Category: ახალი ამბები

  • ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, კონსტიტუციას რეგულარულად არღვევს, რაც მისი იმპიჩმენტის საფუძველია-საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ოფიციალურ გაცხადებას ავრცელებს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შესახებ, სადაც ხაზგასმით აღნიშნულია ფინანსთა მინისტრის მიერ კონტიტუციის რეგულარული დარღვევა, რაც მისივე იპიჩმენტის საფუძველია.

    2020 წლის 24 თებერვლის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დაიბარა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი. ის სხდომაზე არ გამოცხადდა.

    კონსტიტუციის მიხედვით, „მთავრობის წევრი მოთხოვნის შემთხვევაში − ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომებზე დასმულ შეკითხვებს და წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.’’ პარლამენტის რეგლამენტი აზუსტებს უზენაესი კანონის დებულებას და განმარტავს, რომ შესაბამისი პირი კომიტეტის უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის შემთხვევაშია ვალდებული დაესწროს კომიტეტის სხდომას. ერთადერთი, როცა შესაძლებელია ის არ გამოცხადდეს დათქმულ დროს და შეცვალოს დღე მოწვევის ინიციატორთან შეთანხმებაა. მოცემულ შემთხვევაში ეს არ მომხდარა. შესაბამისად, იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო საკანონმდებლო ორგანოში. ამ ვალდებულებას არც თავად მინისტრი უარყოფს, თუმცა, მისი აზრით, საკითხს სხვაგვარად უნდა შევხედოთ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით უგულებელყოფის მიზეზი რამდენიმე დღის წინ „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში წარდგომაა. ამასთან, მან წერილიც კი გააგზავნა კომიტეტში, სადაც მიუთითა, რომ ყველა კითხვას „მინისტრის საათის“ ფორმატში გასცემდა პასუხს. თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ „მინისტრის საათის“ და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დაბარება ურთიერთჩანაცვლებად საზედამხედველო მექანიზმებს არ წარმოადგენს, ისინი სხვადასხვა მიზნებს ემსახურება.

    საია მიიჩნევს, რომ ივანე მაჭავარიანმა დაარღვია კონსტიტუციისა და რეგლამენტის მოთხოვნები. ეს კი, თავის მხრივ, წარმოადგენს იმპიჩმენტის დაწყების საფუძველს, რომელსაც პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის (50 წევრის) მხარდაჭერა სჭირდება.

    საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლისგან უზენაესი კანონის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში , პარლამენტს 76 ხმა სჭირდება მინისტრის გადასაყენებლად. (საქართველოს კონსტიტუცია, 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები.)

    ხსენებულ მინისტრთან დაკავშირებით დამატებით უნდა ითქვას, რომ მან 2018 წლის 6 დეკემბრიდან 2020 წლის 3 თებერვლამდე პერიოდში ივანე მაჭავარიანს დეპუტატებმა 30 კითხვით მიმართეს, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი მან უპასუხოდ დატოვა, 6-ს დაგვიანებით გასცა პასუხი და მხოლოდ 7 პასუხს მოაწერა ხელი თავად. ეს მაშინ როცა კონსტიტუციის მიხედვით „პარლამენტის წევრის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა,“ ხოლო რეგლამენტი ამბობს, რომ პასუხს ხელს აწერს მხოლოდ მთავრობის წევრი. საერთო ჯამში ამ მიმართულებით მან კონსტიტუცია და რეგლამენტი 29-ჯერ დაარღვია. ეს მონაცემი დამატებით აჩვენებს, რომ ფინანსთა მინისტრი პარლამენტის მიმართ სათანადო პატივისცემას განგრძობადაც არ გამოხატავს, რაც აძლიერებს მასზე სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების არგუმენტებს.

    განსაკუთრებით შემაშფოთებელია უმრავლესობის წევრების განცხადებები, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საკანონმდებლო შტოს უგულვებელყოფის გამართლებას უნიადაგო არგუმენტებით ცდილობენ და ამით ხელს უწყობენ პარლამენტის გავლენის შემცირებას პოლიტიკურ პროცესებში.

  • სამტრედიასთან ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

    ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სამტრედიის შესასვლეთან მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ტრაილერი და მინივენი შეეჯახნენ.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის

    თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის. ცეცხლი უკიდია. არსებულლი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

    მეხანძრეები ცეცხლის ჩაქრობას ამ დრომდე ცდილობენ.

    წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ბუხრიდან გაჩნდა.

  • მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა.

    კალანდიას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

    განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. 

    მიხეილ კალანდია სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. 

  • ქარბუქი, თოვლი – ამინდი მკვეთრად გაუარესდება

    25 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

    მათივე ცნობით, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით კი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

    „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ

    2020 წლის 14 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა მარნეულში არასრულწლოვანი გოგოს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების მცდელობის ფაქტის შესახებ.

    სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან. ასევე, შესაბამის უწყებებთან, რათა ყველა ღონისძიება გატარდეს მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. აღიშნულ საქმეში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გოგოსა და მისი ოჯახის ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი განათლების გაგრძელებას გეგმავს.

    აღნიშნულმა შემთხვევამ, კიდევ ერთხელ, ნათლად დაგვანახა საქართველოში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და დახმარების მიმართულებით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის და მისი წარმომადგენლების ადგილზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადგილობრივი სამართალდამცავი უწყება არაა თავისუფალი სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, რაც მათი ეფექტური ფუნქციონირების არსებითი დამაბრკოლებელი გარემოებაა. აღნიშნული განსაკუთრებით საყურადღებოა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი გამოწვევაა უწყებებს შორის დროული და ეფექტური კომუნიკაცია, ადგილზე სერვისების მიწოდება, რაც რიგ შემთხვევაში სახალხო დამცველის წარმომადგენლების მუდმივი კომუნიკაციის შედეგად იქნა მიღწეული.

    სახალხო დამცველის შეფასებით, ამ ეტაპზე, მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად მიღებული ტრავმის და სტრესის დასაძლევად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიონალთა ჩართულობით არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლას და რეაბილიტაციას. ამასთან, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფილი იყოს არასრულწლოვნის განათლების უფლების რეალიზება და საგანანმანათლებლო დაწესებულებაში კეთილსაიმედო გარემოს შექმნა.

    აღსანიშნავია, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტური რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარ-განწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს აღნიშნულ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება. აქედან გამომდინარე, საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც აღნიშნულ ფაქტზე სამართლიანობის აღდგენის, ასევე მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის.

    სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის ადგილობრივ თვითმმართველობას, კოორდინაციის და ურთიერთთანამშრომლობის გზით უზრუნველყონ არასრულწლოვანის ჩართვა სახელმწიფო სერვისებში, დაიცვან მისი საუკეთესო ინტერესები და ყველანაირი ძალისხმევა მიმართონ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად. ამასთან, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მედიასაშუალებების მხრიდან საკითხის გაშუქებისას წამყვანი იყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი.

  • მოლაპარაკებებზე შეუძლებელია საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ-სალომე სამადაშვილი

    შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილი ხელისუფლებასთან დიალოგთან დაკავშირებით განაცხადა.

    „აქ საუბარი არ შეიძლება იყოს რაიმე ტექნიკურ შეთანხმებაზე, თუ რამდენი მაჟორიტარი აირჩევა და შემდეგ რამდენი პროპორციული სიით შევა. საუბარი არის პრინციპზე, რომ ჩვენს ქვეყანაში დაცული იყოს დემოკრატიული არჩევანის უფლება და არჩევნებმა უზრუნველყოს ქართველი ხალხის ნების ასახვა იმ ხელისუფლებაში, რომელიც დაკომპლექტდება არჩევნების შედეგად. შეუძლებელია მოლაპარაკებებზე საუბარი, როცა მძევლად აჰყავთ მაგიდიდან ადამიანები, რომლებიც აწარმოებენ მოლაპარაკებებს და ის ხალხი, ვინც იცავს ოპოზიციის ინტერესებს. ამიტომ საუბარია ორ მოთხოვნაზე, ერთია – საარჩევნო სისტემის ცვლილება და მეორეა -პოლიტიკური დევნის და პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებების საკითხი”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • “ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი”- სერგი კაპანაძე

    „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ყველას ვალია, ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. ამის შესახებ სერგი კაპანაძემ კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან განაცხადა.

    როგორც კაპანაძემ აღნიშნა, აუცილებლად აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და იქნება კეთილდღეობა მიუხედავად იმ ბოროტი ზრახვებისა, რომელიც რუსეთს ჩვენს მიმართ გააჩნია

    „დღეს ჩვენ აქ ამოვედით იმისთვის, რომ პატივი მიგვეგო იმ გმირებისთვის, რომლებიც დაიღუპნენ 1921 წელს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. დღეს არის პრაქტიკულად საბჭოთა ოკუპაციის დადგომის დღე, ტრაგიკული დღეა ჩვენს ისტორიაში. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იბრძოდა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი ყოფილიყო ჯერ კიდევ თითქმის 100 წლის წინ. ეს ბრძოლები არ იყო მარტო აქ, ტაბახმელაში, კოჯორში, ეს იყო მთელ საქართველოში. მაშინდელი რუსეთის არმია გვიტევდა ბევრი მიმართულებიდან და საქართველოს მოქალაქეები იცავდნენ ქვეყანას, არა მარტო კადეტები, არა მარტო იუნკერები, არამედ რეგულარული არმია და ეს იყო ჩვეულებრივი ბრძოლა ორი ქვეყნის. სამწუხაროა, რომ ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება, დღესაც არის ოკუპანტი სახელმწიფო ზუსტად ისეთივე იმპერიული მისწრაფებებით, სხვა ფორმით, მაგრამ ზუსტად იგივე შინაარსით. ამიტომ, ჩვენი, ყველას ვალია ეს გვახსოვდეს, ყოველდღე ჩვენს თავს ვუთხრათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი, იყოს სუვერენიტეტი შენარჩუნებული და მოსახლეობა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ აუცილებლად აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და იქნება კეთილდღეობა მიუხედავად იმ ბოროტი ზრახვებისა, რომელიც რუსეთს ჩვენს მიმართ გააჩნია“, – განაცხადა კაპანაძემ.

    1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია

  • თბილისში დედა-შვილი მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი

    თბილისში, დედა-შვილი მოკლეს. შემთხვევა ზაზაშვილის ქუჩაზე მოხდა.საქმე  პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    „დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული – მ.ზ. ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია – 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა – 1974 წელს დაბადებული თ.ზ., თბილისში, მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

    სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

    დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე-მეთქი… მომიჭირა-კოკო გამსახურდია

    ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა. კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

    „ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს. მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას. მდგომარეობა რაც მთავარია, კონტროლქვეშაა, არის გარკვეული პროგრესი, მიუხედავად საერთო მძიმე სურათისა. ამის შემდეგ შევედით ცოტნეს პალატაში. მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე ჩემს ძმასაც. ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა აჯიბადემის კლინიკის ექიმებს, აკეთებენ რა ყველაფერს საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია უკან“ – წერს კონსტანტინე გამსახურდია.