Category: ახალი ამბები

  • ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

    ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

    „ჩვენ ვალდებულები ვართ, შესაბამისად მზად ვიყოთ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მოხუცებზე, ბავშვებზე და ერთმანეთზე. მთავრობის ყველა ორგანო 24 საათის განმავლობაში გადადის საგანგებო მუშაობის რეჟიმზე, განსაკუთრებით ეს ეხება ჯანდაცვის, შსს-ს, განათლების, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამის უწყებებს, რომლებიც საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებენ“, – განაცხად გახარიამ.

  • დე ფაქტო ხელისუფლება ზღუდავს ეთნიკური ქართველების უფლებებს ოკუპირებულ რეგიონში-აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

    დე-ფაქტო ხელისუფლებები ზღუდავდნენ ადამიანის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ადამიანის უფლებების ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

    დოკუმენტში საუბარია რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში სიცოცხლის უკანონოდ ხელყოფისა და დაკავების ფაქტებზე. 

    „დე ფაქტო ხელისუფლებები რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთში ზღუდავდნენ ადამიანის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების უფლებებს. მათ შორის ხმის მიცემის, პოლიტიკურ პროცესში სხვაგვარად მონაწილეობის, საკუთრების, ბიზნესის რეგისტრაციისა და გადაადგილების უფლებებს. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 2008 წლის შედეგად გამოდევნილ ეთნიკურ ქართველებს სამხრეთ ოსეთში დაბრუნების საშუალება არ მისცა, მათ არ მისცეს საშუალება საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რეგულარული წვდომა ჰქონოდათ. გაიზარდა რუსთის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების „ბორდერიზაციის“ ფაქტები,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

    ანგარიშის თანახმად,  რუსეთის მიერ კონტროლირებად რეგიონებში დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ ადამიანის მოკვლის სულ მცირე ერთი ფაქტია დაფიქსირებული.

    „ივლისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთში ანზორ ტარბა დააკავა. ტარბა პატიმრობაში გარდაიცვალა. მოგვიანებით, აფხაზეთის ხელისუფლებამ გამომძიებლები ნადრი ჯირკიბა და სხვა სამი თანამდებობის პირი დააკავა და მათ ბრალი განსაკუთრებით სისასტიკით წამებაში დადეს, რამაც დაკავებულის სიკვდილი გამოიწვია.“-აღნიშნულია ანგარიშში.

  • მზად ვართ, კორონავირუსით დაინფიცირებულები ვაზიაროთ – დეკანოზი შალვა კეკელია

    ეკლესია მზად არის კორონა ვირუსით ინფიცირებულები აზიაროს– ამის შესახებ დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში  გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

    „ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ,ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.

  • კორონავირუსის ეპიდემიის გამო შესაძლოა პრინცესა ბეატრისის ქორწილი ჩაიშალოს

    კორონავირუსის ეპიდემიის გამო შესაძლოა პრინცესა ბეატრისის ქორწილი ჩაიშალოს

    Covid-19–ს მთელ მსოფლიოში კორექტივები შეაქვს ბევრი ადამიანის გეგმებში და ცხოვრების წესში. დღეს ცნობილი გახდა, რომ ვირუსის გავრცელებისგამო შესაძლოა ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის 31 წლის შვილიშვილის, პრინცესა ბეატრისის და 37 წლის იტალიელი არისტოკრატის, ედოარდო მაპელი–მოცის ქორწილი გადაიდოს.

    საქმე იმაშია, რომ ედოარდოს ნათესავებმა, რომელიც წარმოშობით ლომბარდიიდან არის შესაძლოა უბრალოდ ლონდონში გაფრენა ვერ შეძლონ ეპიდემიისა და ავიარეისების შეჩერების გამო. შეგახსენებთ, რომ ლომბარდია იტალიის პირველი რეგიონი გახდა, სადაც კორონავირუსის აფეთქების გამო კარანტინი გამოცხადდა.

    ცერემონიალი 29 მაისისთვის არის დაგეგმილი, და ჯერჯერობით პროგნოზების გაკეთება რთულია, როგორი იქნება იმ მომენტისთვის ვითარება. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გვაფრხთილებენ, რომ ვირუსის გავრცელება შეიძლება თვეების მანძილზე გაგრძელდეს, დაავადებულთა რიცხვი კი უახლოეს კვირებში კვლავ გაიზრდება.

    ინსაიდერების ცნობით, გარდა იმისა, რომ შესაძლოა სტუმრების სიის კორექტირება გახდეს საჭირო, ქორწილს სავარაუდოდ ვერ დაესწრება დედოფლის 99 წლის მეუღლე, პრინცი ფილიპი. მას შვილიშვილის ქრწილის გამოტოვება მოუწევს, თუ ბრიტანეთში ეპიდემია იტალიის მსგავს მაშტაბებს მიაღწევს.

    ბოლო პერიოდში კორონავირუსის გამო არაერთი ოფიციალური სამეფო ღონისძიება გადაიდო. ვესტმინსტერის სააბატოში ჩატარებულ ერთა თანამეგობრობის შეკრებაზე კი შეკრებილებს უსაფრთხოების მიზნით ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა აეკრძალათ.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა

    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.

    ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადჰანომ სპეციალურ კონფერენციაზე განაცხადა.

    „უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება „COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია“, – განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

    პანდემია ეწოდება ძლიერ ეპიდემიას, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მოსაზღვრე ქვეყნებში და ზოგიერთ შემთხვევაში, მრავალ ქვეყანაში გავრცელება.

  • 2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება-კობახიძე

    2020 წლის არჩევნებზე თბილისში 7 მაჟორიტარული ოლქის ნაცვლად 8 ოლქი იქნება. შეთანხმება ამ საკითხზე ოპოზიციასთან მიღწეულია. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,რომ  ამ საკითხზე  ოპოზიციასთან შეთანხმება დღეს დილით მოხდა.

    „რამდენიმე ტექნიკური დაზუსტება გვექნება. თბილისში იქნება 8 ოლქი. ეს ერთი მანდატი მოაკლდება ერთ-ერთ რეგიონს. დავაზუსტებთ ამას და შემდეგ გაცნობებთ,”- განაცხადა კობახიძემ.

    შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ახალი საარჩევნო მოდელით, თბილისის 7 საარჩევნო ოლქად დაყოფა იგეგმებოდა.

  • თბილისის საკრებულოში კორონა ვირუსის საფრთხის გამო სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ონლაინ სხდომა გამართა

    თბილისის საკრებულოში კორონა ვირუსის საფრთხის გამო სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ონლაინ სხდომა გამართა.

    კომისიამ კორონა ვირუსის გავრცელების რისკებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები გაითვალისწინა, რის გამოც დაინტერესებულ მხარეებს საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება ონლაინ რეჟიმში, ვიდეოზარის გამოყენებით მიეცათ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განმარტა, საჯარო განხილვები კომისიის მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპია, სადაც საზოგადოების წარმომადგენლების და დაინტერესებული მოქალაქეების მოსაზრებების გაზიარება და გათვალისწინება ხდება.

    კომისიამ თბილისში მდებარე რამდენიმე ქუჩის, შესახვევისა და ჩიხისთვის, ასევე სკვერისა და მოედნისთვის სახელების მინიჭების თაობაზე იმსჯელა. მათ შორის, დეპუტატებმა გლდანის, ნაძალადევისა და კრწანისის რაიონებში მდებარე უსახელო ქუჩისთვის, სპორტულ მოედნისა და სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების-გიორგი ბოთერაშვილის, პეტრე გამჯაშვილის და ბახვა გოგოლაძის სახელების მინიჭებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

    დღესვე საკრებულოს წევრებმა ივანე იუმაშევის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისა და მასთან არსებული უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გიორგი თარხნიშვილის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს. გარდა ამისა, ისნის რაიონში, ციხისძირის ქუჩის მონაკვეთს, ციხისძირის V გასასვლელს და დიდგორის II ჩიხს ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის ზაურ მახარაშვილის სახელი მიენიჭა.

    საჯარო განხილვის შედეგად, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, ტაბახმელას ველის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ორ შესახვევს იუნკერის ნიკოლოზ კალანდარიშვილის სახელი ეწოდება, ხოლო ჩუღურეთის რაიონში მდებარე კოტე ხიმშიაშვილის ქუჩას კი, დოდო და კოტე ხიმშიაშვილების სახელები დაერქმევა.

    სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

  • საქართველოში კორონავირუსისგან განკურნების პირველი შემთხვევა შესაძლოა ხვალ დადასტურდეს

    შესაძლოა პაციენტი, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა, ინფექციური საავადმყოფოდან ხვალ გაწეროს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. 

    „პირველ ავადმყოფს ძალიან მსუბუქი მიმდინარეობა ჰქონდა. გავიდა 14 დღე მისი ავადმყოფობის. ავადმყოფობა მსუბუქ შემთხვევაში, ისევე როგორც ინკუბაციური პერიოდი, 14 დღე გრძელდება. სიმპტომები რადგან მას უკვე აღარ აქვს ორი დღეა, საერთოდ არანაირი სიმპტომი აღარ აქვს, ამიტომ მოხდება მისი ტესტირება 24 საათის განმავლობაში ორჯერ: ანუ დღესაც და მეორე დღესაც მოხდება კიდე ტესტირება. თუ ეს ორი პასუხი იქნება უარყოფითი, ის გაეწერება“, – განაცხადა იმნაძემ.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

  • “მთავარი არხის“ ჟურნალისტი კარანტინში გადაიყვანეს

    “მთავარი არხის“ ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ავრცელებს.

    მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჟურნალისტს კომუნიკაცია მთავრობის იმ წევრთან ჰქონდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.

    “მთავარი არხის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე გადავიდა კარანტინში, იმის გამო რომ ჰქონდა კომუნიკაცია მთავარობის იმ წევრთან, რომელსაც დაუდგინდა კორონავორუსი.

    ორშაბათს ირაკლი ამზადებდა რეპორტაჟს, თემაზე რატომ მოხდა თბილისიდან პაციენტის გადაყვანა საჩხერის საავადმყოფოში, ამ რეპორტაჟის მომზადების დროს იმყოფებოდა, სახლში ინფიცირებულის ოჯახთან, სწორედ ამ დროს გავიგეთ რომ ეს ოჯახიც იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. (და არა ის, რომ თითქოს თვითიზოლაციაში, მყოფი პირის გადასაღებად მივიდა)

    გადაღება ხდებოდა ღია სივრცეში, დაცული დისტანციით, თუმცა რეკომენდირებულია საკარანტინე სივრცეში ყოფნა და გადავიდა კარანტინში.

    ახლა კითხვებზე პასუხის:

    რატომ არ უკეთიათ ჟურნალისტებს ნიღბები პირდაპირი ჩართვის დროს კლინიკასთან?

    – მედიის სამუშაო ზონას კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრავს კლინიკის მედ პერსონალი, შიდა ტერიტორიაზე მედია არ შედის, დგას ქუჩაში. ნიღაბი უნდა ეკეთოს ინფიცირებულ პირს, რომელმაც შესაძლოა გამოაფრქვიოს ვირუსი!!!

    თუ ყველაფრისმცოდნე კლავიატურის ლომები, საკუთარ ნერვებს დაიმშვიდებენ, მათთვისევე უკეთესი იქნება“, – წერს მელაძე.

    ცნობისთვის, გუშინ კორონავირუსის კიდევ 8 შემთხვევა დადასტურდა, ჯამში საქართველოში სულ 23 ადამიანია ინფიცირებული.

  • სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

    კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო დაწესებულებებში სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და უნივერსიტეტები არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა.

    საბჭოს სხდომაზე საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოისმინა ინფორმაცია საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობისა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესახებ.

    დღეს საბჭოს წევრებმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში ახალი გადაწყვეტილებები მიიღეს:

    1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა.

    ასევე, 1-ელ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების მიწოდება დღის ცენტრებში. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.

    2. სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი. დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში.