Category: ახალი ამბები

  • გაფრთხილება:მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გამოიყენებს

    გაფრთხილება:მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების დარღვევისას კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გამოიყენებს

    საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

    საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები. აღინიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

    მთავრობა მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, დარჩნენ სახლში და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

    გარდა ამისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ერთი თვით – 30 აპრილის 18 საათამდე გახანგრძლივდა.

    ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტიდან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. უწყებათაშორის საბჭოს მიეწოდა ინფორმაცია, რომ ინფიცირებულთაგან ერთი ფეხმძიმე პაციენტია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა პაციენტს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი.

  • ნაყოფი ცოცხალია, თუმცა შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს – ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულზე

    ნაყოფი ცოცხალია, თუმცა შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს – ექიმი კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულზე

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლალი ტურძელაძე ბოლნისიდან გადმოყვანილ, კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებს.

    „დღეს შემოყვანილი იქნა ბოლნისიდან ორსული ქალბატონი, 25 წლის. არის 22 კვირის ორსული. 15 მარტს გადმოკვეთა აზერბაიჯანის საზღვარი და არის ბოლნისში მაცხოვრებელი.შემდეგ ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და არსებული სწრაფი ტესტით დადგინდა კორონავირუსი. გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ამჟამად ქალის მდგომარეობა არ არის მძიმე. ტემპერატურა ამ წუთში არ აქვს. შემოსვლის დროს 37,1 ჰქონდა ტემპერატურა.ფილტვებში მოსმენით შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც საჭიროდ ჩაითვალა კომპიუტერული კვლევის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ორსულია. საერთო მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის. ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესალოა საფრთხე დაემუქროს“ – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

  • საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა

    საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა

    საქართველოში 2 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდგინდა. ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს კლინიკურის დირექტორის, კახა იშხნელის თქმით, ბავშვის მდგომარეობა კლინიკურად დამაკმაყოფილებელია.

    „ცნობილი კლასტერის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. არის ორი წლის ბავშვთან დაფიქსირებული ეს შემთხვევა. ოჯახი გასული იყო თვითიზოლაციაში და ერთ-ერთი კვლევის დროს აღმოჩნდა, დადასტურდა ამ ბავშვთან კორონავირუსი.

    მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკური გამოხატულება არ არის. დადასტურებული კლასტერია, რომლის ოჯახის წევრების ჩამოთვლა ზედმეტია, უბრალოდ, მისი ოჯახის წევრებიც მკურნალობენ, დადასტურებული აქვთ, მაგრამ თვითონ მშობლები საბედნიეროდ არ არიან დაინფიცირებულები. დედას უწევს ბავშვთან ყოფნა, რა თქმა უნდა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ კლასტერში ყველა კონტაქტი მოძიებულია“, – განაცხადა კახა იშხნელმა.

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 79 შემთვევა ფიქსირდება. მათგან 7 ბავშვია, რაც სხვა ქვეყნების მონაცემებთან შედარებით, მაღალია. ინფიცირებულებიდან 10 გამოჯანმრთელდა.

  • რომელი სასტუმროები დაიქირავა მთავრობამ საკარანტინედ და რა უჯდება ადამიანების განთავსება

    რომელი სასტუმროები დაიქირავა მთავრობამ საკარანტინედ და რა უჯდება ადამიანების განთავსება

    საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კორონავირუსთან დაკავშირებით საკარანტინედ სასტუმროების დაქირავება 10.5 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.

    სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები გამარტივებული წესით გააფორმა.

    მაგალითად, ხელშეკრულება გაფორმდა სასტუმრო “ივერია ინ”-თან , თბილისში.

    13 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საკარანტინედ 197 ნომერი გამოიყო. კონტრაქტის ღირებულება 1 488 640 ლარია.

    “ვილა პალასი”, ბაკურიანი

    სახელმწიფოს მიერ 21 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 294 369 ლარს შეადგენს.

    სასტუმრო “გუდაური ინ”

    სასტუმროსთან ხელშეკრულება 13 მარტს გააფორმა და მისი ღირებულება 700 000 ლარია.


    მარინა კოლიზეუმი”, ბათუმი

    მთავრობამ სასტუმროსთან ხელშეკრულება 16 მარტს გააფორმა. სასტუმროს მომსახურება 120 050 ლარი დაჯდება.


    სასტუმრო “ლოპოტა” ნაფარეული

    ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შპს “ლოპოტასთან” ხელშეკრულება 21 მარტს გააფორმა და მისი ღირებულება 337 050 ლარს შეადგენს.


    სასტუმრო “წყალტუბო პლაზა”

    საკარანტინე ზონად გამოიყენება ,,წყალტუბო პლაზაც”, რომლის დაქირავება, ტურიზმის ადმინისტრაციას 610 980 ლარი დაუჯდება.

    სასტუმრო “ეიფორია” ბათუმი

    16 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 1 408 000 ლარია. კონტრაქტის მიხედვით, სასტუმროში კარანტინის ზონას 345 ნომერი დაეთმობა. სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ტარიფი განთავსებისთვის დღეში, ნომერზე 70 ლარს, კვებისთვის 30 ლარს, დეზინფექციისთვის კი, კარანტინის ზონისთვის გამოყოფილი ფართობის ყოველ კვადრატულ მეტრზე დღეში 0.25 ლარს მოიცავს.

    ცხადია, ეს არ არის სასტუმროების სრული ჩამონათვალი, რადგან ამ დროისთვის საქართველოში კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება.

  • მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია- იმნაძე

    მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია- იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის ინფიცირების წყარო პრაქტიკულად დადგენილია.

    ამ ქალისთვის კორონავირუსის დადგენის შემდეგ, მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.

    იმნაძის თქმით, გადამოწმება კიდევ საჭიროა, მაგრამ ინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.

    ,,შეგვიძლია, უკვე დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ დაინფიცირების წყარო მისივე ოჯახის ერთერთი წევრია, რომელიც სხვა ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში.

    ახლა კიდევ საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.” – ამბობს პაატა იმნაძე.

    62 წლის მარნეულელ ქალს COVID 19  22 მარტს დაუდასტურდა. 23 მარტს ბოლნისისა და მარნეულის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა, რადგან ქალს დაახლოებით 1700-მდე კონტაქტი დაუდგინდა.

    პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ მარნეულის რაიონში კორონავირუსის ფართო გავრცელება არ გვაქვს და ჯერჯერობით ყველა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, მარნეულელ ქალს უკავშირდება.

  • დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლი გახსნეს

    დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან ცეცხლი გახსნეს

    დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლა იყო.შემთხვევა ახალქალაქში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.მომხდარის მოტივი უცნობია. ასევე, უცნობია ვისი მიმართულებით გახსნეს ცეცხლი.

    გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ადგილზე მუშაობს პოლიცია.

  • ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა ენმ-მ ზუგდიდში რეკომენდაციები დაარღვია- ტიკარაძე

    ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა ენმ-მ ზუგდიდში რეკომენდაციები დაარღვია- ტიკარაძე

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში პირბადეების დარიგების დროს უსაფრთხოების რეკომენდაციები დაარღვია.

    ,,ძალიან კარგი არის ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში იყო მკაფიოდ დარღვეული და ეს, რა თქმა უნდა, არღვევს იმ ადამიანებზე ზრუნვას და ასევე უქმნის გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ესე ზრუნავს”,- ამბობს ტიკარაძე.

    ის ზუგდიდის მოსახლეობას ამშვიდებს, რომ სახელმწიფო მათზეც ზრუნავს და საავადმყოფოში საკარანტინე სივრცეს აწყობს.

    ,,აქვე მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან ეს ვიდეოჩართვა მეც ვნახე, სახელმწიფო ზრუნავს მათზეც და ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ რამდენიმე დღეა ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე თვითონ, პირადად, ადგილზე ვნახავ, სადაც მობილიზებული იქნება, როგორც საკარანტინე სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. ზუგდიდიც და სამეგრელოც, ჩვენთვის, ისევე როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავს თანაბრად, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე”,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

    ცნობისთვის, დღეს ნაციონალური მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები დაარიგეს. ადგილზე რამდენიმე ათეული ადამიანი იყო შეკრებილი. ამ ფაქტს გამოეხმაურა პაატა იმნაძეც და აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკური ქულების დაწერის დრო არ არის და ამის შეგნება ყველას უნდა ჰქონდეს.

  • როგორია ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილი COVID 19-ით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა

    როგორია ბოლნისიდან თბილისში გადმოყვანილი COVID 19-ით ინფიცირებული ორსული ქალის მდგომარეობა

    დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განმარტებით, ბოლნისიდან კორონავირუსით ინფიცირებული ორსული ქალის თბილისში მხოლოდ იმიტომ გადამოიყვანეს, რომ ორსულია.

    მისი თქმით, ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

    ,,ჩვენი ჯგუფები მუშაობენ მუდმივად მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში და ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს. ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევის გამოკვლევა. ეს ქალბატონი სწორედ ასე ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, უბრალოდ ორსულია და ამიტომ გადმოვიყვანეთ თბილისში,” – განაცხადა იმნაძემ.

    ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქალის მდგომარეობა საყურადღებოა, ის მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავია.

    სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, ის აზერბაიჯანელია, ამიტომ ენის ბარიერი არსებობს. თუმცა ტურძელაძე აღნიშნავს, რომ ბარიერი დაიძლევა და ქალი კონტაქტების შესახებ გამოიკითხება.

    ორსულ ქალს ბოლნისში სწრაფით ტესტით COVID 19 დაუდგინდა. შედეგები ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება.

  • ქულების დაწერის დრო არ არის, ამდენი შეგნება ყველას უნდა ჰქონდეს- იმნაძე ნაცმოძრაობის მიერ პირბადეების დარიგებაზე

    ქულების დაწერის დრო არ არის, ამდენი შეგნება ყველას უნდა ჰქონდეს- იმნაძე ნაცმოძრაობის მიერ პირბადეების დარიგებაზე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის მიერ პირბადეების დარიგების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ახლა ქულების დაწერის დრო არ არის.

    მისი თქმით, შეეძლოთ კარდკარ ევლოთ და ისე მიეცათ პირბადეები, რომ მოსახლეობა არ შეეკრიბათ.

    ,,არ არის ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო. ხო შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინათ [პირბადეები] ვიღაც ერთ-ორ ადამიანს და არ გამოიწვიონ ესეთი მოსახლეობის შეკრება. ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!”,- ამბობს იმნაძე.

    ნაციონალურმა მოძრაობის და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ზუგდიდში მოსახლეობას პირდაბეები, სადეზინფექციო ხსნარი და ხელთათმანები დღეს, 26 მარტს დაურიგეს. ადგილზე ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

  • ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა

    ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა

    ბოლნისში მცხოვრებ 22 წლის ორსულ გოგოს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკი გადაიყვანეს.

    “დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება.” – აცხადებს გოგი მეშველიანი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი

    საქართველომ ჩინეთიდან 1000 სწრაფი ტესტი მიიღო. მიზნობრივი ტესტირება პირველ რიგში, მარნეულში დაიწყო, ვინაიდან ამ მუნიციპალიტეტში ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი რისკია.დღეს საქართველოში კორონავირუსის კიდევ რამდენიმე ლაბორატორიული შემთხვევა დადასტურდა. საერთო ჯამში, ინფიიცრებულთა რიცხვი 79 გახდა. მათგან 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა უკვე დატოვეს.