Category: ახალი ამბები

  • “პატრიარქი ამბობდა, ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო”- ჯაღმაიძე

    “პატრიარქი ამბობდა, ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო”- ჯაღმაიძე

    რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა, – წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე.

    „დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ: ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო, სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო, სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო, ხელი ხშირად დაიბანეთო, იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო, ოჯახებისთვის მოიცალეთო. სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

    რამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდა. ეხლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.

    ეხლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?

    ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით“, – წერს ჯაღმაიძე.

  • ბრიტანეთის ელჩის მოადგილე უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა

    ბრიტანეთის ელჩის მოადგილე უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა

    შოტლანდიელი დიპლომატი უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა. სტივენ დიკი, რომელიც 37 წლის იყო, უნგრეთში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სხვა დაავადება.

    დიდი ბრიტანეთის ელჩმა, იან ლინდსის თქმით, დიკი მასთან ერთად ოქტომბრიდან მუშაობდა. მისივე თქმით, ოჯახი და გუნდის სხვა წევრები შოკირებულები არიან დიკის სიკვდილით.

  • “5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს” – ლალი ტურძელაძე

    “5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს” – ლალი ტურძელაძე

    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.

    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ.

    „მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული.

    ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

    შეგახსენებთ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.

  • ყველა სპეცრეისზე ბილეთი 199 ევროდ გაიყიდება – ვენიდან საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ

    ყველა სპეცრეისზე ბილეთი 199 ევროდ გაიყიდება – ვენიდან საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩამოიყვანენ

    დღეს ვენიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე დაბრუნდება. თვითმფრინავი მათ ჩამოსაყვანად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე გაფრინდა.

    ფრენას კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” ახორციელებს. რეისით ჩამოსვლას ის მგზავრებიც შეძლებენ, რომლებსაც 22 მარტს ბილეთები გაუუქმდათ.

    “რეისზე ყველაზე დიდი ბორტია, სადაც 180 მგზავრის განთავსებაა შესაძლებელი. ჩვენი მხრიდან, ბორტგამცილებლების უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს, რომლესაც გაუუქმდათ რეისი 22 მარტს, საშუალება მიეცათ ესარგებლათ თავიანთი ბილეთით. დარჩენილ ადგილებზე ბილეთი 199 ევროდ გაიყიდა. ასევე ყველა მომავალ რეისზე, ყველა ბილეთი 199 ევროდ გაიყიდება,”- აცხადებს ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.

    ყველა ჩამოსული მგზავრი გაივლის სპეციალურ შემოწმებას და გადავლენ კარანტინში. შემდეგი რეისი ევროპიდან 31 მარტს იგეგმება, მოქალაქეებს ამსტერდამი თბილისის რეისით ჩამოიყვანენ.

  • “თუ რწმენა აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო“–გამოხმაურება საპატრიარქოს განცხადებაზე

    “თუ რწმენა აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო“–გამოხმაურება საპატრიარქოს განცხადებაზე

    საპატრიარქოს პოზიციას, რომ საერთო კოვზით ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, თეოლოგების და სასუილერო პირების ნაწილი პასუხობს. მათი განცხადება სოციალურ ქსელში ქვეყნდება. გთავაზობთ განცხადებას სრულად:

    “ჩვენ, მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები, შეძრწუნებულნი ვართ მიმდინარე მოვლენებით, რომელიც მსოფლიო პანდემიით არის გამოწვეული. უკვე ასობით ათასი ადამიანია დაავადებული, ხოლო ათობით ათასმა დატოვა წუთისოფელი. ადამიანური ეგოიზმის საცდურია, რომ რიცხვები, რომლებიც არ წყვეტენ ზრდას, მხოლოდ რიცხვებად აღვიქვათ და დავივიწყოთ, რომ მათ უკან ღმრთის უზენაესი ქმნილებები – კონკრეტული ადამიანები დგანან. ადამიანური ეგოიზმი, რომელსაც ალბანეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ანასტასი ერესთა ერესს უწოდებს, არის ის კედელი, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს ქრისტეს წმინდა ეკლესიის სხეულთა ნაწილებს, რის გამოც თითქოს ერთ ასოს აღარ ესმის მეორის ტკივილი, მეორეს აღარ აინტერესებს მესამის ტრაგიკული ისტორია.

    უკვე არაერთხელ ითქვა, კორონავირუსის დამახასიათებელი სივერაგე ისაა, რომ იგი სწრაფად ვრცელდება და მოსალოდნელია მილიონობით ადამიანის დასნეულება. სამწუხაროდ, ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი და რადგანაც მდგომარეობა დღითი-დღე რთულდება, საკუთარი რწმენა, ისევე როგორც წმინდა წერილი და ეკლესიის წმინდა გარდამოცემა, გვავალდებულებს, გამოვეხმაუროთ საპატრიარქოს ადმინისტრაციის 25.03.2020-ის განცხადებას.

    რწმენა, რომელზეც განცხადებაშია საუბარი, ან აბსოლუტურია, ან არ არის. თუ აბსოლუტურია, მაშინ არც ორ მეტრიანი დისტანციის დაცვა არის საჭირო, არც რისკ-ჯგუფებში შემავალი პირებისათვის სახლში დარჩენის მოწოდება. ის „ნახევარ-რწმენა“, რომელიც ამ თან „კი“-ში და თან „არა“-შია, არარსებულია, რადგან არც აბსოლუტურია და არც ჯანსაღი. ვისაც აბსოლუტური რწმენა აქვს, „გველებს აიყვანენ, და თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ; ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან“ (მკ. 16:18). აბსოლუტური რწმენა კი ჯანსაღია. ვისაც ჯანსაღი რწმენა აქვს, არ გამოსცდის უფლის ყოვლისშემძლეობას (მთ. 4:7), არ ეძიებს სასწაულს (მთ. 16:4), და საკუთარი რწმენის გამო, არ აგდებს მოყვასს განსაცდელსა და საცდურში (რომ. 14:13,22).

    ერთი ბარძიმიდან ზიარებას გულისხმობს ზიარების სამივე ტრადიციული ფორმა: კოვზითაც, ხელზე მიღებითაც და ჩალტობითაც. მაშასადამე, „ერთ ბარძიმზე უარის თქმის მოთხოვნა“ წმინდა წყლის ინტერპოლაციაა და ამჟღავნებს საკითხის მცდარად წარმოჩენის ტენდენციას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება, უპირველეს ყოვლისა, მისტიური მნიშვნელობისაა, რადგანაც ის ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლისა და საიდუმლო სერობაზე კურთხეული სასმისის სახეა. რა თქმა უნდა „ერთი ბარძიმის“ ბუკვალური გაგებაც დაუშვებელია. მსოფლიოს ყველა ადგილას აღვლენილი წმინდა ევქარისტია იმ ერთი ბარძიმის თანაზიარია.

    თუ ტაძარში მსახურებებზე დასწრების შეზღუდვა „არის გაუმართლებელი და დანაშაული ღვთის წინაშე“, როგორც ეს განცხადებაშია ნათქვამი, ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში განფენილი მართლმადიდებელი ეკლესიის უდიდესი ნაწილი გაუმართლებელ დანაშაულს სჩადის, რაც მართლმადიდებელი ეკლესიის სხეულისადმი წაყენებული მწვავე ბრალდებაა.

    იმედს გამოვთქვამთ, რომ მომავალში ასეთი განცხადებები, მათი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მეტად თანამიმდევრული და საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით გამართული იქნება. ვლოცულობთ, რომ ყოვლადმოწყალე ღმერთმა დაგვიცვას „უქმობისა და მიმოწვლილველობისაგან, მთავრობისმოყვარებისა და ცუდად მეტყველებისაგან“ და მოგვმადლოს „სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა“, რათა ერთობით ვადიდებეთ ღმერთსა, აწ და მარადის და უკუნისამდე, ამენ.

    სასულიერო პირები:
    არქიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი
    იღუმენი ლუკა ფალავანდიშვილი
    დეკანოზი ზაზა თევზაძე
    დეკანოზი ლევან მათეშვილი
    დეკანოზი ილია ჭიღლაძე
    დეკანოზი ლევან ნაცვლიშვილი
    დეკანოზი ალექსანდრე გიორგაძე
    დეკანოზი გიორგი ჯულუხაძე
    მღვდელ-მონაზონი ლეონიდე ებრალიძე
    მღვდელ-მონაზონი ირინეოს შენგელია
    მღვდელ-მონაზონი იერონიმე ქათამაძე
    მღვდელი გიორგი ცქიტიშვილი
    მღვდელი ალექსი აბულაშვილი
    მღვდელი მირიან მესხაძე
    მღვდელი გრიგოლ ჭეჟია
    დიაკონი გიორგი ღიბრაძე
    დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა
    თეოლოგები:
    ნინო საყვარელიძე
    თამარ გოგუაძე
    ლევან ბუკია
    შოთა კინწურაშვილი
    გიორგი გეგუჩაძე (აიხშტეტი)
    გიორგი ხუბულური
    მიქაელ ბაქრაძე
    საბა კევლიშვილი
    ეკა ჭყოიძე
    ვლადიმერ წითლიძე
    კახა კურტანიძე
    ვლადიმერ ნარსია
    გურამ ლურსმანაშვილი
    ლაშა ჯიხვაშვილი
    დავით ჩიკვაიძე
    ბექა მინდიაშვილი

    P.S. დანარჩენებისგან ველოდებით პასუხებს…

    საქართველოს საპატრიარქომ 25 მარტს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ერთი ბარძიმიდან ზიარება მრევლის ქრისტესთან და ერთმანეთთან ერთობის და სიყვარულის უმაღლესი დადასტურებაა და ვინც ამაზე ამბობს უარს, “უარს ამბობს მაცხოვარზე!”.

    კორონავირუსის გავრცელების პირობებში საპატრიარქო წერს, რომ ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში სრულ განკურნებამდე, ხოლო ტაძრებში ადამიანებს შორის მანძილი დაცულ იქნას 2 მეტრით, ეზოში კი — 1,5 მეტრით. ამისთვის მიმდინარეობს დასადგომი ადგილების მონიშვნა და ტაძრების რადიოფიცირება.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა

    კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინფექციურ საავადმყოფოში გააკეთეს. კლინიკის სამედიცინო დირექოტრის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 77-დან 34 ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი სხვა კლინიკებში იმყოფებიან.

    როგორც ეზუგბაიას განცხადებით მათ კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტების ისტორია ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება.

  • ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ინფიცირების რისკის ქვეშ არიან და სხვებსაც საფრთხეს უქმნიან

    ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ინფიცირების რისკის ქვეშ არიან და სხვებსაც საფრთხეს უქმნიან

    მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები საგანგებო მდგომარეობაზე გადავიდნენ. ამის შესახებ სოციალური მუშაკების განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით ე.წ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ღამეს მეტროში ან  №37 ავტობუსში ატარებე, სადაც მათი დაინფიცირების დიდი რისკია:

    „საქართველოში არსებობს ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ზრუნვის ფორმები – მცირე საოჯახო ტიპის სახლები, მინდობითი აღზრდა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრები. ყველა მათგანი არსებული ვითარების გამო საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რაც გულისხმობს იმას, რომ მცირე საოჯახო ტიპისა და მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში გამოცხადებულია კარანტინი და 24 საათიანი მომსახურების მიმღები ბენეფიციარები(ბავშვები) გარეთ გასვლას ვერ ახერხებენ. თანამშრომლები 48 საათიანი შუალედებით მორიგეობენ. თითოეული პირის შესვლა თავშესაფრებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მკაცრად კონტროლდება, ხდება შენობების დეზინფექცია, რათა არ მოხდეს თავშესაფრებში მცხოვრები ბავშვების დაინფიცირება.

    თუმცა, ამავე დროს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში, გარდა 24 საათიანი მომსახურებისა, ფუნქციონირებს დღის ცენტრიც, რაც გულისხმობს მხოლოდ დღის მონაკვეთში არასრულწლოვნების ყოველდღიურ მომსახურებას ორჯერადი კვებით, ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას/ორგანიზებას, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. ამ ეტაპზე კი დღის ცენტრით მოსარგებლე ბავშვები ვერანაირ მომსახურებას ვერ იღებენ და ხშირად მათ არც ჭერქვეშ ღამის გათევის დარჩენის შესაძლებლობა აქვთ.

    თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ე.წ. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ღამეს ან მეტროში ან N37 ავტობუსში ათენენ, სადაც ძალიან დიდი რისკია მათი დაინფიცირებისა. აღნიშნული ბავშვების უკვე თავშესაფარში წამოყვანაც შეუძლებელია, ვინაიდან მათ შესაძლოა თავშესაფარში მცხოვრები სხვა ბენეფიციარები დააინფიცირონ.

    აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მათი გადაყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინის მიზნით არ ხდება, ვინაიდან მათ ვირუსის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნებათ.

    ყველაზე სამწუხარო ფაქტი ამ შემთხვევაში ის არის, რომ საპატრულო პოლიციის მიერ ბავშვები იდენტიფიცირებისას არ არსებობს ადგილი, სადაც მათ წაყვანას და მათი საჭიროების უზრუნველყოფას შეძლებენ.

    ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ერთ-ერთი თავშესაფრიდან გაიქცა არასრულწლოვანი გოგონა, რომლის უკან დაბრუნებაც საფრთხის შემცველია სხვა ბენეფიციარებისთვის, სანამ არ მოხდება მისი შემოწმება კორონავირუსზე. არასრულწლოვანი გოგონას პოვნის შემთხვევაში ისიც უცნობია თუ ვისთან ჰქონდა მას შეხება და სად იმყოფებოდა. რისკების თავიდან აცილებისა და არასრულწლოვნების თავშესაფრითა და სხვა ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით აუცილებელია:

    მოხდეს მიუსაფარ არასრულწლოვანთა განთავსება 2 კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში.

    დაუყოვნებლივ შეიქმნას მათზე ზრუნვის ალტერნატიული ცენტრები, სადაც კარანტინის გავლის შემდგომ განთავსდებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

  • ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელ, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

    ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მღვდელ, დეკანოზ იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

    ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოს საბას ინფორმაციით, ამერიკაში მოღვაწე ქართველ მღვდელს, იოსებ მინდიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

    მეუფე საბამ ფეისბუქით მიმართა თავის მრევლს და გააფრთხილა ისინი, რომ თუ გასული 2 კვირის განმავლობაში მათ მამა იოსებთან კონტაქტი ჰქონდათ, ჩაიტარონ ტესტი და მოუფრთხილდნენ თავს.

    როგორც მეუფემ თქვა, მღდველს კორონავირუსი შაბათს დაუდგინდა და მას შემდეგ ის ექიმების მითითებით იზოლაციაში იმყოფება, არ ჰქონია კონტაქტი მრევლთან და სახლში მკურნალობს. მეუფეს ინფორმაციით, მამა იოსებს მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს ნორმალურად გრძნობს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მღვდელი, კორონავირუსით, სავარაუდოდ, ნიუ-იორკში ყოფნის დროს 8-9 დღის წინ დაინფიცირდა.

    მეუფემ მრევლს კიდევ ერთხელ სიფრთხილისკენ და წესების დაცვისკენ მოუწოდა. მან კვირას გასცა კურთხევა, რომ მრევლი სახლში დარჩეს და წირვებს ონლაინ დაესწროს. მსახურებებზე კი მხოლოდ ღვთისმსახურები ივლიან.

  • რატომ ელოდებიან საქართველოში კორონავირუსის პიკს 4 აპრილისთვის

    რატომ ელოდებიან საქართველოში კორონავირუსის პიკს 4 აპრილისთვის

    ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განცხადება გააკეთა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის პიკს აპრილის პირველ რიცხვებში ელოდებიან. ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მას ამ განცხადების განმარტება მოუწია, თუ რატომ ელოდებიან პიკს მაინც და მაინც აპრილის დასაწყისში.

    „ზოგადად, პიკის დაახლოებას ანგარიშობენ სხვადასხვა სიმულაციებით. ჩვენი სტრატეგია თავიდანვე იყო, რომ ვემზადებოდით უფრო რთული სცენარისთვის. იმისათვის, რომ შეგვძლებოდა ამას გავმკლავებოდით საუკეთესო ხარისხით. სწორედ ეს იყო ამ განცხადების რეალური მიზეზი, რატომაც მე ეს გავაკეთე, თუმცა ამას ედო გარკვეული საფუძვლები. დღეისთვის, კარანტინის სივრცეებში გვყავს 4500 ადამიანი. ასევე, გვყავს სტაციონარში პაციენტები, რომლებიც დადასტურებული COVID-19-ით არიან და ეს პაციენტები სწორედ კარანტინის ზონიდან გადმოდიან. შესაბამისად, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გარკვეული პიკური რიცხვი, ან ვირუსის გამოვლენის რიცხვი სავარაუდოდ აპრილის პირველ კვირაში იქნება. კარანტინში მყოფი პირების 2-კვირიანი პერიოდი სწორედ ამ პერიოდში გადის. შესაბამისად, მათი მოცულობიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ გამოგვივლინდეს ინფიცირების უმაღლესი რიცხვი არის სწორედ აპრილის პირველი დღეები“, – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

    მეორე მიზეზი კი სადაც შეიძლება ვირუსის გამოვლენის პიკი იყოს არის მარნეულის რეგიონი, სადაც 160 000 ადამიანზე მიმდინარეობს დაკვირვება. თუმცა მინისტრი განმარტავს, რომ ამ რეგიონში სამედიცინო პერსონალი საკუთარი ჯანმრთელობის ფასად აქტიურად მუშაობს და მოსახლეობაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში დროულ რეაგირებას მოახდენს.

  • შერონ სტოუნმა კარანტინში ხატვა დაიწყო(ვიდეო)

    შერონ სტოუნმა კარანტინში ხატვა დაიწყო(ვიდეო)

    62 წლის ასაკში შერონ სტოუნმა პირველად მოსინჯა ბედი მხატვრობაში. ამის მიზეზი კარანტინი გახდა, რომელშიც მსოფლიოს მილიონობით ადამიანის მსგავსად შერონ სტოუნიც აღმოჩნდა გამოკეტილი. ჰოლივუდის ვარსკვლავი თვითიზოლაციის პირობებში არ იწყენს და დროს ლოს ანჯელესში მდებარე მშვენიერ სახლში ატარებს. მან ინსტაგრამის ხელმომწერებს ვიდეო შესთავაზა, რომელზეც საკუთარ ნახატს აჩვენებს. მსახიობმა ვარდისფერი პიონები დახატა.

    “დავასრულე ჩემი პირველი ნახატი. როგორ მიხარია! ეს რაღაცას გავს. შეგიძლიათ რამე გააკეთოთ, სანამ სახლში ხართ და არ იცით რით დაკავდეთ. ეს ჩემი პირველი ნაბიჯია რაღაც ახლის შესწავლისკენ“– ამბობს მსახიობი.

    ფანატების ნაწილის ყურადღება მსახიობის ნახატზე მეტად მისმა ჩაცმულობამ მიიქცია. წითელი სვიტრისგან და თეთრი მინი შორტებისგან შემდგარ ანსამბლში მსახიობი მშვენივრად გამოიყურებოდა და დაუდევრად შეკრული თმაც უხდებოდა.

    სტოუნს ვიდეოზე კომენტარი ნაომი ქემფბელმაც დაუწერა:“ საოცარი!“ – ეს იყო კომენტარი, რომელსაც თან გულები ახლდა.

    ინსტაგრამის მომხმარებლებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს როგორც მისი გარეგნობის, ისე ახალი გატაცების მიმართ.

    სტოუნი შეწუხებულია კორონავირუსის პანდემიით, რომელმაც მსოფლიო მოიცვა. მან მაყურებელს მიმართა სიფხიზლე და ოპტიმიზმი შეინარჩუნონ.