Category: ახალი ამბები

  • “არ ვისარგებლოთ შექმნილი ვითარებით და ვიყოთ სოლიდარული”-გამყრელიძე ფარმაცევტულ კომპანიებს მიმართავს

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კერძო სამედიცინო დაწესებულებებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს მოუწოდა, ნუ ისარგებლებენ შექმნილი მძიმე სიტუაციით და იყვნენ სოლიდარულები. გამყრელიძემ კორონა ვირუსთან საბრძოლველად მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე გაამახვილა ყურადღება.

    “მივმართავ ჩემს კოლეგებს, განურჩევლად მფლობელობისა და მეპატრონისა და ყველას მათ მვთხოვ, რომ უნდა იყოს შესაბამისი მზადყოფნა, თითოეულ საავადმყოფოს უნდ აჰქონდეს ე.წ. გადაუდებელი სიტუაციების დროს შესაბამისი გეგმები და შესაბამისი მარაგები მედიკამენტების,სახარჯი მასალის,დაცვის სასუალებების და ა.შ.

    თქვენ იცით, რომ ჰოსპიტლების 90% არის კერძო, მაგრამ ამ სიტუაციაში როცა პანდემიაა, არავინ არ არჩევს პანდემიამ არ იცის კერძო და სახელმწიფო იქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ და ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ კერძო სექტორს, როგორც ჰოსპიტალურ და ამბოლატორიულს ასევე ფარმაცევტულს, ერთ-ერთ ყველაზე  ძლიერ სექტორს, რომ არ ვისარგებლოთ ეხლა ჩვენ ამ მდგომარეობით, როცა გარკვეულად მთელ მსოფლიოში დეფიციტია გარკვეული სახარჯი მასალების, არ ვისარგებლოთ ამითი და ვიყოთ სოლიდარული და ხელი შევუწყოთ, რომ მოსახლეობას მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა  ჰქონდეს ყველა საჭირო მედიკამენტურ თუ სამედიცინო საშუალებებზე, რომელიც საჭიროა ამ ინფექციასთან ბრძოლისთვის”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

  • წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან

    წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ინფორმაციას საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.

    “გაცნობებთ, რომ მსოფლიოსა და საქართველოში განვითრებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკთან, საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციამ, შესაბამისი სამინისტროების მითითებთა და მათთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება და გერმანიიდან დაბრუნებული წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები მომდევნო 2 კვირის მანძილზე მოექცევიან თვითიზოლაციაში.

    როგორც მოგეხსენებათ, ნაკრები 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირისთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს გერმანიაში, ქალაქ ჰამბურგში გადიოდა.

    ნაკრები სამშობლოში დღეს, 17:20 საათზე დაბრუნდა და გუნდის ყველა წევრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესაბამისი შემოწმება გაიარა. ყველა სპორტსმენი თავს კარგად გრძნობს, ისინი თვითიზოლაციის პერიოდს ერთად გაატარებენ სპეციალურად მათთვის შერჩეულ ადგილზე, რომელზეც ფედერაციამ წინასწარ იზრუნა.

    რაც შეეხება 2020 წელს ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირს, რომლის გამართვაც მარტის ბოლოს ჰოლანდიაში, როტერდამში იგეგმებოდა, მაისის თვეში ჩატარდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

  • კორონავირუსით დაინფიცირებული 25-ე პაციენტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

    საქართველოში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის დადასტურებული 25-ე შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული. პაციენტი ამ დროისთვის  ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

    25-ე პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ცოტა ხნის წინ დაუდასტურდა, იტალიაში დაინფიცირებულთა მეორე კლასტერიდანაა.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

  • თბილისის ჯაზფესტივალი გადაიდო

    თბილისის ჯაზფესტივალი, რომელიც 25-28 მარტს უნდა გამართულიყო, გადაიდო. შეძენილი ბილეთები შემდეგ თარიღებზე ძალაში დარჩება, თუმცა „ისთერნ ფრომოუშენსი“ ჯერ არ აკონკრეტებს, როდის შედგება დაანონსებული კონცერტები.

    „11 მარტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად შეაფასა და კიდევ ერთხელ გასცა რეკომენდაციების პაკეტი ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელების თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნული პაკეტი მოიცავს როგორც ჰიგიენური ნომრების დაცვის, ასევე ხალხმრავალ ადგილებზე მოხვედრისგან თავის არიდების რეკომენდაციებსაც.

    მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შპს ისთერნ პრომოუშენსმა, ფესტივალში მონაწილე ვარლკვლავებთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, 25-28 მარტს დაგეგმილი თბილისის რიგით 23-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის გადადების თაობაზე. შესაბამისი მოლაპარაკებები შემსრულებლებთან უკვე მიმდინარეობს და ახალ თარიღებზე ინფორმაციას ახლო მომავალში მოგაწვდით.

    ბუნებრივია, ფესტივალზე დასასწრები გაყიდული ბილეთები ძალაში რჩება“.  -წერია  განცხადებაში.

  • უწყებათაშორისმა საბჭომ კორონავირუსის პრევენციისთვის ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნა

    საქართველოს მთავრობის კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს.

    განცხადებაში აღმასრულებელი ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გადადმულ ნაბიჯებს განმარტავს.

    „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას.

    მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე – საზოგადოების წინაშე.

    საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

    ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო დაინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.

    სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

    მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:

    1.საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

    2.ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.

    3.სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

    4.პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

    5.პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

    6.დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.

    * ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;

    * თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;

    * ხოლო 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

    საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

    ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

    1.წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

    2.PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ!

    კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.

    შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა.

    კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს.

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.

    უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.

    მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

    აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    შესაბამისად, მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

    ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე – stopCoV.ge“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში-ჭიაბერაშვილი

    ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

    „კორონავირუსთან გასამკლავებლად საჭიროა:

    1. არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი.

    ამისათვის საჭიროა, ოჯახის ექიმებს ჰქონდეთ მკაფიო ინსტრუქცია, საჯაროდ გამოქვეყნებული და ახსნილი, რომელ პაციენტებს აგზავნიან შესაბამის ცენტრებში (ინფექციური, რესპუბლიკური) დიაგნოსტიკაზე.

    როცა იმატებს შემთხვევები, რას ვაკეთებთ? ყველას ვაწვენთ საავადმყოფოში, თუ მხოლოდ მძიმე შემთხვევებს? როგორ ვმართავთ მსუბუქ შემთხვევებს?

    ვიმეორებ: საჭიროა ყველა დონეზე მკაფიო ინსტრუქცია, რომ ჰოსპიტალური სექტორი ისე არ გადაგვეტვირთოს, რომ მერე მძიმე შემთხვევების მართვაზე რესურსი არ გვეყოს.

    2. ფიზიკური კონტაქტის აუცილებელ მინიმუმამდე დაყვანა

    – გასვლა მხოლოდ სურსათზე და აფთიაქში
    – მხოლოდ აუცილებელი სამსახურები (ექიმები, ექთნები, სოციალური სამსახურები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.)
    – დანარჩენი სამსახურების დისტანციურ (სახლიდან) მუშაობაზე გადაყვანა, რამდენადაც ეს შესაძლებელია სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე. სადაც ეს ვერ ხერხდება, დეზიფენქციისა და თავდაცვის მაქსიმალური ზომები
    – საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველდღიური დეზინფექცია მერიის სამსახურების მიერ

    თხოვნა ტელევიზიებს: რესპონდენტები ჩართეთ ფეისბუქის, სკაიპის და ა.შ. საშუალებით.

    3. ფინანსები

    პირველი და მეორე პუნქტის ღონისძიებებს სჭირდება ფული, კერძოდ,

    – დამატებითი სახსრები ჰოსპიტალურ სექტორს
    – დამატებითი სახსრები აუცილებელ სამსახურებში მუდმივ დეზინფექციას
    – საგადასახადო შეღავათი ბიზნესს, რომ ადვილად გადაიტანონ ეს ვარდნა შემოსავლებში („ევროპულმა საქართველომ“ წინადადებები წარვუდგინეთ მთავრობას)

    ამ სამი პუნქტის შესასრულებლად ყველაზე სერიოზული პრობლემაა ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიღარიბე.

    სახლში ადვილად დაჯდება და მომდევნო რამდენიმე თვე თავს გაიტანს გერმანელი, რომელსაც შემნახველ ანგარიშზე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი ევრო აქვს.

    ათასობით ქართველი ყოველდღიურად გარეთ გამოდის იმ და მაქსიმუმ მეორე დღის სარჩენი ფულის საშოვნელად. მათთვის სახლში დაჯდომა შიმშილს ნიშნავს.

    ამიტომ ვეუბნებოდით „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი.

    ჩვენ რვა წელი უბრალოდ დავკარგეთ ამ მთავრობის ხელში და ყველაზე მოუმზადებლები ვხვდებით ამ საგანგებო მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, როდესაც ყველას თავისი გასჭირვებია და ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს.

    სახელმწიფო ბიუჯეტს სჭირდება რადიკალური გადალაგება, რომ ქვეყანამ – დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც – ამ ყველაფერს გაუძლოს“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

  • დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ა.კ. დააკავეს.

    უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის მოქალაქემ 2100 აშშ დოლარის სანაცვლოდ 4200 ყალბი აშშ დოლარი საქართველოში მცხოვრებ ნიგერიის მოქალაქეზე გაასაღა.

    მათივე ინფორმაციით, გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე).

  • პატიმრებთან პაემნები ორი კვირით აიკრძალა

    პატიმრებთან პაემნები ორი კვირით აიკრძალა-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

    „ჩვენ სიფრთხილის ზომებს მივიღებთ იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, რომ არ შფოთავდნენ და ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ ვზრუნავთ იმ კონტინგენტზე, რომელიც გვაბარია. პაემნის აკრძალვა პატიმრისთვის მარტივი არ არის, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ რომ ამ ნაკლის კომპენსირება სატელეფონო შეღავათებით მოხდეს“-აცხადებს წულუკიანი.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული.

  • ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება

    ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ჯანდაცვის უწყებაში მომუშავე, თვითიზოლაციაში მყოფი პირის მეუღლეს კორონა ვირუსი აღმოაჩნდა.

    “ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, იმ პერიოდში როცა მის მეუღლეს დაუფუქსირდა კორონა ვირუსი ის უკვე იყო იზოლაციაში ამიტომ ოჯახზე გადადების რისკი დაბალია, მიუხედავად ამისა ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამსახურში, მას პრევენციულად ჩავუტარეთ კველვა, რომელიც იყო ნეგატიური კორონა ვირუსზე”-განაცხადა ტიკარაძემ.

  • მთავრობამ შესაძლოა, დიდი თავყრილობები აკრძალოს – პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები-პაატა იმნაძე

    ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ შესაძლოა, მთავრობამ დიდი თავყრილობები აკრძალოს. – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის ცხოვრების წესის ჩვეულებრივი შეზღუდვა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, თავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდეული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.