Category: ახალი ამბები

  • გორის ეკლესიაში იოსებ სტალინის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

    გორში, ადგილობრივმა კომუნისტებმა და სტალინელებმა, საბჭოთა კავშირის ლიდერის, იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალების 67-ე წლისთავი აღნიშნეს. ინფორმაციას და ფოტომასალას “qartli.ge“ ავრცელებს.

    კომუნისტებმა და სტალინის სხვა მომხრეებმა ეს დღე საბჭოთა ბელადის მშობლიურ ქალაქ გორში აღნიშნეს.

    თავდაპირველად, სახლ-მუზეუმის წინ შეიკრიბნენ, შემდეგ კი, გორის ღვთისშობლის შობის საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს.

    საბჭოთა ბელადის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი თავად გადაიხადეს, სასულიერო პირები მათთან არ მისულან.

    იოსებ სტალინის (ჯუღაშვილი)  სახელთანაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირის ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია, 1935-37 წლების მასობრივი რეპრესიები, 1941-45 წლებში ფაშისტურ გერმანიასთან ომი.

    იოსებ სტალინი გორში 1878 წელს დაიბადა. 

    სტალინის სახელობისაა გორის მთავარი გამზირი, კიდევ ორი ქუჩა მშობლების: ეკატერინე და ბესარიონ ჯუღაშვილების სახელებს ატარებს. 

  • 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ-კალაძე

    1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები პარლამენტში იყვნენ-ამის შესახებ დედაქალაქის ემრმა კახა კალაძემ განაცხადა.

    “როგორც ცნობილია, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მაჟორიტარების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა და 110/40-ზე სისტემის ოპოზიციისთვის წარდგენა სწორედ იმის გამო მოხდა, რომ ეს არის საუკეთესო გამოსავალი, სადაც ჩვენი თანაგუნდელების მხრიდანაც იქნება მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ, ოპიზიციის მხრიდანაც. ეს არის რეალურად იმის შესაძლებლობა, რომ ყველა პარტიას, თუ ექნება საზოგადოების მხრდაჭერა, 1%-იანი ბარიერის პირობებში შესაძლებლობა ექნებათ, მათი წარმომადგენლები იყვნენ 2020 წლის პარლამენტში. თუმცა, დაველოდოთ მოლაპარაკებებს”, – განაცხადა კალაძემ.

  • სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

    ანტიკორუფციული  სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ ჯანდარის ადმინისტრაციულ ერთეულში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ა.მ. დააკავეს.

    გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაცემის და სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 30 000 ლარი გამოართვა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

    გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).

  • ”იტალიასთან ფრენების შეწყვეტასაც განვიხილავთ” – ფინანსთა მინისტრი

    საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იტალიასთან ფრენების შეწყვეტას განიხილავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება და ფრენების შეწყვეტის ზუსტი თაღირი ცნობილი არ არის.

    “არ დაგიმალავთ ეს განხილვის თემაა. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, თუმცა ეს საკითხი განიხილება.. ყოველდღიურ შეხვედრებზე ბევრ სხვა საკითხთან ერთად ფრენების შეწყვეტასაც განვიხილავთ.”-აცხადებს  მაჭავარიანი.

    შეგახსენებთ, დღეს დილით საქართველოში კორონა ვირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა.

  • საქართველომ “ფრიდომ ჰაუსის“ თავისუფლების რეიტინგში უკან დაიხია

    საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის“ ახალი ანგარიშის მიხედვით პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებები მსოფლიოში უკვე მე-14 წელია უარესდება. ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2020“ მსოფლიოში გასული წლის მანძილზე დემოკრატიის მდგომარეობას და ტენდენციებს ასახავს.

    საქართველო წელსაც ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის რჩება. საქართველოს თავისუფლების რეიტინგში 100 ქულიდან 61 აქვს მინიჭებული. ამ შეფასებით, შარშანდელთან შედარებით, საქართველომ ორი ქულით უკან დაიხია. 2019 წელს ქვეყნის მაჩვენებელი 63 ქულა იყო.

    ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო ნარინჯისფერი ფერითაა აღნიშნული, რაც „ნაწილობრივ თავისუფალს“ აღნიშნავს. პოლიტიკურ უფლებებში საქართველოს 40-დან 24, ხოლო სამოქალაქო უფლებების მხრივ ქვეყანას 60-დან 37 ქულა აქვს მინიჭებული.

    რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, ანგარიშის თანახმად, სომხეთს – 53, აზერბაიჯანს -10, რუსეთს – 20, ხოლო თურქეთს – 32 ქულა აქვს მინიჭებული. აღმოსავლეთ პარტნირობის სხვა ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: უკრაინა – 62, მოლდოვა – 60, და ბელარუსი – 19 ქულა.

    ანგარიშის თანახმად, მიუხედავად მსოფლიოს ბევრ ნაწილში არაერთი მასობრივი პროტესტისა, რომლითაც მოსახლეობა უკეთეს მმართველობას და მეტ დემოკრატიას ითხოვდა, ტენდენციები მაინც უარყოფითია და დემოკრატია საფრთხის ქვეშაა, არა მხოლოდ ისეთ, ავტორიტარულ მქონე ქვეყნებში, როგორებიც ჩინეთი, რუსეთი და ირანია, არამედ ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იცავდნენ ადამიანთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს. მსოფლიოში დემოკრატიულ სახელმწიფოდ შეფასებული 41 ქვეყნიდან 25-ში ვითარება გაუარესდა. ბოლო 14 წლის განმავლობაში კი ყოველ წელს სიტუაცია უფრო მეტ ქვეყანაში უარესდებოდა, ვიდრე – უმჯობესდებოდა.

    იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებშიც 2019 წელს დემოკრატიის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, აჭარბებს მათ რიცხვს, სადაც მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ორგანიზაციის თანახმად, შემაშფოთებელია ტენდენცია მთავრობების დამოკიდებულებების ცვლილებისა ლიბერალური დემოკრატიის უმთავრესი პრინციპის, პლურალიზმის მიმართ. ეთნიკური, რელიგიური და უმცირესობათა სხვა ჯგუფების უფლებები ილახება, როგორც ავტორიტარულ, ისე დემოკრატიულ ქვეყნებში. ამგვარი დარღვევების უყურადღებოდ, დაუსჯელად დატოვება კი საფრთხეს უქმნის მთელ საზოგადოებას.

    ანგარიშის მთავარი მონაცემები ასეთია.

    195 შეფასებული ქვეყნიდან 83 ( 43 %) თავისუფალია, 64 (32 %) ნახევრად თავისუფალი, 49 კი (25 %) არათავისუფალი. თავისუფალი ქვეყნების წილი გასული ათწლეულის განმავლობაში 3%-ით შემცირდა მაშინ, როცა ნახევრად თავისუფალი ქვეყნების მაჩვენებელი ორით, არათავისუფალი ქვეყნების კი ერთით გაიზარდა.

    განსხვავება იმ ქვეყნების რაოდენობას შორის, სადაც გაუმჯობესება და გაუარესება დაფიქსირდა, ფართოვდება: 2019 წელს 64 ქვეყანაში მოსახლეობის პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო თავისუფლებების გაუარესება დაფიქსირდა. გაუმჯობესება კი – მხოლოდ 37 ქვეყანაში. გასულ წელს ამ რაოდენობას შორის განსხვავება ნაკლები იყო ( 68/50)

    – მსოფლიოს იმ 41 დემოკრატიიდან, რომლებიც გასული 20 წლის განმავლობაში გამუდმებით ფასდებოდა, როგორც “თავისუფალი დემოკრატიის” მქონე ქვეყნები, 25 ქვეყანაში შეფასების ქულა გაუარესდა.

    – როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები თავისუფლებას საერთაშორისო არენაზე მხარს უჭერენ, ავტორიტარული ძალებმა გააფართოვეს თავიანთი გლობალური გავლენა მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ წარმოებული ომებით, არჩევნებში ჩარევითა და საზღვრებს მიღმა ცენზურით.

    “ანგარიში კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ დემოკრატია უარესდება. პოლიტიკური უფლებები და სამოქალქო თავისუფლებები საფრთხეშია როგორც თავისუფალ, ისე რეპრესიულ საზოგადოებებში. ამ ტენდენციის შემობრუნება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით ხელისუფლებისგან, წნეხით ხალხისგან და პარტნიორებისგან ბიზნეს საზოგადოებიდან”, – ამბობს მაიკ აბრამოვიჩი.

  • კორონავირუსით დაინფიცირებული მეოთხე პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა-მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით,  პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, წინა სამ შემთხვევასთან შედარებით უფრო მძიმეა.

    როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

    „განსხვავებით წინა სამი შემთხვევისგან, ამ პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმეა, კლინიკურად უფრო მძიმე ფორმაა, რადგან დაავადება გამოუვლინდა ტემპერატურის მატებით – 38,5-ზე მეტია ტემპერატურა. დიაგნოსტირებულია, ლაბორატორიულად დადასტურებულია, დაწყებულია მკურნალობა. გუშიდელი დღის შემდეგ მდგომარეობა ჯერჯერობით კვლავ მძიმედ რჩება, მაგრამ სტაბილურია“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქე 45 წლის მამაკაცს  დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა და თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

  • პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი მხოლოდ, ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება-გახარია

    პოლიტიკურად ანგაჟირებულ ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი მხოლოდ, ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება-ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და კორონა ვირუსის წინააღმდეგ ყველას ერთიანობისკენ მოუწოდა.

    “მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს პოლიტიკურად ანგაჟირებულებს ჩვენს კოლეგებს ჰგონიათ, რომ ვირუსი სამიზნეს პოლიტიკური შეფერილობით ირჩევს და  მხოლოდ, ლურჯებს, ყვითლებს ან წითლებს არ ემუქრება, მიუხედავად ამისა ჩვენ ყველას კარგად გვესმის რომ სამოქალაქო საზოგადოება იჩენს მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ეს ის ბრძოლაა, სადაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ”-განაცხადა გახარიამ.

  • შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა-გახარია

    შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღსადგენად მთის განვითარების ფონდიდად 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

    “უახლოეს პერიოდში შესაბამისი კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას, რომ დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამოაქვს საკითხი, სადაც მთის ფონდიდად გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი, რათა ერთი სეზონის ფარგლებში ჩვენ ბავშვებს აღვუდგინოთ ეს სკოლა-პანსიონი”, – განაცხადა გახარიამ.

    შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი გასული წლის ოქტომბერში დაიწვა. სკოლაში სულ  8 მოსწავლე სწავლობდა.

  • უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი 2 დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსამდე მოიმატებს.

    6 მარტს კი დასავლეთ საქართველოს დაბლობში +21, +26, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

    რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდი იქნება და +21 გრადუსი ტემპერატურა დაფიქსირდება. თბილი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

  • კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

    კახეთის გზატკეცილზე ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

    არსებული  ინფორმაციით, ავტომობილი ფეხით მოსიარულე ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა. შედეგად მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.