Category: ახალი ამბები

  • პაციენტებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, ინფექციის სიმპტომები არ ჰქონდათ-თენგიზ ცერცვაძე

    „31 წლის ქალი, რომელიც ქართულ ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იყო იტალიაში, იმ ქალაქებში, სადაც დიდი რისკი არ არის, თუმცა მას აღმოაჩნდა კორონავირუსი“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის ახალ შემთხვევაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „ამ ვირუსს ახასიათებს ერთი თავისებურება – ის შეიძლება, დაიწყოს მსუბუქად, უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

    ამჟამად ინფექციურში სულ 34 პაციენტი იმყოფება.

  • საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

    მოქალაქე იტალიიდან ჩამოვიდა.ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების მეორე შემთხვევაა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

    ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

  • „საქართველოს ფოსტამ“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით პირბადის გაგზავნა აკრძალა

    „საქართველოს ფოსტა“ მოქალაქეებს აცნობებს, რომ 27 თებერვლიდან ქვეყნის ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია.

    ამის შესახებ ინფორმაცია „საქართველოს ფოსტის“ ოფიციალურ ვებგვერდსა და „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.

    „საქართველოს ფოსტა“ გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია, დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას“, – ნათქვამია განცხადებაში და ასევე მითითებულია, რომ მსგავს შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება.

  • ქუთაისში “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1948 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.გ., „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნესპარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ – ბ.კ.-სა და რ.ძ.-ს მიმართა.

    ქურდული გარჩევის შედეგად, „კანონიერმა ქურდებმა“ ფინანსური დავა პ.გ.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტეს. მის ბიზნესპარტნიორს კი რესტორნის ვალის – დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრეს.

    სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პ.გ. ქუთაისში დააკავეს.

    პოლიციამ, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და დაკავებულის მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდა.

    გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • ზუგდიდში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია 3 ადამიანი.

    ავარიის შედეგად დაშავებული 2 პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

    შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

  • ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი გახდა. მან ამ პოზიციაზე გიორგი მგელაძე ჩაანაცვლა, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 2019 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

    მარიამ გოგოსაშვილი 2018 წლიდან დღემდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედია მიმართულების იურისტად მუშაობდა. მანამდე, 2012-2013 წლებში ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი “სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. არის არაერთი მედია კვლევის ავტორი და თანაავტორი.

    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ 4 კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო. მარიამ გოგოსაშვილი ორგანიზაციას 2 მარტიდან უხელმძღვანელებს.

  • გიორგი მარგველაშვილი კენჭს მაჟორიტარად იყრის

    საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს მაჟორიტარ კანდიდატად იყრის. ის კონსულტაციებს მართავს ოპოზიციურ პარტიებთან და სავარაუდოდ ოპოზიციის ინიციატივას შეუერთდება, რომელიც არჩევნებში საერთო და შეთანხმებული კანდიდატების დასახელებას გულისხმობს. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მარგველაშვილი კენჭს დუშეთში იყრიდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით სავარაუდოდ ის კანდიდატურას დიდუბეში წარადგენს. 

    მარგველაშვილი უკვე შეხვდა ლელოს, ევროპულ საქართველოს, ბურჯანაძეს, ნაციონალურ მოძრაობას, ვაშაძის პარტიას. ის არ აკონკრეტებს, რომელ ოლქში იქნება მაჟორიტარი, თუმცა ამბობს რომ კონსულტაციები გრძელდება:“ ჩამოვყალიბდები იქიდან გამომდინარე, რაც ჭირდება ერთ მიზანს რომ არ იყოს ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. აქედან გამომდინარე მივიღებ გადაწყვეტილებას.“– აცხადებს მარგველაშვილი.

    ოპოზიციური პარტიები მარგველაშვილის პოლიტიკაში გააქტიურებას მიესალმებიან. 

    ჯერჯერობით უცნობია შექმნის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი ახალ პარტიას. რამდენიმე კვირის წინ მან განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ერთვება, თუმცა დღემდე არ დაუკონკრეტებია, რომელიმე არსებულ პარტიაში გაერთიანდება თუ საკუთარ პარტიას შექმნის.

  • Wizz Air კორონავირუსისი გამო ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით ფრენებს ზღუდავს

    ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან იტალიის მიმართულებით კორონავირუსის გამო ფრენებს შეზღუდავს. ფრენების განრიგი იტალიის 4 ქალაქის მიმართულებით შეიცვლება.

    საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით:

    მილანში — 12 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით კვირაში ოთხი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება. ფრენა პარასკევ დღეს იქნება;
    რომში — 18 მარტიდან 25 მარტამდე ორი რეისიდან მხოლოდ ერთი, შაბათი დღის ფრენა დარჩება;
    ბოლონიაში — 17 მარტიდან 24 მარტამდე კვირაში ორი რეისიდან მხოლოდ ერთი დარჩება;
    ბარიში — 12 მარტიდან 2 აპრილამდე პერიოდში გაუქმდება სამი ფრენა.
    26 თებერვალს საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან საქართველოში შემოვიდა. მინისტრის თქმით, ის საბაჟოდან პირდაპირ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. მისივე თქმით, მებაჟეები, რომლებმაც ის შეამოწმეს, პრევენციისთვის, კარანტინში მოთავსდებიან.

  • შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღსაკვეთი ღონისძიებების შესახებ განცხადებას ავრცელებს

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით ღონისძიებების შესახებ განცხადებას. მასში ნათქვამია, რომ მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია.საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ აღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს.

    განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველო, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის და დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას და საქართველოში მათი განთავსების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციას.

    ამ დროისთვის, მაღალი რისკის ქვეყნებად განსაზღვრულია 4 სახელმწიფო: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი და იტალია. ასევე, რისკ ჯგუფად განისაზღვრა ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იდენტიფიცირებული არიან, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რისკის ზონად ნომინირებულ სახელმწიფოებში.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარ სამმართველოს თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში ამოწმებენ ზემოაღნიშნული ქვეყნებიდან შემომავალ მგზავრებს, ასევე იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ხსენებულ სახელმწიფოებში.

    მგზავრთა ინტენსიური შემოწმება მიმდინარეობს სასაზღვრო სახმელეთო გამტარ პუნქტებში: „წითელი ხიდი“, „სადახლო“, „სარფი“ და „დარიალი“, ასევე, საჰაერო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – საქართველოს სამივე აეროპორტში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აღნიშნულ გამტარ პუნქტებში მუდმივად მორიგეობს სამედიცინო პერსონალი.

    აღნიშნულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში მესაზღვრის მიერ ხდება ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის რისკის პირველადი შეფასება მისი ე.წ. მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე და საჭიროების შემთხვევაში, მისი ადგილზე მყოფ მორიგე ექიმთან გადამისამართება.

    რაც შეეხება სხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტებს, მესაზღვრის მიერ რისკის დაფიქსირების შემთხვევაში ხდება სამედიცინო ბრიგადის გამოძახება, რომელიც ამოწმებს მგზავრს და შედეგის მიხედვით ტარდება შესაბამისი პროცედურები.

    საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, 25-დან 30 ათასამდე მოქალაქე შემოდის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი სავალდებულო სამედიცინო შემოწმება არ ხდება.

    ასევე, გაცნობებთ რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტებს შეეზღუდოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში თავისუფალი გადაადგილება.

  • თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა გამკაცრდა

    თურქეთი საქართველოსთან საზღვარს ამკაცრებს. საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგენა მოუწევთ.

    „კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ. ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ვიზა/მარკები ჩინეთში, ირანში, სამხრეთ კორეასა და იტალიაში ყოფნა. ჩვენ ასევე განვმარტავთ, რომ შეიძლება შეიცვალოს ეს რეგულაციები, რადგან კორონავირუსის ზომებთან დაკავშირებული პროგრამები მუდმივად განახლებს პროცესშია“, – ნათქვამია საკონსულოს განცხადებაში.

    ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ საღამოს დადასტურდა.