Category: ახალი ამბები

  • საქართველოს საელჩო საბერძნეთში მოქალაქეებს აფრთხილებს

    საქართველოს საელჩო საბერძნეთში მოქალაქეებს აფრთხილებს

    საქართველოს საელჩო, საბერძნეთში მყოფ ქართველი მოქალაქეებისათვის ინფორმაციას ავრცელებს. საელჩო მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ აფრთხილებს 7 აპრილისთვის დაგეგმილ რეისზე, რომელიც ათენიდან თბილისის მიმართულებით უნდა შესრულდეს.

    „საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისების ფარგლებში, 2020 წლის 7 აპრილს განხორციელდება თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით ფრენა.

    აღნიშნულ რეისს განახორციელებს კომპანია Georgian Airways და მასზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება 5 აპრილს, თბილისის დროით 10:00 საათზე კომპანიის ვებ-გვერდზე. აღნიშნული რეისი განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის დაცვით და მგზავრთა განლაგება მოხდება ე.წ. ჭადრაკისებრი პრინციპით.

    საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო სამედიცინო კარანტინს.”

  • ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი –  დეკანოზი ელიზბარ

    ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი – დეკანოზი ელიზბარ

    “წერია, ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად, რა შუაშია კოვზი” – აცხადებს დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი ტვ “მთავართან” საუბრისას. მისი  თქმით, ეკლესია სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით წინასწარ ვერაფერს იტყვის. მისი თქმით, ეკლესია მაშინ იტყვის  ყველაფერს, როცა ამის დრო დადგება.

    “მე 40 წელია ვაზიარებ ამას, მე გამოვიარე ბევრი ვირუსები საწამლავიც რომ შემოუგდიათ ეკლესიაში. კოვზით ზიარება სასჯელია, ვინც არასწორად მიიღებს, იქ წერია თვითონ ლოცვაში, რომ ზიარება გექმნას არა სასჯელად არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა, რა შუაშია კოვზი”, –  თქვა დეკანოზმა ელიზბარმა.

    პირველ აპრილს პატრიარქმა ილია მეორემ გაავრცელა მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს.

     

  • სიყვარული კარანტინში–ხანდაზმული წყვილის ამაღელვებელი ისტორია და შეხვედრა ჩაკეტილ საზღვართან

    სიყვარული კარანტინში–ხანდაზმული წყვილის ამაღელვებელი ისტორია და შეხვედრა ჩაკეტილ საზღვართან

    გლობალური პანდემიის აფეთქების ფონზე დანიის და გერმანიის საზღვარზე ყურადღების ცენტრში მოექცა  ხანდაზმული წყვილის ამაღელვებელი ისტორია.

    დანიელი ქალი, 85 წლის ინგა რასმუსენი და გერმანელი 89 წლის მამაკაცი კარსტენ ტიუჰსენ ჰანსენი ერთმანეთს ქალაქ ავენტოფტის მახლობლად ყოველდღე ხვდებიან, თუმცა რეკომენდირებულ დისტანციას ინარჩუნებენ.

    დანია–გერმანიის საზღვარი ორი კვირის წინ კორონავირუსის აფეთქების გამო ჩაიკეტა. ახლა გერმანიაში დაინფიცირების 92 000–ზე მეტი შემთხვევაა, დანიაში 4000–ზე მეტი. მართალია ორივე ქვეყანა ევროკავშირში და შენგენის ზონაში შედის, სასაზღვრო კონტროლი მათ შორის დროებით აღდგენილია. თუმცა, პანდემიამ და კარანტინმაც კი ვერ შეუშალა ხელი ხანდაზმულ წყვილს.

    რასმუსენი და ჰანსენი ადგილობრივი ვარსკვლავები გახდნენ მას შემდეგ, რაც მათ შემთხვევით დანიის სასაზღვრო ქალაქ ტიონნერის მერი წააწყდა, რომელმაც შორიახლოს ველოსიპედით ჩაიარა. მერმა მათ შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მათი ფოტოც დადო, ამის შემდეგ კი წყვილის მედიის და საზოგადოების საყოველთაო ყურადღების ობიექტი გახდა.

    წყვილმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნო და თითქმის ერთი წელია ყოველ დღეს ერთად ატარებენ. რასმუსენი დანიურ ჰალეჰუსში ცხოვროს და საზღვრამდე მანქანით მიდის, ჰანსენი კი გერმანული ზიუდერლიუგმიდან საზღვრამდე ველოსიპედით ჩადის.

    პაემანს წყვილი სასაზღვრო შლაგბაუმის აქეთ–იქით ჩამომჯდარი ატარებს. კაცი ერთი–ორ ჭიქა შნაფსს სვამს, ქალი კი მხოლოდ ყავას, რადგან როგორც ადგილობრივ მედიას ეუბნება, საჭესთან უწევს დაჯდომა.

    წყვილი ვირუსის აფეთქებამდე ხშირად მოგზაურობდა ერთად და პანდემიის ჩაცხრობის შემდეგ იგივეს აპირებს.

    “ძალიან სევდიანი ეს ამბავი, მაგრამ არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია“– უთხრა რასმუსენმა გერმანულ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დოიჩე ველეს.

     

     

  • 162 ინფიცირებული.36 გამოჯანმრთელებული. კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

    162 ინფიცირებული.36 გამოჯანმრთელებული. კორონავირუსის ახალი სტატისტიკა საქართველოში

    ცოტა ხნის წინ განახლებული სტატისტიკის მიხედვით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 162–მდე გაიზარდა. ამ დროისთვის მონაცემები ასე გამოიყურება:

    • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 162
    • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36
    • მათ შორის გარდაცვლილი- 1
    • კარანტინის რეჟიმში – 5067
    • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330
  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 159-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5526 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 344 პირი.

    ინფორმაციისთვის, 159 ადამიანიდან 31 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ერთი გარდაიცვალა.

  • ქვეყნები, სადაც Covid19 ჯერ არ დაფიქსირებულა

    ქვეყნები, სადაც Covid19 ჯერ არ დაფიქსირებულა

    სამი თვის წინ ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არსებობდა ჩინეთი იყო. არცერთი შემთხვევა ქვეყნის გარეთ იმ დროისთვის აღმოჩენილი არ იყო. 13 იანვრიდან კი ვირუსი გლობალური პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა ჩინეთის გარეთაც, ტაილანდში დაფიქსირდა. მას მალევე მიჰყვნენ იაპონია, სამხრეთ კორეა და აშშ.

    მას შემდეგ კი კორონავირუსის ეპიდემია მალევე მოედო მთელ მსოფლიოს და ნამდვილ აფეთქებად იქცა. ამჟამად მთელ მსოფლიოში, ნეპალიდან ნიკარაგუამდე მილიონზე მეტი ინფიცირებულია დარეგისტრირებული. იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, გადავსებულია საავადმყოფოები. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა დედამიწაზე ადგილი, სადაც კორონავირუსმა ჯერ ვერ შეაღწია.

    გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს.

    ამ დროისთვის კორონავირუსი 205 ქვეყანაშია გავრცელებული , აქედან 193 გაეროს წევრია.

    არსებობს 18 ქვეყანა და ტერიტორია, რომლებსაც  Covid-19–ის შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით არ განუცხადებიათ. ესენია:

    კამორის კუნძულები, კირიბატი, ლესოტო, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, ჩრდილოეთ კორეა, პალაუ, სამოა, სან–ტომე და პრინსიპი, სოლომონის კუნძულები, სამხრეთ სუდანი, ტაჯიკეთი, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, ვანუატუ, იემენი.

    ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ აქედან ზოგ ქვეყანაში სავარაუდოდ კლორონავირუსის შემთხვევები არსებობს, თუმცა დაურეგისტრირებელი. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად ნული შემთხვევა ფიქსირდება, ისევე, როგორც ომისგან დაზარალებულ იემენში, რაც ნაკლებ სავარაუდოა.

    თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ვირუსი დიდი ალბათობით მართლაც ვერ მოხვდა. მათი უმრავლესობა პატარა კუნძულ–სახელმწიფოებია ვიზიტორების მცირე რაოდენობით.  მათი ცხოვრების წესი ისედაც პრაქტიკულად თვითიზოლაციას უტოლდება.

  • “გახარიას ტყუილის გამო დიდ დროს ვკარგავთ ” – ხატია დეკანოიძე

    “გახარიას ტყუილის გამო დიდ დროს ვკარგავთ ” – ხატია დეკანოიძე

    “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება და პრემიერს ტყუილის გავრცელებაში ადანაშაულებს  ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

    “ვწუხვარ, რომ გახარიას ტყუილის გამო დიდ დროს ვკარგავთ..საქართველოს პრემიერ-მინისტრის 21 მარტის დადგენილებით „საქართველოში ახალი კორონავირუსის (Covid-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებში (ამ დადგენილების მიზანი პრეზიდენტის დეკრეტის „საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ აღსრულებაა) განმარტებულია:
    – საგანგებო მდგომარეობის ვადით წყდება საერთაშორისო მიმოსვლა (ეს ეხება საავიაციო ფრენებს);
    – ჩერდება ყველანაირი პირდაპირი საერთაშორისო ავიარეისები;
    – ჩარტერული რეისების შესახებ განაცხადი (!!!) განიხილება სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ეკონომიკის განვითარების სამინისტროს თანხმობით (ანუ მთავრობის თანხმობით);

    გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მთავრობის ჩართულობა დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ნოტების გაგზავნის დავალების კუთხით. ვინაიდან, ევროპის ყველა ქვეყნის საჰაერო გზა დაკეტილია და შესაბამისი მთავრობების გადაწყვეტილბებების გარეშე ვერ მოხდება საჰაერო ტრანზიტის დაშვებაც კი.

    ძალიან, ძალიან დიდი შეცდომაა პოლიტიკური ღვარძლის ფრქვევა პოლიტიკურ ოპონენტებზე, რაც აზიანებს ჩვენს მოქალაქეებს.
    გვაქვს დიდი შესაძლებლობა კონსტრუქციული მოლაპარაკებით და ადეკვატური მიდგომით ჩვენი მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ უფასოდ და რეალურად ერთი, დიდი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დაგვესრულებინა(!!).”- წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

     

  • მსოფლიოში წამყვანმა ანალიტიკურმა ცენტრმა საქართველო მიიწვია, როგორც საუკეთესო მაგალითი COVID 19-თან ბრძოლაში

    მსოფლიოში წამყვანმა ანალიტიკურმა ცენტრმა საქართველო მიიწვია, როგორც საუკეთესო მაგალითი COVID 19-თან ბრძოლაში

    მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში , ონლაინ პანელზე COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო როგორც წარმატებული ქვეყნის მაგალითი წარადგინეს.

    პანელური დისკუსია სახელწოდებით „COVID-19 შავიზღვისპირა რეგიონში : პოტენციური საფრთხეები და რეგიონული კოორდინაცია“ შავი ზღვის რეგიონში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში COVID-19-ის ვირუსით გამოწვეული პრობლემების და რეგიონული კოორდინაციის შესახებ მოეწყო.

    საერთაშორისო პანელურ დისკუსიაზე საქართველო მიიწვიეს როგორც განსაკუთრებული „ქეისის“ მქონე ქვეყანა.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული ღონისძიებები გააცნო. პანელში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის, ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო პოლიტიკის ინსტიტუტის, ბოსტონის უნივერსიტეტის საერთაშორისო მკვლევარები და უკრაინის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი მონაწილეობდნენ. პანელის მოდერატორი ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის პრეზიდენტი იყო.

    „ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად საქართველოს მთავრობამ ეფექტური და რაც მთავარია, მყისიერი რეაგირება მოახდინა. საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში ვირუსის შემოღწევამდე ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. მიღებულმა ზომებმა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება შეცვლა. საქართველოს მთავრობამ მყისიერად შეაჩერა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ახალი კორონავირუსის გავრცელების ცხელ წერტილებად გამოცხადნენ. მთავრობის მიერ შეიქმნა საკარანტინო ზონები, სადაც 14 დღის განმავლობაში გადაგვყავს თითოეული მგზავრი, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს. ამ დროისათვის სავალდებულო საკარანტინო ზონებში 5 500-ზე მეტი მოქალაქე გვყავს. 1500-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გაიარა 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და ისინი საკუთარ ოჯახებს სრულიად ჯანმრთელები დაუბრუნდნენ. საქართველო აქტიური ტურისტული ქვეყანაა და შედეგად სასტუმროებში შექმნილ საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეები თავს კომფორტულად გრძნობენ. საქართველო მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მკაცრი აკრძალვები დაწესდა გადაადგილების, ტრანსპორტის, შოპინგის და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საქართველოს ბრძოლა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ძალიან პოზიტიურად შეაფასა.“-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

    მისივე განცხადებით, „საქართველო მობილიზებულია და მთავრობას აქვს მყარი სტრატეგია, თუ როგორ შემცირდეს ახალი კორონავირუსის გავრცელება“.

    „მოლოდინია, რომ დაინფიცირების ციფრები გაიზრდება, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შეანელოს ზრდის ტემპი. საქართველოს მთავრობა აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ახორციელებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი, მკაფიო ინფორმაცია თუ რა არის მნიშვნელოვანი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან COVID-19-თან ბრძოლაში საჭიროა ორმხრივი პასუხისმგებლობა. მთავრობას აქვს სტრატეგია რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამავდროულად მოსახლეობამაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და დაიცვას სოციალური დისტანციის სტრატეგია, რომელიც მნიშვნელოვანია კორონავირუსის სამომავლო გავრცელების პრევენციისთვის“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

    ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, საერთაშორისო ონლაინ პანელის მსვლელობისას, მარიამ ქვრივიშვილმა უცხოელ წამყვან ექსპერტებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების სრული სპექტრი დეტალურად გააცნო.

    ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი ვაშინგტონში 1946 წელს დაარსდა. ანალიტიკურ ცენტრში, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებს აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის თემებზე მუშაობენ.

  • ადვილი პუშკინის სკვერის ლარად ყიდვაა, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა ერთ მილიარდერს შეუძლია.. – მელია

    ადვილი პუშკინის სკვერის ლარად ყიდვაა, სამედიცინო აღჭურვილობის შეძენა ერთ მილიარდერს შეუძლია.. – მელია

    “ერთ მილიარდერს შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, რომ სხვაზე მეტი გადაიხადოს და დროულად შეისყიდოს ერთი პატარა ქვეყნისთვის საკმარისი აღჭურვილობა,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“  ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

    „საკუთარი მოსახლეობის გადასარჩენად სახელმწიფოები უკვე აღარ ერიდებიან ისეთ აკრძალული ილეთების გამოყენებას, რომელსაც სხვა ვითარებაში არციკადრებდნენ.ნიღბებზე, პირბადეებსა და რესპირატორებზე დაუნდობელი ბრძოლა მიდის.მთელი თვითმფრინავი იყო დატვირთული ნიღბებით, რომელიც ჩინეთიდან საფრანგეთში იგზავნებოდა, მაგრამ ეს პროდუქცია ბოლო მომენტში აშშ-მ შეიძინა ჩინეთისგან სამმაგ ფასად. საფრანგეთი გვერდზე გაწია და შეიძინა.

    თურქეთმა საერთოდ ესპანეთის მიერ ჩინეთში ნაყიდი რესპირატორები დაიტოვა და ესპანეთს არ გაატანა.უკვე ამ ხერხებით მიდის თვითგადარჩენისთვის ბრძოლა დემოკრატიულ სივრცეშიც კი. დეფიციტია აღჭურვილობის და უკვე იმაზე ყიდიან, ვინც მეტს იხდის.ჩვენ არც ფული გვაქვს და არც თავი – დიახ, არ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დროულად დაიჭერდა თადარიგს, დაიწყებდა ზრუნვას აღჭურვილობაზე, ვიდრე კრიზისი ასეთ საშინელ ფორმას მიიღებდა.

    ბიუჯეტს თუ არა აქვს იმის საშუალება, რომ ვინმეზე მეტი გადაიხადოს, ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს ერთ მილიარდერს, რომელიც საერთოდ გაქრა და აღარც გვენახება. დიახ, მას თავისუფლად შეუძლია სხვაზე მეტი გადაიხადოს და დროულად შეისყიდოს ერთი პატარა ქვეყნისთვის საკმარისი აღჭურვილობა.მისი შეძლების პატრონისთვის, საერთოდ არაა შეუძლებელი. ადვილი პუშკინის სკვერის ლარად ყიდვაა“, – წერს ნიკა მელია.

  • კორონავირუსით დაინფიცირებულ სპორტსმენს პნევმონია აქვს

    კორონავირუსით დაინფიცირებულ სპორტსმენს პნევმონია აქვს

    კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა, მას პნევმონია აქვს. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცახადა.

    როგორც ტურძელაძე განმარტავს, სპორტსმენი მათ საავადმყოფოში გუშინ, თბილისიდან შეიყვანეს. ამასთან, მისივე თქმით, პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა.

    „მდგომარეობა მძიმე არ არის, საშუალო სიმძიმისაა, აქვს პნევმონია, ოღონდ მძიმე ფორმებში არა, საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისაა, დაბალი ტემპერატურა აქვს, მისი ჩივილი სულ ეს არის. სუნთქვის უკმარისობა მწვავედ გამოხატული არ არის და არც მაღალი ცხელება არ აქვს“, – განცხადა ტურძელაძემ.

    კითხვაზე, დადგენილია თუ არა სპორტსმენის კონტაქტები და კლასტერი, ტურძელაძე პასუხობს, რომ ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადგენს.

    „ამას ადგენს ამირან გამყრელიძის სამსახური, ჩვენ ყველა მონაცემს ვაწვდით მათ და ისინი ადგენენ ყველაფერს. ამ ადამიანმა არ იცის ვისგან დაავადდა, ჩვენ ასე გვითხრა“, – განაცხადა ტურძელაძემ.