Category: ახალი ამბები

  • ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ იმისთვისაა, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს- მამა იოანე

    ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ იმისთვისაა, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს- მამა იოანე

    მამა იოანემ სამების ტაძარში მრევლს მიმართა, რომ ადამიანებს სახლში ყოფნა საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ, თუ რატომ მოუვლინა ეს განსაცდელი ღმერთმა და რას ითხოვს ის ჩვენგან.

    მისი თქმით, უნდა ჩამოვთვალოთ, რომ ეს განსაცდელი იმისთვისაა, რომ კაცოებრიობა ღმერთს დაუახლოვდეს.

    ,,ადამიანები ერთი და იმავე მდგომარეობიდან ზოგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგი ბოროტს. უამრავი ადამიანი სახლში როცაა, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დაფიქრდეს საკუთარ სულზე. დაფიქრდეს, რატომ ხდება ეს განსაცდელები კაცობრიობის თავს, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ ამისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს”,- თქვა მამა იოანემ.

    საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, საკვირაო წირვა-ლოცვა დღესაც ჩატარდა. სამებაში ღვთისმსახურებას პატრიარქი და მისი თანამოსაყდრე არ ესწრებოდნენ.

    ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან  36 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

  • სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ით ინფიცირებული გადაიყვანა, თვითიზოლაციაშია

    სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ით ინფიცირებული გადაიყვანა, თვითიზოლაციაშია

    სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ქუთაისში COVID-19-ით ინფიცირებული  პაციენტი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება. მათ ამ დროისთვის ვირუსის სიმპტომები არ აქვთ.

    ცხელების ცენტრში 67 წლის მამაკაცი ტემპერატურით ორი დღის წინ შეიყვანეს. მას კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებულია მისი მეუღლეც. პაციენტს ანალიზი აუღეს და გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში. პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

    მამაკაცის დაინფიცირების პირველწყარო უცნობია, ამიტომ ეპიდემიოლოგები მისკონტაქტებს სწავლობენ. მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად არც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მისი კონტაქტები არც ისე ფართოა.

    პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევიდანაა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

  • ტელევიზიით ვუყურებთო, თუ დიდძალი ხალხის დაინფიცირების საფრთხეა, წინ დადგეს მთავრობა- მეუფე გრიგოლი

    ტელევიზიით ვუყურებთო, თუ დიდძალი ხალხის დაინფიცირების საფრთხეა, წინ დადგეს მთავრობა- მეუფე გრიგოლი

    ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი მთავრობის წევრების განცხადებებს, რომ სააღდგომო ლიტურგიას არ დაესწრებიან, გამოეხმაურა და თქვა, რომ თუ ხალხის დაინფიცირების საფრთხე არსებობს, წინა რიგში სწორედ ის ადამიანები უნდა დადგნენ, ვინც პასუხისმგებლობას იღებას ამაზე.

    ,,ცოტა უცნაურია ახლა, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომლებიც ყოველთვის ესწრებოდნენ, ჩვენ ტელევიზიით ვუყურებთო, ეტყობა ამით მაგალითი უნდათ რომ მისცენ მოსახლეობას. პრობლემა აქ არის სწორედ ნდობის დეფიციტში და ეს ქმნის გარკვეულ სირთულეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ სადაც ხალხი იქნება, იქ უნდა იყოს მთავრობაც. თუ დიდძალი ხალხის დაინფიცირების საფრთხე არსებობს, ამ საფრთხეში წინა რიგში უნდა იყოს ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამაზე. მე ასე მგონია”,- თქვა მეუფე გრიგოლმა.

    მთავრობის წევრებმა: ნათია თურნავამ, ეკატერინე ტიკარაძემ, მაია ცქიტიშვილმა, ლევან დავითაშვილმა და სხვებმა განაცხადეს, რომ სააღდგომო ლიტურგის არ დაესწრებიან და ტელევიზიით უყურებენ.

    თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელება დიდ დღესასწაულებზე მოხდება.

  • ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით – არ დაიჯეროთ – მიტროპოლიტი დავითი

    ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და ამით საფრთხეს ქმნით – არ დაიჯეროთ – მიტროპოლიტი დავითი

    აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი (მახარაძე) მრევლს მიმართავს, რომ თუ მათ ეუბნებიან, ზიარებით საფრთხეს ქმნითო, არ დაიჯერონ. ასევე არ უნდა დაიჯერონ, რომ ერთად გვერდიგვერდ დგომა შეიძლება გადამდები და სხვისთვის ზიანის მომტანი იყოს.

    ,,ვიღაცა ამბობს, ეზიარებით და შეიძლება ამით საფრთხეს ქმნით, არ დაიჯეროთ. ერთად დგახართ გვერდიგვერდ და ეს შეიძლება გადამდები იყოს და სხვისთვის ზიანის მომტანი, არ დაიჯეროთ. გამორიცხულია, რომ მსახურებაზე რაიმე ცუდი მოხდეს, თუმცა არაფრისგან არ ვართ დაცული. გვეუბნებიან, რომ რაღაც წესები უნდა დავიცვათ, კი ვამბობთ, რომ წესის დაცვის მომხრენი ვართ. გვეუბნებიან, რომ თავი უნდა შევიზღუდოთ, რაღაცა ზომით შევიზღუდავთ თავს.

    გვეუბნებიან რომ ტაძარში არ უნდა მიხვიდეთ და ტაძრის გარეთ დადგეთ, ერთი წამით წარმოიდგინეთ, წირვა გარეთ რომ ჩაგვეტარებინა და ტაძარი დახურული და ცარიელი რომ ყოფილიყო. ასეთი შემთხვევა მხოლოდ ერთხელ არის – ლიტანიობისას…არც შფოთვის საბაბი გვაქვს და არც ჩხუბი გვსურს. სათაკილო არ არის სახლში ყოფნა. წესების დაცვით მოვალთ და ვეზიარებით, ისე რომ სხვა არ შეწუხდეს”,- თქვა მიტროპოლიტმა დავითმა.

    საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, საკვირაო წირვა-ლოცვა დღესაც ჩატარდა.

    ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიმართება სააღდგომო ლიტურგია, თუმცა პატრიარქმა განაცხადა, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

  • საქართველოს მოქალაქე სატვირთოს მძღოლს COVID-19 დაუდგინდა, ის სომხეთის კლინიკაში მოათავსეს

    საქართველოს მოქალაქე სატვირთოს მძღოლს COVID-19 დაუდგინდა, ის სომხეთის კლინიკაში მოათავსეს

    საქართველოში მოქალაქეს, გორის რაიონში მცხოვრებ 53 წლის მამაკაცს, რომელიც ტრაილერის მძღოლია და ტვირთი სომხეთში გადაჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მას საზღვარზე ტემპერატურა დაუფიქსირდა, რის შემდეგაც კლინიკაში გადაიყვანეს და ამავე კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

    გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, დადგენილია ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი. პაციენტი ამჟამად სომხეთის ერთ-ერთი კლინიკის სტაციონარშია მოთავსებული. ჯერჯერობით უცნობია. სად მოხდა პაციენტის ინფიცირება – საქართველოში თუ სომხეთში.

    ,,აღნიშნული პირი, საქართველოს მოქალაქე, 1967 წელს დაბადებული მამაკაცი ტრაილერის მძღოლია. მას ტემპერატურა დაუფიქსირდა სომხეთის საზღვარზე შესვლისას, გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად მამაკაცი მოთავსებულია სომხეთის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მკურნალობა უტარდება.

    აღნიშნული პირი სომხეთში მანამდეც იმყოფებოდა, შესაბამისად ამ ეტაპზე რთულია იმის დაზუსტებით თქმა, სად მოხდა მისი ინფიცირება. დადგენილია კონტაქტში მყოფთა წრე და ყველა მათგანი – ოჯახის წევრებიც და კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში“, – განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

  • წირვა შეიძლება დილით ჩატარდეს – მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე

    წირვა შეიძლება დილით ჩატარდეს – მეუფე გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე

    მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, ეპისკოპოსების ნაწილი სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით პატრიარქთან შეხვედრას გეგმავენ.

    მისი თქმით, შეხვედრაზე გადაწყდება, როგორ ჩატარდება სააღდგომო ღვთისმსახურება, მისი აზრით კი , ის შეიძლება დილით ჩატარდეს.

    ,,ვიმსჯელებთ პატრიარქთან ერთად. ჩვენ თვითონ გვაინტერესებს ეს. ჩავატაროთ მშვიდად ბზობა და მერე მივდივართ პატრიარქთან და როგორც გვაკურთხებენ… მე ვფიქრობ, რომ სადმე მონასტერში შეიძლება ჩატარდეს ღამისთევით და [სხვაგან] შეიძლება დილით ჩატარდეს წირვა, რომ არ დავარღვიოთ კანონი”- ამბობს მეუფე გრიგოლი.

    საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, საკვირაო წირვა-ლოცვა დღესაც ჩატარდა.

    ჯერჯერობით უცნობია, როგორ გაიმართება სააღდგომო ლიტურგია, თუმცა პატრიარქმა განაცხადა, რომ ტაძრის კარის დახურვა შეუძლებელია და ღია იქნება მათთვის, ვინც ეკლესიაში მისვლას მოისურვებს. მთავრობასა და საპატრიარქოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

  • პრინციპში, კლინიკა მთლიანად იზოლაციაშია- საჩხერის კლინიკის დირექტორი

    პრინციპში, კლინიკა მთლიანად იზოლაციაშია- საჩხერის კლინიკის დირექტორი

    საჩხერის კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, კლინიკა მთლიანად ოზოლაციაშია. მიზეზი ერთ-ერთი ინფექციონისტის , საჩხერის მერის მეუღლის კორონავირუსით ინფიცირებაა.

    ,,პრინციპში, კლინიკა არის მთლიანად იზოლაციაში. ის მორიგეები, ვინც მუშაობდნენ, დარჩნენ დღესაც და მუშაობენ. მანამ, სანამ პასუხები იქნება ცნობილი, იმისთვის, რომ ვირუსი დანარჩენ მოსახლეობაში არ გავრცელდეს, ეს მედიკოსები დარჩებიან კლინიკაში“, – ამბობს ქამუშაძე.

    მისივე თქმით, იკვლევენ, როგორ შეიძლებოდა ინფექციონისტი დაინფიცირებულიყო. ასევე, დღეს იქნება მასთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტის პასუხები.

    „ჩვენი თანამშრომლის პასუხი ვირუსით ინფიცირებაზე არის სუსტად დადებითი, ამიტომ საჭიროა გადამოწმება. დღეს უკვე ავუღეთ განმეორებითი ანალიზი მას და ასევე, მასთან კონტაქტში პირებს და საღამოს გვექნება პასუხები და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ… მინდა გითხრათ, რომ სამედიცინო პერსონალი პაციენტებთან ეკიპირებულები შედიან; მარაგიც გვაქვს; ჯერჯერობით, არ ვიცით და ვიკვლევთ, რა შემთხვევის გამო შეიძლებოდა ინფექციონისტი დაინფიცირებულიყო და რომელ პაციენტებთან კონტაქტის გამო“, – განაცხადა საჩხერის კლინიკის დირექტორმა.

    საჩხერის მერმა თავისი მეუღლის დაინფიცირება დაადასტურა და განაცხადა, რომ ტესტს მასაც ჩაუტარებენ.

  • არ შეიძლება, მღვდელი მარტო დავრჩე საკურთხეველში და აღდგომა დღეს სკაიპით გვიყუროს მრევლმა- დეკანოზი შალვა

    არ შეიძლება, მღვდელი მარტო დავრჩე საკურთხეველში და აღდგომა დღეს სკაიპით გვიყუროს მრევლმა- დეკანოზი შალვა

    დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ არ შეიძლება, მღვდელი აღდგომა დღეს მარტო დარჩეს საკურთხეველში.

    ,,არ შეიძლება, არ შეიძლება. ეს არის ღვთის… არ ვიცი, აი… მაშინ მღვდლობა უქმდება, მსახურება უქმდება, რომ მე მარტო მღვდელი დავრჩე საკურთხეველში და აღდგომა დღეს სკაიპით გვიყუროს მრევლმა და ჩვენ ადამიანები არ ვაზიაროთ”, — განაცხადა შალვა კეკელიამ.

    მისივე თქმით, ,,უკან მიაქვს” თავისი სიტყვები აღდგომაზე 21:00 საათამდე შეკრებისა და 6:00-ის შემდეგ დაშლაზე.

    ,,მე პირადად ძალიან სწრაფად მომიწია განცხადების გაკეთება. ჩემი მრევლი სულ მეკითხებოდა, როგორ მოქცეულიყვნენ და ის იდეა მომივიდა, რომელიც გავაჟღერე ჩემს მრევლთან დაკავშირებით. მე უკან მიმაქვს ჩემი სიტყვა იქიდან გამომდინარე, რომ ის ყველაფერი არ იყო შეთანხმებული საპატრიარქოსთან”,- ამბობს დეკანოზი.

    შალვა კეკელიას იდეის გაჟღერების შემდეგ, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მას ნაჩქარევი უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არ არის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია.

  • 4–5 აპრილის ღამეს პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 113 მოქალაქე დააჯარიმა

    4–5 აპრილის ღამეს პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 113 მოქალაქე დააჯარიმა

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს.

    გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა.

    1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

    პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

    ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს.

    კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

  • სამებაში საკვირაო წირვა აღევლინება, მას პატრიარქი და მეუფე შიო არ ესწრებიან

    სამებაში საკვირაო წირვა აღევლინება, მას პატრიარქი და მეუფე შიო არ ესწრებიან

    სახლში დარჩენის რეკომენდაციის და 3 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვის მიუხედავად, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა აღევლინება.

    მას პატრიარქი ილია II და მისი თანამოსაყდრე მეუფე შიო არ ესწრებიან.  ,,ფორმულას” ინფორმაციით, ისინი წირვას რეზიდენციის ეზოში მდებარე ტაძარში აღავლენენ. პატრიარქი სამებაში არც გასულ კვირას იმყოფებოდა.

    სამებაში შეკრებილია ათობით ადამიანი. მრევლის თქმით, დისტანციას იცავენ, თუმცა ერთი კოვზით ეზიარებიან. საკვირაო წირვა მიმდინარეობს საქართველოს მართლმადიდებელ სხვა ტაძრებშიც.

    საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ 3-ზე მეტი ადამიანი შეკრება აკრძალულია. მთავრობის განცხადებით, ეს აკრძალვა ეხება ყველას, მათ შორის ეკლესიას.