Category: ახალი ამბები

  • კობახიძემ დაიპყრო ქართული საარჩევნო არითმეტიკის მწვერვალები-ხუხაშვილი

    “კობახიძემ დაიპყრო ქართული საარჩევნო არითმეტიკის მწვერვალები”- ამის შესახებ, პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა ბლიცანალიზში საუბრისას განაცხადა.

    “ამ მიზნით, ამ ვითარებაში, როდესაც განსაკუთრებული აგრესიით არის ამ ხაზის გატარება საჭირო, ბუნებრივია, არენაზე გამოდის ბატონი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც გუშინ უკვე თავისი 60%-ით კიდევ ერთხელ დაიპყრო ქართული საარჩევნო არითმეტიკის მწვერვალები. დღეს, აგერ, მთელი დღე ქილიკობს, არაკომპეტენტუროაბში ადანაშაულობს ოპოზიციას, საკმაოდ ცინიკური ტონით.

    ასეთია მოცემულობა. მე მას ვეძახი ქართული პოლიტიკური კორიდის წითელ ნაჭერს. ნუ, საკმაოდ წარმატებულა ასრულებს ამ როლს , თუ ღირსეული პიროვნებისთვის მისაღები როლი იყოს. ეს მისი გადასაწყვეტია, მას მორალს ვერ წავუკითხავ”,-ამბობს ხუხაშვილი.

  • კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს შუშის სასახლეში შეხვდა

    პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანსა და მის მეუღლეს, დუგლას მორისს უმასპინძლეს.

    როგორც  „ქართული ოცნების“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ბიზნესცენტრში გაიმართა.

    შეხვედრაზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

  • წერა-კითხვის ცოდნას შტანგა გიკრძალავს ოლიმპოსელო?! – ლევან ბერძენიშვილი ლაშა ტალახაძეს

    დაპირისპირება, რომელიც ზუკა ბერძენიშვილსა და ლაშა ტალახაძეს შორის სოციალურ ქსელში დაიწყო, უფრო მასშტაბური გახდა და მასში მრავალი ცნობილი ადამიანი ჩაერთო. ამჟამად სპორტსმენს ზუკა ბერძენიშვილის ბიძა პოლიტიკოსი ლევან ბერძენიშვილი დაუპირისპირდა.

    ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში სპორტსმენს წიგნების წაკითხვისკენ მოუწოდა.

    „წერა-კითხვის ცოდნას შტანგა გიკრძალავს ოლიმპოსელო?! წააკითხე ვინმეს, რასაც ჯღაბნი!“ – წერს ლევან ბერძენიშილი.

    შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ზუკა ბერძენიშვილმა ტალახაძე პრემიერ-მინისტრთან გადაღებული ფოტოს გამო გააკრიტიკა. ამ ამბავს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინა

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.

    გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულში მხილებული პირები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, სამეგრელოს, მცხეთა – მთიანეთისა და კახეთის რეგიონებში, ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით ყიდვა – გაყიდვის ოპერაციებს ახორციელებდნენ.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3-წლამდე ვადით.

  • ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე დახმარებას ითხოვს

    ჩინეთში მყოფი საქართველოს სამი მოქალაქე, დახმარებას ითხოვს. ისინი ქალაქ იანგჯოუში არიან და ფრენების გადადების გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ინფორმაციას ამის შესახებ „იმედი“ ავრცელებს.

    ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას განცხადებით, ქართველებმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ საქართველოს საელჩოს უკვე მიმართეს და საჰაერო ფრენების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

    „ჩემი ინფორმაციით, მათ მიმართეს საკონსულოს ცხელ ხაზს და კონსულმა მათ მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია ფრენების შესახებ. მოგეხსენებათ, ფრენები ჩინეთის მიმართულებით თითქმის შეწყვეტილია, მხოლოდ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს. საელჩოს არ აქვს იმის საშუალება, რომ რომელიმე მოქალაქეს ბილეთი უყიდოს ან სხვა ფინანსური დახმარება გაუწიოს“, – აცხადებს არჩილ კალანდია.

    ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 636-ს მიაღწია.

  • გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სუსტი თოვისა და ძლიერი ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

    გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

    ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

  • საპროკურორო საბჭო დღეს გენერალური პროკურორობის ერთ კანდიდატს შეარჩევს

    დღეს, საპროკურორო საბჭო კენჭისყრის მეშვეობით, გენერალური პროკურორობის 4 კანდიდატიდან ერთს შეარჩევს, რომელსაც დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.

    ცნობისთვის, 6 თებერვალს საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი შეარჩია. მათ შორის არის ყოფილი გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე.

  • სენაკის მერიამ ათასობით ლიტრი საწვავი გასცა მანქანებზე, რომლებსაც მერია არ ფლობდა

    სენაკის მერიამ ბოლო 3 წელში საწვავზე სამჯერ მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე განათლების პროგრამებზე. კვლევას სენაკის მერიის ხარჯების შესახებ ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს. მათი ინფორმაცია აჩენს ეჭვს, რომ მერია საწვავს არამიზნობრივად ხარჯავდა. 2016-2019 წლებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ბიუჯეტიდან 376,440 ლარი დახარჯა 214,745 ლიტრი საწვავის შესაძენად. 243,697 ლარის 142,448 ლიტრი საწვავი იმ ავტომობილებზე გაიცა, რომლებიც მერიის საკუთრებაში არ იყო.

    2018-2019 წლებში სენაკის მერიის საკუთრებაში 3 ატომობილი იყო, 2016-2017 წლებში კი 4 ავტომობილი. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლი „აგაი“ სისტემის მეშვეობით ხორციელდება. აღნიშნული სისტემის მეშვეობით საწვავი გამოიყენება მხოლოდ ავტორიზებულ ავტომანქანებზე, რაც ხელს უწყობს არამიზნობრივი ხარჯვების შემცირებას, როგორიც არის საწვავის ჩასხმა არასამსახურებრივი დანიშნულებისათვის და სხვა. თუმცა სენაკის მერია მხოლოდ მის საკუთრებაში მყოფ ავტომობილებს არ უზრუნველყოფდა საწვავით.

    2018-2019 წლებში სენაკის მერიამ საერთო ჯამში 166,540 ლარის ღირებულების, 76,745 ლიტრი საწვავი დახარჯა. მათგან ნახევარზე მეტი 91,197 ლარის ღირებულების 41,948 ლიტრი საწვავი სხვა ავტომობილებეზე დაიხარჯა, რომლებიც მერიის საკუთრებაში არ ირიცხება. მსგავსი პრაქტიკა არსებობდა 2016-2017 წლებში. სენაკის მერიას 4 ავტომანქანა ემსახურებოდა. ნაცვლად 4 ავტომობილისა 2016 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 49 ავტომანქანაზე, ხოლო 2017 წელს – 47 ავტომანქანაზე. აუდიტის დასკვნის თანახმად 2016-2017 წლებში საჯარო მოსამსახურეებმა 9,600 ლიტრზე მეტი საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებით გადაადგილებისას, რომლებიც სავარაუდოდ არ უკავშირდება სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. მათ შორის 150 ლიტრზე მეტი გახარჯულია თანამშრომლის შვებულებაში ყოფნის დროს.

    ასევე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით საწვავს ასხამდნენ დროის მოკლე პერიოდში, მაგალითად 2016 წელს 1 საათის განმავლობაში 8-ჯერ იქნა ჩასხმული საწვავი, ჯამში 207 ლიტრის მოცულობით, 2017 წელს კი 4 საათის განმავლობაში 7 ჯერ ჩაასხეს საწვავი, ჯამში 130 ლიტრის ოდენობით.

    მიუხედავად იმისა, რომ სენაკის მერია კვლავ განაგრძობს საწვავის მიწოდებას ავტომობილებისათვის, რომელიც მერიის საკუთრებაში არ არის ბოლო ორი წლის განმავლობაში მერიამ ნაკლები საწვავი მოიხმარა ვიდრე 2016-2017 წლებში. 

    2016-2019 წლებში საწვავში დახარჯულ თანხებთან შედარებით ნაკლები დაიხარჯა:
    – კულტურული ღონისძიებების პროგრამა – 104,600 (3.5 ჯერ ნაკლები)
    – ახალგაზრდული ღონისძიებების პროგრამა – 41,100 (9.1 ჯერ ნაკლები)
    – განათლების ღონისძიებების პროგრამა – 125,300( 3 ჯერ ნაკლები)

  • შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, სოლომონ დოდაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელი, 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე – მ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

    პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

    დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ვინ არის მამაკაცი რომელმაც ფოთის მერიაში თვითდაზიანება მიიყენა

    37 წლის კაცი,რომელმაც დღეს ფოთის მერიის შენობის მისაღებში თვითდაზიანებები მიიყენა, გიორგი ანთიძეა. 

    როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცს მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვს. გიორგი ანთიძის ძმა მამია ანთიძე ამაჟამად მძიმე დიაგნოზით ზუგდიდის საავადმყოფოში მკურნალობს.

    ოჯახის ახლობლების ცნობით, ძმებმა ბინა დაკარგეს და ნათესავმა ერთ ოთახში შეიფარა.

    რაც შეეხება დაშავებულ ანთიძეს, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდას ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.