Category: ახალი ამბები

  • სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!-უგულავა

    “სად არის კახა კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?!” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა. უგულავამ ამერიკელი სენატორების  მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილზე ისაუბრა.

    „მე უფრო მაინტერესებს „ქართული ოცნების“ კომენტარები, მაგალითად, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. მაინტერესებს, ბატონი გახარიას პასუხი, რომელიც გუშინ ნახევარი საათის განმავლობაში „ფრონტერაზე“ გველაპარაკებოდა. ბატონო გიორგი, ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე ლაპარაკობენ?! როდესაც პოლიტიკურ დევნაზე ლაპარაკობენ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე და „დაპადიეზდებაზე“, არჩევნების ჩაგდებაზე ლაპარაკობენ, ესეც „ფრონტერა“ არის?! როგორ შეიძლება გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს კამერასთან სისულელე თქვას და გაიქცეს. სად არის კალაძე, ჯერ არ უთქვამს მთაწმინდიდან გამოექანონ სენატორებიო?! მახსენდება კლასიკური ანდაზა, „უნამუსოს აფურთხებდნენ და ის კიდევ იძახდა წვიმა საიდან მოდისო“. აი, ასე არის ამათი საქმე. გამოვლენ და კიდევ ზღაპრებს მოიგონებებ, ნაცვლად იმისა, რომ გააცნობიერონ იმ უფსრკულის საფრთხე, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებენ“, – განაცხადა უგულავამ.

  • სტამბულში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

    სტამბულში ჯგუფურად მოქმედი საქართველოს 6 მოქალაქე, ცეცხლგამძლე ფულის სეიფის ძარცვისთვის დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ემიგრანტების ვებგვერდი ავრცელებს.

    მიღებული ინფორმაციის თანახმად, ქურდებმა, რომლებიც ადვოკატის ოფისში შევიდნენ, 11 იანვარს, სტამბულში ქაათანეს რაიონში მოხდა.მოპარულია 200,000 თურქული ლირის ღირებულების ოქრო და ფულადი თანხა,რომელიც ადვოკატის ოფისში, სეიფში ინახებოდა.

    საჩივრის საფუძველზე, პოლიციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ფილიალის სამმართველოს ქურდობის ბიუროს დირექტორატის გუნდებმა დაიწყეს მუშაობა მომხდართან დაკავშირებით.

    პოლიციელებმა დაათვალიერეს შენობის შესასვლელი და გასასვლელი, ამოიღეს უსაფრთხოების კამერის კადრები. განისაზღვრა ეჭვმიტანილ პირთა ვინაობა და მათი სატრანსპორტო საშუალების ნომერი.

    ეჭვმიტანილები კვალის დაფარვის მიზნით ქურდობის შემდეგ ორ ცალკეულ ჯგუფად დაიყვნენ ისინი პოლიციამ 10 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვა სათვალთვალო კამერების დახმარებით.

    პოლიციამ დააკავა ლაშა ა. (40), ზურა გ. (41) და თემურ კ (34), რომლებიც სტამბულში კადიქოის რაიონში იმალებოდნენ ერთერთ ნაქირავებ ბინაში.

    ხოლო ავთანდილ გ. (37), შალვა გ. (34) გიორგი გ. (36), ქურდების მეორე ჯგუფი კი დააკავეს, სტამბულში ფათიის რაიონში ნაქირავებ ბინაში. სადაც გადამალული ჰქონდათ ნაძარცვი.ასევე ამოღებული იქნა სეიფის გასახსნელი ეგრეთწოდებული „ატმიჩკები“.

    პოლიციამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ეჭვმიტანილებმა გასაძარცვ ობიექტს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ. მათ დააკოპირეს კარების საკეტები სპეციალური მექანიზმით და გასაღები შექმნეს.

    ადვოკატი აცხადებს, ეს პირველი შემთხვევა არაა.მან არაერთხელ აღმოაჩინა სეიფში ფულის დანაკლისი. მას ეჭვი ოჯახის წევრებზე ჰქონდა.

    დაკავებულებს კი თურქული კანონმდებლობით ჯგუფური ძარცვის მუხლით 7 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

  • საქართველოში ძმები ფეიქრიშვილების აფეთქებას გეგმავდნენ-სუს-ი

    სუს-ის კონტრტერორისტულმა ცენტრმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, თბილისში დაგეგმილი, აფეთქებით ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა აღკვეთეს. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

    „საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ უკრაინაში დაიგეგმა ქალაქ თბილისში მცხოვრები საქართველოს 2 მოქალაქის გ.ფ-ს და დ.ფ-ს განზრახ მკვლელობა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შეირჩა ლიკვიდაციის ადგილები და დეტალურად შემუშავდა აღნიშნული პირების ავტომანქანაში აფეთქების გეგმა.

    გამოძიების ინფორმაციით, გ.ფ-ს და დ.ფ-ს ლიკვიდაციის მიზნით, უკრაინაში მყოფი პირი დაუკავშირდა უკრაინის მოქალაქეს, რომელიც ვითარების შესასწავლად თბილისში გამოაგზავნა. თბილისში ყოფნისას, აღნიშნულმა პირმა რამდენიმე შეხვედრა გამართა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს მოქალაქე გ.ბ.-სთან და ბ.ც-სთან. გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია გ.ფ.-ს და დ.ფ-ს, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა დაავალა. დანაშაულის შესრულების მიზნით, გ.ბ.-მ უკრაინის მოქალაქეს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი – პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის. გამომდინარე იქიდან, რომ თავდასხმის ერთ-ერთ ფორმად გ.ფ.-ს და დ.ფ.-ს ავტომანქანაში აფეთქება განიხილებოდა, გ.ბ-მ უკრაინის მოქალაქეს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“ უკრაინის მოქალაქეს ბ.ც-მ გადასცა.

    გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მომზადების პროცესში გ.ბ. და ბ.ც. ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ კონსპირაციის ნორმების დაცვით. ისინი ერიდებოდნენ პირდაპირ კომუნიკაციას თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქესთან, შეხვედრების შესახებ მობილური ინტერნეტ-აპლიკაციის გამოყენებით წინასწარ ათანხმებდნენ უკრაინაში დამკვეთთან, ხოლო შემდგომ დამკვეთი, შუამავლის მეშვეობით, შეხვედრის დროსა და ადგილს თბილისში მყოფ უკრაინის მოქალაქეს აცნობებდა. შეხვედრაზე მისვლამდე, გ.ბ. და ბ.ც. გადაადგილდებოდნენ შენიღბულები, იყენებდნენ ე.წ. კაპიუშონიან ქურთუკს, ქუდს, სამედიცინო პირბადეს. შეხვედრაზე მისული ბ.ც. ბინაში შესვლისთანავე იფარავდა სახეს შარფითა და ნიღბით. ქალაქში გადაადგილებისას ცდილობდნენ არ დაფიქსირებულიყვნენ სათვალთვალო კამერებზე ისე, რომ მომავალში შესაძლო ყოფილიყო მათი იდენტიფიცირება.

    თავის მხრივ, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ რ.ბ-მ, ნ.ბ-მ, გ.თ-მ, და ი.მ-მ, სავარაუდოდ, უკრაინაში მყოფი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტებისგან მიღებული დავალების თანახმად, ორგანიზება გაუწიეს დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას. გამოძიებამ დაადგინა, რომ რ.ბ-მ უკრაინიდან მიიღო დავალება, დაემზადებინა ორი ცალი დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი მოწყობილობა. ამ უკანასკნელმა, ი.მ-სთან ერთად, ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისათვის მიმართა ნ.ბ-ს, რომელმაც მოწყობილობა გ.თ.-ს დაამზადებინა. ამის შემდეგ, რ.ბ-მ საბოლოოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა თბილისში ჩამოიტანა და ბ.ც-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული მოწყობილობა უკრაინის მოქალაქეს მიუტანა.

    აღნიშნული დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავე პირების დაკავების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლების ერთობლივი კოორდინაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოპოვებულია სხვადასხვა სახის მტკიცებულებები, მათ შორის მკვლელობის მომზადების აუდიო და ვიდეო მასალა. საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.

    გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს).“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • თუ ვირუსი გამოვლინდება, ჯანდაცვის სისტემა მზადაა ეფექტურად უპასუხოს-გახარია კორონავირუსზე

    „იმ შემთხვევაში თუ ვირუსი გამოვლინდება, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს მას“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

    მისი თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისის შეწყვეტა ამ დროისთვის ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილება იყო.

    „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის გარკვეული და ეფექტური ნაბიჯები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა კორონავირუსთან წინააღმდეგ. ჯანდაცვის სამინისტრო არის მაკოორდინირებელი ორგანო და უწყებებს მინდა ვთხოვო, რომ შესაბამისი ქმედებები სრულად ჰქონდეთ კოორდინირებული ჯანდაცვის სამინისტროსთან.

    ჩვენ მივიღეთ პირველ რიგში  გადაწყვეტილება, დროებით ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს იყო ყველაზე ქმედითი  ნაბიჯი, თუმცა ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში თუ  გამოვლინდებ ავირუსი , შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“,- განაცხადა გახარიამ.

    ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

  • თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.

    უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.

    „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული მ.ფ., 1973 წელს დაბადებული მ.გ. და 1970 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ.

    სამივე ბრალდებული – დაზარალებული არასრულწლოვნის და, ე.წ. „სუტინიორი“ და ტრეფიკინგში ჩართული ტაქსის მძღოლი პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

    არასრულწლოვნის მიმართ უკანონო გარიგებით ჩადენილ ტრეფიკინგის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა-2 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • “იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა”-ცოტნე გამსახურდია ცოლმა თურქეთის კლინიკაში მოინახულა

    “დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა”, – ეს განცხადება ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა გააკეთა.

    28 იანვარს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს.

    „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“-აცხადებდა ჯაბაურის წარმომადგენელი.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი „ფეიკ ნიუსი“ უწოდა ამ  განცხადებას. მათი ინფორმაციით,არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა.

    შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

  • “ფოტოების ავტორს აღნიშნული სკვერი მისთვის სასურველი რაკურსით აქვს გადაღებული”-გარდაბნის მერიის განმარტება

    გარდაბნის მუნიციპალიტეტი სოფელ მზიანეთში მდებარე სკვერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ევრონაცების მორიგი ტყუილია”.

    „ევრონაცების მორიგი ტყუილი

    სოციალურ ქსელში ე.წ. გვერდის – „ჩემი ქალაქი კლავს“ მიერ გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახულია სოფელ მზიანეთში მდებარე სკვერი. ფოტოები დასათაურებულია შემდეგი ტექსტით – „სად მიდის ჩვენი ფულები“. ფოტოების ავტორს აღნიშნული სკვერი მისთვის სასურველი რაკურსით აქვს გადაღებული, სადაც არ ჩანს დასახლებული პუნქტი და შესაბამისად არც საცხოვრებელი სახლები.

    მოსასვენებელი სკვერი 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მზიანეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა და ადგილმდებარეობაც მათი გადაწყვეტილებით შეირჩა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 20 მეტრში მდებარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არსებობს შესაბამისი კრების ოქმებიც.

    2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში აღნიშნულ სივრცეზე – დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ბალახის საფარი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და ტრენაჟორები. 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სოფელ მზიანეთისთვის გამოყოილი თანხებით და კვლავ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით სკვერის მიმდებარედ, მოეწყობა რეკრიაციული ზონა.

    ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს დამატებით გამოიყოფა გარკვეული თანხა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება კომბინირებული მინი სტადიონი.

    სკვერის რეალური ადგილმდებარეობის, კრების ოქმებისა და ვიზუალური ნაწილის შესახებ გთავაზობთ თანდართულ ფოტო-მასალას”, – აღნიშნულია  განცხადებაში.

  • მაჩალიკაშვილი ოცნებიდან წამოსულ დეპუტატებს სთხოვს, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ

    მალხაზ მაჩალიკაშვილი “ქართული ოცნებიდან” წასულ დეპუტატებს სთხოვს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. ბრიფინგი მაჩალიკაშვილმა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ის პარლამენტში არ შეუშვეს.

    “ბოდიშს გიხდით, რომ სათითაოდ ქალბატონებითა და ბატონებით ვერ მოგმართეთ და ასე წავიკითხე სია. ძალიან დიდი იმედი მექნება, რომ ამ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაში მხარს დამიჭერთ და შეიქმნება ეს კომისია იმისთვის, რომ საზოგადოებას პასუხი გავცეთ, რაც მე მინდა, რომ მათ გაიგონ. ყველა კითხვაზე გაეცეს პასუხები, რატომ იქნა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილი”, — განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

  • სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

    თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

    მოსამართლის განმარტებით, საქმეში არ გამოკვეთილა ახალი გარემოებები, რაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გამოიწვევდა, შესაბამისად, ის პატიმრობაში რჩება.

    შეგახსენებთ, ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და ყოფილი გენერალური პროკურორს ზურაბ ადეიშვილს ბრალი

    პროკურატურამ 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. 22 ნოემბერს კი საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

  • მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, ნუ დაუშვებენ “მეორე გავრილოვს”-ხატია დეკანოიძე

    მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, ნუ დაუშვებენ “მეორე გავრილოვს”-„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას “ამაზრზენს”უწოდებს.

    “ეს არის ღირსების საკითხი და ჩვენი ზომებიც გადის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვან ზღვარზე. ეს ამაზრზენი განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ცხადია, პირდაპირ აკანონებს ოკუპაციას. ეს არის ნიშნული, რომელიც გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ „გავრილოვის ღამის” შემდეგ. მაშინ, როცა „გავრილოვის ღამეს” მოჰყვა ძალიან სერიოზული აღშფოთება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება ოკუპანტის წინააღმდეგ, ამის შემდეგ ზურაბიშვილი ბედავს და გვიანონსებს, რომ საქართველოში ოკუპაციის კანონი, თურმე არაფერი არ არის და საქართველოს ხელისუფლება მზად არის უმასპინძლოს რუსეთის ხელისუფლებას. ის, რაზეც ზურაბიშვილი საუბრობს, თითქოს საერთაშორისო სამართლის რაიმე ნორმას ეწინააღმდეგება, ეს არის აბსურდი, დიპლომატიური უმეცრება, იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალი ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას პირდაპირ ცნობს“, – განაცხადა დეკანოიძემ.