Category: ახალი ამბები

  • ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის კაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ  მიიღო.

    გამოძიების მიხედვით,  2019 წლის 11 ოქტომბერს, ქ.ხაშურში ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა. ვინაიდან ი.დ.-მ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ნ.გ. -მ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ი.დ. შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც ნ.გ. საავადმყოფოში გარდაიცვალა,

    სამართალდამცველებმა ი.დ. 2019 წლის 12 ოქტომბერს ქ. ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

    ი.დ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

  • კორონავირუსით ინფიცირებული „გეფას“ დირექტორი „წინდაუხედაობისთვის“ ბოდიშს იხდის

    „გეფას“ დირექტორი, რომელიც ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს,ბოდიშს იხდის.

    ის კომპანიის თანამშრომლებს წერილს უგზავნის, რომელშიც ის იტალიიდან დაბრუნების შემდეგ სამსახურში მისვლის გამო ბოდიშს იხდის. 

    „გეფას“ დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ მისი შემთხვევა იქნება მაგალითი სხვებისთვის, გამოიჩინონ მეტი წინდახედებულობა. 

    „მინდა მოგმართოთ ბოლო დღეების ყველაზე აქტუალურ თემაზე, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში და მოგიყვეთ ჩვენი დავირუსების და შემდგომი გავრცელების ამბავი.

    მე და ჩემი მეგობარი მეუღლეებით და ზრდასრული შვილებით, სულ 8 ადამიანი 23-თებერვალს გავფრინდით იტალიაში – მილანში, ზუსტად ამ დღეს გამოცხადდა, რომ კორონავირუსი გავრცელდა ლომბარდიის რეგიონში, ამიტომ, ჩაფრენისთანავე ვიქირავეთ მიკროავტობუსი და გავეშურეთ იტალიის სამხრეთ ტიროლის ნაწილში, ავსტრიის საზღვართან (სადაც არც მანამდე და არც ჩვენ იქ ყოფნისას ვირუსის გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული).

    ვინაიდან შემდეგი 5 დღის განმავლობაში მნიშველოვნად მოიმატა შემთხვევებმა მილანის ირგვლივ აღარ დავბრუნდით, როგორც დაგეგმილი გვქონდა უკან – ისევ მილანით, გავემგზავრეთ იგივე მიკროავტობუსით ვენაში, სადაც შევიძინეთ ბილეთები ვენა-თბილისი და პირველ მარტს გამოვფრინდით საქართველოში.

    პასპორტ-კონტროლზე გვკითხეს თუ ვიყავით ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩინეთში, ირანში, კორეაში ან იტალიაში, რაც დავუდასტურეთ და გვთხოვეს გაგვევლო დამატებითი კონტროლი. რომლის დროსაც შეგვიმოწმეს სიცხე დინსტანციური თერმომეტრით და გაგვიშვეს სახლში.

    მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონდა დალეული სიცხის დამწევი საშუალება.

    ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ავერიდეთ ეპიდემიის ადგილს და არც არაფერი გვაწუხებდა, მივედით სახლში, სადაც 2 მცირეწლოვანი შვილი და ასაკოვანი დედა გველოდებოდა.

    მეორე დილას იგივე განწყობით როგორც საკუთარ ოჯახში მისვლისას რომ ვარ სრულიად ჯანმრთელი, 2 მარტს მოვედი სამსახურში და რამოდენიმე კოლეგასთან მქონდა ხანგრძლივი საოფისე კონტაქტი, რომლებიც სრულად იდენტიფიცირებულია და იმყოფებიან თვითიზოლაციაში.

    3-მარტს გავიგე რომ ჩემ მეგობარს მოუმატა სიცხემ, და მას შემდეგ აღარ გავსულვარ სახლიდან.

    4-მარტს საღამოს ჩემ მეგობარს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შემდეგ დღეს ჩვენც მივმართეთ ინფექციურს.

    დღეს მე, ჩემი მეუღლე, ორივე უფროსი შვილი და რამოდენიმე კოლეგა ვართ ინფექციურში ამ დიაგნოზით.

    ყოვედღიურად რამოდენიმე ასეული ჩვენი თანამემამულე ბრუნდება ევროპიდან, სადაც მნიშვნელოვანი გავრცელება აქვს უკვე ამ გრიპს. მინდა შეგახსნოთ, რომ 80% მეტი შემთხვევების მიმდინარეობს მცირე ან სრულიად უსიმპტომოდ და შესაძლოა ბევრმა ჩვეთაგანმა არც იცის რომ აქვს აღნიშნული პრობლემა და გაავრცელა ის საზოგადოებაში. იქნებ ჩემი შემთხვევა იყოს სხვისთვის მაგალითი რომ მეტი წინდახედებულობა გვმართებს თითოეულს ჩვენგანს.

    დღეისთვის ქვეყანამ და მთელმა საზოგადოებამ ამ პრობლემას რეალურად გაუსწორა თვალები და მიღებულია ბევრად მკაცრი კონტროლის ზომები ვიდრე აქამდე. მათ შორის ჩვენს სამსახურში, ოფისში, საწყობში და აფთიაქებში ჩატარდა და გაგრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები.

    მე კი მინდა ყველა ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ბოდიში მოუხადო შექმნილი ვითარების გამო, სიტყვებით ვერ აღვწერ იმ დარდს რაც გულზე მაწვება იმ პრობლემების გამო რაც მე შევქმენი ჩემი წინდაუხედებლობით და ამავდროულად მინდა უზარმაზარი მადლიერება გამოვხატო თითეოეული თქვენგანისადმი, ვინაიდან ამ ყველაფრის მიუხედავათ არ მიგვრძნია არც ერთისგან არაფერი გვერდში დგომის გარდა“, – აცხადებს „გეფას“ დირექტორი.

  • თურქეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

    თურქეთმა კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად  დაადასტურა.განცხადება  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ გააკეთა.

    ოფიციალური ინფორმაციით,  ინფიცირებულია კაცი, რომელიც ევროპაში იმყოფებოდა. ამჟამად ის იზოლაციაშია. ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან მისი ოჯახის წევრებიც.

    ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 095 ადამიანი ემსხვერპლა, 116 736 დაინფიცირდა, 64 752 კიგამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაშია გავრცელებული.

  • კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია შეხვედრებს წყვეტს

    კორონავირუსის გამო მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაცია 20 მარტამდე დაგეგმილ ყველა შეხვედრას აუქმებს.

    ორგანიზაციამ  გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    შეხვედრები 11 მარტიდან 20 მარტამდე გადაიდო.

    მსოფლიო სავაჭრო ორგნიზაციის გენერალური დირექტორის განმარტებით,  მათთვის თანამშრომლებისა და წევრების ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია.

    „ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას დამივიღებთ  ყველა ზომას, რაც ჯანმრთელობისა და უსფრთხოების დაცვისთვის იქნება აუცილებელი,“ – აღნიშნულია  განცხადებაში.

  • არჩილ თალაკვაძე და მამუკა ხაზარაძე ერთმანეთს იდაყვებით მიესალმნენ(ვიდეო)

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე  ინგა გრიგოლიას გადაცემაში ერთმანეთს იდაყვებით მიესალმნენ.  ხაზარაძის შემოსვლისას თალაკვაძემ კორონა ვირუსის გამო ხელის ჩამორთმევის საფრთხეზე მიანიშნა.ხაზარაძე კი მას იდაყვით მიესალმა. 

    კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო,  მსოფლიოს სხვადასხვა ლიდერები ერთმანეთს სხვადასხვა ჟესტებით ესალმებიან მათ შორისაა ფეხით ფეხზე შეხება, ხელის აწევა და  იდაყვების შეხება.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან ფრენების დროებით შეზღუდვის შესახებ, ამასთანავე სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება.

    “2020 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება იტალიის რესპუბლიკასთან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერების შესახებ.

    მთავრობისვე გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს იმ მოქალაქეების გამომგზავრებას საქართველოში, რომლებსაც უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შეძენილი ჰქონდათ დასაბრუნებელი ბილეთი და ფრენების გაუქმების გამო ვერ შეძლეს საქართველოში დაბრუნება.

    კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხებათ იტალიაში მუდმივად საცხოვრებლად მყოფ, ან ხანგრძლივი სამსახურებრივი, ან სასწავლო მიზნით მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს, თუ ისინი არ გეგმავდნენ საქართველოში დაბრუნებას ფრენების გაუქმებიდან მომდევნო ორი კვირის პერიოდში.

    მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან იტალიის რესპუბლიკაში, მაქსიმალურად დაიცვან ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალიის მთავრობის მიერ შემუშავებული პროტოკოლი, იყვნენ თვითიზოლაციაში, მოერიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები.

    საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბრუნდებიან, როგორც იტალიის, ასევე სხვა მაღალი რისკის ზონის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა) და ასევე ყველა იმ ქვეყნიდან, სადაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, მოვუწოდებთ, დაიცვან დადგენილი პროცედურები.”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

  • ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ყველა ქვეყანაში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს (ვიდეო)

    3 საათის მონაცემებით,საქართველოში კორონა ვირუსის შემთხვევები არ გაზრდილა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

    გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციები ძალაში რჩება. ის საზოგადოებას მოუწოდებს, საერთოდ შეიზღუდოს მოგზაურობები.

    “ყველას ვთხოვთ მაქსიმალურად შეზღუდონ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის საერთოდ სართაშორისო მოგზაურობები, არამარტო ჩინეთში, ირანში ან იტალიაში, არამედ საერთოდ, რადგან დასავლეთ ევროპაში სიტუაცია უფრო იძაბება”-აცხადებს ამირან გამყრელიძე.

  • სოფელ ზედა ეწერში ხანძარია

    სოფელ ზედა ეწერში ხანძარია. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ხანძრის კერების ჩაქრობას ცდილობენ. 

    ადგილზე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლებიც.

  • ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია

    ოზურგეთში, იტალიიდან ჩამოსულმა პირმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში შეტყობინება შევიდა.

    ცენტრის ინფორმაციით, მოქალაქეებმა შენიშნეს, რომ  შუახნის ქალი კორპუსის ეზოში სეირნობდა. როგორც ქალმა განმარტა, ის გვიან ღამით გამოვიდა სასეირნოდ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ ყოფილა.

    ქალი, რომელიც თვიტიზოლაციაში იმყოფება,  იტალიიდან 4 მარტს ჩამოვიდა. ჯერჯერობით მას დაავადების სიმპტომატიკა არ აღენიშნება. 

    ქალს, სავარაუდოდ, კარანტინში გადაიყვანენ.

  • კორონა ვირუსის გამო საქალაქო სასამართლოში პროცესებზე მოქალაქეების დასწრება შეიზღუდება

    საქალაქო სასამართლოში პროცესებზე მოქალაქეების დასწრება შეიზღუდება. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 

    “თბილისის საქალაქო სასამართლოს დღის განმავლობაში სტუმრობს დაახლოებით 3 ათასი მოქალაქე და დახურულ სივრცეში ტარდება დაახლოებით 100 პროცესი.სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, თუმცა ვიზიტორთა რაოდნეობის გათვალსიწინებით კორონავირუსის გავრცელების რისკები მზარდია. ძვირფასო მოქალაქეებო, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თქვენი პატიმრების და მთელი საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით გამოიჩინოთ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა შეზღუდეთ ვზიიტები სასამართლოში.  მაქსიმალურად შეზღუდეთ ვზიიტები მოქალაქეებმა, რომლებიც არ ხართ მხარეები”-აცხადებს სპიკერ-მოსამართლე, ალექსანდრე იაშვილი.

    როგორც ცნობილი ხდება, დამსწრეთა რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას ინდივიდულურად თითოეული მოსამართე მიიღებს.