Category: ახალი ამბები

  • ჩვილის გაყიდვის ფაქტზე ყველა დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ჩვილის გაყიდვის ფაქტზე ყველა დაკავებული  სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბავშვი ამ ეტაპზე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშაა. 

    ბავშვი სამშობიარო კლინიკა „ბაიებში“ გაჩნდა, სადაც აცხადებენ, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ,რომ დედა ყალბი სახელით და გვარით იყო დარეგისტრირებული. ამასთან, უარყოფენ ცნობას, თითქოს მათი ექიმები საქმეზე დაკავებული არიან.

    ბავშვის გაყიდვის ბრალდებით სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. მათ შორის იყო ბავშვის დედა და ორი ექიმი. გამოძიების ცნობით, ჩვილი 13 000 დოლარად უნდა გაეყიდათ და ეს თანხა გაენაწილებინათ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

  • შსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 6 პირი დააკავეს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

    თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და ქობულეთში ერთდროულად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1964 წელს დაბადებული მ.მ., 1981 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული დ.მ., 1977 წელს დაბადებული ნ.შ. და 1990 წელს დაბადებული ბ.ჩ.

    „სამართალდამცველებმა, ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ექვსივე ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, მათ შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერი ქურდს“, ნიკოლოზ ფურცხვანიძეს – მეტსახელად „ბურდღუნიჩას“ მიმართეს.

    „ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის, რომლებიც მოდავე მხარეებს წარმოადგენდნენ, სატელეფონო ქურდული გარჩევა შედგა, რომლის შედეგადაც, ერთ-ერთ მხარეს 8,700 ევროს ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

    „ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, ნ.შ.-ს და დ.მ.-ს, დაკისრებული თანხა ბრალდებულების ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

    ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

    გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა ჭელიძემ.

    დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გწერთ, რათა ხმა შევმატო მზარდ შეშფოთებას- კიდევ ერთი კონგრესმენის კრიტიკული წერილი გახარიას

    გწერთ, რათა ხმა შევმატო მზარდ შეშფოთებას- კიდევ ერთი კონგრესმენის კრიტიკული წერილი გახარიას

    აშშ-ის კონგრესის წევრი რენდი ვებერი გიორგი გახარიას კრიტიკულ წერილს უგზავნის.

    ის ,,ტვიტერზე” წერს, რომ უერთდება მისი კოლეგების შეშფოთებას პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირების შეუსრულებლობის, მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისა და ოპონენტების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით.

    ვებერის თქმით, პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ს მთავრობიდან თანხის გამოყოფის შესახებ კანონმდებლობის განხილვისას საქართველოს სიფრთხილითა და უარყოფით შუქზე უყურებენ.

    მის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

    ,,დღეს გწერთ, რათა ჩემი ხმა შევმატო აშშ-ის კონგრესში ორპარტიულ მზარდ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური განვითარებისგან უკუსვლის გამო.

    ამერიკასთან საქათველოს სტრატეგიული პარტნირობისა და ამერიკის მხრიდან ყოველწლიურად გაცემული დახმარების გამო საქართველოში, თავს იძულებულად ვგრძნობ, შევუერთდე ჩემს კოლეგებს კონგრესში, რომლებმაც გასულ კვირებში წერილები მოგწერეს. მე ვუერთდები მათ მიერ გამოხატულ შეშფოთებას იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ უარი გეთქვათ დაპირებულ საარჩევნო რეფორმებზე, ასევე მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ცნობებთან დაკავშირებით და პოლიტიკური ოპონენტების, მედიის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ამერიკის კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გაუმართლებელ შევიწროებასთან დაკავშირებით.

    გასულ წელს მე აშშ-ის წარმომადგენლობით ორგანოში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისას ჩემს კოლეგებს შევუერთდი. ეს აქტი უპირველეს ყოვლისა ჩვენი მხარდაჭერის გამოხატვა იყო თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რუსეთისგან მომავალი ღია გამოწვევების საპასუხოდ.

    მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მხარდაჭერის აქტი არ გულისხმობდა ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მთავრობის მიმართ, რათა გავლენა მოეხდინა შიდა მმართველობაზე ისე, რომ ეს ყოფილიყო საწინააღმდეგო ამ ჩანაწერისა – “დემოკრატიული ღირებულებების განვითარება საქართველოში, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩათვლით, საჯარო უწყებების გამჭვირვალობით და პასუხისმგებლობით, კანონის უზენაესობით და ანტიკორუფციული მუშაობით”.

    საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში 2017 წლის შემდეგ 50%-ზე მეტით შემცირდა. დამატებით, 2019 წელს Transparency International-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური კორუფციის ინდექსი, რომელიც აჩვენებს, რომ 2015 წლის შემდეგ საქართველოს რეინტინგი აგრძელებს უკუსვლას ან განიცდის სტაგნაციას. ანგარიშის მიხედვით, “საკვანძო ინსტიტუტებზე არასათანადო გავლენები საქართველოს პოლიტიკური განვითარების ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება”. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ “სახელმწიფოს მიტაცება” და “ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი ადამიანის ხელში” მიმდინარე გამოწვევებია. და ბოლოს, ანგარიშში ასევე წერია, რომ “უკანასკნელი წლების განმავლობაში პროგრესის ნაკლებობა საქართველოში ქვეყანაში ანტი-კორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს”.

    შედეგად მიღებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის კლება გასაკვირი არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული და ევროპული ბიზნეს-ინტერესები საქართველოში ძალიან პრობლემატურ გარემოში არიან, განიცდიან შევიწროვებას, კონტრაქტების შეწყვეტასა და ექსპროპრიაციის თავდასხმებს. ჩემი მშობლიური ტექსასიდან ამის თვალსაჩინო მაგალითი ნავთობისა და გაზის კომპანიის, ფრონტერა რესურსის, გამოცდილებაა. საქართველოში გარემოს გაუარესების კიდევ ერთი მაგალითი ამერიკული სოციალური მედიის კომპანიას, Facebook-ს უკავშირდება, რომელმაც ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ მათ აღმოაჩინეს და გააუქმეს მმართველ პარტია ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც შემჩნეულები იყვნენ “კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში”, რათა ჩაეხშოთ ოპოზიციური ხედვა საქართველოში და ავრცელებდნენ ანტიდასავლურ სენტიმენტებს, განსაკუთრებით კი აშშ-ის წინააღმდეგ.

    ამ შემაშფოთებელი ტენდენციების გათვალისწინებით, აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესში 2019 და 2020 წლებისთვის თანხის გამოყოფის ორ საკანონმდებლო აქტს, რაც სპეციფიკურად მიემართებოდა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს საქართველოს მთავრობის მიერ დემოკრატიული ღირებულებების, თავისუფალი ბაზრის პრინციპებისა და ამერიკული ბიზნეს-ინტერესების გათვალისწინების უკუსვლასთან დაკავშირებით. პირველად საქართველოს თანამედროვე ისტორიაში, აშშ-ს მთავრობიდან თანხის გამოყოფის შესახებ კანონმდებლობის განხილვისას თქვენს ქვეყანას სიფრთხილითა და უარყოფით შუქზე უყურებენ.
    განხილული ნეგატიური მოვლენებისა და ყოველწლიური მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების ფონზე, აშშ-ში გახშირდა მოწოდებები სანქციებისა და სხვა შესაძლო სადამსჯელო მოქმედებების შესახებ. მე შევუერთდი იმ მზარდი კონგრესმენების რიცხვს, რომლებმაც საქართველოში პატიოსანი ბიზნესის პრაქტიკის შესახებ კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.

    საქართველო რჩება აშშ-ს მნიშვნელოვან მეგობრად და სტრატეგიულ პარტნიორად. ვიმედოვნებ, რომ მეგობრებს შორის გულწრფელი კომუნიკაცია მომავალ წლებში უფრო მყარი და ძლიერი ურთიერთობის წინაპირობა იქნება. ამავე კონტექსტში, მე ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობა იპოვის გზებს, რათა შეწყვიტოს ამერიკული კომპანიების საწინააღმდეგო ქმედებები და გააძლიეროს აშშ-დან პირდაპირი ინვესტიციების ზრდა და ასევე აუცილებლად იპოვოს გზა, რათა უპასუხოს იმ შემაშფოთებელ ნიშნების, რომლებიც ქართველი ხალხის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს”,- წერს რენდი ვებერი გიორგი გახარიას.


  • ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობის, ძარცვისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ო.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს.

    უწყების ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

    პოლიციამ ო. ც.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს,“- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ახალშობილის გაყიდვის ფაქტზე 7 პირი, მათ შორის, ბავშვის დედა დააკავეს

    ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არასრულწლოვანით ვაჭრობის-ტრეფიკინგის ფაქტზე, შვიდი პირი დააკავეს.

    „დაკავებულთა შორისაა თავად ბავშვის დედა და სამედიცინო დაწესებულების ორი ექიმი. დაკავებულთაგან, ერთ – ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

    გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის.

    ბრალდებულებმა, აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი. დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

    საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან

    პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებიან.

    პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან. 

    „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მნიშვნელოვან რეფორმებზე, ასევე, საუბარი შეეხება არსებულ პოლიტიკურ პროცესებს და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს.

    “შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტარებთან და მივაწვდით ინფორმაციას რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებები აქვს აღებული, რომელსაც თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ. რასაკვირველია, ძალიან დიდი ყურადღებაა 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება საარჩევნო გარემო. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან გარემოში, აუცილებლად იქნება გამჭვირვალე და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა შესაძლებლობა, წარმოადგინოს თავისი ხედვა და გააცნოს მოსახლეობას, აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რაც 2012 წლის შემდეგ ამ მიმართულებით გადადგა ქვეყანამ. ყოველთვის, ყველა არჩევნებს მოყვებოდა მაღალი შეფასებები სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, რა თქმა უნდა, ეს უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ,”-განაცხადა კახა კალაძემ.

    „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, ვიზიტის მიზანია ურთიერთობების გაღრმავება.

    “საუბარი გვექნება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც წარიმართება საქართველოში. გვინდა, გავაღრმავოთ თანამშრომლობა, ურთიერთობები და ესეც იქნება, ბუნებრივია, ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საგანი. მაქვს საინტერესო შეხვედრების მოლოდინი, რასაც მოყვება პოზიტიური შედეგი,”- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

  • ილია II პატრიარქობიდან უნდა გადადგეს – პეტრე ცაავა

    “ილია II უნდა გადადგეს და მოსაყდრე შიოს უფლება უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს” – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ “2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

    „რჯულის კანონი დარღვეულია, პატრიარქის მიერ მოსაყდრედ დასახელებული შიო სინოდის სხდომებს უნდა ატარებდეს და მომავალი პატრიარქის არჩევას უნდა ხელმძღვანელობდეს. პატრიარქმა შიო მოსაყდრედ დაასახელა, ამიტომ ილია II უნდა გადადგეს და მოსაყდრე შიოს უფლება უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

    დღეს კათოლიკს-პატრიარქი თავისი ბინძური გარემოცვის მეშვეობით, ეკლესიას უკანონოდ, უსამართლოდ და ერთპიროვნულად მართავს, რაც კანონდარღვევაა. ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც გამოსასწორებელია“, – ამბობს მეუფე პეტრე.

    შეგახსენებთ, რომ პეტრე ცაავას 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მღვდელმტავრის სტატუსი შეუჩერდა. ის პატრიარქს მწვავედ დაუპირისპირდა და სინოდის სხდომა დატოვა.

  • უგულავას განაჩენით ხელისუფლება პოლიტიკურ დევნას აგრძელებს — არასამთავრობოების განცხადება

    არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უზენაესი სასამართლოს მიერ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს ეხმაურება.

    არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    „თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე პროკურატურამ გიგი უგულავას ბრალი 2013 წლის 18 დეკემბერს წარუდგინა. საქმე მნიშვნელოვანი დარღვევით წარიმართა, რამაც წარმოშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მის ერთადერთ მიზანს ოპოზიციური ლიდერის პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორება წარმოადგენდა. გიგი უგულავა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, მაშინ როდესაც იგი ოპოზიციური პარტიის სააარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში დაუსაბუთებლად და კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით 9 თვეზე მეტი ხანი დაჰყო.

    აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაჩენის გამომტანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან, ორი სწორედ ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად არის შერჩეული. ერთ-ერთი მათგანი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი და გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძეა. ცხადია, მისი მონაწილეობა პრობლემურია და გამოტანილი განაჩენის მიმართ უნდობლობას აჩენს.

    იმ ფონზე, როდესაც გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიება 7 წლის წინ დაიწყო, ხოლო პარალელურად სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ რამდენიმე ოპოზიური პარტიის ლიდერის, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის, ნიკა მელიასა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მიმდინარეობს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლების მხრიდან, სისხლისსამართლებრივი დევნა ოპონენტების წინააღმდეგ ზემოქმედების ბერკეტად გამოიყენება.

    ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების წინააღმდეგ დროში გაწელილმა გამოძიებამ და სასამართლო პროცესებმა საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკის სახე მიიღო. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ მეთოდს საკუთარ ოპონენტებზე არაპირდაპირი ზეწოლის მიზნით, ეფექტიანად იყენებს. გიგი უგულავასთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაც შესაძლოა ერთგვარი გზავნილი იყოს სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ.

    ბოლო პერიოდში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები სულ უფრო ხშირად მიუთითებენ ქვეყანაში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე. საარჩევნო სისტემასთან ერთად, დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ყურადღება სასამართლოს და პროკურატურის დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ პრობლემებსა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე არის გამახვილებული. აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უგულებელყო ქვეყნის ინტერესები და დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებები ცალსახად ტოვებს ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილებას და ის სულ უფრო და უფრო შორდება პოლიტიკურ რაციონალურობას, რითიც მოსახლეობაში ნიჰილიზმისა და ქვეყნის იზოლაციის საფრთხეს ზრდის.

    მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული ზოგადი კონტექსტისა და მოახლოებული საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებაც. იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზიდან გამოსვლის მიზნით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება, ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების გაგრძელების სურვილზე არ მიუთითებს. მსგავსი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს ვითარების რადიკალიზებას და ამცირებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგისა და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსს.

    აღნიშნული ვითარება კიდევ ერთხელ ააშკარავებს სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზირებულების საკითხს. უზენაეს სასამართლოში გასული წლის მიწურულს განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ საქმეზე მიღებული განაჩენი ადასტურებს მართლმსაჯულების სისტემაზე ხელისუფლების გავლენას და შერჩევითი სამართლის ტენდენციებს. პროკურატურისა და სასამართლო სისტემის პოლიტიკური მიკერძოებულობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, კიდევ უფრო ამცირებს მოსახლეობის ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის მიმართ და უარყოფითად მოქმედებს წინასაარჩევნო გარემოზე.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს – ბიძინა ივანიშვილს, შეწყვიტონ ოპონენტებისა და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ შერჩევითი მართლმსაჯულების განხორციელება, ხელი შეუწყონ პოლიტიკური კრიზისის კონსტრუქციულ რეჟიმში გადაწყვეტასა და პარტიული ინტერესების ნაცვლად, პრიორიტეტად მოსახლეობის და ქვეყნის განვითარების ინტერესები დაისახონ,” – ნათქვამია განცხადებაში.

    ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG)“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)“, „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, „სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“, „საზოგადოება და ბანკები“, „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ღია საზოგადოების ფონდი“, „მედიის განვითარების ფონდი“.

  • თეთნულდზე მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

    თეთნულდზე, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

    “11 თებერვალს, დილით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მესტიის სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ტურისტების ჯგუფი ვერ ახერხებდა ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან დაკავშირებას. დაუჩინარებული შესაძლოა ყოფილიყო 10 თებერვალს თეთნულდზე ჩამოწოლილი ზვავის ტერიტორიაზე.
    შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გაემგზავრნენ შემთხვევის ადგილზე.
    საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა უკრაინის მოქალაქის ცხედარი იპოვეს”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • აშშ-ს საელჩო გიგი უგულავას დაკავების შემდეგ განცხადებას ავრცელებს

    აშშ-ს საელჩო საქართველოში  ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ს ელჩი იმედგაცრუებულია, რადგან რისკის ქვეშ დადგა საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგი.

    “აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკურ დიალოგს, რომლის მიზანიც არის ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება, რომელიც საუკეთესოდ ემსახურება ქართველ ხალხს.

    აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია იმით, რომ ოპოზიციის ლიდერის მიმართ გუშინ გამოტანილი განაჩენისა და თავისუფლების აღკვეთის დრო და კონტექსტი დიალოგს რისკის ქვეშ აყენებს.

    დიალოგის წარმატებულად გაგრძელებისთვის ხელშემწყობი გარემო მოითხოვს დამოუკიდებელ, გამჭვირვალე სასამართლო სისტემას, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ზეგავლენისგან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დარჩნენ პოლიტიკური დიალოგისა და საარჩევნო კოდექსის შემდგომი დახვეწის ერთგულნი, რაც არის საუკეთესო გზა შეიქმნას პირობები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”-აღნიშნულია  საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.