Category: ახალი ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

    მათი განცხადებით, მიწისძვრა თბილისის დროით 15:31 საათზე მოხდა. ეპიცენტრი წყალტუბოში, სოფელი ყუმისთავთან იყო. მიწისქვეშა ბიძგების რვა კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

  • ვისაც უნდა უფალთან ყოფნა, ჩვენთან იქნება, ვისაც არ უნდა, კარგად იყოს- მეუფე იოანე

    რუსთაველი მიტროპოლიტი მეუფე იოანე ამბობს, რომ ეკლესიაში ჯანმრთელი ხალხი დადის.

    ,,არავის არ ვაიძულებთ ეკლესიაში მოსვლას, მაგრამ არავის ხელსაც არ ვუშლით. ჩვენ უფალს ვემსახურებით, ვისაც უნდა უფალთან ყოფნა, ჩვენთან იქნება. ვისაც არ უნდა კარგად იყოს… კარანტინიდან რომ იპარება ხალხი იმას მიხედეთ და აქ მოდის ჯანმრთელი ხალხი”,- თქვა მეუფე იოანემ.

    შეგახსენებთ, რომ დღეს მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო ლოცვა ჩატარდა.

    გუშინ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რამაც 10 კაცზე მეტის შეკრება აკრძალა.

  • ევროპარლამენტიდან დამიკავშირდნენ, აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო- მეუფე იაკობი

    მეუფე იაკობის თქმით, მას ევროპარლამეტიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ,,აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო”.

    მისი თქმით, გაუნათლებელი ხალხი ლაპარაკობს იმას, რომ ტაძრიდან ზიარების შემდეგ ვინმეს კორონავირუსი გადაედება.

    ,,ტაძრიდან გადაედო რომელიმეს ზიარების მერე? გაუნათლებელი ხალხი ლაპარაკობს მაგას, ვინც ლაპარაკობს. ევროკავშირდიანაც, ევროპარლამენტიდანაც დამიკავშირდნენ და აწი ლოცვა თუ გადაგვარჩენსო, იმათმაც ეგ მითხრეს და ჩვენები რას ეყრდნობიან, ეკლესიას რომ მასე უტევენ, ვერ გეტყვით.

    ხელისუფლება ვხედავ, რომ ხალხზე ზრუნავს და გამოაცხადა საგანგებო წესები და პარტიები, რომ ასე აყვნენ ეკლესიის წინააღმდეგ, რა , მაგაში დავეთანხმები იმათ?!”,- ამბობს საკვირაო ლოცვის შემდეგ მეუფე იაკობი.

    საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიებმა საკვირაო ლოცვა ჩაატარეს. საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, ერთ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. 

  • ადამიანს რომ უკრძალავ, უფრო აკეთებს. ხალხის რაოდენობა გაიზარდა ტაძრებში- მეუფე ნიკოლოზი საგანგებო მდგომარეობაზე

    ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 10 ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა, ტაძრებში ხალხის რაოდენობამ იმატა.

    მისი თქმით, მრევლის წესრიგზე პასუხს ვერ აგებენ და ეს სამართალდამცავებმა უნდა გააკეთონ.

    ,,აქ არის პრინციპი, ადამიანს რომ უკრძალავ უფრო აკეთებს. ხალხის რაოდენობა გაიზარდა ტაძრებში ამ მოწოდებების შემდეგ. ამიტომ სინოდმა დაადგინა, რომ რადიოფიცირებული უნდა იყოს ტაძრები, ჩვენ გავხსნით ტაძრის კარს და ხალხი დადგება გარეთ. თუმცა, თუ ამას მრევლი არ შეასრულებს, წესრიგზე პასუხის ვერ ვაგებთ. სამართალდამცავებმა გააკეთონ თუ შეიძლება, ოღონდ უნდა ახსოვდეს ყველას რომ უკურეაქციაა – ხელს რომ კრავ, ის უკან მოდის, არ შეიძლება ასე უხეშად მოქცევა ადამიანებთან, არ შეიძლება ადამიანებს ვუთხრათ არ მოხვიდე. ისიც არ შეიძლება მით უმეტეს, რომ ეკლესიას უთხრა გაქრი! ნუ ხარ! ვერ გავქრებით, თვითლიკვიდაციას ვერ გავიკეთებთ”,- ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

    მან ასევე აღნიშნა, რომ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაემორჩილებიან, თუ ის მცნების დარღვევისკენ მოუწოდებთ.

    ,,ასეთი წესრიგი დღეს რომ იყო სამების ტაძარში მე არ მახსოვს. გამოვიდა არქიდიაკონი წირვის წინ და მოუწოდა ყველას, გაიწია ხალხი და დადგა ამ დისტანციაზე. კიდევ უფრო გავასწორებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერთბაშად, ერთ წამში ეს არ მოხდება. ქრისტიანები ვართ კანონმორჩილები ერთადერთ შემთხვევაში არ დავემორჩილებით კანონს, თუ ეს კანონი მცნების დარღვევისკენ მოგვიწოდებს. დანარჩენ შემთხვევში აუცილებლად კანონს დავიცავთ და ვეცდებით, რომ არც საზოგადოებას შევუქმნათ საფრთხე და არც საკუთარ თავს”,- განაცხადა მეუფემ.

    შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად დღეს მართლმადიდებელ ტაძრებში წირვა მაინც ჩატარდა.

  • უაზრო თავგანწირვა ფუჭი და საზიანოა – მეუფე გრიგოლი მრევლს ბინაზე ზიარებას სთავაზობს

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეკლესიის მრევლს ბინაზე ზიარებას სთავაზობს. მან ქადაგებისას მრევლს უთხრა, რომ შედგება მსურველთა სია და სასულიერო პირები მათ თავად მიაკითხავენ სახლებში.

    „არც ისე ხშირად ვეზიარებით ხოლმე ჩვენ, რომ მაინცდამაინც ეხლა ყოველდღიურად მოგვინდეს და ყოველ წირვაზე ზიარება. ზოგი მარტო აღდგომაზე მოდის, ზოგი მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე ეზიარება და ჩათვალეთ, რომ ჩვენი მარხვა ის არის, რომ შევასრულოთ ეს კურთხევა, რასაც გეუბნებით“,- ამბობს მეუფე გრიგოლი.

    მან ქადაგებაზე ასევე აღნიშნა, რომ რწმენა არ ნიშნავს საღი აზრისგან განდგომას და უარყოფას და ,,უაზრო თავგანწირვა, რომელიც მიზანს არ ემსახურება, ფუჭია და საზიანოა”.

    მან ეკლესიაში მისულ პირებს ერთმანეთთან ფიზიკური სიახლოვის თავიდან არიდების მიზნით ურჩია, რომ წირვას ტაძრის ეზოდან მოუსმინონ, სადაც ხმის გამაძლიერებლებია დამონტაჟებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ საკვირაო წირვა ჩატარდება პატარა ეკლესიაში, სადაც ფიზიკურად ვერ მოთავსდება რამდენიმე ადამიანზე მეტი

    „თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, ჩვენს კურთხევას, ჩვენს დავალებას, იძულებულები ვიქნებით ნათლისღების ეკლესია რომაა, ეზოში, გალავანში, იქ ჩავატაროთ წირვები, სადაც 5 კაცზე მეტი არ ეტევა. მაშინ დავდგებით და გარედან მოვისმენთ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

    დღეს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა მაინც ჩატარდა.

    საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება.

  • სამების ტაძარში პოლიციამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა და ტერიტორია დატოვა- შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ სამების საკათედრო ტაძარში დარღვევა ვერ დააფიქსირა და ტერიტორია დატოვა.

    ,,გაესაუბრნენ მეუფეებს, დარღვევა არ დაფიქსირდა და დატოვეს ტერიტორია”,- აცხადებენ შსს-ში.

    სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია საკვირაო ქადაგებისას მივიდა. ის სავარაუდოდ ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რომელმაც აცნობა, რომ ტაძარში 10-ზე მეტი ადამიანი იყო.

    საგანგებო მდგომარეობისა და 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვის მიუხედავად, დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა მაინც ჩატარდა.

  • იტალიაში კორონავირუსით 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა

    იტალიაში კორონავირუსით 30 სასულიერო პირი გარდაიცვალა. Vatican News-ის ინფორმაციით, მათგან 16 სასულიერო პირი ქალაქ ბერგამოში გარდაიცვალა, საც COVID 19-ის თავდაპირველი ეპიცენტრი იყო. ხუთი სასულიერო პირი პარმაში გარდაიცვალა.

    ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი, სამის გარდა, 70 წელზე მეტის იყო, ნახევარზე მეტი კი 80-ზე მეტის. ყველაზე ახალგაზრდა სასულიერო პირი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, 54 წლის იყო.

    ბერგამოს ეპისკოპოსებს პაპი ფრანცისკე 18 მარტს შეხვდა. ,,პაპი ფრანცისკე დაგვპირდა, რომ ჩვენთვის ყოველდღე ილოცებს”, – თქვა ერთ-ერთმა ეპისკოპოსმა.

    იტალიაში კორონავირუსი მძვინვარებს. გარდაცვლილთა რაოდენობამ 4825-ს მიაღწია, ინფიცირებული კი 53 578-ია.

  • შორი-შორს დადექითო, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარია არ განვშორდეთ უფალს- ილია II

    ,,ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს”,- ამბობს საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II კორონავირუსთან დაკავშირებით.

    საკვირაო ქადაგებისას მან განაცხადა, რომ დისტანციის დაცვა მარტივი შესასრულებელია და მთავარია მრევლი უფალს არ დაშორდეს.

    ,,ღმერთი მოწყალეა, ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მას ცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი. ეს რაც ხდება, შორი-შორს დადექითო, ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავარი ის არის რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს. უფალთან ვიყოთ. აი, ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი. და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა. მტკიცედ იდექით”,- თქვა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

    დღეს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა მაინც ჩატარდა.

    სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია იყო მისული. ის სავარაუდოდ ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოიძახა, რომელმაც შსს-ს აცნობა, რომ ტაძარში 10-ზე მეტი ადამიანი იყო.

    საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 კაცზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში შეკრება.

  • “სტრესი იმუნიტეტის მტერია.ნებისმიერ დახველებაზე არ ვინერვიულოთ“–ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

    ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ფეისბუქზე სტატუსს წერს და ყველას მოუწოდებს, შიშს ნუ აყვებიან და სტრესს ნუ გაიღრმავებენ:

    “უსაყვარლესებო, გარდა იმისა, რომ სტრესი იმუნიტეტის მტერია, გახანგრძლივებული კოლექტიური ტრავმა აძლიერებს შფოთვით აშლილობებს, აძლიერებს ჰიპოქონდრიასაც, – მიუხედავად თვითიზოლაციის ყველა წესის დაცვისა, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახველებს, უშრება და სტკივა ყელი, ემოციურ ფონზე სიცხემაც კი შეიძლება დაიწყოს აწევა… კარგად გავერკვეთ, რა სიმპტომი ახასიათებს კორონას და ნებისმიერ დახველებაზე არ ვინერვიულოთ.

    ამავე დროს არ უნდა გამოგვრჩეს ნამდვილი სიმპტომები და რათქმაუნდა, ეს ყველაფერი, რაც ხდება, არც ისე ადვილია, მაგრამ, ვეცადოთ, დავმაგრდეთ იმ კონკრეტულ წამზე, რომელშიც ვარსებობთ, დღეზე, რომელიც გაგვითენდა, ვიცინოთ მეტი, – სიცილის ვიბრაცია ორგანიზმს და ფსიქიკას დადებით მოლოდინებს უქმნის და დავტკბეთ იმით, რომ არსად გვეჩქარება. ჩვენ ხომ სულ ვჩქარობდით, ყოველთვის, მაშინაც, როცა არსად გველოდნენ და მაშინაც, როცა არსად გვაგვიანდებოდა. სახლი მოსაწყენი არაა.

    მითუმეტეს სახლი, რომელშიც დიდი ხანია ცხოვრობთ, სავსეა მოგონებებით. გავჩხრიკოთ და დავიწყებული ნივთები აღმოვაჩინოთ, იმ ბედნიერ ამბებთან ერთად რომ დავივიწყეთ მეხსიერების და კარადების უჯრებში, რომელსაც უკავშირდებიან. ველაპარაკოთ ახლობლებს, რომლებთან სალაპარაკოდ ათ წუთსაც კი ძლივს ვპოულობდით დღის განმავლობაში. დრო ხომ ჯადოსნური რამეა, ხან გარბის, ხან ჩერდება, ხოდა ახლა დრო ისე შენელდა, უამრავი სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობას გვაძლევს. კიდევ ბევრი რამაა ჩვენ ხელში.

    დავრჩეთ სახლებში და ვიურთიერთოთ, რომ ჩვენი რისკიც შევამციროთ და რაც მთავარია, სტრესი და რისკი შევუმციროთ მათ, ვისი დროც, ჩვენი დროისგან განსხვავებით, აჩქარდა – ექიმებს, მედპერსონალს, სამართალდამცველებს, დამსუფთავებლებს და მარკეტების თანამშრომლებს, ჩვენი კალათების დაცლაში რომ გავაძრეთ ქანცი. მალე წამალიც იქნება, ყველა სიტყვა მეცნიერებზე და ჩვენს მოთმინებაზეა.“– წერს ნათია ფანჯიკიძე.

  • სამების საკათედრო ტაძარში პოლიცია მივიდა

    სამების საკათედრო ტაძარში საპატრულო პოლიციიის თანამშრომლები მივიდნენ.

    შსს-ში ზარი , სავარაუდოდ , ერთ-ერთმა მოქალაქემ განახორციელა, რომელიც ამბობდა, რომ ტაძარში 10 კაცზე მეტი ადამიანია შეკრებილი.

    სამართალდამცველებმა არ დააკონკრეტეს, რისთვის გამოცხადდნენ ისინი ტაძარში, სადაც ამ წუთებში საკვირაო წირვა მიმდინარეობს.

    დღეს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, მართლმადიდებელ ეკლესიებში საკვირაო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი ილია II მივიდა. 

    საგანგებო მდგომარეობის წესების მიხედვით, აკრძალულია 10 კაცზე მეტის ერთ სივრცეში შეკრება.