Category: ახალი ამბები

  • ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

    ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო. კაკულიამ 50 ათასი ლარის სანაცვლოდ დატოვა საპყრობილე, ხოლო სხვა დაკავებულებს 30-30 ათასი ლარის გადახდა მოუწიათ.

    შეგახსენებთ, 8 ნოემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგანაც სამი მოქმედი, ერთი კი, ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და საკრებულოს ახლანდელი თავმჯდომარე ირაკლი კაკულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მათ ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებ

  • ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

    ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მატარებელი აბაშაში იმყოფებოდა.

    ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს. მგზავრები აცხადებენ,რომ ვაგონში ძლიერი დაკვამლიანებაა და შეინიშნება პანიკა.

    ჯერჯერობით, უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.

  • დმანისში მკვლელობა მოხდა

    დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში მკვლელობა მოხდა. ქალის ცხედარი დილით იპოვეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

  • ბათუმის მერი პარიზში ბიუჯეტის ხარჯით მეგობრების წაყვანას უარყოფს

    ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე პარიზში ვიზიტის შესახებ განმარტებას სოციალური ქსელით აკეთებს და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ფულით მეგობრები პარიზში არ წაუყვანია.

    “გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მიზანმიმართულ, ცრუ კამპანიას, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება ბათუმის მერის პარიზში ვიზიტის ხარჯების მიზნობრიობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ არტ-კაპიტალის გამოფენაზე ქართული დელეგაციის სტუმრობა და ქართველი მხატვრების მონაწილეობა არის უპრეცედენტო და მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის. აღნიშნულ გამოფენაში ბათუმელი მხატვრების მონაწილეობა არის ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძისა და აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის, აკაკი ძნელაძის ძალისხმევის შედეგი. მხატვრების გამოფენაზე წარმოდგენისთვის ხარჯები გაწეული იქნა აჭარის კულტურის სამინისტროსა და, ნაწილობრივ, ბათუმის მერიის მიერ. წარმოდგენილი მხატვრების უმრავლესობა იყო ბათუმელი და შესაბამისად, არტ-კაპიტალის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერი ოფიციალურად იქნა მიწვეული აღნიშნულ ღონისძიებაზე.

    ვიზიტი ასევე მოიცავდა ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრებსა და სამომავლო გეგმების განხილვას. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღნიშნულ ვიზიტზე მერს ახლდა მეგობრები, რომლებიც დაფინანსებულნი იყვნენ ბიუჯეტის თანხებით, წარმოადგენს სიცრუეს. ღონისძიებაზე დამსწრე სხვა პირები გამოფენაზე იმყოფებოდნენ საკუთარი ინიციატივითა და ხარჯებით. მათი დაფინანსება არ განხორციელებულა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან. მოგიწოდებთ ყველას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას” – წერს კომახიძე.

    განმარტების მიუხედავად, მერს არ გაუსაჯაროვებია სამივლინებო ხარჯები,სადაც დადასტურდებოდა ან გაქარწყლდებოდა ბრალდებები, რომელიც “ალტერნატივამ” ბათუმის მერიას წაუყენა.

  • პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის უცხოეთის მოქალაქე დააკავა (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავეს. 1969 წელს დაბადებულ ა.კ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

    დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები: 97 აბი სუბუტექსი, ბუპრენორფინის შემცველი ფხვნილი, 5 აბი ექსტაზი და 1 შეკვრა მდმა.

    გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების ა ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების ა ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

  • ინფექციურ საავადმყოფოში ჩინეთიდან ჩამოსული კიდევ ერთი მოქალაქე შეიყვანეს

    თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. 19 წლის ბიჭი  ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა​. პაციენტი ავად ჩინეთში ყოფნის პერიოდში გახდა.

    „ ეს არის ახალგაზრდა ვაჟი, 19 წლის, რომელიც ქართველია ეროვნებით, მაგრამ ჩინეთში იყო. იქ გახდა ავად 28 იანვარს და როგორც თვითონ ამბობს, იქ გამოურიცხეს კორონავირუსით ინფექცია. აქ ჩამოვიდა 8 თებერვალს და არ გაუარა რესპირატორულმა ინფექციამ და ამიტომ თავისით მოვიდა. რენტგენოლოგიურად ჩაუტარდა გამოკვლევა და პნევმონია არ აქვს, არც სუნთქვის გაძნელება, არც ლეიკოპენია. ანუ ამ ვირუსის ყველაზე სერიოზული სიმპტომები არ აღენიშნება. რაც შეეხება კორონავირუსზე გამოკვლევას, მას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს და ხვალვე იქნება პასუხი,“- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

  • ტელეკომპანია “რუსთავი 2” განცხადებას ავრცელებს

    ტელეკომპანია “რუსთავი 2” განცხადებას ავრცელებს.

    “რამდენიმე მედიასაშუალებასა და საჯარო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რუსთავი 2-ის” ეთერში “სტუდია მონიტორის” პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო.

    გავრცელებული ინფორმაცია და შეფასებები ეფუძნება ფაქტებით მანიპულირებას, ემსახურება “რუსთავი 2-ის” რეპუტაციის დაზიანებას და წარმოადგენს იმ კამპანიის ნაწილს, რაც არხის წინააღმდეგ ხორციელდება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ.

    გავრცელებულ ინფორმაციაში არასწორადაა მითითებული, რომ პროექტი შეჩერდა კონკრეტული ფილმის შინაარსის გამო, ეს არ შეესაბამება რეალობას. პროექტი დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და მისი ყველა პირობა შესრულდა.
    პროექტის ფარგლებში “რუსთავი 2-მა” ეთერში გაუშვა კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა ფილმი, მიუხედავად მათი შინაარსისა. არხს ფილმები მიეწოდებოდა ერთი დღით ადრე და ყოველგვარი მონიტორინგის ან სარედაქციო ჩარევის გარეშე თავსდებოდა ეთერში დაგეგმილ დროს. ამდენად, მითითება, თითქოს რაიმე კონკრეტული ფილმის გამო შეჩერდა პროექტი, მით უფრო, მაშინ, როდესაც კონტრაქტი დასრულებულია, არაკორექტულია.

    ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ “რადიო თავისუფლებას” ან “სტუდია მონიტორს” “რუსთავი 2-ის” მიმართ რაიმე პრეტენზია არ დაუფიქსირებია. ჩვენმა არხმა გამოთქვა “რადიო თავისუფლებასთან” სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობის მზაობა, რაც ეცნობა წერილობით ამერიკის გლობალური მედიის სააგენტოსაც.

    რაც შეეხება საჯარო სივრცეში გავრცელებულ კომენტარებს, მიუღებელია ფაქტების მანიპულაციაზე დაფუძნებული დაუსაბუთებელი კრიტიკა და არხის რეპუტაციის შემლახავი მიზანმიმართული კამპანია იმ პირებისაგან, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ტელევიზია კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ კონტროლდებოდა, არ გამოხატავდნენ პროტესტს არხის სარედაქციო პოლიტიკაში უხეშ ჩარევაზე,”- ნათქვამია განცხადებაში.

  • ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებით დეკლარაციის მიღება კენჭისყრაზე ჩავარდა

    რამდენიმე წუთის წინ, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა კენჭისყრაზე ჩააგდო დოკუმენტი, რომელსაც ევროკავშირი- საქართველოს ასოცირების კომიტეტი დასკვნის სახით ყოველ წელს იღებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სტრასბურგში მყოფმა დეპუტატმა  სალომე სამადაშვილმა გაავრცელა. 

    დოკუმენტი, რომელიც ჩავარდა  ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციებს მოიცავდა ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით.

    არსებული ინფორმაციით, საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში  ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას საქმეზე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე. თუმცა შესწორებების შეტანას  საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

    შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო  ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს  მხარი არ დაუჭირა.

  • ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, შემდეგ შემოგვიშვეს ევროპარლამენტში – კალაძე სამადაშვილის პასუხობს

    “ევროპარლამენტარებმა საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში”, – ასე პასუხობს კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ წევრს სალომე სამადაშვილს.

    „სამადაშვილის სისულელეები მე მგონი, სერიოზული პასუხის ღირსიც არ არის. ხო, საერთოდ არავინ არ გვიცნობს, არ გვიშვებდნენ, საქართველო საერთოდ არ იციან სად არის, რა ქვეყანაა და ბოლოს ვუთხარით, რომ სამადაშვილის ქვეყნიდან ვართ, მაგის შემდეგ შეგვხვდნენ და შემოგვიშვეს ევროპარლამენტში“, – აცხადებსს კალაძე.

    ცნობისთვის, სალომე სამადაშვილმა ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ „კალაძე და კობახიძე დადიან ლანდებივით, არავინ იცნობს”.