Category: ახალი ამბები

  • ჩინეთს კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღას უწინასწარმეტყველებენ

    მას შემდეგ, რაც ჩინეთმა კარანტინი გააუქმა ქვეყანაში შეიძლება კორონავირუსის ეპიდემიის ახალი ტალღა დაიწყოს. ამის შესახებ აშშ–ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ ეი ბი სი–ს ეთერში განაცხადა. მისი აზრით, მეორადი დაინფიცირების საშიშროება ჩინეთის ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების შემდეგ იზრდება.

    “იმის მიხედვით, თუ როგორ მოხსნიან შეზღუდვებს და როგორ დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას, შეიძლება დაინფიცირების მეორე ტალღა გაჩნდეს. იმედი მაქვს ეს არ მოხდება“– თქვა მან.

    მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ–ში ეპიდემია შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს. ეს ძირითადად ინფექციის გავრცელებაზე კონტროლის ზომების ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული. “ეს იქნება რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე. თუ გინდათ იცოდეთ როგორი იქნება დინამიკა შეხედეთ ჩინეთს და სამხრეთ კორეას. ჩინეთში სიტუაცია პიკამდე მივიდა და შემდეგ მაჩვენებლების კლება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ იქ ერ თდღეში სულ 11 შემთხვევა დარეგისტრირდა, რაც უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც იქ ხდებოდა“– ამბობს ფაუჩი.
    ამ დროისთვის კორონავირუსის ეპიდემია მსოფლიოს 142 ქვეყანას მოედო.

  • კორონავირუსი პაციენტის ორგანიზმში იმაზე დიდხანს რჩება, ვიდრე აქამდე ეგონათ. ახალი კვლევა

    კორონავირუსი დაინფიცირებული პაციენტის ორგანიზმში დაინფიცირებიდან მინიმუმ ხუთი კვირის განმავლობაში რჩება.

    ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სასუნთქ გზებში პათოგენი 37 დღის განმავლობაში რჩება, რაც მათ მთელი ამ ხნის განმავლობაში დაავადების გავრცელების წყაროდ აქცევს.

    კიდევ ერთ მტკიცებულებად იმისა, თუ რამდენად რთული შეიძლება იყოს პანდემია ჩინელმა ექიმებმა გადარჩენილი პაციენტების რესპირატორულ ნიმუშებში დაინფიცირების შემდეგ საშუალოდ 20 დღის განმავლობაში აღმოჩენილი რიბონუკლეინის მჟავა დაასახელეს. ამის შესახებ Lancet medical journal–ში გამოქვეყნებულ სტატიაშია წერია.

    ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 120–ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და უკვე 160 000 ადამიანზე მეტს დაუდგინდა მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს ჩინეთში პირველი დაინფიცირებული დაფიქსირდა.

    მიღებულ მონაცემებს სერიოზული მნიშვნელოვბა აქვს როგორც პაციენტების იზოლაციის, ასევე ანტივირუსული მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის – წერენ კვლევის ავტორები. ამჟამად დაინფიცირების შემდეგ იზოლაციისთვის რეკომენდირებული პერიოდი 14 დღეა, რათა ვირუსის გავრცელება თავიდან იქნას აცილებული. თუმცა, თუ დაინფიცირებულები სიმპტომების გაქრობის შემდეგ კვლავ დაავადების გადამდებად დარჩებიან, ისინი უნებურად ხელს შეუწყობენ ვირუსის გავრცელებას კარანტინიდან დაბრუნების შემდეგაც.

    შედარებისთვის, ჩინელი მეცნიერების თქმით ატიპიური პნევმონიის მქონე პაციენტების მხოლოდ მესამედს აღენიშნება ვირუსი სასუნთქ გზებში ოთხი კვირის მანძილზე. მათ Covid-19-ით დაინფიცირებული 191 ადამიანის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც უხანის Jinyintan–ის საავადმყოფოში მკურნალობდნენ. აქედან 54 პაციენტი გარდაიცვალა.

  • საპატრიარქო ზიარებისას ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენებას უშვებს და მრევლს რეკომენდაციებით მიმართავს

    საქართველოს საპატრიარქო კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და მრევლს რეკომენდაციებს აძლევს. გთავაზობთ მიმართვეის ტექსტს სრულად:

    “როგორც ცნობილია, კორონა ვირუსის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით საერთაშორისო მასშტაბით განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

    დღეისათვის ჩვენს ქვეყანაშიც მოქმედებს გარკვეული რეგულაციები და არსებობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული ცენტრის რჩევები. სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვავალდებულებს ამ მითითებების გათვალისწინებას.

    ამიტომ საქართველოს ეკლესიაც მის მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ წასვლისაგან, მათ შორის მოსალოცად, და ვურჩევთ ყველას, უკიდურესი აუცილებლობის გარდა, ნუ გაემგზავრებიან საქართველოდან; ხოლო გაზრდილი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულებმა განსაკუთრებით უნდა დაიცვან იზოლაციის წესი; პასუხისმგებლობით უნდა მოიქცნენ ისინიც, რომელნიც გრიპით, ან გრიპის მსგავსი ვირუსით არიან დაავადებულნი და სახლებში დარჩნენ. სურვილის შემთხვევაში მათ მოძღვარი ბინაზე აზიარებს.

    ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ “იესოს ლოცვა,“ ან მოკლედ, – ,,უფალო შემიწყალე.“

    როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.

    განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა.

    უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საპატრიარქომაც და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.

    რა თქმა უნდა, ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების“) მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით.

    გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტაძარი არის განსაკუთრებული ადგილი ღვთისმყოფობისა, აქ აღსრულებული ლიტურგია კი ყველაზე მნიშვნელოვანი მსახურებაა დედამიწაზე. წირვა-ლოცვაში რწმენით მონაწილე ადამიანი მიეახლება ცოცხალ ღმერთს, იესო ქრისტეს, რომელიც თავად არის წყარო სიცოცხლისა და მშვიდობისა, იმედისა და სიხარულისა და ამ მადლს არ უნდა განვეშოროთ.

    სასულიერო პირებს ვთხოვთ, გამორჩეულად ილოცონ კორონა ვირუსით დაავადებულთათვის და მათთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს დასნეულებულთა გამოსაჯანმრთელებლად.

    წირვის შემდეგ, კი, სასურველია, მოძღვრებმა შეასრულონ ლიტანიობა და ნაკურთხი წყალი ასხურონ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასა და ქუჩებს.

    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, კვირა დღიდან, 15 მარტიდან, ყოველ კვირა დღეს, 1200 სთ-ზე, ყველა ტაძარში (სასურველია უცხოეთში არსებულ ქართულ ეკლესიებშიც ამ დროსვე) დაირეკოს ზარები და ერთად ვთქვათ ლოცვები: „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და “მოწყალებისა კარი განგვიღე,“ ხოლო ვინც არ იქნება ეკლესიაში, სადაც არის, იქიდან შემოუერთდეს იმავე ლოცვით, რათა ერთობითა და ერთსულოვნებით შევავედროთ უფალს მთელი მსოფლიო, საქართველო და ჩვენი ოჯახები.

    ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – ,,ზესთამბრძოლისა ჩემისათვის,“ რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან.

    მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“.

    ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ! “– ნათქვამია მიმართვაში.

  • მერია თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ ღია კაფე-ბარებს 2020 წლის იჯარის გადასახადისგან ათავისუფლებს

    თბილისის მერიის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისგან  იჯარით აღებულ მიწებზე მოწყობილი ღია კაფე–ბარების მფლობელი ბიზნეს ორგანიზაციები  2020 წლის იჯარის გადასახადისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი აზრით ეს გადაწყვეტილება მეწარმეებს მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. თბილისში 200-მდე ასეთი კაფე-ბარი ფუნქციონირებს. 

    „მოგეხსენებათ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან და შესაძლებლობის ფარგლებში, ყოველმხრივ ვუწყობთ ხელს ბიზნესის განვითარებას, ქალაქის ეკონომიკის ზრდას.

    ახალი კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნეს სექტორს, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროს.

    აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, ის მეწარმეები, რომელთაც ღია კაფეების და ბარების მოსაწყობად, მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები (მიწები), გავათავისუფლთ მთელი 2020 წლის იჯარის გადასახადისგან.

    კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ მთელი წლის იჯარის თანხისგან თავისუფლდება ყველა ის პირი, ვისაც ღია კაფეებისა და ბარების მოწყობის მიზნით, იჯარით აქვს ფართი აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან.

    დღესდღეობით თბილისის ტერიტორიაზე 200-მდე ასეთი ღია კაფე-ბარი მოქმედებს და იმედი გვაქვს ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს მდგომარეობას ამ მეწარმეებს, რომელთაც პანდემიის გამო მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი ადგებათ.“–აცხადებს კალაძე.

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად ევროპა გამოაცხადა

    კორონავირუსის ეპიცენტრი ჩინეთი აღარ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის ახალი ეპიცენტრი ევროპა გახდა. სულ უფრო მეტი ქვეყანა კეტავს საზღვრებს უცხოელებისთვის, ზოგჯერ კი საკუთარი მოქალაქეებისთვისაც, რომლებიც საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან.

    ბოლო ქვეყანა უკრაინა გახდა, რომელმაც ორშაბათიდან უცხოელებისთვის შესვლა ორი კვირით აკრძალა.

    ქვეყნის ტერიტორიაზე დაკეტილია ყველა სასწავლო დაწესებულება. უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მრევლს შეუძლია ხატებს არ ემთხვიოს.
    ჩეხეთმა, ბულგარეთმა და სლოვენიამ ასევე დაკეტეს საზღვრები უცხელებისთვის.

    მანამდე აშშ–ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას აშშ–ში შენგენის ზონის 26 ქვეყნის მაცხოვრებლების აკრძალვის შესახებ.

    ავსტრიამ განაცხადა, რომ სამედიცინო შემოწმებებს ჩაატარებს შვეიცარიასთან და ლიხტენშტეინთან საზღვრებზე. ეს ზომა უკვე გამოიყენება ავსტრიისა და იტალიის საზვარზე.
    დიდი პრიტანეთი ადგილობრივ არჩევნებს ერთი წლით – 2021 წლის მაისამდე გადაავადებს. აპრილამდე გადაიდო ინგლისის საფერბურთო პრემიერ ლიგის მატჩები. გადაიდო ლონდონის მარათონიც.

    პარასკევს კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა შოტლანდიაში.

    საგანგებო მდგომარეობა:

    ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ 14 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ ქვეყანაში 40%–ით გაიზარდა. გარდაიცვალა 120 ადამიანი. დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა კი 4209–მდე გაიზარდა.

    საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლებას შეუძლია აკრძალოს ადამიანების და ტრანსპორტის გადაადგილება, გამოსცეს საგანგებო ევაკუაციის ბრძანება, აკრძალოს ზოგიერთ რაიონში და ტერიტორიებზე წვდომა.

    ესპანეთის პრემიერი მომავალი კვირისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობის გაორმაგებას პროგნოზირებს.

    შეჩერებული სწავლა

    იუნესკოს ცნობით კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში 49 ქვეყანამ უკვე დაკეტა და კეტავს ყველა სკოლას . შვეიცარიამ სკოლები 4 აპრილამდე დაკეტა. გერმანიის სკოლები ორშაბათიდან დაიხურება. ქვეყანაში შემსვლელებისთვის 14 დღიანი კარანტინი შემოიღო მალტამ.

    ბრიტანეთის პრინცმა ჩარლზმა ბრიტანეთის მთავრობის თხოვნით ბოსნიაში, იორდანიაში და კვიპროსზე ვიზიტი გადადო.

    ბრიტანეთის ავიახაზების ხელმძღვანელმა ალექს კრუზმა განაცხადა, რომ უქმდება უამრავი რეისების უმრავლესობა, თანამშრომლებს კი უმუშევრობა ემუქრება.

  • მოხვდება თუ არა უტა ივანიშვილი კარანტინში.ის საფრანგეთიდან დღეს ჩამოვიდა

    ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა ივანიშვილი საფრანგეთიდან თბილისში ჩამოვიდა. მან დღეს საღამოს აირზენას პარიზი თბილისის რეისით იმგზავრა. ამის შესახებ რეისის მგზავრები საუბრობენ. მათ შორის არის სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ გეგუჩაძე. მგზავრები სამ საკარანტინო ზონაში გაანაწილეს, სადაც სპეციალურ პროცედურებს გაივლიან და შემოწმებას ჩაუტარებენ. თუმცა მგზავრები ამბობენ, რომ უტა ივანიშვილი მათთან ერთად აღარ დაუნახავთ მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი არხი ავრცელებს. მგზავრები ეჭვობენ, რომ უტა ივანიშვილი შემოწმების პროცედურებს და კარანტინს აარიდეს და მან სპეციალური პრივილეგიებით ისარგებლა იმ დროს, როცა სხვა არცერთი მგზავრისთვის აეროპორტის თავისუფლად დატოვების უფლება არ  მიუციათ..

    პარიზი– თბილისის რეისის მგზავრებს შემოწმების შემდეგ კარანტინში გადაიყვანენ. სავარაუდოდ მათ თელავში, სასტუმრო სავანეში გაანაწილებენ, სადაც ორი კვირა უნდა გაატარონ.

    საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი სავალდებულოა.

  • აჭარის ტელევიზიის საინფორმაციოს წამყვანი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ბრძანება ჟურნალისტს რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, თეონა ბაკურიძე სამსახურიდან 13 მარტიდან გაათავისუფლეს.

    “საქმეში შეკრებილი მასალების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ დასაქმებულმა უხეშად დაარღვია მაუწყებლის შრომის შინა განაწესი და მასთან შრომით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რაც მის მიმართ დისციპლინური სანქციის დაკისრების საფუძველია”, — წერია ბრძანებაში.

    {{PHOTOGALLERY}}

  • იტალიაში ქართველი დედა და 16 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

    იტალიის ქალაქ ბარიში ერთ-ერთ ბინაში  დედა-შვილი გარდაცვლილები იპოვეს.  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

    გარდაცვლილი 16 წლის ბიჭი და 41 წლის დედა საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. პირველადი ინფორმაციი​თ, დედა-შვილი ბუნებრივი აირით გაიგუდა. 

  • მთავარია კორონავირუსი არ დაგვეცეს – ინციდენტი პრემიერის ბრიფინგზე (ვიდეო)

    საგანგებო ბრიფინგზე, რომელსაც პრემიერ მინისტრი მართავდა,  ინციდენტი მოხდა.

    სავარაუდოდ ჭერიდან რაღაც ჩამოვარდა და ერთ-ერთ ჟურნალისტს დაეცა.

    “მთავარია კორონავირუსი არ დაგვეცეს და ამას გადავიტანთ”-განაცხადა გახარიამ.

  • პანიკა ხარაგაულში- იტალიიდან დაბრუნებული ქალი კარანტინში გადასვლაზე უარს აცხადებს

    პანიკა ხარაგაულში-ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში, იტალიიდან დაბრუნებული  შუახნის ქალბატონი საკარანტინო ზონაში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

    ქალბატონი ქმრის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და შესაბამისად, მას კონტაქტი ჰქონდა ხალხთან, რამდენიმე დღის განმვალობაში ახლობლებისა და მეზობლებისგან სამძიმარს იღებდა.ქალის თქმით, იგი სრულად ჯანმრთელია და პანიკის მიზეზი არ არსებობს. 

    ხუნევში ადგილობრივები ამ ფაქტით შეშინებული არიან და   ადგილობრივ ხელისფულებას სთხოვენ, რომ იტალიიდან დაბრუნებული ქალბატონი გადაიყვანონ საკარანტინო ზონაში.

    იტალიიდან დაბრუნებული ქალის რამდენიმე მეზობელმა უკვე დატოვა სოფლის ტერიტორია.