Category: ახალი ამბები

  • თბილისი-ბათუმის რეისის მგზავრები ბათუმში სხვა მატარებლით გაამგზავრეს

    თბილისი- ბათუმის რეისის მგზავრები, რომლებიც მატარებელში 2 ჩინელი მგზავრის გამო არ ადიოდნენ, სხვა მატარებლით გაამგზავრეს.

    წინასწარი ინფორმაციით, ჩინელებს ვირუსი არ დაუდგინდათ. მგზავრების თქმით, ჩინელებს სურდოს ნიშნები აღენიშნებოდათ და მათთან ერთად მგზავრობაზე უარს აცხადებდნენ.

  • ბაკურიანში სრიალის დროს ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

    უბედური შემთხვევა ბაკურიანში- ახალგაზრდა 21 წლის გოგო სრიალის დროს დაიღუპა. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

  • ფინანსთა მინისტრი სიგარეტის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს

    ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

    „ის, რომ თამბაქო ძვირდება, არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულებით ვალდებულება, დაბეგვრის კუთხით გავთანაბრებულიყავით ევროკავშირის განაკვეთებს. ამის პირველი დედლაიანი იყო 2022 წელი. იმის გათვალისწინებით, რომ არც სოციალური მდგომარეობა უწყობს ხელს და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც განაკვეთებს არ ზრდიან ისეთივე ტემპით, როგორც ჩვენ, ამის გამო მოლაპარაკებები გვქონდა და 2026 წლამდე გადაიწია ვადამ. დარწმუნებული ვარ, ამ ვადას კიდევ გადავწევთ. ევროკავშირის განაკვეთი საკმაოდ დიდი ტვირთი იქნება. ჩვენ ბიზნესსექტორთან გვაქვს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია. მათ გავაცანით ორი წლის გეგმა, სადაც აღვუთქვით, რომ აქციზის ზრდა არ მოხდება. 2022 წლის ბოლოსაც გავაცნობთ კიდევ ორწლიან გეგმას. რაც შეეხება იმას, 2026 წელს გათანაბრდება თუ არა ევროკავშირის მოთხოვნებთან, მგონია, რომ გვაქვს სივრცე, ამ ვადამ კიდევ გადაიწიოს,“ – განაცხადა მაჭავარიანმა.

    შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 1 კოლოფი სიგარეტის ფასი 15 ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

  • რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა

    რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაიშალა. როგორც რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები ჩაშლის მიზეზი ის არის, რომ დელეგატთა ნახევარზე მეტი არჩევნებზე არ გამოცხადდა/

    ცნობისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ორმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ და ირაკლი აბუსერიძემ ითხოვეს, რომ თარიღი შეეცვალათ.

  • ბორჯომში, სასტუმროს აივნიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა

    ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მეორე სართულის აივანზე იმყოფებოდა, რა დროსაც ჩამოვარდა.

    ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება და კლინიკაში შეყვანის დროს გონზე იყო.

    მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ~

  • არჩილ თალაკვაძის სახლთან კედელში დამალული იარაღი იპოვეს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ სახლთან,  ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს.

    ნუცუბიძის მესამე მიკრო რაიონის მეთორმეტე კორპუსის  სადარბაზოში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ცხოვრობს  დაცვის თანამშრომელმა იარაღი კედელში აღმოაჩინა.

    მომხდარზე გამოძიება თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილებამ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა, ტარების ფაქტზე დაიწყო (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილი).

  • სამხრეთ კორეაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    სამხრეთ კორეაში კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა. გასული ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 161 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 763 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის სამხედრო პირები არიან.

  • მარტვილში ქვეითად მოსიარულეს მანქანა დაეჯახა

    მარტვილში ქალს, რომელიც გზაზე გადადიოდა, მანქანა დაეჯახა. 60 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

    გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

  • გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო (ვიდეო)

    გურამ თუშიშვილმა დიუსელდორფის გრან სლემი მოიგო (ვიდეო)

    გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა.

    მან მოწინააღმდეგე იოჰანეს ფრეი იპონით 45 წამში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

    პირველი ოქრო გუშინ ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა ვაჟა მარგველაშვილმა და ბრინჯაო ბექა ღვინიაშვილმა.

     

  • პოლიციამ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.

    სამართალდამცველებმა, დაკავებულს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ESCORT-2008-MAGNUM“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.