Category: ახალი ამბები

  • ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

    ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ექიმის თქმით, პაციენტს სხეულის 50% აქვს დამწვარი.

    „პაციენტი ბათუმიდან სასწრაფო გადაუდებელმა დახმარებამ გადმოიყვანა და ამჟამად მკურნალობას რეანიმაციის განყოფილებაში გადის. მისი მდგომარეობა მძიმეა. მამაკაცს სხეულის 50% აქვს დამწვარი. იგი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება.მას სპეციფიური ანტიშოკური თერაპია უტარდება“,-განაცხადა გიორგი დავლიანიძემ.

    შეგახსენებთ, გუშინ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ცოლ-ქმარი დაიღუპა, ხოლო მათი შვილი 31 წლის მამაკაცი სხეულის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

  • ეპისკოპოსი მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლებას მომხრეების ქვეყნიდან გასვლით ხსნის

    მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის 50%-მდე ვარდნას ეკლესიის მომხრეების ქვეყნიდან გასვლას უკავშირებს. მისი თქმით, რეიტინგის კლებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და მომხრეების უცხოეთში გასვლა.

    ,,სამწუხარო ფაქტია, ალბათ ყველაფერი მოქმედებს. როგორც ხედავთ, ფაქტია, რომ მოქმედებს ყველაფერი… მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს – ძალიან ბევრი გადის ქვეყნიდან. მოსახლეობა , ფაქტობრივად, გადის და მომხრეებიც შეიძლება გასულები არიან“,- ამბობს ეპისკოპოსი მელქისედეკი.

    16 იანვარს გამოქვეყნებული NDI-ს კვლევის მიხედვით, ეკლესიას დადებითად გამოკითხულთა 50% აფასებს, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 25%-ით ნაკლებია.

  • რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, როგორც შიგნით, ასევე გარეთ – ბოკერია ამერიკელი კონგრესმენის წერილზე

    ამერიკელი კონგრესმენის, რესპუბლიკელი  მარკვეინ მალინის  კრიტიკულ წერილს, რომელიც მან  საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიოგი გახარიას გამოუგზავნა, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აფასებს და თვლის, რომ  წერილი ქვეყნისთვის პარტნიორების მხრიდან მიღებული საგანგაშო სიგნალია, რადგან კონგრესმენები დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაზე, ასევე გაუარესებულ ბიზნეს გარემოზე საუბრობენ.

    “რეჟიმი მრავალმხრივ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის შიგნით ძალადობით, სამოქალაქო მშვიდობის დარღვევით, ჩვენი მტრების პოზიციების გაძლიერებით, საერთო ფულის ფლანგვით. ხოლო გარეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან საქართველოს პოზიციების დასუსტებით, რაც აისახება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და ჩვენს პერსპექტივაზე. ეს გულისხმობს როგორც უსაფრთხოების საკითხს, ასევე ეკონომიკურ ინვესტიციებს რაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რამდენად სწრაფად გამოვალთ ჩვენ სიღარიბიდან და ამ ეკონომიკური სტაგნაციიდან. ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ კაცისა (ბიძინა ივანიშვილი) და მისი კლოუნების ჩამოცილება ხელისუფლებიდან,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

  • “ხელისუფლებას ჩრდილოეთის ვექტორი აქვს აღებული“–მამუკა ხაზარაძის რეაქცია ამერიკელი კონგრესმენის წერილზე

    პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კონრეგსმენ მალინის კრიტიკულ წერილს საქართველოს პრემიერმინისტრისადმი სპეციალური ბრიფინგით ეხმაურება და ამბობს, რომ ასეთი მწვავე შეფასება აშშ-საქართველოს პატიორობას ეჭვქვეშ აყენებს.

    კონრეგსმენმა მარკვეინ მალინმა გიორგი გახარიას ღია წერილი მისწერა, რომელშიც საუბარია დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევაზე, ამერიკული კომპანიებისადმი უარყოფით დამოკიდებულებაზე საქართველოში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შეჩერებაზე.

    მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ასეთი შეფასებები ქვეყნის სტრატეგიული პარტიორის მხრიდან სახიფათოა და მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნებას“ დასავლური ვექტორის ნაცვლად, ჩრდილოეთის ვექტორი აქვს აღებული.

    „ეს არის უკვე მეორე განცხადება, რომელიც კონგრესმენებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთეს. და ეს პრაქტიკულად ეჭვქვეშ აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომისა და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-სა და საქართველოს შორის.

    ქვეყნის ეს კურსი არის აბსოლუტურად აცდენილი ჩვენს სახელმწიფოებრივ კურსს. ეს კურსი არის ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ვერ ამბობს და ვერ ეუბნება უარს თავის პარტიორებს რუსეთში და კრემლში და შესაბამისად, ქვეყანა მიემართება სხვა მიამრთულებით.

    ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლების – ოცნების ხელმძღვანელობით არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე,“ – ამბობს ხაზარაძე.

    მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან აშშ-ს მიმართ მტრული განწყობა იგრძნობა, რაც არის მიზანმიმართული, სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი სპეოპერაცია. 

  • იტალიაში საქართველოს მოქალაქე დეპორტაციის პროცესში გარდაიცვალა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია

    იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. 

    ქართველი ახალგაზრდას გადაცვალების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სადეპორტაციო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

    როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია იტალიაში საქართველოს საკონსულო.

    “ მიღებულია ოფიციალური შეტყობინება, რომ წინასწარი მონაცემებით, მოქალაქე გულის შეტევით გარდაიცვალა და მომავალ კვირაში ჩატარდება ექსპერტიზა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებენ უწყებაში.

  • ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

    ნინოწმინდაში, საკრებულოს თავმჯდომარეს უმბატ კიურეღიანსა და ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ჩხუბის მიზეზი სასმელი წყალი გახდა.

    მოსახლეობა საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ სახელმწიფო მოხელემ წყლის მილს მიმართულება თვითნებურად შეუცვალა და საკუთარ ტერიტორიაზე გაიყვანა. საპირისპირო ვერსია აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც კონფლიქტის მიზეზად, ერთ-ერთ ოჯახთან პირად უთანხმოებას ასახელებს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

    ვითარება ადგილზე იმდენად დაიძაბა, რომ მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ხვალ ქუჩის აქციები დაანონსა.

  • “იმედია თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს“–ამერიკელი კონგრესმენის უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას

    “იმედია თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს“–ამერიკელი კონგრესმენის უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას

    აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი გახარიას, წერილი მიწერა.მარკვეინ მალინი   საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და საუბრობს „პირდაპირი დასავლური ინვესტიციებისთვის გაუარესებულ კლიმატზე, დემოკრატიის პრობლემებზე და მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობაზე.

    “როგორც კონგრესის წევრი ამ წერილს ვწერ იმ მზარდი შეშფოთების გამო, რომელსაც განვიცდი საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და ამასთან დაკავშირებული მისი ეკონომიკური წინსვლის შეჩერების გამო.

    ამ პრობლემების გამო შევუერთდი ჩემი კონგრესმენი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრებს – ადამ კიზინგერის და გერი კონოლის ბოლოდროინდელ წერილს, რომელიც გამოგიგზავნეს 2019 წლის 13 დეკემბერს. რომელშიც გამოთქმული იყო შეშფეთება იმ გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უარყოფილ იქნა დაპირებული დემოკრატიული რეფორმები, ასევე იმ ინფორმაციის გამო, რომელიც ეხება მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობას.

    მიუხედავად საქართველოს პროგრესისა მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბოლო წელმა აჩვენა განგრძობადი ნეგატიური ტენდენცია დემოკრატიის და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენილა ამერიკის შეერთებულ შტატებში.შედეგად საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა იკლო, რადგან აშშ–ს და ევროპული ბიზნეს ინტერესები საქართველოში დევნისა და ექსპროპრიაციის ქვეშ აღმოჩნდა.

    ამის მაგალითია ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან. მეტიც, ამერიკული სოციალური მედიის კომპანია Facebook-მა განაცხადა, რომ მან ახლახანს დახურა ფართო ქსელი ანგარიშებისა, რომლებიც პარტია ქართულ ოცნებასთან იყვნენ დაკავშირებულები და როგორც აღმოჩნდა, ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ოპოზიციური შეხედულებები საქართველოში და გაევრცელებინათ ანტიდასავლური განწყობები, განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.

    ასეთი გაუარესებული გარემო იმაზეც აისახა, რომ როგორც წარმომადგენელთა პალატამ, ასევე სენატმა მიიღო და პრეზიდენტმა დაამტკიცა ზედიზედ ორი, ყოველწლიური საბიუჯეტო კანონი 2019 და 2020 წლებისთვის, რომლებიც ასახავს დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი საბაზრო პრინციპებისა და ამერიკული ბიზნესინტერესების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მზარდ ანტაგონისტურ ქმედებებს.

    პირველად თანამედროვე საქართველოს ისტორიაში თქვენი ქვეყანა აშშ-ის საბიუჯეტო კანონებზე მსჯელობისას უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა.

    იმ უარყოფითი ტენდენციიდან გამომდინარე, რომელიც მე აღვწერე და ამ ტენდენციის შესაჩერებლად სულ უფრო ხშირად გამოითქმის შეშფოთება, ასევე მოწოდებები სანქციებისა და სხვა სადამსჯელო ზომების შესახებ. მე რეფორმის შესახებ ამ მოწოდებას ვუერთდები და ამ წლის დასაწყისში აშშ-ის წარმომადგენლობით პალატაში საქართველოში პატიოსანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი წარვადგინე.

    იმედი მაქვს, რომ საქართველო გააგრძელებს ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ და იმოქმედებთ სწრაფად იმ შეშფოთების საპასუხოდ, რომელიც ეხება საფრთხეებს დემოკრატიისთვის და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომლებსაც ქართველი ხალხი ასე ძლიერ იმსახურებს ”– ნათქვამია კონგრესმენის წერილში, რომელიც მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე 17 იანვარს გამოაქვეყნა.

  • ტრამპების ოჯახი ფლორიდაში გაემგზავრა.მელანიას მშვენიერი ჩაცმულობა კვლავ ყურადღების ცენტრშია

    შემოდგომა–ზამთრის ყველაზე ლამაზი “ლუქების ჩვენებას“ მელანია ტრამპი ტრადიციულად თეთრი სახლის წინ მდელოზე აწყობს. მელანიას დღემდე საპატიო ადგილი უკავია სახელმწიფოს მეთაურთა ყველაზე ელეგანტური ცოლების სიაში.

    შაბათ–კვირას ტრამპების ოჯახი ვაშინგტონიდან ფლორიდაში გაემგზავრა უმცროს შვილთან, ბარონთან ერთად. თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მელანია რამდენიმე წუთით გამოჩნდა კამერების ობიექტივის წინ Ralph Laurent–ის ღია ლავანდისფერ პალტოში, რომლის შიგნიდან მუქი იასამნისფერი სვიტრი მოუჩანდა.

    აღნიშვნას იმსახურებს პრეზიდენტის ოჯახის უმცროსი წევრის სიმაღლე. 13 წლის ასაკში ბარონი მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ დედაზე ერთი თავით მაღალია. როგორც ჩანს, მას დედისგან მემკვიდრეობით ერგო მოდის სიყვარული და სტილის შეგრძნება. მისი ჩაცმულობა ამის მტკიცებულებაა.

  • “არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით” – რა სახელს არქმევენ ილო ბეროშვილი და ანი ბებია შვილს

    მსახიობი ილო ბეროშვილი, რომელსაც წინა ქორწინებიდა ორი გოგონა ჰყავს, ბიჭის მამა გახდება. ის და მსახიობი ანი ბებია შვილს ელოდებიან.

    როგორც აღმოჩნდა, წყვილმა ბავშვის სახელი უკვე დიდი ხანია შეარჩია. ანი ბებიამ  “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ბიჭი იქნებოდა თუ გოგო, მაინც ამ სახელს დაარქმევდნენ.

    “სახელი დიდი ხანია შერჩეული გვაქვს. არ ჰქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი. მაინც ამ სახელს დავარქმევდით. ჩემი გადაწყვეტილებით, ვარქმევთ ჯერის” – ამბობს ანი ბებია.

  • ჯიჯი ჰადიდი ვაინშტეინის საქმეში შესაძლოა ნაფიცი მსაჯული გახდეს

    სექსუალური შევიწროების მრავალი შემთხვევის გამო ბრალდებული ჰარვი ვაინშტეინის საქმის სასამართლო განხილვაზე შესაძლოა ერთ–ერთი ნაფიცი მსაჯული ჯიჯი ჰადიდი გახდეს. მოდელი 120 პრეტენდენტისგან შემდაგრი სიის წევრია, რომლებსაც ნიუ იორკის მანჰეტენის რაიონის სასამართლო უწყებები დაეგზავნათ. ისინი სასამართლოში პირადად გამოცხადდნენ საჭირო დოკუმენტების შესავსებად. 13 იანვარს ჰადიდი სასამართლოს შენობასთან შენიშნეს. იმ დღეს ის მოსამართლე ჯეიმს ბერკს შეხვდა და მოუყვა, რომ კარგად იცნობს ვაინშტეინს და პირადად იცნობს სელმა ჰაიეკს, რომელმაც ჰილივუდელი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებაში და ფიზიკური ძალადობის მუქარაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ჰადიდი მეგობრობს ვაინშტეინის კიდევ ერთ მსხვერპლთან, კარა დელევინთან.

    ჯერჯერობით ჯიჯი ჰადიდი ნაფიც მსაჯულთა საბოლოო სიაში არ მოხვედრილა, თუმცა თუ ეს მოხდება, პირობას დებს რომ სასამართლო პროცესის დროს მიუმხრობლობას შეინარჩუნებს.