Category: ახალი ამბები

  • “სირცხვილიას” წევრებმა გია ვოლსკის საბჭოთა კავშირის პასპორტი აჩუქეს

    მოძრაობამ “სირცხვილია” პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართა და  გია ვოლსკის  სიმბოლურად საბჭოთა პასპორტი მიუტანეს.

    “გიორგი ვოლსკი არის დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის პირველი მოადგილე, რომელიც ამავდროულად იყო “ცეკას” ინსტრუქტორი. მას სიმბოლურად მოვუტანეთ საბჭოთა კავშირის პასპორტი მისი სურათით,” – ამბობს აქციის მონაწილე ნიკა ფარულავა.

  • ჯანდაცვის მინისტრი პირბადეების დეფიციტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

    ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ პირბადეების დეფიციტი მსოფლიოს მასშტაბით შეიქმნა და ამ შემთხვევაში, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა.

    მინისტრის თქმით, ჯანდაცვის  უწყება მუშაობს, რომ ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი არ შეიქმნას და  შესაბამისი ღირებულებით შემოიტანონ.

    „ეს დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი და რა თქმა უნდა, საქართველო ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი ვერ იქნებოდა. მაგრამ, ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ მომწოდებლებმა პირბადეები შესაბამისი ღირებულებით, დამატებით შემოიტანონ“,-განაცხადა ტიკარაძემ.

  • საქართველოში კორონავირუსი მარტის შუა რიცხვებამდე დადასტურდება – გენეტიკის ლაბორატორია

    გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში კორონავირუსის COVID-19 ტესტირება იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს.

    მისი თქმით,  მარტის შუა რიცხვებამდე კორონავირუსის დადასტურება მოსალოდნელია.

    „დიახ, ეს ტესტი მარტო ჩვენთან კეთდება, სხვა არცერთ კერძო ლაბორატორიას არ აქვს ამის შესაძლებლობა.

    ამ ტესტის გასაკეთებლად არ გჭირდებათ ვინმესგან ნებართვა ან უაზრო რიგებსა და პროცესებში გახლართვა.

    ჩვენთან ( ლაბორატორიაში) ჯერ არ დაფიქსირებულა, თუ დაფიქსირდება ამას ვიტყვით. ასე არის სწორი. მოეწონება ეს ვინმეს თუ არა.

    დიახ, ველოდებით რომ მომავალი კვირის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე დაიწყებს ვირუსის შემთხვევები დადასტურებას.

    ნაკურთხი წყალი და ლოცვები ვირუსს არ შველის, თუმცა სულზე ზრუნვა ნამდვილად მნიშვნელოვანია“, – წერს გიორგი ჩალაძე.

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, სწორედ ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.

  • სექსუალური ხასიათის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    კაცს, რომელიც ქალს შანტაჟით სექსუალურ კავშირს აიძულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

    სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზ.ქ.-მ უკანონოდ მოიპოვა ს.გ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. ზ.ქ. აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და 300 ლარის გადაცემას მოითხოვდა.

    სამართალდამცველებმა ზ.ქ. 2019 წლის 20 მაისს ქ.სიღნაღში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება), 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) და 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ე.ი. სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა) წარუდგინა. ზ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ.ქ. წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  • სროლა გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში

    სროლა გურჯაანის რეფერალურ საავადმყოფოში-დაუდგენელმა პირმა საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით გაისროლა.

    სროლამდე ცოტა ხნით ადრე რეანიმაციაში ნაცემი მამაკაცი შეიყვანეს. სავარაუდოდ, ინციდენტიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

    როგორც ცნობილი გახდა, ნაცემი პირი წარსულში თანასოფლელის მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

    მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

  • მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

    15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.

    არსებული ინფორმაციით,  ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ, გუშინ საღამოს გაუარესდა.

    შეგახსენებთ,  15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

    სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ ლუკა სირაძის საქმეზე, პოლიციის კიდევ რამდენიმე თანამშრომლის მხრიდან ადმინისტრაციულ გადაცდომას ჰქონდა ადგილი. უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართა პოლიციის მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში – გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა

    ავტოსაგზაო შემთხვევა – ასპინძაში.მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

    სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კიდევ  ერთი დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდნილი სამი წლის ბავშვი რეანიმაციაში იმყოფება

    ბორჯომში, სასტუმროს აივნიდან გადმოვარდნილი სამი წლის გოგონა , სამედიცინო კატასტროფის ბრიგადამ რეანომობილით ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადის, მას მოტეხილობები აღენიშნება.

    „ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, საშუალო სიმძიმის არის მდგომარეობა, ბარძაყის, წვივის და სხვა ტრავმული დაზიანებებით, მოთავსებულია რეანიმაციაში. სხვა ორგანოები დაზიანებული არ აქვს“, – განაცხადეს კლინიკაში.

    შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. სამი წლის ქუვეითელი  გოგონა მშობლებთან ერთად  ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდა.

    დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგაადამ ჯერ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეიყანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს,  შემდეგ კი თბილისში გააგზავნეს.

  • საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის – გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის რისკი გაზრდილია

    საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმზე გადადის – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს,  რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია. გამყრელიძის თქმით,  ირანში შექმნილმა სიტუაციამ  სურათი ჩვენი ქვეყნისთვისაც შეცვალა.

    “აქედან გამომდინარე, ჩვენი მზადყოფნის რეჟიმი კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს გაძლიერებული. დღეს გამოვა მთავრობის განკარგულება, სადაც განხილული იქნება საერთოდ, სხვა დასენიანებული ქვეყნებიდან საქართველოში შემოსულ პირებზე შესაბამისი გაძლიერებული მეთვალყურეობის დაწესება,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო შემთხვევებიდან ლაბორატორიულად, ჯერჯერობით, არცერთი დადასტურდა.