Category: ახალი ამბები

  • რაც იყო რვა წლის წინ, იმას არაფერი მიმატებია – ვანო მერაბიშვილი

    „ერთ რამეს ვხედავ, რომ რაც იყო რვა წლის წინ იმას არაფერი მიმატებია, ამაზეც დიდი მადლობა“, – ამის შესახებ შს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ახალციხის ციხეზე საუბრისას განაცხადა.

    მისი თქმით, ადგილობრივებს ძირითადი შემოსავალი სწორედ ამ კომპლექსიდან აქვთ.

    „ამ კომპლექსს აქვს მუდმივი სტაბილური შემოსავალი და ამ სტაბილური შემოსავალით სარგებლობს არა მარტო ეს შენობა, არამედ ჩვენი ქალაქის მოსახლეობა. აგერ მითხრეს, ბინები აქვთ კაფეებად და სასტუმროებად გადაკეთებული და ჩვენ მოქალაქებს, ახალციხელებს აქვთ გარკვეული შემოსავალი. მე ვფიქრობ ეს არის ყველაზე მთავრი შემოსავლის წყარო ახალციხეში და მთელს კუთხეში და ამის ბაზაზე ვითარდება სხვა ბიზნესები. კარგი იქნებოდა ეს განვითარება გაგრძელებულიყო. მარშუტები მოგვეძია, იგივე თურქეთიდან ტურისტების მარშუტები, რომელიც ვარძიის გავლით აქედან შემოვიდოდნენ და საბაჟოს გავლით გავიდოდნენ ისევ თურქეთში. მე როგორც ვიცი ტურისტები საკმაო რაოდენობა მაინც დადის“,- განაცხადა ვანო მერაბშვილმა.

    გუშინ ვანო მერაბიშვილი ახალციხეში იმყოფებოდა. მან ახალციხეში მშობლები მოინახულა.

  • ჩემი მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და იარაღით, არამედ სუფთა ხელით-მიხეილ კალანდია

    ჩემი მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და იარაღით, არამედ სუფთა ხელით-ეს განცხადება დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ კალანდიამ სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვაში  გააკეთა.

    „იქ არავის მოსაკლავად მისვლა დაგეგმილი არ გვქონდა, აბიტურიენტი ვიყავი, სახლიდან კონფლიქტის ადგილზე უნარების ჩანთით და წიგნებით ვიყავი წასული. პროკურატურა რას ამბობს, ბარემ ვიღაც მოვკალი და უნარებზე ვაპირებდი მერე წასვლას? მოვგვარდით, რომ უნდა შევრიგებულიყავით, იმის არანაირი ვითარება არ ყოფილა, რომ სიტუაცია დაიძაბებოდა. დავით სარალიძისგან გამომდინარე დაიძაბა სიტუაცია, დაიწყო ჩხუბი. ჩემი ფარდულში შესვლის მიზანი იყო გიორგი ჯანაშიას დავხმარებოდი. ჯანაშიამ რაც არ უნდა თქვას, რაც არ უნდა აღიაროს, ჯანაშია იმ დღეს კვდებოდა. ჩემი მიზანი იყო დავით სარალიძე ჯანაშიასგან მომეშორებინა, მაგრამ არა დანით და რამე იარაღით, სუფთა ხელით. ყველანაირად ვცდილობდი ჩემ თავზე ამეღო დარტყმა, ყველაზე ძლიერი მე ვიყავი და უფრო ნაკლები საფრთხე იქნებოდა, რომ სარალიძე ჩემკენ წამოსულიყო და არა ჯანაშიასკენ, მაგრამ ეს ვერ მოვახერხე, ყველაფერი სწრაფად მოხდა“, – განაცხადა კალანდიამ.

  • აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს

    აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილედ ვახო ხუზმიაშვილი აირჩიეს. გადაწყვეტილება დღეს, 21 თებერვალს საკონკურსო კომისიამ მიიღო. 

    დახურულ კონკურსში სულ 3 კანდიდატურა იყო წარდგენილი, მათ შორის ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე.

    ხუზმიაშვილი აქამდე „იბერიის“, „იმედის“, „მეცხრე არხის“ პროდიუსერად მუშაობდა.

    უცნობია, რატომ დახურა კომისიამ გასაუბრება და რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია ხუზმიაშვილის არჩევის შესახებ ოფიციალურად. აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გასაუბრებაზე არც ისინი  შეუშვეს.

  • ილია მეორე უშიშროების აგენტი იყო… მან ეს სინოდზეც აღიარა, ეკლესიას სჭირდებოდა ასეო-ლევან ბერძენიშვილი (ვიდეო)

    ლევან ბერძენიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. ბერძენიშვილმა  1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

    “პატრიარქი მოვიდა და მოგვიწოდა, დავიშალოთ და ვილოცოთო. პატრიარქი განათლებული ადამიანია, ჩახედული, მაღალი რანგის ინტელექტუალი და პატივსაცემია ნამდვილად. მან ძაან მშვენივრად იცოდა, სად იყო მოსული. მისი ავტორიტეტი მაგ მომენტში არ იყო ისეთი მაღალი, როგორც გასულ, ბოლო წლებში. მან თქვა – ვიცი მოვლენ და ცუდი ამბები მოხდებაო. მაშინ შეურაცხყოფა მიაყენეს იმით, რომ ირაკლი წერეთელმა მიკროფონი გამოსტაცა და თავად დაიწყო „მამაო ჩვენო“-ს წაკითხვა. ამის მერე პატრიარქი წავიდა. მე ჩავთვალე, რომ მან უბრალოდ გვიღალატა. პატრიარქი რომ ხარ, დადექი ხალხთან ერთად და იდექი ბოლომდე! პატრიარქი გაიქცა. მისი ადგილი იქ არც იყო, რადგან ის არ გულშემატკივრობდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ზვიადმა გამოუქვეყნდა მასალა, რომ იგი იყო უშიშროების აგენტი და პატრიარქმა სინოდზეც აღიარა, რომ – დიახ, ვიყავი, იმიტომ რომ ეკლესიას ასე სჭირდებოდაო.

    იმ მომენტში, როცა შენი ხალხი დგას და მოდის უცხო, რომელმაც ესენი უნდა დახოცოს, იქიდან წასვლა, როგორ შეიძლებოდა. ეგ რომ გარბოდა, ხალხი პირიქით, აქციაზე მორბოდა“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

  • ავთანდილ წერეთელს პროკურატურამ სამკურნალოდ უცხოეთში გამგზავრების ნება მისცა

    ბიზნესმენ  ავთანდილ წერეთელს გენერალურმა პროკურატურამ ავსტრიაში სამკურნალოდ გამგზავრების თანხმობა მისცა.ინფორმაციას წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ადასტურებს. 

    ავთანდილ წერეთელი ავსტრიაში, ვენის ერთ-ერთ კლინიკაში სამკურნალოდ გუშინ გაემგზავრა და იქ 9 მარტის ჩათვლით დარჩება.

    შეგახსენებთ, 6 თებერვალს წერეთელი უკვე საქართველოში გახდა შეუძლოდ და ის კლინიკაში გადაიყვანეს. 

    ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ 500 000-ლარიან გირაოსთან ერთად დამატებითი შემზღუდავი ღონისძიებებიც აქვს, მათ შორის, ბიზნესმენს საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს. წერეთელს “თიბისი ბანკის” საქმეზუკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებას ედავებიან.

  • ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ორი ფაქტზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც, ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ერთ შემთხვევაში, გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სალაროს შემოსავლების ორდერები, თითქოსდა, განხორციელდა 226 456 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, დაამზადა და გაასაღა 120 000 ლარის ღირებულების ჯართის ფიქტიურ მიწოდებასთან დაკავშირებული სასაქონლო ზედნადები.

    ”გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს, თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4-წლამდე ვადით.” აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  • ქობულეთში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

    ქობულეთში მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი დაშავდა.

    დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • “ეკა კვესიტაძემ არაკორექტულად დაუსვა კითხვა“–სააკაშვილი მერაბიშვილის ინტერვიუზე

    მიხეილ სააკაშვილი ეკა კვესიტაძესთან ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა. სააკაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მთავარ არხთან ინტერვიუს დროს ვანოო მერაბიშვილის შეცდომებზე ისაუბრა და მას პოლიტიკაში დაბრუნების ნაცვლად ოჯახთან დროის გატარება ურჩია, დღეს ამ თემაზე წამყვანის მიერ დასმულ კითხვას არაკორექტულს უწოდებს:

    “ვუყურე მერაბიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს. ეკა კვესიტაძემ როგორც ყოველთვის ამ თემაზე არაკორექტულად დაუსვა კითხვა. მე არ მითქვამს, რომ ვანომ დაუშვა შეცდომები, მე ვთქვი, რომ ჩვენ ყველამ დავუშვით შეცდომები. და ეს მართლაც ასე არის. ვინც არაფერს აკეთებს ის არ უშვებს შეცდომებს. რა თქმა უნდა, უნდა ვყოფილიყავით კიდევ უფრო მაგრები, კიდევ უფრო უშეცდომოები. თუმცა შეუცდომელი არავინ არ არსებობს.

    ეს ადამიანი შვიდი წელი იყო წამების პირობებში, იმიტომ რომ სამარტოო საკანი არის წამება, ძალიან ბევრი საერთაშორისო ნორმით. ეს სპეციალურად გააკეთა ივანიშვილმა, ნებისმიერს გადაიყვანდა ჭკუიდან. მაგრამ ის არ გატყდა, არ შეეპუა, ის ძალიან მტკიცედ გამოვიდა და ერთი გრამით არ მოიცვალა ფეხი თავის პოზიციაში და ნამდვილად იმსახურებს ძალიან დიდ დაფასებას და პატივისცემას და ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ მადლიერებას. “

  • კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა-ზურაბიშვილი

    კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა,-ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    „2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევით რუსეთმა პირდაპირი იერიში მიიტანა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე, რითიც შეეცადა სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის პარალიზებას. აღნიშნული კიბერშეტევა რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის თვალსაჩინო გამოვლინებაა“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.