Category: ახალი ამბები

  • „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს ურჩევს, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ

    შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციას აძლევს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ განუცხადეს.

    „ყველა მძღოლს აქვს მიცემული რეკომენდაციები. რამდენჯერმე დავარიგეთ პირბადეები და ხელთათმანები. ბუნებრივია გაფრთხილებულები არიან, რომ ნაკლები შეხება იყოს ფულთან, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, არ გვაქვს უფლება მძღოლს ვუბრძანოთ თავდაცვის საშუალებები გამოიყენონ. ყველა ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ჩვენგან ამ ტიპის რეკომედაციები ყველა მათგანს მიღებული აქვს. თუ მძღოლების მხრიდან იქნება მოთხოვნა, ჩვენ დამატებით კიდევ მივაწვდით თავდაცვის საშუალებებს.

    რაც შეეხება მიკროავტობუსებში ქეშით მგზავრობის საფასურის გადახდას, კომპანიას არ აქვს უფლება აკრძალოს ქეშით გადახდა. ყველა მიკროავტობუსში დგას გადახდის აპარატები და აქვს უფლება ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე გადაიხადოს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი არ იყენებს ბარათს, ქეშით გადახდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის მიკროავტობუსში“.

  • გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

    შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო  ცენტრპოინტის დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    უწყების ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს ბრალად ედება ცოლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

    “გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცავებმა მისი ცოლის – ლ. კ. – ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს.

    ბრალდებულის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, მიმდინარე წლის 12 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის შუამდგომლობის შესაბამისად, გ.რ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული აღნიშნულ სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა, შესაბამისად, პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება გ.რ.-ს მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.

    სასამართლოს მიერ აღნიშნული დადგენილების მიღებიდან რამდენიმე საათში, სამართალდამცველებმა გ.რ. თბილისში დააკავეს”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

    მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

  • რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვას მსხვერპლი მოჰყვა

    რუსთავში ბუნებრივი აირის გაჟონვას 73 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა – ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

    უბედური შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით საცხოვრებელი სახლის ბინაში 73 წლის ქალი და მისი 80 წლის მეუღლე მეზობლებმა უგონო მდგომარეობაში ნახეს.

    ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, პაციენტები “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

    მათ ჩაუტარდათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მამაკაცი კი მკურნალობის კურსს გადის.

  • ამირან გამყრელიძის ყალბი ფეისბუქგვერდი – NCDC განცხადებას ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქგვერდი, რომელიც რეალურად მის პირად გვერდს არ წარმოადგენს. ამის შესახებ განმარტებას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

    “სოციალურ ქსელში ვრცელდება (ზიარდება) ამირან გამყრელიძის სახელით შექმნილი ფეისბუქ გვერდი.
    მადლობას ვუხდით კეთილის მსურველებს ამ გვერდის გაზიარებისთვის და მოწონებისთვის.
    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და პირადად ამირან გამყრელიძის სახელით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული გვერდი არ წარმოადგენს ამირან გამყრელიძის პირად გვერდს.
    ის სარგებლობს მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდით – https://www.facebook.com/ncdcgeorgia/”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

  • სახელმწიფო უწყებების ნაწილი დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

    სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.რეკომენდაცია მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაიცა.

    შესაბამისად, სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს.  დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც.

    „თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

  • თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

    სხვადასხვა ტიპის გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოს ჩატარების გამო, 13 მარტს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. 

    “თელასის” ინფორმაციით, სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქიზიყის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

    დიდუბის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მცხოვრებლებს.

    კრწანისის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასლის და ნიშნიანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნიშნიანიძის, გულუას, დიდი ხეივნის და შარდენის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ნაძალადევის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და ჭოპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.

    ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), სამასი არაგველის, შავსოფლის, ბოდბეს, ლუსინიანის, არბოშიკის, იალბუზის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.

    საბურთალოს რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ალმასიანის, ბერბუკის, ასლანიდის, ალექსიძის, პანკისის, დოლიძის, ბოლქვაძის, ბალანჩივაძეების, ქაფიანიძის, ჩიქოვანის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), დოლიძის, ბოლქვაძის, კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ნატბეურის, ვაშლიჯვრის დასახლების და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს.

    გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ჩახავას, ჩხეიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

    ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, ბოცვაძის, ქუჩიშვილის, კოსტავას, შიო მღვიმელის, იაკობ ნიკოლაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, ანანურის, როდენის, ჯავახიშვილის, სანაპიროს, საქანელას, ვერეს, მელიქიშვილის და ქიაჩელის ქუჩების მცხოვრებლებს.

    გლდანის რაიონში, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, II, IV მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, ტაბიძის, გაგარინის, მორეტის, შენგელაიას, მამკოდის და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

    კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

  • პოპულარული პორნოსაიტი იტალიელებს პრემიუმ ვიდეოებზე უფასო წვდომას აძლევს

    პოპულარული პორნოსაიტი იტალიელებს პრემიუმ ვიდეოებზე უფასო წვდომას აძლევს

    ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პორნო საიტის, pornhub.com–ის პრემიუმ კატეგორიის ვიდეოები  იტალიის ტერიტორიაზე  უფასო იქნება. საიტის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო მიიღო და ამით იტალიელების მიმართ ერთგვარი სოლიდარობა გამოხატა.  კომპანიის გადაწყვეტილება სოციალური პასუხისმგებლობას წარმოადგენს, რადგან იტალია წითელ ზონად გამოცხადდა.

    “თვითიზოლაციაში მყოფების დასახმარებლად მთელი თვის მანძილზე Pornhub-ზე ვიდოების ნახვა უფასოდ, საკრედიტო ბარათის მითითების გარეშე იქნება შესაძლებელი” – ნათქვამია Pornhub-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    იტალია მეშვიდე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ამ პორნოსაიტს ყველაზე მეტი მომხმარებლები ყავს. სიის ლიდერები არიან აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.

    იტალია რამდენიმე დღეა წითელ ზონად არის გამოცხადებული. კარანტინი მოქმედებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

  • კოპიტნარის აეროპორტში ჩამოსული მგზავრები ბათუმის საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ(ვიდეო)

    ფეისბუქ გვერდი – გურია თუდეი ავრცელებს კადრებს ლანჩხუთში მდებარე “სოკარის” ბენზინგასამართი სადგურიდან, სადაც ხუთი საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული და გაჩერებულია სამი ავტობუსი.

    როგორც ირკვევა, უცხოეთიდან ჩამოსული მგზავრები კოპიტნარის აეროპორტიდან ბათუმში კარანტინში გადაჰყავთ. მგზავრები სარგებლობენ “სოკარის” საპირფარეშოთი. ავტობუსებიდან მათ ჩამოსვლას და უკან დაბრუნებას აკონტროლებს პატრული, რომლის წარმომადგენლებს პირბადეები უკეთიათ. აქვე არიან ადამიანები, რომელთაც სპეცტანსაცმელი აცვიათ.

  • “ყოველდღე მივდივარ თვითიზოლაციაში მყოფ რძალთან და შვილიშვილებთან და საკვებს კართან ვუტოვებ“– ამირან გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტელეეთერში  ყვება, როგორ უვლის თვითიზოლაციაში მყოფ შვილიშვილებს და რძალს, რომლებსაც მხოლოდ ფანჯრიდან ეკონტაქტება.

    „იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კართან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ შემდეგ ისინი აღებენ კარს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია. ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია. ჩემს შვილსაც კარგად აქვს გააზრებული, ექიმია თავადაც   და მას საკმაოდ დიდი სფერო აქვს პასუხისმგებლობის“– აცხადებს ამირან გამყრელიძე.

    შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. 

  • ნახეთ ყველა შეზღუდვა, აკრძალვა და რეგულაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოიღო

    ნახეთ ყველა შეზღუდვა, აკრძალვა და რეგულაცია, რომელიც საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან დაკავშირებით შემოიღო

    საქართველოს მთავრობამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ყველა ის ზომა, შეზღუდვა თუ რეგულაციაა ჩამოთვლილი, რომლებიც კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლებამ შემოიღო. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

    “ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა კორონავირუსის პანდემია.

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში არსებული ვითარების და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ინტენსიურად მუშაობს და, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზაობის შესაბამისად, ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას.

    მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით, საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ასევე – საზოგადოების წინაშე.

    საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდა მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

    ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო დაინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.

    სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

    მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:

    1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.

    2. ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.

    3. სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევათ კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.

    4. პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

    5. პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებულნი იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.

    6. დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.

    • ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;

    • თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;

    • ხოლო 14 მარტს, მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

    საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

    ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებულნი არიან:

    1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

    2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავროთ საზღვარგარეთ!

    კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლა არა მხოლოდ მთავრობის, არამედ საზოგადოებისგანაც მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს.

    შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციის წესების ზედმიწევნით დაცვა.

    კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიოთ თვითიზოლაციის წესები!

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს.

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.

    უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან.

    მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.

    აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის გამო, მთავრობა მოკლებულია ადგილზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას, რაც ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

    შესაბამისად, მთავრობა ყველა შესაძლო საშუალებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პრევენციული ზომების გასატარებლად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებისთვის და საჭიროების შემთხვევაში, მათთვის საჭირო დიაგნოსტირების თუ მკურნალობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

    ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ ვითარებასთან მიმართებაში უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მათ შორის, მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე – StopCoV.ge“