Category: ახალი ამბები

  • 2019 წელს ქ-ნი ნინოს პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0-წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ადამიანის უფლებების საპარლამენტო კომიტეტზე სახალხო დამცველის ანგარიშს მწვავე გამოსვლით და ბრალდებებით უპასუხა.

    “თქვენ წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მე-3 წელია ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ 4-ჯერ, მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა #7 დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია #9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს. ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმრებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0,” – თქვა წულუკიანმა.

  • იქ სადაც იყო წამების ციტადელი გავაშენეთ ბოსტანი-წულუკიანი (ვიდეო)

    “მე-8 დაწესებულებაში იყავით სახალხო დამცველის წარმომადგენლები და ისე როგორ გამოხვედით იქიდან, რომ ვერ დაინახეთ, რომ პატიმრები შრომობენ. იქ სადაც იყო წამების ციტადელი გავაშენეთ ბოსტანი, ზოგს ეცინება ამაზე, რომ წამების ადგილას ბოსტანი რამ გაგაშენებინაო, დიახ ჩვენ გავაშენეთ ბოსტანი “- აცხადებს წულუკიანი.

  • იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება-წულუკიანი (ვიდეო)

    იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში სახალხო დამცველის გამოსვლა არაპროფესიონალიზმად შეაფასა და ნინო ლომჯარიას მიერ დასახელებულ ფაქტებს ჭორები უწოდა. 

    “ქალბატონო კომიტეტის თავმჯდომარევ,ქალბატონო სახალხო დამცველო, ძვრიფასო დეპუტატებო, სტუმრებო, მოგესალმებით.

    ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალზიმიც და მოვისმინეთ ბევრი სხვა იმგვარი რამე რაც ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამსოვლას იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება”- აღნიშნა წულუკიანმა. 

    ნინო ლომჯარიამ პენიტენციურ დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას.

  • ანაკლიის პორტიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვთ

    ანაკლიაში პორტის მშენებელმა ჰოლანდიურმა კომპანიამ დემონტაჟი დაიწყო, ტერიტორიიდან სამშენებლო ტექნიკა გააქვთ. არსებული ინფორმაციით, “ვანოორდმა” ზღვის სიღრმეში, 3500 კმ სიგრძეზე განთავსებული სპეციალური მილების ფსკერიდან ამოღების სამუშაოები დაიწყო.

    ანაკლიის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფოსა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება შეწყდა, ამიტომ კომპანია „ვანოორდს” ტერიტორიიდან ტექნიკა უნდა გაეტანა.

    “„ვანორდის“ ეს ქმედება უკავშირდება იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ არსებობს და მან ტექნიკა ტერიტორიიდან უნდა გაიტანოს. მიწა კი, რაც სახელმწიფომ თავის დროზე გამოისყიდა და კონსორციუმს გადასცა, უნდა დაუბრუნდეს ისევ სახელმწიფოს“,-აცხადებენ
    ანაკლიის განვითარების სააგენტოში.

    შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობით 9 იანვარს აცნობა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

  • თბილისს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

    21-22 იანვარს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი ეწვევა.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ორმხრივი ვიზიტი ხორციელდება 10-წლიანი პაუზის შემდეგ (2009 წლის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ნიდერლანდების სამეფოს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმე ვერჰაგენი).

    „საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს. ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი დინამიკის გაგრძელებას, რასაც ხელი შეუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტმა ნიდერლანდების სამეფოში. შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მინისტრების განცხადება პრესისთვის“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

    ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ბლოკი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით, სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა.

    სტეფ ბლოკი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გვირგვინით შემკობის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

  • 31 დეკემბერს დაკავებული პირების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 22 იანვარს გამოაცხადებს

    თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს დაკავებული პირების: ბექა კოკაიას, გიორგი მუმლაძის, ზურაბ ბერძენიშვილის, ზურაბ მჟავანაძის და ლაშა ბურდულის საქმის განხილვა დასრულდა.

    დღევანდელ პროცესზე ვიდეომტკიცებულებები გამოიკვლიეს.მოსამართლემ, ივანე აღნიაშვილმა განაცხადა, საქმეზე გადაწყვეტილებას 22 იანვარს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.

    შეგახსენებთ, 31 დეკემბერს სამართალდამცავებმა რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ კარვების აღებას და მათ ნაცვლად ატრაქციონების განთავსებას აპროტესტებდნენ.

    დაკავებული პირების  მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

  • მთავრობამ განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო-ვინ განიხილებიან მინისტრის პოსტზე

    “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, გაერთიანებული სამინისტროები ისევ გაიყოფა.

    საუბარია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უწყების  გაყოფა თებერვალში დაიწყება.

    კულტურის მინისტრის პოსტზე მოიაზრებიან: ბექა ოდიშარია, ელისო ბოლქვაძე და ბადრი მაისურაძე.

  • “ვინც სააკაშვილის გუშინდელი გამოხტომის გამართლებას ამ სიტყვით ცდილობს, ან გაუნათლებელია, ან უთავმოყვარეო”-თამარ ჩერგოლეიშვილი

    “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგსა და სააკაშვილის პასუხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

    “ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები “ერთპიროვნულს” ებღაუჭებიან.

    ერთპიროვნული არ ნიშნავს ერთი პიროვნების მმართველობას. ერთპიროვნული მართვა ნიშნავს შემაკავებელი და გამაწონასწორებელი მექანიზმების გარეშე მართვას.

    გაბუნიას ნაცვლად მე აბსოლუტურ მმართველობას ვიხმარდი და ასეც ვხმარობ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

    ვინც სააკაშვილის გუშინდელი გამოხტომის გამართლებას ამ სიტყვით ცდილობს, ან გაუნათლებელია, ან უთავმოყვარეო.

    P.S. და კი, შეკავების და გაწონასწორების მექანიზმების გარეშე მართვა რომ ცუდი იყო, ამას მისი გუნდის დიდი ნაწილი მიხვდა.

    სამწუხაროდ სააკაშვილმა ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანა წარსულიდან – ზუსტად იმას ებღაუჭება, რაც წარსულში ჰქონდა.

    ამიტომ დაიშალა მისი გუნდიც – სხვა მიზეზი დაშლას არ ჰქონია”-წერს ჩერგოლეიშვილი.