Category: ახალი ამბები

  • ოცნების მაღალჩინოსნის დედის კომპანიამ 105 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო

    გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

    ორგანიზაციის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის – გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია “სერპანტინმა” 2013 წლიდან დღემდე 105 მილიონი ლარის ტენდერებში გაიმარჯვა.

    ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ზედელაშვილი 2018 წლამდე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილედ მუშაობდა.

    შპს “სერპანტინი” 2000 წლის 19 მაისს დარეგისტრირდა. 2011-2012 წლებში, შპს “სერპანტინის” ჯამურმა ბრუნვამ 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ვითარება 2013 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა. 2013 წელს “სერპანტინის” ბრუნვები 2012 წელთან შედარებით 700%-ით გაიზარდა.

    2013-2019 წლებში მონაწილეობა მიიღო 171 ტენდერში, საიდანაც მოიგო 102. მოგებული ტენდერებიდან 43 შემთხვევაში მას კონკურენტი არ ჰყოლია. ზედელაშვილის დედის კომპანიის ყველაზე დიდი დამკვეთი საავტომობილო გზების დეპარტამენტია. “სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ 46 ტენდერში, საიდანაც 24-ში გაიმარჯვა, აქედან 6 მათგანში უკონკურენტოდ. ტენდერებიდან მიღებული თანხის ჯამურმა მოცულობამ 64 მილიონს ლარს გადააჭარბა.

    სერპანტინმა” მონაწილეობა მიიღო მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 12 ტენდერში, რომელთაგან ყველა კახეთის მხარეში არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდებოდა. 12 ტენდერიდან “სერპანტინმა” მოიგო 9 ტენდერი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 11,8 მილიონი ლარი შეადგინა.

    კომპანია “სერპანტინმა” ჯამში 105 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერები მიიღო, საიდანაც 64.3 მილიონი ლარი მოდის საავტომობილო გზების დეპარტამენტზე, 29 მილიონი ლარი – კახეთის მუნიციპალიტეტებზე, ხოლო 11.9 მილიონი ლარი კი – მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერებზე.

  • “ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას”- გიორგი მარგველაშვილი

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. ამის შესახებ მარგველაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

    „ავტორიტარიზმის არჩევით, „ქართულმა ოცნებამ“ წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს მარგველაშვილი.

  • პარლამენტში ირაკლი შოთაძის მოსმენა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის

    იურიდიული კომიტეტის დღევანდელი სხდომა, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.

    პოლიტიკოსები კი პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას ხვალიდან აპირებენ. ამასთან ერთად, ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად მას შესაძლოა სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი დაესწროს.

    „ყველამ იცოდა, რომ ბიძინა ივანიშვილის სისტემის პირობებში, ყველა ვარიანტში გენერალური პროკურორი მისი პერსონალური მორჩილი იქნებოდა, მაგრამ ეს დიდი პრობლემაა და მისი დამარცხების შემდეგ ეს სისტემა მთლიანად უნდა შეიცვალოს. ჩვენ ვაპირებთ კვლავ პიკეტირებას, იქნება მშვიდობიანი კორიდორი და მათ მოუწევთ, ისევ იმავე მეთოდებით შეაპარონ პარლამენტში დეპუტატებიც და საზოგადოების შეურაცხყოფის სიმბოლო – ირაკლი შოთაძე“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

    შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

    „2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა“, – წერია კომიტეტის დღის წესრიგში.

    ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

  • პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

    პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.

    „2020 წლის 10 თებერვალს საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა და კომიტეტის სხდომაზე მოსმენა“, – წერია კომიტეტის დღის წესრიგში.

    ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურა მიმდინარე წლის 7 თებერვალს აარჩია. მას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

  • გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა

    გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა. იდეის ავტორი დავით ტიელიძეა, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტალინისა და ივანიშვილის თოვლის ბიუსტები.

    “ერთი წამოახედაო და აჰა წამოვახედე , მგონი ფარული ნიჭი აღმოვაჩინე” – წერს დავით ტიელიძე.

    სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

  • “მზად ვარ ველაპარაკო სააკაშვილს”- გიორგი მარგველაშვილი

    ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილია აცხადებს, რომ მზადაა თავის წინამორბედს, მიხეილ სააკაშვილს ესაუბროს, თუ მას საქართველოში დემოკრატიის გაღრმავების ხედვა აქვს. ამის შესახებ მარგველაშვილმა გადაცემა კვირის აქცენტებში ისაუბრა.

    “როცა ეხება საკითხი დემოკრატიული დღის წესრიგის გაღრმავებას, მზად ვარ ველაპარაკო ყველა პოლიტიკურ ფიგურას, მათ შორის სააკაშვილს, თუ მას აქვს ხედვა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით”, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

    ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ამჟამად სხვადასხვა პირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მრგვალი მაგიდის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციასთან იწყებს საუბარს. მისივე თქმით, მისი ქმედებები გაერთიანებული ოპოზიციის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

  • “სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას, კარგი იქნება თუ შეინანიებს” – პეტრე ცაავა პატრიარქზე

    „კარგი იქნება, თუ პატრიარქი შეინანებს, როგორც უძღები შვილი“-ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცახდა.

    „კარგი იქნება, თუ პატრიარქი შეინანებს როგორც უძღები შვილი, რომ ის სოდომური ცოდვით მართავს საქართველოს ეკლესიას და მართავს უკანონოდ. კანონზე მაღლა უყენია თავისი თავი. ბევრი კანონი დაურღვევია, რაც პატრიარქმა უნდა შეინანოს, როგორც უძღებმა შვილმა, ღვთის და ერის წინაშე. ეს იქნება ჩემი რჩევა“, – ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.

    ცნობისთვის, 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა საზოგადოების უმეტესობისთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაციით დასრულდა.

    სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

    პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

  • ყველაზე ხელგაშლილი და ქველმოქმედი ცნობილი მამაკაცები

    ყველაზე ხელგაშლილი და ქველმოქმედი ცნობილი მამაკაცები

    მათ ყველა იცნობს, თუმცა ბევრმა არ იცის მათი ხელგაშლილობისა და იმის შესახებ, რომ მილიონობით დოლარს ხარჯავენ ქველმოქმედებაზე.

    ათ წელზე მეტია დევიდ ბექჰემი ქველმოქმედებას ეწევა. 2005 წელს ის საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF–ს შეუერთდა, 2015 წელს კი ფონდი “7“ შექმნა. ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლს და სერიოზული დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება. ბექჰემი დიდ თანხებს ხარჯავს ახლობლების საჩუქრებზეც. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ცოლის ბიზნესში 23 მილიონი ფუნტი სტერლინგი დააბანდა. გარდა ამისა, მას მდიდრული საჩუქრები უყვარს: ერთ–ერთ ოჯახურ დღესასწაულზე ვიქტორიამ ქმრისგან ნიანგის ტყავის ჩანთა მიიღო საჩუქრად ცისფერი ბრილიატნებით– Blue Diamond Porosus Crocodile Birkin bag, რომლის ღირებულება 280 000 დოლარი იყო.

    კიანუ რივზი ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან თავმდაბალი და მოკრძალებულია. ის ჰოლივუდის ერთ–ერთ ყველაზე გულუხვ ვარსკვლავად ითვლება. არაერთხელ უთქვამს უარი ჰონორარის დიდ ნაწილზე იმისათვის, რომ ფილმი უკეთესი გამოსულიყო. მაგალითად, მან დაახლოებით 80 მილიონი “მატრიცის“ ტრილოგიიდან მის კოლეგებს მისცა, ფილმ “ეშმაკის ადვოკატის“ გადაღებისას კი უარი თქვა ჰონორარის ნაწილზე იმისათვის, რომ რეჟისორს როლზე ალ პაჩინოს აყვანა მოეხერხებინა. ფილმ “ჯაჭვური რეაქციის“ გადაღებისას კიანუ რამდენიმე კვირის მანძილზე იხდიდა მთელი გადამღები ჯგუფის კვების ხარჯებს. რივზს კერძო ფონდი აქვს, რომელიც კიბოს განკურნების საკითხებზე მუშაობს და ბავშვთა საავადმყოფოებს ეხმარება. სწორედ იქ რიცხავს კიანუ რივზი უზარმაზარ თანხებს. ზოგიერთი მსახიობი კოლეგისგან განსხვავებით ის კეთილი საქმეების აფიშირებას ერიდება. ფონდი მის სახელსაც კი არ ატარებს.

    ქველმოქმედებით არის დაკავებული ცნობილი მსახიობი ჯონი დეპიც და ხშირად ფულს სხვადასხვა ფონდებში რიცხავს. თანხების რაოდენობა არ ხმაურდება, თუმცა ზოგიერთი ციფრი მაინც გახდა ცნობილი. მაგალითად, ლონდონში ერთ–ერთმა საავადმყოფომ, სადაც 2007 წელს მისი ქალიშვილი მკურნალობდა, დეპისგან საჩუქრად 1.5 მილიონი დოლარი მიიღო, ქალების დახმარების ფონდმა კი 350 000 დოლარი. გარდა ამისა, ჯონი დეპი პირადადაც გასცემს თანხებს დასახმარებლად: ერთხელ ის თაყვანისმცემელი გოგოს მშობლების მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც ავარიის შედეგად კომაში ჩავარდა, გოგონასთვის მიმართვა ჩაწერა და შეპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა რასაც შეძლებდა.
    ის ფულს მომსახურე პერსონალისთვისაც არ იშურებს. მაგალითად, ერთხელ ოფიციანტს 4000 დოლარი ფეხის ქირა დაუტოვა.

    ლეონარდო დი კაპრიო დიდ თანხებს ხარჯავს ველური ბუნების დასაცავად. 1998 წელს მსახიობმა დააფუძნა მისი საეხლობის ფონდი, რომელიც ამ პრობლემაზე მუშაობს. 2014 წლიდან დი კაპრიო გაეროს მშვიდობის ელჩის სტატუსსაც ატარებს. მან 3 მილიონ დოლარი შესწირა ველური ბუნების მსოფლიო ფნდს, ცოტა ხნის წინ კი 15 მილიონი გაიღო გრენლანდიაში სპეციალური სადგურის დასამონტაჟებლად, რომელიც თოვლის მასის დაგროვებას აკვირდება.

    ლეო ხელგაშლილია საყვარელი ქალებისთვის საჩუქრების შერჩევისასაც.

    ჯორჯ ლუკასი ფულს არ იშურებს საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის. “ვარსკვლავური ომების“ რეჟისორის აზრით, განათლება ადამიანური რასის გადარჩენის გასაღებია. შორეულ 1991 წელს საკუთარ ფონდში მან გახსნა პროგრამა Edutopia, 2006 წელს კი 175 მილიონი გადაურიცხა სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტს, სადაც თავად მიიღო განათლება. მას შემდეგ, რაც 2012 წელს ჯორჯმა სტუდია Disney –ს მისი კომპანია, Lucafilm მიყიდა 4 მილიარდ დოლარად, თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებაზე დახარჯა. ლუკასმა არაერთხელ შეწირა თანხები ფონდებს Stand Up to Cancer და Make-A-Wish Foundation. მის გულუხვობაზე მეტყველებს ისიც, რომ აქციის– “ჩუქების ფიცი“ ფარგლებში რეჟისორმა პირობა დადო, რომ მისი ქონების ნახევარს ქველმოქმედებაში დახარჯავს.

    ქველმოქმედებით არის დაკავებული ჯეი ზიც. დიზაინერული ნივთების გაყიდვით მან ! მილიონი შეაგროვა საკუთარი ფონდისთვის. ამ წლის დასაწყისში კი ცოლთან, ბიონსესთან ერთად გადაწყვიტა მისი ვეგანი თაყვანისმცემლებისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და საკუთარ კონცერტებზე სამუდამო უფასო ბილეთი გაათამაშა. რეპერი მდიდრულ საჩუქრებს ხშირად უკეთებს საკუთარ ცოლსაც. ბიონსემ ქმრისგა საჩუქრად მიიღო Birkin–ის $350 ათას დოლარიანი ჩანთა და 4 მილიონ დოლარიანი კუნძული. საქორწილო ბეჭედში კი, რომელიც თეთრი ოქროთი და 18 კარატიანი ბრილიანტით არის დამზადებული, ჯეი ზიმ 5 მილიონი დოლარი გადაიხადა.

    ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში ფეისბუქის დამფუძნებელმაც დადო “ჩუქების ფიცი“ და მას შემდეგ ეწევა ქველმოქმედებას. მაგალითად, 25 მილიონი ვირუსების გავრცელების კონტროლის ცენტრს გადაურიცხა. 100 მილიონი ნიუარკის სასკოლო სისტემისთვის გაიღო. სან ფრანცისკოს საავადმყოფოს ერთ/ერთი კორპუსისთვის 75 მილიონის შეწირვის გამო კი დაწესებულებას მისი სახელი უწოდეს. თუმცა მთავარი ქველმოქმედება მარკ ცუკერბერგმა 2015 წელს მისი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ჩაიდინა. მან პირობა დადო, რომ კომპანია ფეისბუქის აქციებიდან მიღებული შემოსავლის 99%–ს ქველმოქმედებაზე დახარჯავს. იმ დროისთვის კომპანია 45 მილიარდად იყო შეფასებული. ცოლთან ერთად მან დააფუძნა ფონდი Chan Zuckerberg Initiative, რომელმაც არსებობის მანძილზე სხვადასხვა სამეცნიერო პროექტებისთვის 1,8 მილიარდი დოლარი დახარჯა.

  • „როგორც კი დედა დაინახა, ისევ დამძიმდა და ღრმა ძილში გადავიდა“ – როგორია ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

    „მანანა არჩვაძემ, რომელიც უკვე წლებია ჯანმრთელ ცოტნეს სათოფეზე ვერ ეკარებოდა – გადაწყვიტა მისი უმწეო მდგომარეობით ესარგებლა“, – ამის შესახებ მაია ორჯონიკიძე სოციალურ ქსელში ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

    მისივე თქმით, რამდენიმე დღის წინ მანანა არჩვაძემ ფოტო გადაუღო ძილში მყოფ ცოტნეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებინა.

    „ახლა მხოლოდ ისღა იყო საჭირო, რომ უმძიმესი თავის ქალის ტრავმის შემდეგ პოსტ-კომატოზური პერიოდი ცოტნეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში გაევლო. ასეთ გარემოს კი მაქსიმალურად უქმნიდა საავადმყოფოს პერსონალიც და მისი მეუღლე ანა ჯაბაურიც, თავად ექიმი-კარდიოლოგი. ყველაფერი კარგად მიდიოდა, რომ არა მანანა არჩვაძის დაუოკებელი ჟინი უკვე კომიდან გამოსული ცოტნეს გვერდით ჯდომისა, რამაც ცოტნეს ჯანმრთელობაზე მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა – როგორც კი ბიოლოგიური მშობელი დაინახა, ისევ დამძიმდა და ღრმა ძილში გადავიდა.

    ამის შემდეგ ანა ჯაბაურმა ექიმებს მოსთხოვა, რომ გაეთვალისწინებინათ მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობა და შესაბამისად ნებისმიერი ფაქტორი, რაც ცოტნეს მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა, გამოერიცხათ. ბუნებრივად დადგა საკითხი, რომ მანანა არჩვაძისთვის მისი შვილის პალატაში ყოფნა შეეზღუდათ, რასაც ისევ მოყვა არჩვაძის ისტერიკა და მუქარები. ექიმები იძულებულები გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ და 24 საათიდან 8 საათი მანანა არჩვაძე ისევ ცოტნეს პალატაში ატარებდა. ამის შედეგად პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი ისევ დამუხრუჭდა, მანანა არჩვაძე ხედავდა, როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა უმწეო მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი მანანას გვერდით ყოფნის გამო, მაგრამ თავისას მაინც არ იშლიდა. ბოლოს მოხდა ისე, რომ რამდენიმე დღე მხოლოდ ანა იყო ცოტნეს გვერდზე და რეაბილიტაციის დინამიკა ისევ გამოსწორდა. უკვე ბევრად საგრძნობლად. რამდენიმე დღეში მანანა ისევ გამოჩნდა პალატაში და ყველაფერი წრეზე დაბრუნდა. ცოტნეს მდგომარეობა ისევ დამძიმდა!

    საკუთარი შვილის ასე გატანჯვა როგორც ჩანს-მანანა არჩვაძის მიზანს წარმოადგენდა, თორემ შვილის ჯანმრთელობაზე მეტად მისი პალატაში ჯდომა რატომ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი?! ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამას ვერასოდეს გაიგებს.

    ბოლო რაც მოხდა ისააა, რომ რამდენიმე დღის წინ მანანა არჩვაძემ მობილურიდან ფოტო გადაუღო ძილში მყოფ ცოტნეს და ფეისბუკზე (!) დააპოსტინა „მანანისტებად“ ცნობილ თავის აგრესიულ ამალას, რაც ეთიკურ ნორმებს რომ თავი დავანებოთ, იმ კლინიკის წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენდა, რომელშიც ცოტნე იწვა, რადგან პაციენტისგან უნებართვოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ასაჯაროებდა,“- წერს ორჯონიკიძე.

    პირველი პრეზიდენტის შვილი 19 დეკემბერს, ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული 2 პირი, 3-ს კი ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა

  • დააკავეს 21 წლის ბიჭი, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში 1 პირი დააკავეს.1998 წელს დაბადებულმა გ. მ.–მ17 წლის გოგო მარნეულის ცენტრიდან, სასწავლებლიდან გამოსვლის შემდეგ  სამ თანამზრახველთან ერთად გუშინ მოიტაცა. გოგოს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს. გამოძიების ინფორმაციით გატაცება ქორწინების მიზნით მოხდა. გოგოს ოჯახის წევრებმა გუშინ მთელი დღე პოლიციასთან გაატარეს და გატაცებული გოგოს სასწრაფოდ მოძებნას ითხოვდნენ.

    სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

    გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.