Category: ახალი ამბები

  • პოლიციამ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო (ვიდეო)

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ი.ჯ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “სარფში” დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება “მდმა”, “პრეგაბალინის” შემცველი ფსიქოტროპული საშუალება”ლირიკის” 490 კაფსულა, 72 გრამი “ამფეტამინი” და 237 გრამი გამომშრალი “მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თბილისში, საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ფეხით მოსიარულე დაშავდა

    თბილისში, მე-16 საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე დაშავდა. თვითმხილელის ინფორმაციით, ორი მანქანა ერთმანეთს დაეჯახა, რა დროსაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • „ბოდიში, მაგრამ ეს უნდა მეთქვა“- ნათია ლაზაშვილის ემოციური მიმართვა (ვიდეო)

    “ეს უკვე აღარ არის მორიგი კრიმინალური შემთხვევა, ეს ფემიციდის ტენდენციაა და ქალებზე” – „კურიერის“ წამყვანმა ნათია ლაზაშვილმა საინფორმაციო გამოშვება ემოციური შესავლით გახსნა. მან საზოგადოებას ფემიციდის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

    ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 19-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება.

  • როცა ის თავის ქველმოქმედებას იწყებდა, ჩვენზე უკეთ იცოდა, რომ საპასუხოდ უმადურობას და დაუნახაობას მიიღებდა!-ქეთი დოლიძე ივანიშვილზე

    რეჟისორი ქეთი დოლიძე ბიძინა ივანიშვილს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს.

    „ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ვულოცავ დაბადების დღეს! ვუსურვებ გამძლეობას, მხნეობას! როცა ის თავის ქველმოქმედებას იწყებდა, ჩვენზე უკეთ იცოდა, რომ საპასუხოდ უმადურობას და დაუნახაობას მიიღებდა!

    გადახედეთ საქართველოს ისტორიას! არა უშავს! ღმერთი მაღალია და ის ყველაფერს ხედავს!

    იდღეგრძელეთ!

    გმადლობთ ყველაფრისთვის!“ – წერს სოციალურ ქსელში ქეთი დოლიძე.

  • აშშ-ის ახალი ელჩი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

    ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ამის შესახებ ამერიკის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი,რომელსაც საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

    „დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა. ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით“,-ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

  • საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა გენპროკურორის შესარჩევი კონკურსი-შოთაძე

    საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა კონკურსი, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე დამტკიცების შემდეგ ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

    „უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტსა და საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერისთვის. მადლობა ჟურნალისტებს ამ პროცესში ასე აქტიური მონაწილეობისთვის იმიტომ, რომ მასმედიის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საზოგადოებამ დაინახოს ის პროცესი, თუ როგორ მიმდინარეობს ყველაფერი და ვფიქრობ, საზოგადოებამ კარგად დაინახა, რაოდენ გამჭვირვალედ წარიმართა ეს კონკურსი. ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ორი გასაუბრება გაიმართა და მე გავეცი ყველა კითხვას პასუხი. წარვადგინე ჩემი პროგრამა, ხედვა პროკურატურის განვითარების და გაძლიერების მიმართულებით. შესაბამისად, მე რაც ვისაუბრე ამ გასაუბრების ეტაპზე, იქნება ის ძირითადი პრიორიტეტები, რა მიმართულებითაც აქტიურტად ვაპირებ მუშაობას. ეს იქნება პროკურატურის გაძლიერება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, სამართლიანობის აღდგენა, სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპროკურორო ზედამხედველობის გაძლიერება და ა.შ არის ბევრი გამოწვევა, ბევრი საქმეა გასაკეთებელი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

  • შსს სამტრედიაში ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო სამტრედიაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

    გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,” – აცხადებენ შსს-ში.

  • სამტრედიაში ქმარმა ცოლი სამოქალაქო რეესტრში განქორწინების გაფორმებისას მოკლა

    სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით,  კაცმა ქალს ყელი იმ დროს გამოჭრა, როცა სამოქალაქო რეეტრში განქორიწინება უნდა გაეფორმებინა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.