Category: ახალი ამბები

  • რატომ გამოცხადდა თავისუფალი დასწრება რუსთავის ბაგა-ბაღებში

    რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის თანახმადაც ორი მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით მიიღებენ. მათი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მშობლების თხოვნა გახდა.

    „თავისუფალი დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე” – ვკითხულობთ ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა – ბაღების გაერთიანების” ფეისბუქის გვერდზე.

  • ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები – გიორგი კეკელიძე

    პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, კორონავირუსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ საზოგადოება კორონავირუსის გამო პანიკაშია.

    “ახლაც და მერეც ანუ კორონავირუსის სახელმძღვანელო

    1. კორონავირუსის შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში გარდაუვალი იყო. ალბათ გუშინდლამდეც შემოეხეტა რომელიმე საზღვრიდან და მეტიც – მსუბუქი გაციების ფორმით, შესაძლოა გადავიტანეთ მეც, შენც და სხვამაც. თავის დროზე ასე ,,ვუმასპინძლეთ” ე.წ. ღორის გრიპს და სხვა უარეს ვირუსულ დაავადებებს. შესაბამისად, აპოკალიფსი არ იქნება. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    2. მაგრამ აპოკალიფსი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ ამ გრიპზე იოლად, უფრო სხვა რამ ღუპავს ადამიანს. ამჯერად უკვე მეტაფორებით როდი გელაპარაკებით – სიძულვილზე და შიშზე. არა, ძალიან კონკრეტულ საქმეზე მოგახსენებთ. ნუ დაცლით მაღაზიებს საკვები პროდუქტებისგან და აფთიაქებს წამლებისგან, ნუ გავხდებით ადამიანი-აქლემები. პური და კუჭის წამალი მაინც დავტოვოთ. კუჭის წამალი გრიპს ვერ შველის. და გაითვალისწინეთ რომ შიმშილიც კლავს. და თუ გრიპიანი არ მივდივართ სამსახურში, სხვების მოსაფრთხილებლად, ნურც ასე გამოვაცლით ლუკმას და პარაცეტამოლს, მას ვისაც მხოლოდ მათი ყიდვა შეუძლია. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    3. კი. ხელი დავიბანოთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    4. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს განსაკუთრებით მოერიდეთ ადამიანები, რომელთა ასაკიც 70 წელს ზემოთაა და თანაც გულსისხლძარღვთა დაავადების მქონეები ან დიაბეტის მატარებლები ხართ. მოერიდეთ, მაგრამ თავს ნუ გაირიყავთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    5. თუ ვინმეს ქუჩაში პირბადით დაინახავთ და ამ დროს ღია ფანჯრიდან რომ ტელევიზორი მოჩანს, იქ ჩაკ ნორისმა ჩაახველა, არ გაიქცეთ. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    6. ნუ გადაკოცნით დიდი ვნებით ყველას, მაგალითად, ადამიანს, რომელიც პირველად ნახეთ და თქვენი თანაკლასელის თანაკლასელი აღმოჩნდა – სხვა ქალაქში როცა გადავიდა და იქ სწავლობდა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    7. ყველა ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, კორონავირუსის შტამი სხვა აქამდე ნაცნობ გამოვლენებთან შედარებით, რომელთაგან უმეტესი ახლაც გვემართება, ნაკლებად იწვევს სიკვდილს. შესაბამისად, მთავარი პრობლემა კორონას ვაქცინის დამზადებაა, რაც დროის საკითხია და მოთმინების. პანიკა არ ვარგა. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    8. ნუ გამოიყენებთ ფრაზას ,,რას ამბობ, სხვაგანც ასე ხდება”. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    9. ვიკითხოთ წიგნები, ვიშრომოთ, ვისწავლოთ, გავითვალისწინოთ ერთმანეთი, ვიყოთ თავისუფლები. ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა.

    თქვენი გიორგი კეკელიძე – ახლაც და მერეც, როცა კორონავირუსი წავა,”-წერს გიორგი კეკელიძე.

  • ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეს” მთელი ფული სოსო რობაქიძემ კაზინოში წააგო – ელისო კილაძე

    ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეს” მთელი ფული სოსო რობაქიძემ კაზინოში წააგო – ამ სკანდალურ ინფორმაციას  “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს. 

    “შაკო კუჭაშვილმა და ლიკა გამრეკელმა ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლე” დატოვეს!

    ჩემი წყარო ამბობს, რომ ორგანიზაციის მთელი ფული სოსო რობაქიძემ კაზინოში წააგო,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ელისო კილაძე.

  • „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა

    „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ტვ პირველის” დირექტორი ვატო წერეთელი ავრცელებს.

    „დღეიდან ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილია. ძალიან მაგარი წამყვანი რომ არის, ეს იცით. ახლა ძალიან მაგარ საინფორმაციოსაც გააკეთებს. ეს კიდევ ერთი ახალი ეტაპია ჩვენი ტელევიზიის ისტორიაში. წარმატებები ნინოს და ძალიან დიდი მადლობა მათე კირვალიძეს, რომელმაც ბევრი გააკეთა ჩვენი საინფორმაციო განვითარებისთვის. ზუსტად ვიცი, მათეს ისევე მაგრად გამოუვა ყველაფერი ახალ საქმეში, როგორც ამას აკეთებდა დღემდე.

    P.S

    ჟიჟი რჩება პოლიტიმეტრზე ყოველ ოთხშაბათს, ასევე პირველებში პარასკევს ვახო სანაიასთან ერტად“, – წერს ვატო წერეთელი.

    ცნობისთვის, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურს ამ დრომდე მათე კირვალიძე ხელმძღვანელობდა.

  • იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

    იტალიაში ბოლო 24 საათში  კორონავირუსის 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო  „როიტერსი“ ავრცელებს.

    ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 12 ადამიანია გარდაცვლილი.

    ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში დახურულია საბავშვი ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, კინოთეატრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილები. კარანტინში რჩება  55 000-მდე მოქალაქე.

  • პაციენტის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემუქრება არანაირი საფრთხე-ჯანდაცვის მინისტრი

    ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ცალკე სივრცეში, მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემუქრება არანაირი საფრთხე, – ამის შესახებ  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე მას შემდეგ განაცხადა,რაც ოფიციალურად დაადასტურა საქართველოში კორონა ვირუსის არსებობა. 

    „მინდა მოგახსენოთ, რომ სასაზღვრო ზოლზე მოქალაქე შემოწმებული იქნა ჩვენი მესაზღვრეების მიერ, რომლებიც სრულიად ეკიპირებულები იმყოფებოდნენ. ვინაიდან, მათი ჯანმრთელობა ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია. ისინი ასრულებენ ჩვენს მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას, ეს მათი დასნებოვნების რისკს ამცირებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ მებაჟეების კონტროლსაც და ისინიც გადაყვანილები იქნებიან საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისთვის პაციენტი მთავსებული არის ინფექციურ საავადმყოფოში. მის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე არ ემქურება არანაირი საფრთხე. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქები, ჩვენ არ გვაქვს პანიკის რისკი, ვინაიდან , ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია“,-განაცხადა მინისტრმა.

    შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა. ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსული საქართველოს მოქალაქე,რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა,ამ დროისთვის  ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.

  • საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე დაადასტურა.

    მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

  • ბოქსირებული განყოფილებიდან გამოსული პაციენტი ძალით უკან შეაბრუნეს

    ინციდენტი ინფექციურში – ბოქსირებული განყოფილებიდან გამოსული ირანელი პაციენტი,რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრებოდა, ექიმებმა უკან ძალით შეაბრუნეს.

    ირანის მოქალაქემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას კორონავირუსი არ დაუდგინდა და ჯანმრთელია. ამ დროს კი  მედპერსონალი გარეთ გამოვიდა და პაციენტი ისევ უკან შეაბრუნეს.

    ცნობისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან 14 პაციენტის შედეგები ჯერ ცნობილი არ არის.
    ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული მთავრობის ადმინისტრაციაში.

  • პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი-ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი საქართველოში მიმდინარე სიტუაცია კორონავირუსთან დაკავშირებით. ამის შესახებ ჯანდაცვის მინიტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:

    “ამ ეტაპისთვის ახალ სუბიექტებზე საფრთხე გამოვლენილი არ არის, თუმცა მიმდინარეობს დაკვირვების პროცესი, ლუგარის ლაბორატორია ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში. მე მყავს პირად კონტროლზე აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა უწყება ერთობლივად, საგარაეო საქმეთა სამინისტროც აქტიურად არის ჩართული, ასევე, სასაზღვრო პოლიციაც, და გვაქვს აბსოლუტური ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და იმ მგაზვრებზეც, რომლებიც იმყოფებიან ამ ეტაპზე დაკვირვების პროცესში”, – განმარტა ჯანდაცვის მინიტრმა.

  • ახალციხის სოფელ ზიკილიაში სტალინის მონუმენტი აღმართეს

    ახალციხის რაიონის სოფელ ზიკილიაში სტალინის გამოსახულებიანი რკინის კონსტრუქცია აღმართეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. 

    სოფელში მერის წარმომადგენელი გრიგოლ ღამბაშიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ მონუმენტი ამ ადგილას ადრეც იდგა, სამი წლის წინ დაზიანდა და სოფლის მცხოვრებლებმა ახლა შეაკეთეს.  ღამბაშიძე ამბობს, რომ მონუმენტის აღდგენა მოსახლეობის სურვილი იყო და მათ წინააღმდეგ ვერ წავიდოდა.

    „შემოდგომით აღადგინეს, კომუნისტების დროიდან დგას. ნებართვაც აქვთ აღებული მაშინდელი აღმასკომის თავმჯდომარისგან. ტერიტორია მემორიალადაა დაკანონებული“,-განაცხადა  ღამბაშიძემ.