Category: ახალი ამბები

  • მოძრაობა “სირცხვილია” შეერთებული შტატების ელჩს ღია წერილით მიმართავს

    მოძრაობა “სირცხვილია” შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანსღია წერილით მიმართავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    “თქვენო აღმატებულებავ,

    პირველ რიგში, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც საუკუნეებია იბრძვის თავისუფლებისთვის. უკვე თითქმის სამი ათწლეული გავიდა, რაც ფორმალურად დამოუკიდებლები ვართ რუსეთისგან, მაგრამ ჩვენ დღემდე ვისჯებით სურვილისთვის, თავად განვსაზღვროთ საკუთარი ბედი.

    ქართველმა ხალხმა საკუთარი ისტორიული არჩევანი კონსტიტუციაში ასახა – ჩვენ გვსურს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები. ჩვენ ვისწრაფით ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს ძალიან ძვირი გვიჯდება: საქართველოს 20% ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყანა ევროატლანტიკური არჩევანის გამო მუდმივი პოლიტიკური დესტაბილიზაციით გვიხდის სამაგიეროს, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ბრძოლას მაინც აგრძელებს.

    სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის შედეგად აღმოცენდა მოძრაობა “სირცხვილია”, რომელიც 21 ივნისიდან მოყოლებული ანტისაოკუპაციო აქციებს აორგანიზებდა.

    ჩვენი აქციები რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს, ვიზიტთან დაკავშირებულ სამოქალაქო პროტესტსა და ამ პროტესტის მიმართ ხელისუფლების ძალადობრივ პასუხს მოჰყვა. 20 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ დაახლოებით 240 ადამიანის ჯანმრთელობას მიაყენა სხვადასხვა სახის ზიანი, მათ შორის 40-მდე ჟურნალისტს, ხოლო 300-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

    21 ივნისიდან მოყოლებული ჩვენ 93 დღის განმავლობაში, უწყვეტი აქციებით ვითხოვდით სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას, უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებასა და პროპორციულ არჩევნებს, რომელსაც სამუდამოდ უნდა დაემსხვრია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი ბარიერი – ერთმმართველობა.

    პროპორციული არჩევნები ჩვენი აქციების 3 მოთხოვნიდან უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან არსებული შერეული სისტემა ვერ უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ჯგუფების სრულყოფილ რეპრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოში, ხელს უწყობს მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ერთ ხელში ძალაუფლების უსამართლო კონცეტრირებას, საზოგადოების პოლარიზაციასა და მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაღვივებას.

    რაც მთავარია, პროპორციული სისტემა დაიცავს ჩვენს კონსტიტუციაში ასახულ სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიულ მმართველობას.

    სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის ბრძოლა გავრილოვის ჩამოსვლისას არ დაწყებულა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 30 წლის განმავლობაში ითხოვდა პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას, თუმცა არცერთმა ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ შეასრულა – მათ შორის არც უკანასკნელმა, ქართულმა ოცნებამ, პარტიამ, რომელიც ოპოზიციაში ყოფნის დროს ჯერ თვითონ ითხოვდა პროპორციულ არჩევნებს, შემდეგ კი თავად ჰპირდებოდა მას მოსახლეობას.

    20 ივნისს დაწყებული აქციების მეოთხე დღეს სამოქალაქო საზოგადოებამ თითქოს საწადელს მიაღწია, ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველი ბიძინა ივანიშვილი დათმობაზე წავიდა და საარჩევნო სისტემის ცვლილების დაპირება მისცა როგორც ქართველ ხალხს, ისე საერთაშორისო პარტნიორებს. პროპორციული არჩევნები მმართველმა პარტიამ საკუთარ ინიციატივადაც კი მონათლა და აქტიურად დაიწყო “საკუთარი გადაწყვეტილების” პოპულარიზაციის კამპანია.

    ერთმმართველობის, პოლარიზაციისა და ზიზღით გაჟღენთილი კამპანიების დასრულების მოლოდინში ჩვენ მოთმინებით ველოდით დაპირების შესასრულებლად სათანადო პროცედურების დაწყებას, ოპოზიციას და საზოგადოებას მოვუწოდებდით სიმშვიდისკენ, როდესაც შსს მინისტრ გიორგი გახარიას გადაყენების ნაცვლად, პრემიერად აწინაურებდნენ, ვსკანდირებდით “მშვიდობას”, როცა ხელისუფლება პრორუსული, მოძალადე ჯგუფების ხელით გვარბევდა და გამამხნევებელი სიტყვებით ვათბობდით ერთმანეთს, როცა ზამთრის სუსხში ჩვენს მანიფესტაციებს ცივი წყლის ჭავლით შლიდნენ და პოლიციელთა ცრუ ჩვენებების საფუძველზე აქტივისტებს ციხეებში ამწყვდევდნენ.

    თუმცა როცა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით აშკარა გახდა, რომ ქართული ოცნება პროპორციული არჩევნებით არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებული ერთგულებით გამორჩეულმა პარლამენტარებმა მათივე პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტი ჩააგდეს.

    ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ იგივე კვლევების თანახმად, საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს პროპორციული არჩევნების მოთხოვნას.

    საერთაშორისო პარტნიორების მოტყუებისა და საზოგადოების ღალატის შემდეგ ხელისუფლებამ წამოიწყო შეტევის ახალი ტალღა სამოქალაქო აქტივისტებისა და ჩვენი მოძრაობის წევრების მიმართ. მხოლოდ ნოემბრიდან დღემდე 92 მშვიდობიანი აქტივისტი დააკავეს. გარდა დაკავებებისა, ხელისუფლება საბჭოთა კავშირის რეჟიმის მემკვიდრე ადმინისტრაციული კოდექსის გამოყენებით ფინანსურ ზეწოლას ახორციელებს პროტესტის გამომხატველ ახალგაზრდობაზე.

    ამ დრომდე მათზე გამოწერილი ჯარიმების თანხა 30,000 ლარს აჭარბებს. იმ პირობებში, როდესაც ახალგაზრდებში უმუშევრობა 25%-ს აჭარბებს და მოსახლეობის 20% აბსოლუტური სიღარიბის ნიშნულს ქვეშაა, ხელისუფლება დასაქმებულის საშუალო თვიურ შემოსავალზე დიდ ჯარიმებს აკისრებს მშვიდობიან მანიფესტანტებს.

    გარდა დაკავებისა და დაშინებისა, საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს საინფორმაციო ომს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართული ოცნება საბიუჯეტო რესურსს საკუთარი პარტიის ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს და დაუდეკლარირებელი, შავი ფულით აფინანსებს ტროლგვერდებს, რომლებიც სიცრუეს და ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება.

    ხელისუფლების მიერ დაფინანსებული ყალბი ამბების შემქმნელები პრორუსულ, პროსახელისუფლებო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ავრცელებენ. ეს ფაქტი დაადასტურა Facebook-მაც და საქართველოში მოქმედი 400-მდე ტროლგვერდი და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი ჯგუფები გააუქმა, მაგრამ ამან მხოლოდ დროებით და ნაწილობრივ აღმოფხვრა პრობლემა.

    ხელისუფლება ამბობს, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს ოპოზიციასთან უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის შესახებ, მაგრამ ამ ცვლილებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩება. მოქალაქეებს გვაქვს განცდა, რომ ეს ფორმატი მიზანს არ ემსახურება, საზოგადოებას ილუზიით კვებავს და ახალი იმედგაცრუებისთვის სწირავს მას, რასაც არჩევნების ლეგიტიმურობის მიმართულებით დამატებითი კითხვები და საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზება მოჰყვება.

    პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არა მხოლოდ გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს და უფრო წარმომადგენლობითს გახდის პარლამენტს, არამედ გახდება მოტივატორი სამოქალაქო ჯგუფებისთვის, ჩაერთონ პოლიტიკაში, დაადაბლებს პოლარიზაციის ხარისხს და გააჩენს რწმენას, რომ ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული პარტიების თუ მათი არაფორმალური მმართველების პირადი ინტერესები.

    NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით მოსახლეობის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს პარლამენტის მუშაობას, არ მოსწონს, რა მიმართულებითაც ვითარდება ქვეყანა და მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს. საზოგადოების ამ დაკვეთას უერთდებიან საქართველოში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური სპექტრი.

    გვინდა გთხოვოთ, დაეხმაროთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები გადადგას დასავლეთისკენ, დემოკრატიისკენ, თავისუფლებისკენ და ეკონომიკური აღმავლობისკენ, რისი მიღწევაც პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია.

    გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაარწმუნოთ მმართველი პარტია, შეასრულოს საზოგადოების დაკვეთა და მიიღოს სამართლიანი საარჩევნო სისტემა”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის მოქალაქე გადაჰყავთ

    ამ წუთებში, ვირუსის  სიმპტომებით  ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთის მოქალაქე გადაჰყავთ. აქვს თუ არა პაციენტს კორონა ვირუსი მედიკოსები ჯერჯერობით კომენტარს ვერ აკეთებენ.

    სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, როცა პაციენტს შესაბამისი კვლევა ჩაუტარდება. 

  • ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს

    ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. განცხადება “ჭავჭავაძის ცენტრის” წარმომადგენელთა სახელით გაავრცელეს.

    “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე – ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით.

    ამ ვითარებამ, რომელიც ორმხრივი არჩევანის შედეგი იყო, არაერთი კითხვა გააჩინა. შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფაქტობრივი მდგომარეობა შესაბამისობაში მოვიდეს ფორმალურთან. ამიტომ, დღეიდან ფორმალურად ვწყვეტთ პარტიის წევრობას. წარმატებას ვუსურვებთ დამოუკიდებელ, პროდასავლურ ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ არც ერთ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებასთან ასოცირებას ან 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას.

    ჩვენი მიზანია ჩვენი წვლილი შევიტანოთ თვისებრივად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაში, რათა ახლაც და ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც, საქართველოში იყოს მეტი რაციონალური, კრიტიკულად მოაზროვნე, ლიბერალური ღირებულებების ორგანულად მატარებელი, ეკონომიკურად დამოუკიდებელი აქტიური მოქალაქე, რომელიც თამაშის წესებს დაუდგენს პოლიტიკურ კლასს და რომელთაც გადამწყვეტი გავლენა ექნებათ საკუთარ მომავალზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კონკურსში შესარჩევ შემდეგ ეტაპზე გავიდა

    საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის შესარჩევ კონკურსში  შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა.

    საბჭომ შოთაძე 15 კანდიდატს შორის ფარული კენჭისყრით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში  სულ 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

    შეგახსენებთ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც  შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნა. 

  • ბოკერია ამბობდა, თუ გერმანულ მოდელს არ მიიღებთ, ქვეყანაში ქვა ქვაზე არ დაჩებაო-წულუკიანი

    იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ოპოზიციასთან გამართულ დახურულ შეხვედრებზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ქვეყანაში არეულობის მოწყობით ემუქრებოდა.

    “მე დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი რა იყო ნათქვამი ჩემს მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან. როდესაც, ბატონი ბოკერია მოლაპაკების მაგიდასთან, თითს აქნევდა და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით გერმანულ მოდელს ქვეყანაში ქვა-ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს. მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმობს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციორობას, დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციორობასა”, -აცხადებს  წულუკიანი.

  • “რა გინდათ კანადაში, იქ ხომ მოსაწყენია“– მადონა ჰარის და მეგანს საკუთარ ბინას სთავაზობს

    პრინცი ჰარის და მეგან მარკლის გადაწყვეტილებას სამეფო უფლებამოვალეობებზე უარის თქმის შესახებ ბევრმა ცნობილმა ვარსკვლავმა დაუჭირა მხარი და გაგებით მოეკიდა წყვილის გადაწყვეტილებას რიგითი ადამიანების ცხოვრებით იცხოვრონ. მათ შორის არის 61 წლის მადონა, რომელმაც წყვილს საკუთარი ნიუ–იორკული ბინა შესთავაზა.

    მადონამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მომღერალი საგრიმიოროში ზის და გამოსვლისთვის ემზადება, პარალელურად კი მისი აპარტამენტის უპირატესობაზე საუბრობს:

    “ რა გინდათ კანადაში, იქ ხომ მოსაწყენია. ამ ბინაში ორი ოთახია, არაჩვეულებრივი აივნიდან მანჰეტენის საოცარი ხედი იშლება. ბუკინგემის სასახლე ახლოსაც ვერ მოვა.“– მიმართა წყვილს მადონამ.

    ჰარი და მეგანი ამჟამად კანადაში ცხოვრობენ, სადაც ვანკუვერის კუნძულზე სახლი იქირავეს. წყვილი პერიოდულად ამერიკაშიც აპირებს ცხოვრებას, თუმცა არა ნიუ იორკში, არამედ კალიფორნიაში.

  • ” ჯანდაცვის მიმართულებით ითხოვდა დახმარებას”-ფოთის მერიაში ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა

    ფოთის მერიაში ახალგაზრდა მამაკაცამა ცივი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. როგორც ცნობილია, 37 წლის მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.დაშავებული მოქალაქე  ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

    ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ მამაკაცს მერიაში შემოსვლისას კონფლიქტი არ ჰქონია, ის განცხადებას კანცელარიაში ტოვებდა. უცნობია, რატომ მიიყენა მან თვითდაზიანება.მერიის შენობაში-ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

    „როგორც ვიცით ჯანდაცვის მიმართულებით ითხოვდა დახმარებას. მას მერიისთვის ადრე არ მოუმართავს და მის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ”, – აცხადებენ ფოთის მერიაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • რას ურჩევს პატრიარქი ბაღდათში ხანძრის დროს გარდაცვლილი ბავშვების მამას

    საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე გამოეხმაურა ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას, რომელმაც 6 ადამიანის, მათ შორის 4 მცირეწლოვანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

    „3 თებერვლის ღამით ნარგიზ და იმედა გორგოძეების ოჯახში მომხდარი ტრაგედია იმდენად დიდია, რომ სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად.

    აღვავლენთ ლოცვებს პატარა ტარიელის, გენადის, როსტომისა და თეას, მათი დედის, – ქალბატონ ნარგიზის და მეზობლის, – ქალბატონ მატულის უკვდავ სულთათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესონ იგინი და მარადიული ნეტარება მიანიჭოს, ხოლო თქვენ მოგმადლოთ მშვიდობა და ჭირსა შინა სიმტკიცე.

    თქვენი სიცოცხლე და ლოცვითი შეწევნა ძალიან სჭირდებათ იმქვეყნად წასულ თქვენს ახლობლებს, განსაკუთრებით ორმოცი დღის განმავლობაში.

    გამხნევდით და გაძლიერდით.

    ამასთან, ვთხოვთ მეუფე ანტონს, ეპარქიის სამღვდელობამ თავის მოსახსენიებელში შეიტანოს გარდაცვლილთა სახელები“ – წერია საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.

    შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია ფეხმძიმე დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. ასევე დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალი.

  • სიღნაღში, ხევის გაწმენდის სამუშაოების დროს მუშას ამწე დაეცა

    სიღნაღში 35 წლის მუშას ამწე დაეცა, მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტტეის სოფელ ანაგაში მოხდა, სადაც ხევის გაწმენდითი სამუშაოები სრულდებოდა.

    მედიკოსების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ხერხემალი, ქვედა კიდურები და სახე აქვს დაზიანებული. დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ, თბილისში გადმოიყვანა.

  • ცოლ-ქმრის სასტიკი მკვლელობისთვის გარდაცვლილის ნათესავი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასულ წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

    1984 წელს დაბადებული გ.ი. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს – 1942 წელს დაბადებულ შ.მ. -სა და 1935 წელს დაბადებულ ი.მ.-ს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

    ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.