Category: ახალი ამბები

  • ბუდაღაშვილის განცხადებით, ბრალი ფორმალურად აღიარა, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს

    20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ბუდაღაშვილის განცხადებით, მან ბრალი ფორმალურად აღიარა, თუმცა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

    “უბრალოდ, ციხეში ჯდომას აზრი აღარ ჰქონდა, იმიტომ, რომ პოლიტიკური ელფერი მიიღო. აზრი აღარ ჰქონდა ციხეში ჯდომას, თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ“, – განაცხადა ბუდაღაშვილმა.

    ცნობისთვის, სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ პირებსა და პროკურატურას შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა და ისინი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

    მოსამართლე მაია კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, კახაბერ კუპრეიშვილს, ცოტნე სოსელიას და ზურაბ ბუდაღაშვილს 3-3 წლით პირობითი მსჯავრი და 2000-2000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრათ.

  • „ევექსის“ ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთი პირი მათი სათავო ოფისის თანამშრომელია

    5 პირიდან ერთ-ერთი, რომელსაც კორონავირუსი წუხელ დაუდგინდა, „ევექსის“ სათავო ოფისის თანამშრომელია. ამის შესახებ „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ნიორაძე აცხადებს.

    “ევექსი ჰოსპიტლების” არცერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ აქვს დადასტურებული! ჩვენს სათავო ოფისში, სადაც რამდენიმე სხვა კომპანიაც ფუნქციონირებს, დადასტურდა 1 შემთხვევა, რომლის დაინფიცირებაც იტალიაში მოხდა. მთლიან ოფისს, რომელიც 4-სართულიანია, ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება დეზინფექცია, იდენტიფიცირებულია დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ისინი თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფებიან. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”, – აცხადებს ნიორაძე.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევაა დაფიქსირებული.მათ შორის 6 გუშინ დადასტურდა. ოფიციალური ინფორმაციით, 6-ვე პირი იტალიაში ერთად იმყოფებოდა.

  • კორონავირუსის თავიდან ასაცილებლად ციხეებში პაემნები შეწყდა

    ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად ​პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ორი კვირით ყველანაირი პაემნები შეუჩერდათ. დროებით აიკრძალა მსჯავრდებულებისთვის ციხის სხვადასახვა მიზეზით დატოვებაც. ამ პერიოდის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული პირები საპყრობილეში მყოფი სხვა ადამიანებისგან განცალკევებით მოთავსდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს:

    “სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით.

    განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით
    სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით
    დატოვების უფლება.
    ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების
    გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება.
    დაბოლოს, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშემოსული ბრალდებული/მსჯავრდებული განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/
    მსჯავრდებულებისგან განცალკევებით,”- ნათქვამია განცხადებაში.

  • პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

    დღეს, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე საქართველოს ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგება.

    მინისტრის მოსმენა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

    „მინისტრის საათი“ ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება.

  • სენაკში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

    სენაკში ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია  საოჯახო ნივთები და ავეჯი.

    დაზარალებულ ოჯახს მერია პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.

  • ქობულეთში, ეზოში ნარჩენების დაწვისას, 70 წლის მამაკაცს ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე გარდაიცვალა

    ქობულეთში, სოფელ ჭახათში 70 წლის მამაკაცი ხანძრის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

    თვითმხილველების თქმით, 70 წლის მამაკაცისსაკუთარ სახლთან  ნარჩენების დაწვისას,  ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა.

    მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

  • ერთი კოვზი ადამიანმა არც ოჯახში უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში-იმნაძე

    ” ეკლესია თვითონ გადაწყვიტავს ამ საკითხს, მე არ ვარ რელიგიათ მცოდნე-ეპიდემიოლოგი ვარ”- ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, TV პირველის ეთერში,  ზიარების წესის შეცვლაზე, საუბრისას განაცხადა.

    ”ადამიანმა ერთი კოვზი არც ოჯახში არ უნდა გამოიყენოს, არც რესტორანში და არც გვერდზე მჯდომის, ხელიც არ უნდა გადაყოს, მისი საჭმელი არ უნდა აიღოს.ვთქვა ახლა?! არ უნდა გამოიყენოს მეზობლის ჩანგალი ან კოვზი, რესტორანშიც რომ ზის. ეს ჩვეულებრივი რჩევაა. არის რწმენა და მეცნიერება, ამაზე ფილოსოფიურ კამათში ვერ შევალ”-ამბობს იმნაძე.

  • ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და მათთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში ჩატარებული კომპლექსური სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

    როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გიორგი ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1991 წელს დაბადებული გ.დ., 1986 წელს დაბადებული ა.დ. და 1977 წელს დაბადებული გ.მ.

    „გ.მ.-ს ბრალი ედება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში, ხოლო ლ.გ.-ს, ა.დ.-ს და გ.დ.-ს – „ქურდული სამყაროს“ წევრობაში.

    დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით მიმართა „ქურდული სამყაროს“ წევრებს, რომლებმაც არსებულ დავაში საზღვარგარეთ მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდი“ – თ.ჭ. ჩართეს. ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს შორის შედგა სატელეფონო ქურდული გარჩევა, რომლის შედეგადაც, დავა გ.მ.-ს სასარგებლოდ გადაწყდა და მოდავე მხარეს 4500 ლარის და 6300 აშშ დოლარის ერთი თვის ვადაში გადახდა დაეკისრა.

    „ქურდული სამყაროს“ წევრების მხრიდან სისტემატური ზეწოლის შედეგად, აღნიშნულ პირს დაკისრებული თანხის ნაწილი – 4500 ლარი და 1800 აშშ დოლარი გამოსძალეს.

    პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

    გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი ლილუაშვილმა.

  • “დელტას” დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა

    “დელტას” დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობა დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება მან თავად დაწერა. თუმცა მის გადადგომასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, რადგან “დელტადან” წასვლას თავდაცვის სამინისტროში წინ უძვღვოდა 1 თვის წინ მომხდარი სკანდალი.

    საქმე ეხება ძოძუაშვილის იმ განცხადებას, სადაც ძოძუაშვილმა  თქვა, რომ საბრძოლო დანადაგარი ”დიდგორი’’ ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში გაიყიდება. ამ ინფორმაციამ  თავდაცვის მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

    თავდაცვის სმაინისტროში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

  • ხაშურში ქმარმა ცოლი დაჭრა – ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა

    რამდენიმე წუთის წინ, ხაშურის ცენტრში  კაცმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა.უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ქალს პირველად დახმარებას ქუჩაში გამვლელები უწევდნენ.

    სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა. ამ ეტაპზე უცნობია შემთხვევის სხვა დეტალები და ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა.