Category: ახალი ამბები

  • ლუგარს მე შევთავაზე იდეა-რას ყვება სააკაშვილი ლუგარის ლაბორატორიაზე

    ლუგარი რამდენიმე სენატორთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე – ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და ლუგართან დაკავშირებით ისტორია მოყვა.

    „რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო 1996 წლიდან. ერთხელ სენატის სასადილოში დამპატიჟა სადილზე ამ ძალიან ცნობილმა სენატორმა (მაშინ უბრალოდ პარლამენტის წევრი ვიყავი) და საუბარი ჩამოვარდა მის გეგმებზე გაეკეთებინა ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორია რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ვირუსებს შეებრძოლებოდა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან და უნდოდა ლაბორატორიის მოსკოვთან სადმე ახლო აშენება.

    მე შევთავაზე იდეა, რომ ეფიქრა პროექტის საქართველოში გადმოტანაზე. როდესაც პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავედი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით, ლუგარი რამდენიმე სენატორთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე სასტუმრო mayflower-ში და იქ მან გამახსენა ჩემი რეკომენდაცია და მითხრა რომ უკვე სერიოზულად ფიქრობს ლაბორატორიის საქართველოში გადმოტანას ვინაიდან რუსეთში უკვე პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში და პრობლემების შექმნა დაიწყო. სულ მალე გამოიყო ფული და ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო აეროპორტის მახლობლად. ადგილი მე შევარჩიე, ვინაიდან ახალ ტერმინალს ვაშენებდი და მინდოდა მის მახლობლად თანამედროვე შენობები ყოფილიყო (იქვე თურქებს ვაშენებინებდი შავი ზღვის უნივერსიტეტს) რამდენს გვლანძღავდნენ ადგილობრივი ოპონენტები და რუსები რას არ იგონებდნენ ამ ლაბორატორიაზე, მაგრამ დღეს საქართველოს უკვე მთელს რეგიონში ვირუსების დამდგენი ყველაზე თანამედროვე ცენტრი, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შარშან მაგალითად ჩემს შვილს ნიკუშას 1 საათში დაუდგინეს ღორის გრიპის დიაგნოზი, რამაც საშუალება მოგვცა დროულად დაგვეწყო სწორი მკურნალობა.ლუგარის ლაბორატორია არის კლასიკური მაგალითი რუსული პროპაგანდის და ქოცების ტყუილების, რომლებმაც ვერ აგვაღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე. დღეს ეს ლაბორატორია ძალიან გვეხმარება ნებისმიერი ახალი ვირუსის წინააღმდეგ დაცვაში“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  • საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი სამი თანამშრომელი ამხილა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება – გასაღების ფაქტზე, კერძო საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი სამი თანამშრომელი ამხილეს.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

  • ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 6 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

    ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 6 პირის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს, იმსჯელებს.

    სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე დაიწყება.

    შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული აღკვეთეს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებას და ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

    კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს 2 მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს 4 მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109 მუხლით, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს).

  • გურჯაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა-ხანძრის შედეგად მამაკაცი დაშავდა

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგაანში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც 30 წლამდე მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

    ხანძრის შედეგად სახლის უმეტესი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები დაიწვა.

    სახლის მეპატრონე სხეულზე მიღებული დამწვრობით, თავდაპირველად გურჯაანის საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით კი, მძიმე მდგომარეობის გამო, ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

    წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი არასწორად დამონტაჟებულმა ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.

    შემთხვევის ადგილზე კახეთის 6 სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

  • 40 გრადუსზე ზემოთ სპირტიანი სასმელის ზემოქმედების ქვეშ არის – სოსო გოგაშვილი გივი თარგამაძის ბრალდებებზე

    “40 გრადუსზე ზემოთ სპირტიანი სასმელის ზემოქმედების ქვეშ არის”- ასე პასუხობს სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი გივი თრაგამაძის ბრალდებებს.

    გივი თარგამაძის მტკიცებით, მის წინააღმდეგ 2016 წელს  განხორციელებული ტერაქტის უკან სოსო გოგაშვილი დგას.

  • ვიღებ, როგორც ერთ-ერთ სერიას იმ ბრალდებების, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული

    “ვიღებ, როგორც ერთ-ერთ სერიას იმ ბრალდებების, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული”-ანდრია ჯაღმაიძე პეტრე ცაავას პასუხობს.

    რაც შეეხება მეუფე პეტრეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც მეუფე პეტრემ აღნიშნული საკითხით წმინდა სინოდს, დაინტერესება ურჩია, მამა ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ თუკი მას ასე სურს, საკითხი სინოდის სხდომამ განიხილოს.

    მისივე განმარტებით, მაღალ სულიერ შეფასებას მეუფე პეტრე მხოლოდ საკუთარ თავს აძლევს.

    “მე ამას ვიღებ, როგორც ერთ-ერთი სერია იმ ბრალდებების სერიიდან, რაც საპატრიარქოს და პატრიარქის წინააღმდეგ არის მიმართული. მსგავსია ყველაფრით – ბრალდების ფორმით და დაუსაბუთებელი ნაწილით ამ ყველაფრის. გაუგებარია რა სახის ბრალს მიყენებს – ეს არის მორალური, ზნეობრივი სახის თუ რას გულისხმობს, თუმცა რადგანაც თქვა მან, რომ უნდა სინოდმა განიხილოს ეს საკითხი, განიხილოს ეს საკითხი. რაც შეეხება ჩემს ღირსებას და უღირსებას, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალ, სულიერ შეფასებას მეუფე პეტრე მხოლოდ თავის თავს აძლევს. მე ჩემს თავს ასეთ მაღალ შეფასებას არ ვაძლევ”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

    ცნობისთვის, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ “ჩანს, არსებობს მტკიცებულებები, რომ ანდრია ჯაღმაიძეს საერო ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, რომ არ შეიძლებოდა მისი მღვდლად კურთხევა და ვურჩევ წმინდა სინოდს, დაინტერესდეს ამით. მას უნდა შეუჩერდეს მღვდელმსახურება”.

    პეტრე ცაავას განცხადებით, ის შესაბამის მტკიცებულებებს სინოდის სხდომაზე წარადგენს

  • პირველადი ინფორმაციით, 7 წლის ჩინელ ტყუპ გოგონებს A ტიპის ვირუსი აღმოაჩნდათ

    7 წლის ჩინელ ტყუპ გოგონებს რენტგენოლოგიური კვლევა ჩაუტარდათ, მათ ფილტვის ანთება არ აღენიშნებათ. პირველადი კვლევების მიხედვით, მათ A ტიპის ვირუსი აქვთ. რაც შეეხება 24 წლის ქართველ ამმაკაცს, რომელიც ასევე ინფექციურ საავადმყოფოში ყაზბეგიდან გადაიყვანეს, მას გრიპის ვირუსი ჯერჯერობით ვერ დაუდგინდა. 

    “რენტგენოლოგიური კველვა ჩაუტარდა 2 ბავშვს და 24 წლის ქართველ მამაკაცს და არცერთს პნევმონია არ აღმოაჩნდათ. 2 ჩინელ ბავშვს აჩმოაჩნდა ა ტიპის ვირუსი, დიდი ალბათობით ჩინელ ბავშვებს აქვთ ა ტიპის გრიპის ვირუსი. რაც შეეხება 24 წლის მამაკაცს გრიპის ვირუსი ვერ გამოვლინდა და გრძელდება გამოკვლევა სხვა ვირუსებზე. კორონავირუსს ტესტირებით ვერ აკეთებენა მიტომ მივდივართ გამორიცხვის მეთოდით”-აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

    შეგახსენებთ, 9 ჩინელი ყაზბეგიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ჩამოიყვანეს, მათ ვირუსის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

  • სანდო წყარომ მამცნო, რომ ცოტნე გააღვიძეს – კონსტანტინე გამსახურდია

    სანდო წყარომ მამცნო, რომ ცოტნე გააღვიძეს – ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

    გამსახურდიას თქმით, მისი ძმის  ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

    „დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია“ – წერს კონსტანტინე გამსარხუდია.

  • კახა კოჟორიძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს

    პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ წევრი კახა კოჟორიძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. კოჟორიძე საგამოძიებო უწყებაში    16:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

    როგორც ცნობილია, 17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის” წევრებმა კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

  • წერილების ზოგიერთი ავტორი სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც აპროტესტებდა- წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, წერილების ზოგიერთი ავტორი რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასაც აპროტესტებდა.

    ეს განცხადება მან კონგრესმენებისა და სენატორების საპასუხოდ გააკეთა, რომლებიც გახარიას კრიტიკულ წერილებს უგზავნიან.

    მისივე თქმით, უკვირს, რომ წერილებში აქცენტი ოკუპაციაზე არ კეთდება.

    ,,გასაკვირია, რომ ამ წერილებში ან საერთოდ არ კეთდება , ან ძალიან მცირე დოზით კეთდება აქცენტი, იმაზე, რაც ჩვენ და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს და მის მთავრობას გვაწუხებს და რომლის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა”,- ამბობს წულუკიანი.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში ასეთი მაღალი ხარისხის დემოკრატიული პროცესი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ არასდროს ყოფილა, ამ დამოუკიდებლობაში კი აშშ-მ, რომლის კონგრესმენებიც ახლა წერილებს გზავნიან, დიდი წვლილი შეიტანა.

    შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატორებმა პრემიერ-მინისტრს მორიგი წერილი გამოუგზავნეს, რომელშიც მთავრობა გააფრთხილეს, რომ შესაძლოა პარტნიორობის გადახედვა მოუწიოთ.