Category: ახალი ამბები

  • “ვინც ამას ლიდერს უწოდებს – საკუთარ თავს შეურაცხყოფს, პირველ რიგში”-ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს აკრიტიკებს

    “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს გუშინდელი სატელევიზიო ინტერვიუს გამო აკრიტიკებს. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის შეცდომებს კარგად ხედავს.

    “ამაზე კაშკაშა უღირსობა რთულად წარმომიდგენია.

    ვინც ამას ლიდერს უწოდებს – საკუთარ თავს შეურაცხყოფს, პირველ რიგში.

    მარტოსულ საკანში 7 წელია ზის ის კაცი, ვიზეც საუბრობს. (იმის მიუხედავად, ვინ რას ფიქრობს მასზე).

    არც გაქცეულა! არც სახურავებზე ურბენია! არც ბოდიშის წერილები უწერია, როგორც მიშამ პოროშენკოს წერა.

    წავიდა და ჩაჯდა.

    ახლა ეს დასძახის – აიფონები გამოვიდა, ჩამორჩიო”-წერს ჩერგოლეიშვილი.

  • შსს-მ პეკინის გამზირზე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა

    პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნეს – დაკავებულია ერთი პირი, სამი იდენტიფიცირებულია.

    1984 წელს დაბადებულ, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევ ზ.ს.-ს ბრალი ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობაში, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 7 თებერვალს, 3 თანამზრახველთან ერთად, უკანონოდ შეაღწია თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე სამკაულების მაღაზია „რედბერში“ და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 10 780 ლარის ღირებულების ვერცხლის სამკაულებს, რის შემდეგაც ოთხივე პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    პოლიციამ ზ.ს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი სამკაულები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    პოლიციის მიერ, ამავე საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იდენტიფიცირებულია სამივე თანამზრახველი, რომელთა მიმართ დამატებით მტკიცებულებების მოპოვებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, ტარდება სხვადასხვა სახის საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საცავში ან სადგომში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.

  • ავარია გურიაში -დაშავებულთა შორის 6 წლის ბავშვია

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ერთმანეთს ჯიპი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულთა შორისაა 6 წლის გოგონაც, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნება.

  • ბერა ივანიშვილი შვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

    ცოტა ხნის წინ, ბერა ივანიშვილმა შვილის სახე გამოაჩინა და ახალი ფოტოები გამოაქვეყნა ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს ვაჟი 2019 წლის ბოლოს  შეეძინათ, რომელსაც დედის და მამის სახელების გაერთიანებით ბერუკა დაარქვეს.წყვილი აქამდე შვილთან ფოტოებს ყოველთვის ისე იღებდა, რომ პატარას სახე არ გამოჩენილიყო.

  • “ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა… განათლება აკლია”- ელისო ვირსალაძე ხატია ბუნიათიშვილზე

    “ვინ არის მთავარი პიანისტი”- ამ თემაზე Youtube არხზე ЕщёнеПознер ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ელისო ვირსალაძემ ისაუბრა. გადაცემის წამყვანმა მას კონკრეტული სახელი და გვარები დაუსახელა და შეფასება სთხოვა.

    ხატია ბუნიათიშვილი, რომელსაც თაყვანისმცემლები ქართული კლასიკური მუსიკის სიმბოლოს უწოდებენ ვირსალაძემ გააკრიტიკა და თქვა, რომ ბუნიათიშვილს კლასიკურ მუსიკასთან საერთო არაფერი აქვს.

    “საშინელება…თქვენ პოპულარობის მიხედვით არჩევთ, ხომ…უდავოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა. მაქვს შეგრძნება, რომ განათლება აკლია.თუმცა დღევადელ დღეს ეს არ მიკვირს, რადგან ასე ბევრი უკრავს. ეს ცუდია დამწყები პიანისტებისთვის, რომლებიც ამას უყურებენ და ჰგონიათ, რომ ასეა საჭირო”- ამბობს ელისო ვირსალაძე.

    {{VIDEO}}

    ელისო ვირსალაძე ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ქართული პიანისტური (საშემსრულებლო და პედაგოგიური) სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, საქართველოს სსრ სახალხო არტისტის, ანასტასია დავითის ასული ვირსალაძის შვილიშვილი და მოწაფეა.

    ელისო ვირსალაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის კონსერვატორია. ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში პროფესორ ი. ზაკის ხელმძღვანელობით.

    ვირსალაძე არის მსოფლიო ახალგაზრდობის ვენის მუსიკალური ფესტივალის ლაურეატი (1959). ვირსალაძის ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. იგი მოსკოვის საკავშირო (1961, III პრემია) და ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო (1962, III პრემია) კონკურსების, აგრეთვე ცვიკაუს (გფრ) შუმანის სახელობის საერთაშორისო კონკურსის (1966, I პრემია) ლაურეატია.

    ვირსალაძის შესრულება გამოირჩევა მაღალი მუსიკალური კულტურით, ვირტუოზული ტექნიკითა და არტისტიზმით. მისი რეპერტუარი ფართო და მრავალფეროვანია. 1970 წლიდან ვირსალაძე მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია.

  • ჰარი და მეგანი საჯარო ღონისძიებაზე სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ პირველად გამოჩნდნენ

    დასავლური მედიის ცნობით სამეფო ოჯახიდან წასვლის და კანადაში გადასვლის შემდეგ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველად გამოჩნდნენ ერთად საჯარო ოფიციალურ ღონისძიებაზე. Page Six წერს, რომ სასექსის ჰერცოგების წყვილმა JPMorgan–ის მიერ მაიამიში,საინვესტიციო სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
    ჰარი და მეგანი სიტყვითაც გამოვიდნენ. თვითმხილველის მონათხრობის მიხედვით მეგანმა რამდენიმე სიტყვა თქვა ქმრისადმი მის სიყვარულზე, რის შემდეგაც სიტყვა ჰარის გადაეცა. პრინცმა მისი გამოსვლა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს მიუძღვნა. ჰარიმ ილაპარაკა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და იმაზე, როგორ გადიოდა თერაპიას რამდენიმე წლის განმავლობაში, რათა დედის, პრინცესა დაიანას დაკარგვის შედეგად გამოწვეული ტრავმა დაეძლია. მან პუბლიკას უამბო, როგორი გავლენა მოახდინა ბავშვობამ მის ზრდასრულ ცხოვრებაზე. თავის სიტყვაში პრინცმა “მეგზითზეც“ ისაუბრა და თქვა, რომ მან და მეგანმა რთული ნაბიჯი გადადგეს, თუმცა არ ნანობს, რადგან უნდა მისი ოჯახი დაიცვას და არ უნდა მეგნმა და მისმა შვილმა, არჩიმ ის გაიარონ, რაც მან ბავშვობაში გადაიტანა.

    როგორც Page Six აღნიშნავს, დარბაზში ბევრი მილიარდერი იყო. კონფერენციაში მონაწილეობისთვის კი ჰარის და მეგანს სავარაუდოდ კარგად გადაუხადეს. გამოცემა ბრენდინგის ბრიტანელ ექსპერტზე, მარკ ბორკოვსკიზე დაყრდნობით წერს, რომ გამოსვლისთვის წყვილს სავარაუდოდ  მინიმუმ 500 000 დოლარი გადაუხადეს, გარდა ამისა აუნაზღაურეს ფრენა კერძო თვითმფრინავით. Page Six ვარაუდობს, რომ წყვილი მეგანის მეგობრის, ჩოგბურთელ სერენა უილიამსის სახლში დაბინავდა, რომელიც პალმ ბიჩში მდებარეობს.

    შეგახსენებთ, რომ ჰარიმ და მეგანმა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ფინანსურ დახმარებაზე უარი თქვეს, ისევე, როგორც სამეფო პრივილეგიებზე და მოვალეობებზე და განაცხადეს, რომ აპირებენ თვითონ იშოვონ ფული თავის შესანახად.

  • მეტროს საბურთალოს ხაზზე დაკვამლიანების გამო მოძრაობა ერთი საათით შეჩერდა

    თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი დილიდან შეფერხებით მუშაობს. ამის მიზეზი მეტროსადგურ დელისზე “შპალის“ დაწვა გახდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა და ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

    სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით მატარებლის მოძრაობის დროს დაზიანდა ე.წ. ხის შპალი, რომელზეც რელსებია განთავსებული. თვითონ მეტროსადგურზე ხანძარი არ გაჩენილა, თუმცა იყო მცირედი დაკვამლიანება.

    ამის გამო საჭირო გახდა ძაბვის მოხსნა, რის გამოც საბურთალოს ხაზზე მეტროსადგურები დაიკეტა.

    ერთსაათიანი შეფერხების შემდეგ მოძრაობა აღდგა. 

  • ევროკავშირი – “ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს … მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით”

    “მომდევნო თვეების განმავლობაში ყურადღებით დავაკვირდებით პოლიტიკურ მოვლენებს, ქვეყანაში არსებული მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის გათვალისწინებით. ველით, რომ წელს არჩევნები თანაბარი პირობების დაცვით და პლურალისტურ მედია გარემოში ჩატარდება,”- ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველოზე საუბრის დროს გააკეთა. განცხადება ბორელმა მას შემდეგ გააკეთა რაც დღეს “საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მე-4 ანგარიშში” გამოქვეყნდა.

    ანგარიშში წერია, რომ საქართველოში არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური დიალოგისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. არსებითია, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში, ხოლო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, პროცესი გამჭვირვალედ განხორციელდეს და კანდიდატთა წარდგენა ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარიმართოს.

    “მიმდინარე საარჩევნო რეფორმის ამოცანა უნდა იყოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) მიერ შემოთავაზებულ ყველა რეკომენდაციასთან შესაბამისობა. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არჩევნების წინ თავისუფალი და პლურალისტული მედიისთვის ხელშემწყობი გარემოს არსებობა კიდევ ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება,”- წერია ანგარიშში.

    დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ევროკავშირი “მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”

    დასკვნაში გასულ წელს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზეც არის საუბარი, კერძოდ 20 ივნისის მოვლენებზე, სადაც აღნიშნულია, რომ 20 ივნისს ღამით აქციის მონაწილეების “დარბევა მოხდა.”

    “20 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავჯდომარემ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა. იგი მოწვეული იყო პარტია “ქართული ოცნების” წევრების მიერ. ამ მოვლენას საპასუხო რეაქცია და ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. დემონსტრაციები პოლიციამ ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაარბია, რამაც მძიმე დაზიანებები გამოიწვია და შემდეგი თვეების განმავლობაში მომდევნო დემონსტრაციები განაპირობა. დაიწყო ორი გამოძიება, ერთი – დემონსტრანტების წინააღმდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ხოლო მეორე კი – პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გადაჭარბებასთან დაკავშირებით.

    პროტესტების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება შემოიტანა, რომლის მიხედვითაც სრულად პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარებულიყო უკვე 2020 წელს, 2024-ის ნაცვლად, როგორც ეს თავდაპირველად კონსტიტუციით იყო გათვალისწინებული. 2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან გადადგა და მის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნა,”- წერია ანგარიშში.

    ანგარიშში ასევე საუბარია, იმაზე თუ რა მოვლენები განვითარდა მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ჩავარდა.

    “14 ნოემბერს პარლამენტის კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნამ შემდგომი პოლიტიკური არასტაბილურობა და ქუჩაში გამართული პროტესტები გამოიწვია. საარჩევნო რეფორმის პროცესი შეჩერებულია. ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოსაძიებლად და არჩევნების წინ შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად პოლიტიკური დიალოგის შეხვედრები გაიმართა,”- წერია ანგარიშში.

    ანგარიშში ასევე საუბარია რუსთავი2-ის და ტვ პირველის საქმეებზე, ყურადღება გამახვილებულია თიბისი ბანკში ე.წ. “ფულის გათეთრების საქმეზეც” .

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯიქიას სასაფლაოზე ხანძარია

    ჯიქიას სასაფლაოზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია.

    ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ცეცხლის ქრობას ხელს უშლის ძლიერი ქარი.

  • აწყურში არასრულწლოვნებმა მაღაზია გაქურდეს

    ახალციხის რაიონის სოფელ აწყურში, ორმა მოზარდმა მაღაზია გაძარცვა. ადგილობრივების განცხადებით, მოზარდებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს მაღაზიაში მყოფ ერთ პირს.

    შსს-ში ამბობენ, რომ მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ორი პირი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე დააკავეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის ორი ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ძარცვას გულისხმობს.