ენუქიძის და გივი კვიჭიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ოთარ ჭილაძის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო,11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს“

  • მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა სწრაფად და საშიშად იზრდება

    1950-2019 წლის პერიოდების გაანალიზების შემდეგ მსოფლიო მეცნიერთა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ მსოფლიო ოკეანის ტემპერატურა 2019 წელს 0.007 გრადუს ცელსიუსით უფრო მაღალი იყო, ვიდრე საშუალო ტემპერატურა 1981–2010 წლებში.

    ეს შეიძლება უმნიშვნელო დათბობად მოგვეჩვენოს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ ოკეანეების უზარმაზარ მოცულობას, ეს მცირედი მატებაც სითბოს უზარმაზარ ნაკადს გამოიწვევს, რომელიც 228 სექსტილიონი ჯოულის ექვივალენტია. მეცნიერების დასკვნები ამ თემაზე გამოცემა journal Advances in Atmospheric Sciences–ში გამოქვეყნდა.

    საკმაოდ რთული ციფრების კონტექსტუალიზაციისთვის კვლევის მონაწილე ერთ–ერთმა მეცნიერმა სცადა მათემატიკურად ამ მოცემულობის ათვლის წერტილად აფეთქების ძალა აეღო და ის 1945 წელს ხიროსიმაში ჩამოგდებული ატომური ბომბის მიერ გამოყოფილი ენერგიის რაოდენობისთვის შეედარებინა.

    მეცნიერის განცხადებით ატომური ბომბი ხიროსიმაში 63 000 000 000 000 ჯოულის ტოლი ენერგიით აფეთქდა.

    იმ სითბოს მოცულობა კი, რასაც ჩვენ მსოფლიო ოკეანისკენ მივმართავთ ბოლო 25 წლის განმავლობაში, 3.6 მილიარდი ხიროსიმას ბომბის ტოლია.

    ეს საშუალოდ ოთხი ხიროსიმას ატომური ბომბია, რომელიც ბოლო 25 წლის მანძილზე ყოველდღიურად, ყოველ ერთ წამში ხვდება ოკეანეში. თუმცა უფრო საგანგაშო ის არის, რომ მაჩვენებელი სტაბილურად იზრდება.

    თუ ატომური ბომბის ერთეული შედარებისთვის მეტისმეტად აბსტრაქტულ ერთეულად გეჩვენებათ, 2019 წელს ოკეანისკენ მიმართული სითბოს ნაკადის სხვა ექვივალენტს შემოგთავაზებთ: წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ ადამიანს მუდმივად 100 თმის საშრობი ფენი აქვს ოკეანისკენ მიმართული.

    მეცნიერები ნაკლებად ტექნიკური ტერმინითაც გვიხსნიან, რომ ოკეანისკენ მიმართული ტონობით ენერგია უდიდეს გავლენას ახდენს გარემოზე. ყინული უფრო სწრაფად დნება და ზღვის დონის აწევას იწვევს. დელფინები და ზღვის სხვა ბინადრები იხოცებიან, იმიტომ რომ შეცვლილ გარემოსთან ადაპტირებას ვერ ახერხებენ. პლანეტაზე უარყოფით გავლენას ახდენს ტემპერატურის გამო ოკეანის ზედაპირიდან ატმოსფეროში აორთქლებული წყლის რაოდენობაც.

    ამის გამო ქარიშხლები და ტაიფუნები უფრო ძლიერდება, წვიმები კი უფრო ინტენსიური ხდება – ამბობენ კვლევის ავტორები.

    მეცნიერები მოგვიწოდნებენ გვახსოვდეს, რომ დაყოვნების ყოველი წამი, რომელიც ხელს უშლის გადამწყვეტი ზომების მიღებას სიტუაციის გამოსასწორებლად, მძიმე შედეგებს აახლოვებს.

  • ცემა, დამცირება, შიმშილი…36 წლის ქალმა ქმრის ძალადობის გამო თავი მოიწამლა

    გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა შეიყვანა 36 წლის ქალი, რომელსაც ფაქტობრივად, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი საკუთარი საცხოვრებელი სახლის სარდაფში ნახეს. თვითმკვლელობა ქალმა მას სცადა, რაც  ქმარმა სარდაფში გამოკეტა და  ფიზიკურად იძალადა.

    45 წლის მამაკაცი, რომელიც საკუთარ ცოლზე სისტემატურად ძალადობდა, დაკავებულია. ის ცოლს სცემდა, სარდაფში ამწყვდევდა, აშიმშილებდა და ეს ყველაფერი მცირეწლოვანი ბავშვის თვალწინ ხდებოდა.

    სოფელ შინდში ამის შესახებ, როგორც ჩანს, იცოდნენ, თუმცა დუმილს ამჯობინებდნენ. ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ძალადობის მსხვერპლმა ქალმა თავი მოიწამლა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

    20 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე, ქმრისგან ცოლზე ძალადობის ფორმები უმძიმესი იყო. უკვე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის დროს, მეზობლები ისევ დუმილს ამჯობინებენ და დეტალებს მხოლოდ პირად საუბრებში ყვებიან.

    სავარაუდო მოძალადესაც და მსხვერპლსაც ორი შვილი ჰყავთ, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. არსებული ინფორმაციით, ქალზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც სწორედ შვილების თანდასწრებით ხდებოდა, რასაც ბევრი თვითმხილველი ჰყავდა. გამოძიებას დაკავებულის დანაშაულის მამხილებელი ჩვენება  აქვს, თუმცა თავად დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს. 

    დაკავებულის ოჯახი ქალს, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ძალადობის პროვოცირებაში ადანაშაულებს. ამას ამტკიცებენ იმით, რომ 45 წლის მამაკაცი რამდენიმე ინციდენტის დროს პოლიციაში თავად მივიდა და სამართალდამცველებს ოჯახური ძალადობის ამბავზე რეაგირება სთხოვა.

    გამოძიებამ უკვე დაკითხა ქალი, რომლის მდგომარეობა ექიმების ჩარევის შემდეგ დასტაბილურდა.

    გამოძიება დაკავებულს სამი  მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება. ასევე, სავარაუდოა, რომ მოკვლევა დაიწყოს იმ ადამიანების წინააღმდეგაც, რომელთაც დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ქონდათ, თუმცა დანაშაულს მალავდნენ.

  • მოსამართლემ თქვა, რომ ივანიშვილის ცენზურას უნდა დავემორჩილოთ-ნინო ჯანგირაშვილი

    სასამართლომ  ტელეკომპანია “კავკასიის”სარჩელი  კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ  არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს. ჯანგირაშვილი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს კახა  ბექაურს ივანიშვილის მედიაჯალათს უწოდებს, რომელიც მედიის გაკონტროლებას ცდილობს და კანონს ყოველდღიურად არღვევს.

    “ისედაც კი იცით ყველამ, რა კატასტროფა გვჭირს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ მაინც: სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა კავკასიის სარჩელი კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ. ვასაჩივრებდით არა ჩვენს პირად პრობლემას, არც ჯარიმას, არც რამე მყისიერ უბედურებას ტელევიზიისთვის. იყო გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა კანონის დარღვევით,პრეცედენტული საქმე. ბექაურმა თავზე გადაიხია კანონი და თქვა, რომ თვითონ არის კანონი, როცა უნდა ჩაერევა ტელევიზიების საქმიანობაში და რასაც უნდა იმას იზამს. მოსამართლემ თქვა, რომ დიახაც, ასეა და ბექაურის, ანუ ივანიშვილის ცენზურას უნდა დავემორჩილოთ. ჩვენი მხრიდან ეს იყო ტესტი, რამდენად ცუდად არის საქმე და რამდენად ყოვლისმომცველია ივანიშვილის ბოროტება. დიახ, ძალიან ცუდად არის საქმე, უცუდესად და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კოშმარი დასრულდეს,”- აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი.

    ტელეკომპანია “კავკასია” კომისიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომლითაც მან ტელევიზიები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს განთავსებული პოლიტიკური სარეკლამო რგოლების გამო დაასანქცირა. კომისიამ პოლიტიკური რეკლამის შინაარსის დასარეგულირებლად რეკლამის შესახებ კანონი გამოიყენა, როცა კანონში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიკური რეკლამა რეკლამის კანონით არ რეგულირდება. კავკასიის დირექტორი აცხადებდა, რომ კახა ბექაურმა კანონის სრული იგნორირება მოახდინა და პრეცედენტი შექმნა, რათა სამომავლოდ ტელეკომპანიების საქმიანობაში უფრო აქტიურად და პირდაპირ ჩაერიოს.

  • ყაჩაღობა ქობულეთში- სოკარის ოფისში დაცვის თანამშრომელი დააბეს

    ყაჩაღობა ქობულეთში- “სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას” ფილიალში უცნობი პირი შეიჭრა და დაცვის თანამშრომელი დააბა. ინფორმაციას “ტვ 25” ავრცელებს.

    თავდამსხმელმა  სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხა. კომპანიის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუმცა რა რაოდენობის თანხა არის წაღებული უცნობია.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

  • ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!-სარალიძე შოთაძის შესაძლო დაბრუნებაზე

    “ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა”-ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძის გენპროკურორის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!
    ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

    ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.
    ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა.
    ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

    დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს
    და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

    ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!”-წერს სარალიძე.

  • ბათუმში, ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

    ბათუმში, მე-5 სართულიდან ქალი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

    შემთხვევა დღეს  მოხდა. გარდაცვლილი ქალი 31 წლის იყო.

    ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • პრინცი ჰარის პირველი განცხადება ოჯახური სკანდალის შემდეგ

    სასექსის ჰერცოგმა დუმილი დაარღვია და სამეფო ოჯახის უფლებამოსილებებზე უარის თქმის შესახებ ცოლთან ერთად გავრცელებული სკანდალური ინფორმაციის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.
    დედოფლის შვილიშვილი დღეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრაში მონაწილეობს. ღონისძიება ბუკინგემის სასახლეში ჩატარდება. ჰარიმ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომელიც ოჯახური კრიზისის შემდეგ მისი პირველი საჯარო განცხადებაა.

    მან მოუწოდა ადამიანებს, რომლებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებთ, გულახდილად ისაუბრონ ამის შესახებ. ჰარი მოუწოდებს მამაკაცებს არ დამალონ საკუთარი დეპრესია.

    “მარტო ფიზიკური ჯანმრთელობა არ არის მნიშვნელოვანი. უფრო მნიშვნელოვანია გონებრივად იყო ძლიერი. რაგბის ლიგაში ითვლება, რომ სასტიკი უნდა იყო. არ შეგიძლია საკუთარი გრძნობების გამოვლენა, რომ უნდა გაიღიმოთ და მოითმინოთ ყველაფერი. ფსიქიკური ჯანმრთელობის ქარტია დაგვეხმარება რეალურ პროგრესში და სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაში“ – განაცხადა ჰარიმ ვიდეომიმართვაში.

    რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი მსხვილი საერთაშორისო სპორტული მოვლენა, რომელმაც გონებრივი ჯანმრთელობის ქარტიის პროექტი ჩაუშვა. რაგბის ფედერაციამ საკუთარ თავზე აიღო ვალდებულება ასწავლოს მოთამაშეებს, მწვრთნელებს და თანამდებობის პირებს, როგორ უნდა იზრუნონ საკუთარ და გარშემომყოფთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

    ჰარი რაგბის ლიგის მფარველად ითვლება. “რაგბის ლიგა ეს მხოლოდ სპორტი არ არის. ეს არის თანამეგობრობა. ის თანამებრძოლებზე ზრუნავს. ბევრი წლის განმავლობაში ვცდილობდი მიმეღწია გონებრივი განვითარების წახალისებისა და მხარდაჭერისთვის. დაჟინებით ვმუშაობდი, რათა სპორტსმენების პოზიტიური აზროვნებისთვის მიმეღწია. ამიტომ ვამაყობ 2021 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გონებრივი განვითარების ქარტიის მხარდაჭერით“ – განაცხადა ჰარიმ.

    პროგრამა გულისხმობს სემინარებს 8000 ახალგაზრდა მოთამაშისა და მათი ოჯახებისთვის, ასევე მწვრთნელების მომზადებას. 21 ქვეყნის წარმომადგენელი ჩემპიონატის მონაწილე წახალისებას მიიღებს იმისათვის, რომ სამშობლოში დაიწყოს ამ ტიპის მომზადება და შეიმუშაოს ანალოგიური სქემები საკუთარ თემში.

    პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი 12 და 15 წლის იყვნენ, როცა მათი დედა, პრინცესა დაიანა დაიღუპა. მას შემდეგ ლედი დის უმცროს შვილს არაერთხელ უსაუბრია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე და საკუთარ შინაგან ბრძოლებზე.

  • ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა თბილისში – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

    ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელ დიღომში და ვაზისუბანის დასახლებაში დაფიქსირდა ცოფის ვირუსის ორი შემთხვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

    „ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების ბუნებრივი ლეტალობის შემდეგ, ცოფის ვირუსის გამოსავლენად, ცხოველების პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად დადასტურდა ცოფის ვირუსის არსებობა. აღსანიშნავია, რომ ვირუსი ორივე შემთხვევაში პატრონიან ძაღლს გამოუვლინდა.

    ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, საკუთრებაში მყოფ შინაურ ცხოველებს (ძაღლი, კატა) ჩაუტარონ ანტირაბიული ვაქცინაცია, პირველ ჯერზე 3 თვის ასაკში და შემდეგ, ყოველწლიურად.

    განსაკუთრებით საყურადღებოა ანტირაბიული ვაქცინაციის დროულად ჩატარების აუცილებლობა მონადირე ჯიშის ძაღლების შემთხვევაში, რომლებიც უშუალო შემხებლობაში არიან გარეულ ცხოველებთან.

    ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, როგორც შინაურ ცხოველებში ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისა და ვირუსის პრევენციისათვის, ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის.

    2019 წელს თბილისში ცოფის ვირუსის ექვსი, ხოლო მიმდინარე წელს ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ცოფის ვირუსთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებებს ერთობლივად განახორციელებენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეგობარ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელა

    შიდა ქართლის პოლიციამ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო შენახვა-გავრცელებისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით 1 პირი დააკავა
    შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თ.გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, ინტერნეტის საშუალებით მისი გამოყენებისა და გავრცელების, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ყოფილ მეგობარ ქალს – 2001 წელს დაბადებულ ა.გ.-ს შერიგებას სთხოვდა და სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც თ.გ.-ს მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

    ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერის პირობები, კვლავ სთხოვდა ა.გ.-ს შერიგებას, უარის მიღების შემდეგ კი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში უკანონოდ ატვირთა და გაავრცელა.

    პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის, გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

    დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.