Category: ახალი ამბები

  • სამთავრობო ცვლილებები ჰგავს მიცვალებულის სასაფლაოდან სასაფლაოზე გადასვენებას – ნათელაშვილი

    „ეს სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას“,- ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ვიდეო-მიმართვაში განაცხადა.

    მისი თქმით, ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დარჩეს ხელისულებაში.

    „ჩვენ თუ მიცვალებულს გადავასვენებთ კუკიის სასაფლაოდან ვერის სასაფლაოზე, ამით მიცვალებულის ბიოგრაფიასა და საქმიანობაში არაფერი შეიცვლება, ისევე როგორც მისი ჭირისუფლების. ეს სამთავრობო ცვლილებები ჰგავს სწორედ სასაფლაოდან სასაფლაოზე მიცვალებულთა გადასვენებას,.

    ივანიშვილი ყველა ძალას ხმარობს, რომ დარჩეს ხელისულებაში, მაგრამ წინასწარ ვეუბნები ვერანაირი კოსმეტიკური ცვლილებები, ახალი სახეების მოყვანა თუ ძველი სახეების დაბრუნება მას ვერ გადაარჩენს. ისტორიას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • დააკავეს ირანის მოქალაქე, რომელმაც თბილისში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა

    პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი  გახსნა – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღაბის მიზნით, ამავე ჯიხურის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    შსს–ს ინფორმაციით სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.

    პოლიციამ ჰ.მ.-ს თანამზრახველის ვინაობა დაადგინა და მისი დაკავების მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

    გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, ყველაზე შემოსავლიანი ტვ იყო, ახლა – მაჩანჩალაა”-გვარამია

    “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი მის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დავას სოციალურ ქსელში ეხმაურება. გვარამია იმ მიღწევებზე საუბრობს, რომელიც მისი დირექტორობის დროს ტელეკომპანიას ჰქონდა.

    “სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, ნდობის რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 28% იყო (38%იც ყოფილა), ახლა – 12%ია (ჩემი 4 თვის ტვ-ს 18%ის საპირისპიროდ)

    • სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 პირველ ადგილზე იყო რეიტინგებში, ახლა – მესამეა თითქმის გამესამედებული რეიტინგით (ჩემივე შექმნილი 4 თვის ტვ უგებს 25 წლის ფლაგმანს)

    • სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 ყველაზე შემოსავლიანი ტვ იყო, ახლა – მაჩანჩალაა და ბიძინა როდის ჩაასხამს ფულს, იმას ელოდება წყალობასავით

    • სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, ჩემი გაყიდვების სახლი ყიდდა იმედის სარეკლამო დროს, ახლა პირიქით – რ2 მიეტმასნა იმედის გაყიდვების სახლს და ერთ დროს თავისი მთავარი კონკურენტის მათხოვრის მდგომარეობაშია

    • სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2ის რეიტინგებს ერთადერთი დამოუკიდებელი მზომელი, ნილსენი ზომავდა, ახლა – ნილსენიდან გამოვიდა და იმედის შექმნილ (დაუშვებელი ინტერესთა კონფლიქტია) რეიტინგების დამწერ (და არა მზომელ) კომპანია კანტარზე გადავიდა, სადაც, ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვნად დაბალი რეიტინგი აქვს (ისედაც ხო რაღა დარჩა)

    • სანამ მე ვიყავი რ2ის დირექტორი, რ2 ქვეყნის მთავარი არხი იყო, დღეს – უბრალოდ იმედის დაბალრეიტინგული გაგრძელებაა

    ხოდა, ამ ყველაფრის ფონზე, დღეს მე მასამართლებენ, როგორც არხისთვის ზიანის მიმყენებელ დირექტორს, არხის “ამყვავებელი” დღევანდელი დირექტორის – პატასალიას მიმართვის საფუძველზე. ეს ყველაფერი რომ გადაივლის, ამ ლოგიკით, რა ბედი უნდა ეწიოს მოქმედ მენეჯმენტს და მესაკუთრეს, ხომ არ იცით შემთხვევით?”-წერს გვარამია.

  • პატრიარქმა კიდევ 500-მდე ბავშვი მონათლა

    პატრიარქმა კიდევ 500-მდე ბავშვი მონათლა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. პატრიარქს სულ 40909 ნათლული ჰყავს.

    „ა.წ. 14 იანვარს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 62-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა.

    ამჯერად მისი უწმინდესობის ნათლული 500-ზე მეტი ბავშვი გახდა. დღეისთვის სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს 40909 ნათლული ჰყავს“ – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ  განცხადებაში.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8818 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0037 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2002 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2158 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 18 იანვარს შევა.

  • სასამართლომ „რუსთავი2-ის” საქმეზე დვალი-აქიმიძის სარჩელი არ განიხილა

    სასამართლომ „რუსთავი2“-ის საქმეზე დვალი-აქიმიძის სარჩელი განუხილველად დატოვა – ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

    „2020 წლის 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მოსარჩელეების ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის (წარმომადგენელი – კახა კოჟორიძე) სარჩელი, მოპასუხეების ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის თაობაზე განუხილველად დატოვა.

    სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმის მასალები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცვა, კერძოდ სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისთვის ჩაბარება და კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ან/და ჩაუბარებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების სასამართლოში წარმოდგენა.

    მოსარჩელის მხრიდან კანონით დადგენილი ნორმის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სასამართლომ მოცემულ საქმეზე გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორის ქიბარ ხალვაშის კუთვნილ 60% წილს.

    სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მხარისათვის მისი ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში“ – წერია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

  • უმრავლესობამ ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება ცნო

    უმრავლესობამ პარლამენტში ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება ცნო.

    გადაწყვეტილება დეპუტატებმა 75 ხმით 2 ის წინააღმდეგ მიიღეს. 

    რიგგარეშე სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

  • “ბოლო სერიაში მთავრობის ეს წევრები მარტო რჩებიან სადღაც უკაცრიელ კუნძულზე, სადაც აღარავინ არის მათი პატრონი”- კობერიძე

    ბოლო სერიაში ალბათ, მთავრობის ეს წევრები რჩებიან მარტო, სადღაც უკაცრიელ კუნძულზე, სადაც აღარავინ არის მათი პატრონი,- ამის შესახებ ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ის მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

    მისივე თქმით, თუ ასეთი ცვლილებები იქნება, ამას მოქალაქეებისთვის არანაირი შედეგი არ მოჰყვება და ამას “ქართული ოცნება” მხოლოდ არჩევნების კონტექსტში თუ განახორციელებს.

    “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სამთავრობო ცვლილებებს. შეკითხვა უნდა დავსვათ, მოაქვს თუ არა მოქალაქეებისთვის უკეთესობა სამთავრობო ცვლილებებს? მამუკა ბახტაძე რომ შეცვალა გახარიამ, ამან რა სიკეთე მოუტანა მოქალაქეებს?- არც არანაირი! უარესობისკენ წავიდა პირიქით საქმე. ახლა თუ გახარიას ბიძინა ივანიშვილი ამ სხვა ნებისმიერი შეცვლის, რა შეიცვლება ამით მოქალაქეებისთვის? -არაფერი! ნებისმიერი ასეთი გადაადგილება წინასაარჩევნოდ, იქნება უბრალოდ მცდელობა, რომ ცოტა უკეთ გამოიყურებოდნენ არჩევნების წინ. თუმცა, ბიძინა ივანიშვილის მობრუნება ამას ხელს შეუწყობს, თუ უარესი იქნება მათი რეიტინგისთვის, ეს არც თუ ისე ცალსახაა და არ გამოვრიცხავ პირუკუ შედეგი გამოიღოს,”- განაცხადა ლევან კობერიძემ.

  • გახარიას განცხადება იყო კაცის, რომელიც „ლაფატკაზე“ ზის-უგულავა

    გახარიას განცხადება იყო ამბივალენტური განცხადება კაცის, რომელიც „ლაფატკაზე“ ზის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.

    „შოთაძეს აბრუნებენ და ჩხენკელი დააბრუნეს და თვითონ ივანიშვილი რომ მობრუნდეს, რა მერე?! ამხელა რესურსი აქვს კაცს და ნორმალური, ახალი ადამიანის მოძებნა აღარ შეუძლია. იმდენად ტოქსიკურები არიან, არავინ აღარ მოდის მათთან სამუშაოდ. როგორ შეიძლება ივანიშვილთან ადამიანი სამუშაოდ მივიდეს? ოდნავ თავმოყვარეობა თუ აქვს ადამიანს, როგორ უნდა იმუშავოს ივანიშვილთან? არ ასხივებს „ქართული ოცნება”, რომ ის გრძელვადიანად იქნება. ამ წლის ბოლოს „ქართული ოცნება” აღარ იქნება“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

    შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიამ ჟურნლაისტების შეკითხვებს უპასუხა.

    „ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ „დაგასპოილეროთ“? დაელოდეთ ფინალურ სერიას“, – განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.

  • შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს ყველანაირი ცეკვების გარეშე-გახარია შოთაძეზე

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა. ჟურნალისტების მეირ დასმულს შეკითხვაზე გახარიამ უპასუხა, რომ  შოთაძე ღირსეული ადამიანია და პროფესიონალი. 

    პრემიერმა მთავარი პროკურორობის კანდიდატს პროფესიონალი უწოდა.

    „საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. ბევრი ღირსეული ადამიანია წარდგენილი, მაგრამ მე ვიცნობ მხოლოდ ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, პიროვნება და ღირსეული პროფესიონალი. მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე,  რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც.  ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე.“, – განაცხადა გახარიამ.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს გუშინ ტექნიკურმა უნივერსიტეტმა  წარუდგინა.