Category: ახალი ამბები

  • “ერთად გამოვუცხადებთ მშვიდობიან ომს მტერს, რომ ერთად ვიხსნათ საქართველო”-გვარამია

    “ერთად გამოვუცხადებთ მშვიდობიან ომს მტერს, რომ ერთად ვიხსნათ საქართველო”-ამის შესახებ სოციალურ ქსელში „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.

    „ხელახლა გადავიკითხე ამერიკელი კონგრესმენების წერილები საქართველოს მთავრობას. მოვუსმინე ევროპარლამენტარებს. მოვუსმინე ამანპურის შოუს სიენენზე. მოვუსმინე ივანიშვილის ფსიქოპატ მონას, იუსტიციის მინისტრი რომ ქვია და ბუხენვალდის გაზის კამერის ოპერატორობაზე რომ ოცნებობს.

    გამოსავალი მხოლოდ რეჟიმთან ომია. სრულმასშტაბიანი, მაგრამ უპირობოდ მშვიდობიანი ომი ქვეყნის მტერთან – ბიძინა ივანიშვილთან. ეს მშვიდობაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და კონსტიტუციისთვის უნდა გავიღოთ ხარკად, თორემ ივანიშვილი და მისი კაციჭამიები შებრალებას ნამდვილად არ იმსახურებენ. ეს მშვიდობიანი, მაგრამ ხისტი და უკომპრომისო ომი იქნება. ამ ომს აუცილებლად ჩვენ მოვიგებთ. იმიტომ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიის სწორ მხარეს ვართ. იმიტომ, რომ ჩვენ სამშობლოსთვის ვიომებთ.

    შევხვდებით ერთმანეთს კვირას, მთავარ აქცენტებში. შევხვდებით და ერთად გამოვუცხადებთ მშვიდობიან ომს მტერს, რომ ერთად ვიხსნათ საქართველო და ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება“, – წერს ნიკა გვარამია.

  • თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    22 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის რამდენიმე უბანს დროებით შეეზღუდება.

    საბურთალოს რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, პეტრიწის და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გაზის დასახლების, ზაქარია მაისურაძის, ჯანჯღავას, წინამძღვრიშვილის, კონსტანტინე ლესელიძის, კაჭარავას V ქუჩის, გლდანულას, გიორგი ბაბილოძის, გელა ბელქანიას, კოტე მარჯანიშვილის, ქერჩის, კაჭარავას, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ხერგიანის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბოვსკის, სვირის, დომენტი ჟღენტის, ასურეთის, II ავიაქიმიის, კურსების, მირზაანის, სანავარდოს, სანერგის, ზეკარის, კიშინიოვის, სამღერეთის, ახტალის, ბუგეულის, ლისაშვილის, მაჩხაანის, დარკვეთის, ლაითურის, წერონისის და თოდრიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ჩუღურეთის რაიონი
    ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, სანაპიროს, დგებუაძის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, ტეტელაშვილის, უშანგი ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    ისნის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, დოდაშვილის, რიჩარდ ჰოლბრუკის და ნავთლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    სამგორის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მებაღეობის, ლევან რაზიკაშვილის და ჭიჭინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების, ახვლედიანის და სოსო აბზიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონი
    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, რუსთავის გზატკეცილის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, ასათიანის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

  • გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს ამჯერად უკვე 4 კონგრესმენი უგზავნის

    გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს ამჯერად უკვე 4 კონგრესმენი უგზავნის

    საქართველოს პრემიერ მინისტრს ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთ წერილს უგავნიან. ამჯერად წერილზე ხელმომწერი 4 კონგრესმენია. მათ შორის არის ადამ კინზინგერი, რესპუბლიკელი კონგრესმენი, საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თავმჯდომარე, რომელმაც ერთი თვის წინ, თავის კოლეგასთან, ჯერი კონოლთან ერთად ერთხელ უკვე მიმართა გახარიას. ამჯერადაც კინზინგერი წერილის შესახებ ტვიტერზე წერს და წერილის ავტორ კოლეგებს თაგავს.

    “დღეს გავუგზავნეთ წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს სადაც გამოვთქვამთ შეშფოთებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ეკონომიკის შემცირების ტრენდთან დაკავშირებით, რომელიც პრობლემებს ქმნის საქართველოს გზაზე დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისკენ.“ – წერს კინზინგერი.

    წერილი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა სავარაუდოდ ის მალე გასაჯაროვდება.

    ეს არის უკვე მესამე წერილი, რომელსაც ამერიკელი კონგრესმენები გახარიას უგზავნიან.

    “შოკში ვართ“ – ამერიკელი კონგრესმენების უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას

    “იმედია თქვენი მთავრობა შეწყვეტს აგრესიულ ქმედებებს“–ამერიკელი კონგრესმენის უმწვავესი წერილი გიორგი გახარიას

  • “განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე” – გრიგოლ ვაშაძე

    “განკითხვის დღე”-ასე აფასებს “გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოთქმულ უმწვავეს კრიტიკას.

    „დღევანდელ ჩვენ ჩართვას ძალიან სამწუხარო მიზეზი აქვს და ამაზე სრულ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგებენ ის ხალხი, ვინც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეძახის. მათ ეყოთ „გამბედაობა“ ჩასულიყვნენ ევროპის კავშირი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპარლამენტში დაეწყოთ საუბარი იმ „გასაოცარ დემოკრატიაზე“, რომელიც მათ საქართველოში ვითომდა ააშენეს. არ ჩამოვთვლი ყველა ევროდეპუტატს, რომლებმაც უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. არ მოვიყვან ციტატებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ დარჩენილა ფრაქცია,საიდანაც არ გამოსულიყოს წარმომადგენელი და არ გაეხსენებინათ ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის „გავრილოვის ღამე“, საქართველოს მოქალაქეების მოტყუება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კორუფცია, პოლიტიკური კლიდერების სასამართლო პროცესები და მათი პროკურატურაში ტარება. ის აპირებები, რომელიც რეფორბზე იყო და რა განხორციელებულა. მაგალითად ომში მყოფი უკრაინა მოუყვანეს, რომელიც საქართველოს ასწრებს პოლიტიკური რეფორმების გატარეების სისწრაფით. არცერთი ევროდეპუტრატატი არ დარჩენილა, რომ არ გამოსულიყო და არ დაემთავრებინათ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით – „როგორი ევროპელები ხართ თქვენ და რა ევროპული დემოკრატიაა ის სისტემა, რომელიც თქვენ ქვეყანაში გაქვთ?“

    მინდა საქართველოს მოქალაქეეებს გავახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის შემდეგ მთლიანად ოპოზიცია და განსაკუთრებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ თქვენ გადალახეთ წითელი ხაზი, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მოკავშირეების მოთმინების ფიალა არის ამოწურული. დღვანდელი განკითხვის დღეც კი რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე“, – განაცხადა ვაშაძემ.

  • “თქვენ შეცდომაში შეგიყვანეს”-კუჭავა ევროპარლამენტარებს

    “ზოგიერთი შეკითხვა, რომელიც აქ წამოიჭრა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რიგ შემთხვევებში თქვენ შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია მოგაწოდეს”-ასე მიმართა პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ, ევროპარლამენტარებს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

    “უპირველეს ყოვლისა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ რამდენიმე ვერსია წარმოგვიდგინეს, როგორ უნდა ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები. სამწუხაროდ, ისინი, ჩვენი აზრით, არაკონსტიტუციურია. ახლა ჩვენი დროა, რომ წარვადგინოთ ჩვენი ვერსია და ჩვენ მათ პასუხს ველოდებით. კონსენსუსი ნიშნავს, რომ ორივე მხარე რაღაც საკითხზე უნდა შეთანხმდეს და მათ უნდა ითამაშონ ისე, რომ დათმონ რაღაც მნიშვნელოვანი პრინციპი იმისათვის, რომ მოხდეს შეთანხმება. ჩვენ მივაწოდეთ მათ ისეთი ვერსია, რომელიც საუკეთესოდ იქნა მიჩნეული გარდამავალი პერიოდისთვის, სანამ 2024 წელს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავალთ, რადგანაც კანონპროექტი, რომელიც ჩვენ ჩავაგდეთ, თარიღს ეხებოდა. ქართული ოცნება იყო ის, ვინც ეს კონსტიტუციაში ასახა. სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს იქნება.

    სამწუხაროდ, ინფორმაცია ათობით ათასი ადამიანის პროტესტის შესახებ არასწორია. პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვის შემდეგ თავდაპირველად ქუჩაში მართლაც გამოვიდნენ ნამდვილი, პატრიოტი ადამიანები, ქართველი ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ჩვენ ყველას გვახსოვს – და თუ არ გინახავთ, მოხარული ვიქნები, წარმოგიდგინოთ ბოლოს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია, როდესაც ოპოზიციის ლიედერები ცდილობდნენ, ყველასთვის ეთქვათ, ცდილობდნენ, ყველა ეიძულებინათ, დასხმოდნენ თავს პარლამენტს და ეს არ არის არც დაფარული ამბავი და არც ჭორაობა, ამას აქვს მტკიცებულებები, ფაქტები ”-განაცხადა კუჭავამ.

    შეგახსენებთ, რომ  ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება უმწვავესად გააკრიტიკეს და პირობის არშესრულებისა და პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულეს.

  • “ქვეყნის სიკვდილს ვუყურებთ როგორც მოწმეები, ბანძები ვართ” – ნიკა გვარამია

    „ამერიკაში, სტუდენტი რომ დაიჭირონ პლაგიატზე, არათუ რიცხავენ, შავ სიაში შეაქვთ და ვერასდროს ვერ ისწავლის ვერც ერთ აკადემიურ დაწესებულებაში“, – ასე ეხმაურება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის ირგვლივ აგორებულ სკანდალს.

    „ქვეყნის ყველაზე დიდი და ისტორიაში პირველი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს სადოქტორო დისერტაციის პლაგიატი დაუდგინდა. ვინც არ იცის, პლაგიატი სხვისი ნაშრომის გადაწერა-მოპარვაა და სამეცნიერო სიკვდილს და სამუდამო სირცხვილს ნიშნავს. ამერიკაში, მაგალითად, სტუდენტი რომ დაიჭირონ პლაგიატზე, არათუ რიცხავენ, შავ სიაში შეაქვთ და ვერასდროს ვერ ისწავლის ვერც ერთ აკადემიურ დაწესებულებაში.

    ქოცობა სტიქიური უბედურებაა. ივანიშვილმა არაფერი არ დატოვა დაუნგრეველი, სრულიად არაფერი.

    ფორსმაჟორში ვცხოვრობთ და ვუყურებთ ქვეყნის სიკვდილს. ბანძები ვართ და ვუყურებთ, როგორც მოწმეები. ბანძები ვართ და მხოლოდ ვუყურებთ. ბანძები“, – წერს ნიკა გვარამია.

  • “ფაქტი, რომ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, თქვენი დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს”-ევროპარლამენტარი ციხელაშვილს

    ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს, – ეს მწვავე შეფასება  ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

    კალიენტეს შეფასებით,  რამდენიმეპრობლემა  საქართველოს დემოკრატიაზე კარგად არ მეტყველებს.

    „მე ვისაუბრებ საქართველოს შიდა სიტუაციაზე, ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისზე. თქვენ ახლახანს ახსენეთ, რომ ხალხის ქუჩაში გამოსვლა ოპოზიციის მიერ იყო გამოწვეული. მე დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს სახალხო მოძრაობისა და ვიცი, რომ არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას არ შეუძლია, ათობით ათასი ადამიანი ქუჩაში გამოიყვანოს, არსებობს ამის უფრო ღრმა მიზეზი. თქვენ ახლახანს მოახდინეთ იმ ფაქტის ციტირება, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერა იზრდება, მაგრამ იმავე საზოგადოებრივი აზრის კვლევებში შეგიძლიათ ასევე ნახოთ, რომ როგორც ქართველი ხალხი თვლის, ქვეყანაში დემოკრატია უკან იხევს და ეს ძალიან შემაშფოთებელია, ვინაიდან ევროკომისია და ევროპარლამენტი ყოველთვის დიდი მხარდაჭერით უყურებს საქართველოს, ცდილობს, დაეხმაროს და წინ წაწიოს იგი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ, თუ შევადარებთ უკრაინასთან, რომელსაც თავის ტერიტორიაზე ომი აქვს და რომელიც მაინც შეუპოვრად ცდილობს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს. არსებობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ივანიშვილის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია. ის ფაქტი კი, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას წინააღმდეგ გამოძიება 5-წლიანი სიჩუმის შემდეგ დაიწყო, ძალიან სიმბოლურია“, – განაცხადა  კალიენტემ.

  • “ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა”-გოცირიძე ომბუდსმენის ხმაურიან ანგარიშზე

    “ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა”- ამ განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის შეფასებისას აკეთებს.

    “სახალხო დამცველის მოხსენება არის უკიდურესად საგანგაშო და ამ მოხსენების მერე ნებისმიერი თავმოყვარე მინისტრი გადადგებოდა. მინისტრი უნდა გადადგეს, რადგან ეს არის საგანგაშო მოხსენება. როცა კრიმინალი არსებობს ქვეყანაში, ის აუცილებლად გაჩნდება დახურულ სისტემაში. ციხეში „მაყურებელი“ ეს არის ფაქტობრივად, ციხეში ფინანსური კრიმინალური სისტემის აღდგენა, რომელიც ძალადობს ერთი მხრივ, პატიმარზე და მეორე მხრივ, მათ ოჯახებზე. ამ ქვეყანაში ხელისუფლების მიერ კრიმინალის გამოყენება საარჩევნო და სხვა მიზნებისთვის გახდა ციხეში კრიმინალური სუბკულტურის აღდგენის მიზეზი. ამიტომ ხელისუფლებისთვის ეს არის განაჩენი, ერთადერთი წარმატებული სფერო, რომელიც მათ ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში, ციხეებში მდგომარეობის მეტ- ნაკლებად გაუმჯობესება, ესეც ფაქტობრივად, ჩამოეშალათ. მეორე წარმატება რაც იყო, ეს გახლდათ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და აგერ 300 მილიონიანი დავალიანებით დაამთავრა ეს წელი ჯანდაცვის სისტემამ და კრახი განიცადა”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

  • რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მამა-შვილი გარდაიცვალა

    რუსთავში,მამა-შვილი გარდაიცვალა. სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

    წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.

  • სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმარს შოკოლადი შეუჭამა და მისი სიგარეტი მოწია-წულუკიანის კომპრომატები (ვიდეო)

    პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კადრები გაავრცელა, რომელიც ციხის საკანშია გადაღებული. წულუკიანის განმარტებით,  პატიმართან სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი შეუფერებლად იქცევა.

    პენიტენციურმა სამსახურმა მოგვიანებით ეს ვიდეოკადრები გაავრცელა. მათი  განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა პატიმრის მიერ მომზადებული ყავა დალია, მისი სიგარეტი მოწია და შოკოლადი შეუჭამა. ასევე ისარგებლა პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით.

    ვიდეო გაშვების შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გაკვირვება ვერ დამალა იმ ფაქტის გამო, რომ საკანში გადაღებული ვიდეო შენახული იყო, რადგან მისი თქმით, საჭირო დროს ვიდეოჩანაწერი უწყებას დაარქივებული არ აქვს.