Category: ახალი ამბები

  • სტამბოლის აეროპორტში “პეგასუსის” თვითმფრინავის ხევში ჩავარდნის შედეგად არიან დაღუპულები

    სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 179 კი – დაშავდა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ევაკუირებული ადამიანებიდან 3 მათგანი ინციდენტის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, მკურნალობას 179 ადამიანი გადის. ინფორმაცია გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჩამ დაადასტურა.

    შეგახსენებთ, გუშინ ავიაკომპანია „პეგასუსის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი „ბოინგ 737-800“ სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში დაფრენის დროს მოცურდა და  ხევში ჩავარდა, თვითმფრინავი სამ ნაწილად გაიყო და ცეცხლი გაუჩნდა. თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

  • ეუთოს დასკვნით, ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას შეესაბამება-კაპანაძე

    ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ევროპულმა საქართველომ ეუთოსგან პასუხი მიიღო. ინფორმაცია სპეციალურ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გაავრცელა.

    მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნით, ე.წ გერმანული მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. 

    “როგორც მოსალოდნელი იყო, ეუთო საუბრობს იმაზე, რომ ეს მოდელი არის სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მას არ აქვს არანაირი წინააღმდეგობა არც საუკეთესო პრაქტიკასთან, რომელიც ევროპაში თუ სადმე სხვაგან არსებობს.

    ეუთო ამბობს, რომ ნებისმიერი შეთავაზებული მოდელი უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის და მასზე უნდა არსებობდეს კონსენსუსი, ანუ ამბობს სწორედ იმას, რაზეც ამდენი ხანია, საუბრობს ოპოზიცია და რაზეც მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ წამოვიდეს დიალოზე.

    არც ერთი სიტყვა არ არის ამ მოხსენებაში ნათქვამი, რომ ეს შემოთავაზებული რეფორმა არის არაკონსტიტუციური.

    ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმის, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული მოდელი შეიძლება იქნეს მიღებული პირდაპირ. თავის მოხსენებაში ოდირი საუბრობს, რომ ამ მოდელის მიღება შესაძლებელია ხმების უბრალო უმრავლესობით პარლამენტში. ჩვენ ვართ მზად, გავაგრძელოთ ამ მოდელზე მუშაობა. ასევე, მზად ვართ, ეუთოს ექვსივე რეკომენდაცია, რომლებიც არის მეტნაკლებად ტექნიკური ხასიათის, გავითვალისწინოთ მომდევნო მუშაობაში.

    ეს არის კარგი დადასტურება იმის, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ამ შემთხვევაში ეუთო/ოდირი, მხარს უჭერს ასეთი ტიპის რეფორმის განხორციელებას. ჩვენ შეგვიძლია, გადავიდეთ პირდაპირ იმპლემენტაციაზე, გავიტანოთ პარლამენტში და ვუყაროთ კენჭი” –  განაცხადა კაპანაძემ.

  • ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს, ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?!-რევაზ არველაძე

    “ქუჩაში რასაც ვხედავ, ეს სულაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რამდენად შიმშილობს ადამიანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თქვენც იცით, გარკვეულ ბიზნესადაა გადაქცეული ბავშვების მათხოვრობა.ბავშვი რომ რაღაცას ითხოვს თქვენ ფიქრობთ, რომ შიმშილობს და იმიტომ ითხოვს?!”-ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” დეპუტატმა რევაზ არველაძემ განუცხადა.

    “გუშინ, ეს განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ ჟურნალისტი რომელიც ლამის შემომყვა თავიდან მომეცილებინა,მაგრამ, რაც ვთქვი იმ პოზიციაზე ვარ, ტყუილი არაფერი მითქვამს. ამისთვის არის გამოყოფილი ფონდები, 70 მილიონი ლარი უშუალოდ გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს ეძლევა. კვების ბილეთები იქნება, თუ ვაუჩერები,რაც იმისთვისაა, რომ მათ არ იშიმშილონ. ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით, სიღარიბის, აქედანაა ბევრი პრობლემა გამოწვეული.

    ოპოზიცია, ჩემი გაგებით, ის არის სარკეში რომ ჩაიხედავ და შენს ნაკლოვანებებს დაინახავ. ოპოზიცია უნდა გეხმარებოდეს, რომ ქვეყანა კარგად მართო. ოპოზიციის ბრალი არის ის, რომ 2012-2013 წლიდან მოყოლებული მუდმივად კონგრესმენებისა და სენატორების ჩათვლით, ალანძღინებენ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არის რუსეთის დასმული და მათი ნდობა არ შეიძლება. გახადეს მომეტებული რისკის ქვეყანა, აღარავის აღარ უნდა ინვესტიციებით შემოსვლა, გარკვეული წილი ხელისუფლებისაცაა. ის ვერ მართავს ისე, როგორც უნდა მართავდეს. საკვანძო თანამდებობებზე არსად არ უნდა დარჩენილიყვნენ ესენი, რომლებიც ხელისშემშლელები არიან.

    შიმშილი არის ის, როცა გარკვეულ პერიოდში ადამიანი კვდება, იმიტომ რომ ვერ მიიღო საჭმელი. როცა მთავრობა გამოყოფს რაღაც სახსრებს, თან იცით ჩვენი ქვეყანა რამდენად მდიდარია, რა გააჩნია ბიუჯეტში, ამის მიხედვით აძლევს მათ ვაუჩერებს. ამ ვაუჩერების და ბარათების გარდა, არის დახმარების სხვადასხვა პროგრამები”- განაცხადა არველაძემ.

  • გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ბიუსტჰალტერი და ტრუსები მოიპარა

    გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცმა ბიუსტჰალტერი და ტრუსები მოიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

    მათი  ინფორმაციით, ბრალდებულმა რამდენიმე სახლში უკანონოდ შეაღწია.

    ერთი საცხოვრებელი ბინიდან ჯ.ჯ-მ 100 დოლარიანი კუპიურა, ერთი ვარდისფერი ტრუსი, ერთი წითელი ტრუსი და ერთი შავი ფერის ბიუსტჰალტერი მოიპარა.

    მეორე ბინიდან კი, მობილური ტელეფონი “ნოკია აშა 530” და სახლის ეზოდან 1 ცალი ლურჯი საცვალი.

    ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. კერძოდ, სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ჯ.ჯ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სკამი დაარტყა სხეულზე რამდენჯერმე.

    აღნიშნული დანაშაულების გამო, ჯ.ჯ -ს გორის რაიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

  • “ასე “ხარისხიანად” მუშაობს კალაძე “- კანდელაკზე ავტომობილს ხე დაეცა

    თბილისში, კანდელაკის ქუჩაზე ავტომობილს ხე დაეცა.ამ  ინფორმაციას და შემთხვევის ამსახველ  ფოტოებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი ავრცელებს.

    ოპოზიციონერის ინფორმაციით, ხეს ფესვები მერიის მიერ წარმოებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაუზიანდა:
    “მერიამ კანდელაკზე გზის და ბორდიურის აღდგენითი სამუშაოები აწარმოა, რა დროსაც ნაძვს დაუზიანდა ფესვები. სასიხარულოა, რომ მსხვერპლი არ არის, მაგრამ ავტომობილის მფლობელს ამ დრომდე არავინ უნაზღაურებს ზიანსა ასე “ხარისხიანად” მუშაობს კალაძე ცალკე პრობლემაა ამხელა ხის “წაქცევა”- წერს ხაბეიშვილი.

    {{PHOTOGALLERY}}

  • “ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები”-ზუკა ბერძენიშვილი ლაშა ტალახაძეს

    სამოქალაქო აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს აკრიტიკებს და სოციალური ქსელის მეშვეობით სპორტსმენს მიმართავს.

    “ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ:
    კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!. 
    #ფუ” წერს ზუკა ბერძენიშვილი.

    ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 2019 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულის მფლობელებს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. გახარიამ ლუხუმ ჩხვიმიანს, ლაშა ტალახაძეს, ბექა ლომთაძეს, ნუგზარ წურწუმიასა და ლაშა გობაძეს სპეციალურად მათთვის გამართულ ვახშამზე უმასპინძლა.

  • მერვე სართულიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა

    მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ობიექტის მე-8 სართულიდან გადმოვარდნილი 26 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

    კლინიკაში  აცხადებენ, რომ პაციენტი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

    “იყო ტრამვულ-ჰემორაგიული შოკი. დაზიანებებს რაც შეეხება, არის სხეულის სხვადასხვა მიდამოს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის, ქალა-ტვინის დახურული ტრამვა, თავის ტვინის შეშუპება, კისრის გულ-მკერდის და წელის მალების მოტეხილობა, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა არის კრიტიკული, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების სტაბილიზაცია და ოპერაცია დაიგეგმება მას შემდეგ, რაც იქნება მიღწეული მინიმალური სტაბილიზაცია“, – განაცხადა ექიმმა.

    შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე საფასადე სამუშაოების შესრულებისას კორპურიდან ორი მუშა გადმოვარდა.ერთ- ერთი მათგანი ადგილზე  გარდაიცვალა.

    გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

  • დღეს 200 ნაციც არ იყო, როცა 200 ნაცი უსტვენს, ეს არის მათთვის დისკომფორტი – ირაკლი კობახიძე

    ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქცია შეაფასა და განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან 200 ნაციონალიც არ იყო.

    “200 ნაცი და დღეს, ვხედავთ, 200 ნაციც არ იყო, იკრიბება პარლამენტის შენობასთან, ეს ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნის, დისკომფორტს ისინი თვითონ უქმნიან თავიანთ თავს. როცა 200 ნაცი უსტვენს, ეს არის მათთვის დისკომფორტი. ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, დიდიან-პატარიანად, ნაცები.ადრე 200 ნაცი იკრიბებოდა, ახლა 200 ნაციც ვერ იკრიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში.60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი”- თქვა კობახიძემ.

  • ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს – სოფიო კილაძე

    ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

    კილაძე ამტკიცებს, რომ მათ სირცხვილის კორიდორის არ შეშინებიათ და დილით ადრე დაუგეგმავად, ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაზე ითათბირეს.

    “ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ჩვენ 2020-ის 1-ლი ივნისისთვის უნდა მოვასწროთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს გამართული სისტემის მუშაობას.
    კიდევ უამრავი თემა, რაზეც ჩემმა კოლეგებმაც ისაუბრეს, უბრალოდ მე ადრე მომიწია გამოსვლა, შეხვედრა მაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს. მე გამოვედი ცოტა ადრე, არ ყოფილა საუბარი არჩევნებზე, გითხარით, რომ საუბარი იყო უმნიშვნელოვანეს თემებზე”, -განაცხადა  კილაძემ.

    უმრავლესობის სხდომის პარალელურად ​პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ. 

  • მოპედის მოპარვისთვის 44 წლის კაცი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 44 წლის წარსულში ნასამართლევი ბ.გ., ქურდობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თამარ მეფის გამზირზე გაჩერებული, მოქალაქის კუთვნილი მოპედი მოიპარა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს, მოპარული მოპედი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“,- ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.