Category: ახალი ამბები

  • პაციენტებს, რომლებიც 15-16 დღეა საავადმყოფოში იმყოფებიან, ტესტირება უტარდება და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია – ეზუგბაია

    პაციენტებს, რომლებიც 15-16 დღეა საავადმყოფოში იმყოფებიან, ტესტირება უტარდება და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია – ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმ ინფიცირებულ პაციენტებს, რომლებიც 15-16 დღეა ინფექციურში იმყოფებიან, პერიოდულად უტარდება ტესტირება და მათი მდგომარეობა დინამიურად გაუმჯობესებულია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ტესტის პასუხები სუსტი დადებითია.

    მისივე თქმით, გუშინ 21 პაციენტზე ჩატარდა ტესტი და მათგან დადებითი მხოლოდ 1 იყო.

    “დღეისთვის საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. გუშინ ჩვენთან 21 ტესტი ჩატარდა და ერთთან მივიღეთ დადებითი, დანარჩენთან – უარყოფითი პასუხია. პარალელურად, როგორც იცით, ის პაციენტები, რომლებიც შემოსულები არიან და გავიდა დაახლოებით 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება მათთან ტესტირება. ჯერჯერობით, დინამიურად გაუმჯობესელია, სუსტი დადებითი მაჩვენებელი აქვთ ტესტის შედეგის, რაც უკვე ნიშნავს, რომ ალბათ, იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც გამეორება უნდა, ალბათ უკვე ნეგატიური, ანუ უარყოფითი პასუხი იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

  • კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთ პაციენტი იუნკერია

    კორონავირუსით დაინფიცირებული ერთ-ერთ პაციენტი იუნკერია

    თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი, დავით ბარლიანი აცხადებს, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულთაგან ერთ-ერთი იუნკერია. დღეს, 21 მარტს COVID-19-ის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან ორი სწორედ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჯამში კი საქართველოში კორონავირუსის 47 შემთხვევაა დაფიქსირებული.

    ბარლიაინის თქმით, ორივე პაციენტი 20-დან 25 წლამდეა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის დირექტორი ამბობს, რომ იუნკერი საქართველოში 16 მარტს ჩამოვიდა და მას შემდეგ კარანტინშია.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

    ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.

  • 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება

    10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც დაუწესდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და საგანგებო მდგომარეობის დროს არსებული რეგულაციები განმარტა.

    კითხვაზე, შეეხება თუ არა 10 კაცზე მეტის შეკრების შეზღუდვა ეკლესიასაც და დაუწესდება თუ არა ეკლესიასაც იგივე რეგულაციები, პრემიერმა განმარტა: „მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით. შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • “მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს“– სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

    საქართველოს პრეზიდენტმა უკვე ოფიციალურად გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ამ მოთხოვნით მას პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმართა. საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე გამოცხადდა. პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელეეთერით მიმართა:

    ,,ჩემო თანამემამულეებო,

    დღეს საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.

    მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები. ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა.

    გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და, ასევე, დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი.

    მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია.

    შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ. ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა.

    ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.
    ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.

    ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი.

    ამიტომ, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება – ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება – პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

    ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

    ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.

    ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.

    საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.

    ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

    შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება.

    ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება.

    ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება.

    ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას.

    მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა

  • “ადამიანებს,რომლებმაც დაკარგეს სამსახური სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდით.უახლოეს დღეებში წარმოვადგენთ გეგმას“– გახარია

    “ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, პირველ რიგში, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მეორე, ვიზრუნოთ ჩვენს ეკონომიკაზე. რამეთუ, მინიმუმამდე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ყველა ამ ქმედებისგან, ამ გლობალური გამოწვევისგან ადგება ჩვენს ეკონომიკას,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც ქვეყანაში საგანგებო მდგმარეობა გამოაცხადა

    პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობას ძალიან კარგად ესმის გასაჭირი საქართველოს თითოეული მოქალაქის, რომელმაც დაკარგა, ან პოტენციურად შეიძლება დაკარგოს სამსახური, შესაბამისად, შემოსავალი.

    „ამიტომ, გარდა იმ გეგმისა, რომელიც მთავრობას უკვე მზად აქვს, ეკონომიკის კონკრეტული სექტორების დასახმარებლად, უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი გეგმა, ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული მიზნობრივი დახმარების თვალსაზრისით, რომელსაც ექნება კონკრეტული, აბსოლუტურად ხელშესახები მიზანი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

  • მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში მყოფებისთვის YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილები დაიწყო

    მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში მყოფებისთვის YouTube-ზე ცეკვის გაკვეთილები დაიწყო

    მოცეკვავე თეა დარჩიამ კარანტინში და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის YouTube-ზე ცეკვის ვიდეოგაკვეთილების ჩატარება გადაწყვიტა. პირველი გაკვეთილი მის არხზე უკვე დაიდო. ეს არის “დუდუკის ქართული“.

    “ყველა იმ მაღალი თვითშეგნების და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანისთვის, ვინც კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება სპეციალურად თქვენთვის ჩავწერ ცეკვებს იუთუბარხზე. რომ იცეკვეთ, იბედნიერეთ, გახალისდით, და ნებისმიერ დაავადებას დავძლევთ ერთად. ცეკვით და ბედნიერებით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი“, – ამბობს თეა დარჩია.

  • ბრიტანეთის ხელისუფლება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ხელფასის 80%–ს გადაუხდის

    ბრიტანეთის ხელისუფლება პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილებს ხელფასის 80%–ს გადაუხდის

    ბრიტანეთის ხელისუფლება ხელფასის 80%(2500 ფუნტამდე) გადაუხდის კერძო კომპანიების თანამშრომლებს, რომლებსაც ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად მუშაობის შესაძლებლობა აღარ აქვთ. პარასკევს ამის შესახებ ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

    მან პირობა დადო, რომ სახელმწიფო დაეხმარება ყველას, ვისაც სამსახურის დაკარგვა ემუქრება. მინისტრის თქმით, პირველად ისტორიაში ხელისუფლება ბიზნესის ნაცვლად გადაუხდის ხელფასს ადამიანებს.

    ეს ზომა მთავრობის აზრით კომპანიებს საშუალებას მისცემს არ გაათავისუფლონ თანამშრომლები, თუნდაც მათ პანდემიის გამო მუშაობა ვერ შეძლონ. რაში სუნაკმა მოუწოდა კერძო კომპანიებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ თანამშრომლებს, რომლებიც მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

    “მესმის, რომ სიტუაცია ძალიან მძიმეა. მთავრობა ყველაფერს აკეთებ თქვენს მხარდასაჭერად. და გთხოვთ, თქვენც ყველაფერი გააკეთოთ, რათა მხარი დაუჭიროთ თქვენს თანამშრომლებს“ – მიმართა მინისტრმა ბიზნესმენებს.

    ბრიტანულ კომპანიებს შეუძლიათ ივნისის ბოლომდე დამატებითი ღირებულების გადასახადი არ გადაიხადონ. მათ ასევე შესაძლებლობა მიეცათ ერთწლიანი უპროცენტო კრედიტი აიღონ. მინისტრმა პირობა დადო, რომ შემდეგ კვირას განაცხადებს შემდგომი ღონისძიებების შესახებ, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს უპროცენტო კრედიტებთან წვდომას მისცემს.

    მთავრობამ ასევე განაცხადა თვითდასაქმებულთათვის შემწეობის გამოყოფის შესახებ.

    ადამიანებისა და ბიზნესისთვის ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ეკონომიკური დახმარების შესახებ მთავრობის ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

    პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დაარწმუნა კომპანიები, რომ მათ ბედის ანაბარა არ მიატოვებენ. “ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ თქვენთვის, რაც კი მთავრობას ხელეწიფება“– თქვა პრემიერმა.

    ხელისუფლების ეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტი დაახლოებით 30 მილიარდ ფუნტად არის შეფასებული.

    პრემიერმა ჯონსონმა ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა კაფე, პაბი, ბარი და რესტორანი შაბათიდან მუშაობას შეწყვეტს. მათ შეუძლიათ სახლში მიტანის სერვისზე გადავიდნენ.

    “გვესმის, რომ ჩვენი ზომები ექსტრაორდინარულია: გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს უძველეს, შეუვალ ადამიანის უფლებას ვართმევთ – წავიდეს პაბში. მესმის რას გრძნობენ ადამიანები ამასთან დაკავშირებით“– თქვა ჯონსონმა.

    მთავრობის გადაწყვეტილებით იკეტება ღამის კლუბები, კინოთეატრები და სპორტდარბაზები. პრემიერმა ქვეყნის მოქალაქეების მოუწოდა ასეთ დაწესებულებებში სიარულისგან თავი შეიკავო. ეს ზომები თვეში ერთხელ გადაიხედება.

    ჯონსონმა მორიგ ჯერზე მოუწოდა მოქალაქეებს ხელები ხშირად იბანონ და ისინი ერთად ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენენ, თუ სწორად იმოქმედებენ.

    მანამდე პრემიერმა ჯონსონმა განაცხადა, რომ ივნისის ბოლოსთვის ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემია დასუსტებისკენ წავა, თუ ხალხი ხელისუფლების რჩევებს დაემორჩილება.

  • ” მე მომადგნენ ამ უნამუსობის გასაპრავებლად” – ნინო ჯანგირაშვილი ტელევიზიების ინკასოზე

    ” მე მომადგნენ ამ უნამუსობის გასაპრავებლად” – ნინო ჯანგირაშვილი ტელევიზიების ინკასოზე

    ” არ ვიცი ვის რა პოზა გაქვთ და რატომ თვლით, რომ დღეს ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის, მაგრამ იცოდეთ, ამათ ხელში კორონამ კი არა ერთმა პატარა კენჭმა შეიძლება ერთ დღეს დაანგრიოს ეს სახელმწიფო.” – ასე ეხმაურება ტელეკომპანია ,,კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში, ტელევიზიების ინკასოს.

    ‘გრძელი რამე დავწერე, მაგრამ მინდა რომ წაიკითხოთ.

    ახლა მოგიყვებით ამბავს, რომლის მოყოლა მეზარებოდა, ნერვი არ მქონდა, ვერც მოვიცალე. როგორც ყველა, მეც დათრგუნული ვარ ჩვენი ყოფით და ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში გადის დრო. ტვ პირველს და მთავარ არხს ინკასო დაადეს. მეც დამადებდნენ ალბათ, უბრალოდ საფუძველი არ ქონდათ ამჯერად. მიმდინარე დავალიანება არ მაქვს, ძველზე კიდევ რამდენიმე თვიანი გრაფიკი მაქვს.

    ზუსტად ერთი კვირის წინ დამირეკეს შემოსავლების სამსახურიდან. თუ შეგიძლიათ ორშაბათს ჩვენთან მობრძანდეთო. გადავწყვიტეთ ბიზნესს შეღავათები გავუკეთოთო. ეს ის მომენტი იყო, როცა მანამდე გახარიამ თქვა, ყველაფერს გავაკეთებთ კრიზისმა ბიზნესი რომ არ დაანგრიოსო და ვიფიქრე, ალბათ ამ კონტექსში რამეს გვთავაზობენმეთქი.

    მივედი ორშაბათს. მარტო მე ვიყავი, ანუ არ იყო კოლექტიური შეხვედრა. მითხრეს, გადავწყვიტეთ პირველ ოქტომბრამდე რაც დავალიანება გქონდათ ტელევიზიებს 5 წლით გადაგინაწილოთო. პირველ ოქტომბრამდეო! ხუთი წლითო! )) საიდან მოვიდა ეს ხუთი წელი და პირველი ოქტომბერი ალბათ გახსოვთ. ტვ იმედს, რუსთავს და მაესტროს ხომ 55 მილიონი ქონდათ 1 ოქტომბრის მდგომარეობით და მაშინ მინისტრმა ხომ მიჯნა გაავლო – ჩვენ და ტვ პირველი რომ დაგვაყადაღა წინასაახალწლოდ. პირველ ოქტომბრის მერე რაც არის იხადეთ ყველამო და პირველ ოქტომბრამდე რაც იყო იმას ჯერ არ მოგთხოვთო. მთელი ცინიზმი ის არის, რომ პირველ ოქტომბრამდე მთელი ჩემი დავალიანება იყო 10 000 ლარი, იმედის, რუსთავის და მაესტროს 55 მილიონის წინააღმდეგ. და ამ 10 000 ლარის განაწილებას მთავაზობენ 5 წელიწადზე.

    როგორც ჩანს თვლიან, რომ თავს ბედნიერად ვიგრძნობ ამის გამო და გაუპრავდებათ ის, რომ წვალობენ და ცდილობენ როგორმე ისე აპატიონ თავის სამ ტელევიზიას ბიუჯეტის 55 მილიონი ვალი, რომ ძალიან დიდი სკანდალიც არ ატყდეს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვუთხარი რომ არ მაინტერესებს ეს წინადადება და დაველოდები როდის მიიღებს ხელისუფლება არსებული უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე ყველა ბიზნესისთვის ადეკვატურ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მეც, როგორც ყველა დანარჩენი ბიზნესი უმძიმეს მდგომარეობაში ვარ და სულაც არ ვაპირებ რამე გამორჩეულ მდგომარეობაში ჩავდგე.

    და მთავარი, რაც ყველაზე ამორალური და გულისამრევია ამ ამბავში: ეს ხდება მაშინ, როცა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, კოშმარული ვირუსის შიშით ადამიანები საით მიაწყდნენ აღარ იციან, ეკონომიკა ინგრევა, ბიზნესებისგან ნაფლეთები რჩება, ხელისუფლებას ჯერ არავითარი ანტიკრიზისული გეგმა არ დაუდია, არც ადამიანებს დახმარებია და ფეხებზე კიდია, ყველა ერთ დღეს შიმშილით რომ მოკვდეს და ამის ფონზე ყოფნით იმის დრო, სურვილი, ნამუსი (თუ უნამუსობა), რომ ივანიშვილის სამი ტელევიზიისთვის ფულის ჩუქებაზე იფიქრონ, რაღაცეები დაგეგმონ და თან იმდენად უტვინოები არიან, რომ მე მომადგნენ ამ უნამუსობის გასაპრავებლად.

    მოკლედ, არ ვიცი ვის რა პოზა გაქვთ და რატომ თვლით, რომ დღეს ხელისუფლების კრიტიკის დრო არ არის, მაგრამ იცოდეთ, ამათ ხელში კორონამ კი არა ერთმა პატარა კენჭმა შეიძლება ერთ დღეს დაანგრიოს ეს სახელმწიფო.

    Nika GvaramiaVato Tsereteli ბოდიში პატივცემულებო, რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს მეც რომ არ მადევს ინკასო.))”- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

  • “ზიარების მერე ყველა კარანტინში წადით” – ანიტა რაჭველიშვილი

    “ზიარების მერე ყველა კარანტინში წადით” – ანიტა რაჭველიშვილი

    ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში სინოდის განცხადებას ეხმაურება და მოსახლეობას და მთავრობას მოუწოდებს, ზიარების შენდეგ ყველა კარანტინში გადაიყვანონ.

    “ძალიან გთხოვთ ცოტა მეტ სიფრთხილეს მოუხმოთ და თუ ზიარებაზე აპირებთ წასვლას და მართლაც ყველას ნაპირალი კოვზით ეზიარებით,ზიარების შემდგომ ყველა კარანტინში წადით პირდაპირ რომ ჩინეთი და იტალია საქართველოში არ განმეორდეს!

    საქართველოს მთავრობა მოგიწოდებთ რომ ზიარების მერე გადაიყვანოთ ყველა სავალდებულო კარანტინში!

    შეგახსენებთ რომ 627 ადამიანი გარდაიცვალა
    ბოლო 24 საათში იტალიაში(ჯამში 4000 ზე მეტი ადამიანი) და ეს ყველაფერი იმიტომ რომ არ დაიცვეს რეგულაციები და სახელმჭიფოს თუ ექიმების რჩევები ჰიგიენასა და კარანტინზე!

    ცოტა ადეკვატურობა არ გვაწყენდა პანიკის გარეშე!”- წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

    შეგახსენებთ რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოველად მიუღებელია. ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს