“ მე მგონია, რომ სასულიერო პირად არ უნდა ჩაითვალოს ის სასულიერო პირი, რომელიც, თუნდაც დღევანდელ პირობებში ჩათვლის რომ არ უნდა მიხვიდე ეკლესიაში… ის რომ მაინც და მაინც ეკლესიაზე არის საუბარი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, მსოფლიოს რომელი ძალებისგანაც, ჩვენს ქვეყანაში, რომელი პარტიებიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მაინც დამარცხდებიან ღვთის წინაშე. თუ რამის ძალა აქვთ, თუ მაგათ სიტყვას ფასი აქვს, კორონავირუსს უთხრან რომ წავიდეს, გაშორდეს კაცობრიობას.”–ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
Category: ახალი ამბები
-

ალეკო ელისაშვილი ბავშვებს ისტორიის ონლაინგაკვეთილს ჩაუტარებს
სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ბავშვებს ისტორიის ონლაინ გაკვეთილს ჩაუტარებს.
სამოქალაქო მოძრაობის ცნობით, ალეკო ელისაშვილს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებაც აქვს და ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს ისტორიას, რამდენიმე თვის განმავლობაში ასწავლიდა.
“რადგან ყველა სახლშია ჩაკეტილი, მათ შორის ბავშვებიც და ყველა ინტერნეტში ადევნებს თვალყურს ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე სკოლის მასწავლებლებს შევეხიდო და ბავშვებს ისტორიის მოკლე გაკვეთილები ჩავუტარო. გარკვეული პრაქტიკა მაქვს პედაგოგიური, ამიტომაც ამ ჟამიანობისა და სახლში ჯდომის დროს, ბარემ მცირე სასარგებლო საქმითაც დავკავდები. ჩემი აზრით, ქვეყნის სიყვარული და კარგი მოქალაქეობა, ისტორიის ცოდნიდან და გააზრებიდან იწყება. ასე რომ, ცოდნის გაღრმავებისა და თავშესაქცევად, კვირაში ერთ გაკვეთილს შევთავაზებ ხოლმე მშობლებს და ბავშვებს”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილის ისტორიის ვიდეოგაკვეთილების ნახვა მის ფეისბუქგვერდზეა შესაძლებელი.
-

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი.
ინფორმაციისთვის, 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.
-

ზურაბიშვილი: ახალ ფაზაში შევდივართ, რაც შესაძლოა, ბევრად მძიმე აღმოჩნდეს, მზად უნდა ვიყოთ
ქვეყნის ყველა რეგიონში ყველა მოქალაქე ერთნაირადაა დაცული. აქ [მარნეულში] ძალიან ბევრი სინჯი ჩატარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველა ზომაა გამოყენებული იმისათვის, რომ ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ დაცულები.
ჩვენ ახლა ახალ ფაზაში შევდივართ, რომელიც შესაძლოა, ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, ამიტომ ყველა მზად უნდა იყოს ამისათვის. ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს.
მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა – ჩვენ ახლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე.
-

მეუფე შიო: დავფიქრდეთ, აბორტი, სოდომია ხომ არ არის ვირუსის ტოტალური გავრცელების მიზეზი
„ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოვლენასაც, ისევე როგორც ბევრ მოვლენას აქვს რამდენიმე ასპექტი, რამდენიმე მხარე. ამ შემთხვევაში, როგორც იტყვიან მედალს ორი მხარე აქვსო, აქაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ მოვლენასაც, პირობითად რომ ვთქვათ, ორი მხარე. ერთი მხარე არის უფრო მატერიალური, ფიზიოლოგიური. ამ თვალსაზრისით, ჩვენ, რა თქმა უნდა გვაწუხებს ძალიან და უნდა ვეცადოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ ეს რჩევები და რეკომენდაციები რასაც ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ ჩვენ, რასაც სახელმწიფო გვირჩევს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს გადადება, ერთამანეთს გავუფრთხილდეთ და ესეც ქრისტიანული სიყვარულის გამოვლინებაა.
დავარქვათ ამას მწარე წამალი. იმისთვის ხდება რომ ადამიანი დაფიქრდეს, აქვს თუ არა მას რაიმე ცოდვა მის ცხოვრებაში. პირად ცხოვრებაში და იგივე ეხება ოჯახს, ერს და ყველას. ჩვენ ვხედავთ რომ დღეს არამართმადიდებლებიც, ასევე პოლიტიკოსებიც არაერთი ქვეყნისა გამოდიან დ ამაზე საუბრობენ, სინანულზე საუბრობენ, ფიქრობენ რა შეიძლება იყოს მიზეზი, ამ დიდი უბედურებისა… ეს ის ცოდვებია, ერის ცოდვები, ჩვილთა მკვლელობა, აბორტები, სოდომიის გამოცხადება ნორმალურ მდგომარეობად და ა.შ. ხომ არ არის დრო, რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არ არის მიზეზი ვირუსის ტოტალური გავრცელებისა”
-

“ეს ვირუსი ვიღაცამ გაუშვა, რომ ფულის ერთეული გაქრეს დედამიწაზე“–მიტროპოლიტი იოსები
გურიის ეპარქიის მღვდელმთავარმა, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა დღეს ქადაგებისას მრევლს მიმართა და უთხრა, რომ მათ არა კორონავირუსის, არამედ ღმერთის უნდა ეშინოდეთ.
მიტროპოლიტი საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ პირველად გამოჩნდა მრევლის წინაშე და 20 წუთის განმავლობაში იქადაგა. მისი აზრით ეს ვირუსი იმისთვის არის მოგონილი, რომ ფულის მოძრაობა გაქრეს და ცოტა ხანში მოვა ის დრო, როცა “ჩიპების შულზე დამაგრება მოხდება“:
“არ შეიძლება ვირუსი გადავიდეს ზიარებიდან, ეს ქრისტეს სისხლი და ქრისტეს ხორცია.ეს ვირუსი შემთხვევითი არ არის, ეს ვიღაცამ გაუშვა. იმიტომ იქნა გაშვებული, რომ ფულის ერთეული გაქრეს დედამიწაზე. “– ამბობს მიტროპოლიტი და მრევლს მოუწოდებს, სახელმწიფოს და ექიმების მოწოდებებს დაუჯერონ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიებში აღარ იარონ, რადგან მისი აზრით ეკლესიაში ვირუსი არავის არ დაემართება.
ტაძარში დღეს მრევლს ხატიც დახვდა, რომელსაც ეწერა, რომ ის პანდემიის საწინააღმდეგოა.
-

“დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობა ღვთისა მოევლინება კაცობრიობას” – ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბოდბელმა ეპისკოპოსებმა ბოდბის მონასტერში საკვირაო მსახურება აღავლინეს.
წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა, გაამხნევა და უთხრა, რომ მწუხარებას სიხარული შეცვლის.
“მოგეხსენებათ, დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობა ღვთისა აღემატება ყოველ განსაცდელს და წყალობა ღვთისა მოევლინება კაცობრიობას. მწუხარება ჩვენი სიხარულით შეიცვლება, ღმერთმა დაგლოცოთ,”- თქვა ქადაგებისას ილია მეორემ.
-

ცოლს ვირუსი ჰქონდა და ქმარმა პალატაში მარტო არ დატოვა, არ გადაედო – ცერცვაძე პირველ ინფიცირებულებზე
გამორიცხულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფ ყველა ადამიანს კორონავირუსი გადაედოს – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძემ ორი შემთხვევა გაიხსენა. კერძოდ, საქართველოში პირველი ინფიცირებულების მაგალითები.
„ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხარ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ, ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 90 დადასტურებული შემთხვევაა. შეგახსენებთ, რომ აქედან 16 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
-

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო შსს–მ 96 მოქალაქე დააჯარიმა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მათ მიერ გატარებული მკაცრი მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 125 ფაქტი გამოვლინდა.
96 მოქალაქე დაჯარიმდა საჯარო სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრების გამო.
3 იურიდიული, ხოლო 8 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.
მიკროავტობუსით მგზავრების საქალაქთაშორისო გადაყვანის ფაქტზე დაჯარიმდა 5 პირი.
ხოლო, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე დაჯარიმდა 13 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
-

როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი: 5 ეფექტური სტრატეგია(BBC)
კორონავირუსი მთელ მსოფლიოში ვრცელდება და პანიკას თესავს: ყოველდღე იდება განახლებული ინფორმაცია დაინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევის და ასობით ახალი გარდაცვლილის შესახებ.
მთელი ქალაქები და ქვეყნები კარანტინშია. გაუქმებულია ავიარეისები, საერთაშორისო მაშტაბის ღონისძიებები, სპორტული ასპარეზობები და მუსიკალური ფესტივალები.
დაავადება მოედო ევროპას და ამერიკას, ლათინურ ამერიკას და ახლო აღმოსავლეთს.
დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი განუხრელად იზრდება, თუმცა ამ ფონზე ზოგმა ქვეყანამ მოახერხა კორონავირუსთან წარმატებით გამკლავება და მისი გავრცელების შეკავება.
ყველა ქვეყანა ვირუსთან ბრძოლის საკუთარ გზას ირჩევს, თუმცა რომელია მათგან ყველაზე ეფექტური სტრატეგია ბიბისის მიხედვით:

- ტესტირება, ტესტირება და კიდევ ერთხელ ტესტირება!
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ასევე ბიბისის ექსპერტები ამბობენ, რომ ადრეული დიაგნოსტიკა ვირუსის გავრცელების შეკავების ძირითადი ფაქტორია.
მათი თქმით, ძნელია ამ ვირუსის ზემოქმედების რეალური მაშტაბები გაიგო, ან შესაბამისი ზომები მიიღო თუ არ იცი რამდენი ადამიანია დაინფიცირებული.
აშშ–ს ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორი, ეპიდემიოლოგი კრის ჯონსონი ამბობს, რომ სწორედ ეს დაეხმარა ქვეყნებს ვირუსის შეჩერებაში: იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირებას ეყრდნობოდნენ ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, იმ ქვეყნებში, კი სადაც ეს პრიორიტეტული არ იყო ახალი დაინფიცირების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა.
სამხრეთ კორეის ხელისუფლება ყოველდღე 10 000 ადამიანის ტესტირებას ატარებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორ დღეში მათ მეტი ადამიანის ტესტირება ჩაატარეს, ვიდრე აშშ–მ ერთი თვის მანძილზე – ამბობს პროფესორი ჯონსონი.
ჯანმოს ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუს აღნიშნავს, რომ ყველა სიმპტომიანის ტესტირება პანდემიის ჩახშობის გასაღებია.
ჯანმოს ყველა ქვეყანასთან ასეთი რჩევა აქვს : “ტესტირება, ტესტირება, ტესტირება“ .
ჯანმოს ხელმძვანელმა ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ქონდეს შესაძლებლობა ყველა საეჭვო შემთხვევის ტესტირების და პანდემიას დახუჭული თვალებით ვერ შეებრძოლები.
ის არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ანალიზები მხოლოდ მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების მქონე ადამიანებს უნდა აუღო, რადგან უსიმპტომო ავადმყოფები ვირუსის გამავრცელებლები შეიძლება იყვნენ.

- დაავადებულთა იზოლირება
პროფესორ კრის ჯონსონის აზრით სამხრეთ კორეამ და ჩინეთმა შესანიშნავად გაართვეს თავი დაავადებულთა გამოვლენას, ტესტირებას და ყველა მათგანის კარანტინში ჩასმას.
ტესტირება არა მხოლოდ დაავადებულთა გამოვლენის და ვირუსის გავრცელების აღკვეთის შესაძლებლობაა, არამედ ასევე ეხმარება ახალი პოტენციური დაავადებულების გამოვლენაში, რომლებიც შესაძლოა საწყის სტადიაზე იყვნენ.
მისი თქმით, ჩინელებმა სუპერყურადღება გამოიჩინეს ვირუსის პოტენციური კერების ამოცნობაში. სავარაუდოდ სწორედ ეს დაეხმარა მათ ვირუსის დაძლევაში.
მაღალი ტემპერატურის მქონე ადამიანები სპეციალურ “სიცხიანთა კლინიკაში“ მიდიან და იქ მათ კორონავირუსის ტესტს უტარებენ. თუ მათ ვირუსი გამოუვლინდათ, მათი იზოლირება სპეციალურ საკარანტინე სასტუმროებში ხდება, რათა ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ. – ამბობს პროფესორი ჯონსონი.
ტაივანმა, სინგაპურმა და ჰონკონგმა სხვა მიდგომა აირჩიეს – ისინი ყოველ პოტენციურად საშიშ შემთხვევას სახლში იზოლირებას უკეთებდნენ და ჯარიმას აწესებდნენ მათთვის, ვინც კარანტინის წესებს დაარღვევდა.
თუმცა ორივე შემთხვევაში მთავარია ინფიცირებულთა გამოვლენაა და პოტენციური ინფიცირებულის კვალის პოვნა.
3 .მომზადება და სწრაფი რეაქცია
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ვირუსის ლოკალიზაციისა და შეჩერებისას მთავარია სწრაფი მოქმედება – სანამ ვირუსი მოსახლეობის დიდ ნაწილს მოედება.
ტაივანმა და სინგაპურმა დაამტკიცეს, რომ ადრეული დიაგნოსტიკა და ახალ დაავადებულთა იზოლაცია შესაძლოა ეპიდემიის აღკვეთაში გადამწყვეტი ფაქტორი იყოს.
ტაივანის წარმატებას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ კუნძული წინასწარ იყო მომზადებული ამ სიტუაციისთვის და ჯერ კიდევ 2003 წელს შექმნა ეპიდემიური კონტროლის ცენტრი ინფექციური დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ.
ეს ცენტრი რეგიონში SARS–ის ვირუსის აფეთქების შემდეგ შეიქმნა და რამდენიმე სამეცნიერო–კვლევით ცენტრს შეიცავს. მას უკვე ქონდა როგორც თეორიული ბაზა, ასევე რეაგირების კონკრეტული მეთოდები.
მზადყოფნა და სისწრაფე კი ეპიდემიის შემთხვევაში გადამწყვეტია. ამ მხრივ ევროპაც და აშშ–ც გვიან გამოფხიზლდნენ. ტაივანმა ჯერ კიდევ იანვარში, როცა არ იყო დამტკიცებული, რომ ახალი ვირუსი ჰაერ–წვეთოვანი გზით გადადიოდა, დაიწყო ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრის შემოწმება და კვლევა. ჰონკონგის ხელისუფლებამ ყველა შესასვლელ პუნქტში ტემპერატურის გაზომვა ჯერ კიდევ 2 იანვრიდან დაიწყო და ყველა ჩასული ტურისტი 14 დღიან კარანტინში ჩასვა.
- სოციალური დისტანცირება
როგორც კი ვირუსი გავრცელებას იწყებს, შემაკავებელი ზომები აღარ მუშაობს. ამ სტადიაში ყველაზე ეფექტური ხერხი მოსახლეობის დასაცავად სოციალური დისტანცირების ზომების შემოღებაა, როგორც ეს ჰონკონგში და ტაივანში გააკეთეს.
ჰონკონგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს გამოაცხადა, რომ ადამიანები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადიოდნენ, დახურა სკოლები და გააუქმა ყველა ღონისძიებები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით სინგაპურის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სკოლები არ დაეხურა, მაგრამ სკოლების მოსწავლეთა და მასწავლებლების ყოველდღიური ტესტირება და მონიტორინგი დაიწყო.
- ჰიგიენის ზომების პროპაგანდა
ჯანმო მუდმივად იმეორებს, რომ ხელების რეგულარული დაბანა და ჰიგიენის ზომების დაცვა მნიშვნელოვანია ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
ბევრმა აზიურმა ქვეყანამ ეს SARS-ის 2003 წლის აფეთქების შემდეგ გააცნობიერა და მიხვდა, რომ ადამიანები ავად არ გახდებოდნენ და ინფექციას არ გაავრცელებდნენ, თუ ჰიგიენის ნორმებს დაიცავდნენ.
სინგაპურში, ჰონკონგში და ტაივანში ქუჩებში ხშირად შეხვდებით სპეციალურ დისპენსერებს ანტიბაქტერიული გელით. ამ ქვეყნებში პოპულარულია ნიღბებით სიარული პროფილაქტიკის მიზნით, და მართალია ნიღბები ნაკლებად ეფექტურია დაავადების შესაკავებლად, ისინი მაინც ამცირებენ იმის ალბათობას, რომ ადამიანი ხველისა და ცემინების დროს ვინმეს გადასცემს ინფექციას.
