Category: ახალი ამბები

  • “მესამე დღეა სიტყვებს ვეძებ რომ ბოდიში მოგიხადოთ“– კორონავირუსით ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს წევრის დედის წერილი

    “მესამე დღეა სიტყვებს ვეძებ რომ ბოდიში მოგიხადოთ“– კორონავირუსით ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს წევრის დედის წერილი

    “ინფო რუსთავი”  კორონავირუსით ინფიცირებული ქალის წერილს აქვეყნებს, რომლის შვილი რუსთავის საკრებულოს წევრია და რომელსაც კორონავირუსი 2 აპრილს დაუდგინდა. ინფიცირებული სააგენტოს  დაუკავშირდა და წერილის გამოქვეყნება სთხოვა.

    გთავაზობთ წერილს უცვლელად:

    “ძვირფასო რუსთაველებო!

    მესამე დღეა სიტყვებს ვეძებ რომ ბოდიში მოგიხადოთ საზოგადოებას და თითოეულ რუსთაველს შექმნილი მდგომრეობის გამო. მერწმუნეთ წარმოუდგენელია ის სინანული, სასოწარკვეთა, რასაც ამ წუთას განვიცდი. მოგმართავთ ყველას და შენდობას მოვითხოვ თითოეული ჩემი თანამოქალაქისგან. პირველ რიგში გთხოვთ, ჩემი სათქმელი მიიღოთ როგორც დედისგან, მეუღლისგან, ბებიისგან, რომლის გაუმართლებლი წინდაუხედავობით საფრთხეში ჩავაყენე საკუთარი ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილი და შვილიშვილი. ისინი დღეს ამ დაავადებას ებრძვიან ჩემთან ერთად. განსაკუთრებით ძნელია იმ აგრესიის და სიძულვილის მოსმენა, რომელიც არა ჩემი, არამედ ჩემი შვილისადმი აქვს საზოგადოებას მიმართული. სწორედ ჩემი გაუმართლებელი წინდაუხედავობის გამო დღეს მისი სახელი ლაფში ისვრება და ეს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის ჩვენი ოჯახის ყოფას ამ მძიმე წუთებში. იგი ნამდვილად ღირსეული პიროვნებაა და ამაში ყველა დამეთანხმება, ვინც მას იცნობს. ჩემთან სახლში მოდიოდა, რომ ონკოლოგიურად ავადმყოფ მამას წამლების მიღებაში დახმარებოდა, რადგან ამას მე ფიზიკურად ვერ ვახერხებდი. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა არსებული საფრთხის შესახებ, თორემ საკუთარ მრავალშვილიან ოჯახს განგებ არ ჩააყენებდა ამ განსაცდელში. დღეს მისი შვილიც ამ დაავადებას ებრძვის.

    მტრული აგრესიის ნაცვლად, გთხოვთ, მხარდაჭერა და გამხნევება გამოხატოთ მის მიმართ. ეს დღეს მას ძალიან სჭირდება.

    მიიღეთ ჩამი წერილი ღია აღსარებად და უმორჩილესად გთხოვთ, მომიტევოთ.

    მაგალითად მიიღეთ ჩემი შემთხვევა, გაუფრთხილდით ახლობლებს, დარჩით სახლში და უფალი გფარავდეთ ყველას.”– წერს ქალი.

    შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამჟამად თვითიზოლაციაშია დაინფიცირებული საკრებულოს წევრთან შემხებლობაში მყოფი 45 ადამიანი, მათ შორის, საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის თანამშრომლები, 12 სხვა მოქალაქე, ასევე ორი მოხალისე, რომლებთან ერთადაც წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი სოციალურად დაუცველებისთვის მოხალისეობრივ საქმიანობას ეწეოდა. ამასთან, ტაბაღუამ დასძინა, რომ პირადად მან ინფიცირებული ერთ კვირის წინ ნახა. მისივე თქმით, მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, მათ შორის თვითმმართველობის შენობაში დამონტაჟებული კამერების საშუალებით.

    რუსთავის საკრებულოს წევრები თვითიზოლაციაში, მას შემდეგ აღმოჩნენ, რაც საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედას, კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ეროვნული ბანკის თანამშრომელია.

  • როგორი იყო კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტის მდგომარეობა – რატიანის განმარტება

    როგორი იყო კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტის მდგომარეობა – რატიანის განმარტება

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა სიცოცხლესთან შეუთავსებლად.

    მისი თქმით, გარდაცვლილ პაციენტს გამოუვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი ჰქონდა მწვავე იმფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით.

    „გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური, ქალბატონი რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნული, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიომის მწვავე იმფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული გიპერტენზიით.

    ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობს სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური , მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ ვირუსს შეიძლება ქალბატონის გარდაცვალება გამოეწვია, რადგან მისი პათოლოგიები მაღალი გართულებებს რისკს მიეკუთვნება.

    81 წლის ქალი საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეორე პაციენტი იყო. გუშინ, 4 აპრილს კორონავირუსით პირველი ადამიანი, 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

  • საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით მეორე პაციენტი გარდაიცვალა

    საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

    საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გუშინ , 4 აპრილს გარდაიცვალა. ის 79 წლის ქალი იყო.

  • დღის განმავლობაში რამდენიმე გამოჯანმრთელებული დაგვემატება- მარინა ეზუგბაია

    დღის განმავლობაში რამდენიმე გამოჯანმრთელებული დაგვემატება- მარინა ეზუგბაია

    ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი რამდენიმე ადამიანით გაიზრდება.

    ,,ჩვენი კლინიკის გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ალბათ, დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე პაციენტი დაემატება. დღეს დილით ტესტირება ჩატარდება და შედეგების მიხედვით, საღამოს ინფორმაციას მოგაწვდით“, – ამბობს მარინა ეზუგბაია.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 36 გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ით გუშინ 1 მოქალაქე გარდაიცვალა.

  • საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

    საჩხერის მუნიციპლიტეტის მერის, ბენიამენ ფალავანდიშვილის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ფალავანდიშვილის თქმით, მეუღლე საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციონისტად მუშაობს და სავარაუდოდ ინფექცია მას პაციენტისგან გადაედო.

    „ანალიზები გუშინ აუღეს. მას ვირუსი მსუბუქი ფორმებით აქვს და განმეორებით ტესტირება ჩაუტარდება. მას ყელის არეში ჰქონდა დისკომფორტი, სხვა სიმპტომები არ აქვს“, – განაცხადა მერმა.

    მერის ინფორმაციით, სავარაუდოდ დღეს კორონვირუსზე ტესტს მასაც ჩაუტარებენ, ამჟამად კი ოჯახის წევრები იზოლაციაში არიან.

    ფალავანდიშვილი ამბობს, რომ კონტაქტი ჰქონდა მოქალაქებთან, თუმცა რეკომენდაციებს იცავდა.

  • ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება- ეზუგბაია

    ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება- ეზუგბაია

    თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცნო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, გუშინ ინფექციურში 1 ინფიცირებული პაციენტი მოათავსეს, რომლის ინფიცირების წყარო ეროვნულ ბანკს უკავშირდება.

    ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19  12 პირს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა.

    მისივე თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებლი მხოლოდ 36-ია, დანარჩენებს გამოიკვლევენ.

    „ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია“,- ამბობს ეზუგბაია.

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 170 პირიდან, 36 გამოჯანმრთელდა. 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი – 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

  • “ტრავმა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა,  დიდი ხანი გამყვება“–საქართველოში კარანტინგამოვლილი სტუდენტი  საკუთარ ისტორიას ყვება

    “ტრავმა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა, დიდი ხანი გამყვება“–საქართველოში კარანტინგამოვლილი სტუდენტი საკუთარ ისტორიას ყვება

    სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, გიორგი სინაურიძე, რომელმაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კარანტინი და თვითიზოლაცია გამოიარა ფეისბუქ სტატუსით იმ ვითარების შესახებ  ყვება, რომლის გავლა საქართველოში მოქალაქეებს უწევთ. ის დეტალურად და ვრცლად აღწერს, როგორ მუშაობს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან საბრძოლველად და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს პირიქით აკეთებს:

    “ბევრი ვიფიქრე, დამეწერა თუ არა ეს ისტორია, ორი დღეა ვერ გადავწყვიტე. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგად მესმის, სამედიცინო კუთხით, რამხელა ძალისხმევას მოითხოვს გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა. საბოლოოდ, მაინც მინდა, ჩემი ამბავი გაგიზიაროთ. მინდა, ყველამ იცოდეს, რას აფუჭებს სისტემა კორონა ვირუსთან ბრძოლისას და, როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად.

    ყველაფერი დაიწყო 13 მარტს, როცა ესპანეთიდან დავბრუნდი, თუმცა ამ პოსტის დაწერის მიზეზი ბოლო 3 დღეში განვითარებული მოვლენებია.

    13 მარტს, როცა მეგობრებთან ერთად თბილისში ჩამოვფრინდი, მიუხედავად იმისა, რომ თვითიზოლაციის ყველა პირობას ვაკმაყოფილებდი, მზრუნველმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ კარანტინი მიწევდა. როგორც აღმოჩნდა, თბილისში ადგილები არ იყო და ბათუმში უნდა წავსულიყავით 2 კვირით.

    აეროპორტის პატარა ოთახში, 5 სხვადასხვა რეისის მგზავრები, დაახლოებით, 100 ადამიანი, ავტობუსს 5 საათის განმავლობაში ველოდებოდით. ქალები, კაცები, მცირეწლოვანი ბავშვები, მოხუცები და სხვადასხვა დაავადების მქონე პირები, შესაძლო ინფიცირებულები და ჩვენ, 7 მეგობარი, ერთად ვისხედით მეტლახის გაყინულ იატაკზე.

    დიდი, თხოვნის, ჩხუბის და პერფორმანსების შემდეგ ავტობუსი მოვიდა. ორ ავტობუსში გადაგვანაწილეს სხვადასხვა რეისიდან ჩამოფრენილი მგზავრები. ჩვენ შორის იყვნენ მაღალი რისკ ჯგუფის ადამიანები.

    დამღლელი 7 საათის შემდეგ ჩავედით ბათუმში, საკარანტინე სასტუმროში.
    რადგან მე და ჩემი მეგობრები ესპანეთში ერთად ვცხოვრობდით, ოთახში შესვლაც ერთად შემოგვთავაზეს. პატარა ოთახების გამო, გადავწყვიტეთ, მაინც ცალ-ცალკე შევსულიყავით. თუმცა, რადგან ერთად ცხოვრების უფლება მოგვცეს, ერთმანეთსაც ვნახულობდით.

    ჩვენს სამ მეგობარს ჩამოფრენიდან მეშვიდე დღეს ტემპერატურა გამოუვლინდა. რა თქმა უნდა, ექიმი-ეპიდემიოლოგი საქმის კურსში იყო, თუმცა ტესტების სიმცირის გამო, წასვლის წინა დღემდე (მე-13 დღე) ტესტი არავის გაუკეთა.

    ტესტის გაკეთების შემდეგ, სამიდან ერთ მეგობარს ვირუსი აღმოაჩნდა. ამ დროს, მას უკვე არანაირი სიმპტომი აღარ ჰქონდა. თავს ახლაც არაჩვეულებრივად გრძნობს. დიდი ალბათობით, ჩვენი მეგობარი, ფრენისას, აეროპორტში ან ავტობუსში დაინფიცირდა, რადგან ვირუსის ინკუბაციის პერიოდი, სწორედ ამ თარიღს ემთხვევა.

    საბოლოოდ გადაწყდა, რომ მეგობარი ბათუმის ინფექციურში ხოლო ჩვენ ხელმეორედ 14 დღიან კარანტინში მოვეთავსებინეთ. კიდევ ერთხელ მოვითხოვეთ თვითიზოლაციაში გადაყვანა, რადგან ყველას გვქონდა ამის პირობები. მტკიცე უარი მივიღეთ.

    უკვე მე-17 დღეს ვატარებდით სასტუმროში გამომწყვდეულები. ზოგს ნერვიულობისგან აგვიწია სიცხემ, იმიტომ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი ვიცოდით. ტესტის ჩატარება მოვითხოვეთ, რომ გაგვეგო, დავინფიცირდით თუ არა დანარჩენებიც. ტესტების სიმცირის გამო, ამ მოთხოვნაზე უარი მივიღეთ. უსიმპტომოებზე არ კეთდებაო. ბათუმში, საკარანტინე ზონაში, კომერციული ტესტების ჩატარება გამორიცხული იყო, შესაბამისად, ვერ შევძელით ვერც საკუთარი სახსრებით ტესტის გაკეთება. გამოვიდა, რომ კიდევ 2 კვირის მანძილზე, ვერ გავიგებდით ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

    ამის გამო, მეგობრებს, რომლებსაც, შედარებით, სუსტი ფსიქიკა ჰქონდათ, გამოუვლინდათ დეპრესია, პანიკური შეტევები, ნერვული აშლილობა და უძილობა. სიტუაციის სიმძიმის ფონზე, სამინისტრომ ჩვენი საკითხი ხელახლა განიხილა და, დაგვრთეს ნება, კარანტინის დარჩენილი დღეები თვითიზოლაციაში გაგვეტარებინა. რა თქმა უნდა, ტესტზე საუბარიც კი არ ყოფილა.
    მოვითხოვეთ ცალკე მანქანა, იზოლაციის წესების დაცვით. ასევე მოვითხოვეთ, რომ მგზავრობის ხარჯი თვითონ დაგვეფარა, რადგან სხვა მგზავრებისგან განრიდებას ვითხოვდით. ამაზეც უარი მივიღეთ. რა მიზეზით, არ ვიცი.

    ბათუმიდან თბილისში მანქანამ სხვადასხვა საკარანტინე ზონიდან დაახლოებით 14 ადამიანი წამოგვიყვანა. მანქანაში, წყვილ-წყვილად, ერთმანეთის გვერდიგვერდ დაგვსვეს. არა პირბადე, არა ხელთათმანი, საერთოდ არანაირი დამცავი საშუალება. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ საფრთხე შეუქმნა ჩვენს ჯანმრთელობას უცხო ადამიანებთან დაუცველი კონტაქტის გამო.

    საბოლოოდ, თვითიზოლაციაში გადმოვედი. დავმშვიდდი, მეგონა, ყველაფერი დამთავრდა და სახლში შემეძლო გამეტარებინა არა 1 კვირა არამედ მთელი ცხოვრება. თურმე არა, ახლა იწყება ჩემი თავგადასავალი.

    თბილისში როგორც კი დავბრუნდი, კომერციული ტესტის ამბავი გავარკვიე და გამოძახება გავაფორმე. რიგების გამო, რამდენიმე დღეში დამინიშნეს ვიზიტი. სანამ ჩემი რიგი დადგებოდა, ერთ-ერთ საღამოს, ტემპერატურამ ამიწია (37c). მშვიდად ვეღარ მოვიცდიდი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებასთან დავრეკე, რომ ჩემი მდგომარეობა შეემოწმებინათ.
    გადამიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პროფესიით მეც მომავალი ექიმი ვარ და, დაახლოებით, ვიცი, საავადმყოფო ამ დროს როგორ მუშაობს.

    იმ საღამოსვე, რა თქმა უნდა, ტესტი არავინ გამიკეთა. გავიარე რუტინული პროცედურა, რომელსაც ყველა პაციენტი გადის კლინიკაში ვიზიტის დროს. არ მოვყვები, როგორი ბალიში და სიტუაცია იყო საავადმყოფოში. ერთს გეტყვით: პალატაში ჩემთან ერთად ორი უცხო ადამიანი იწვა. ორივე მაღალი ტემპერატურით და ორმხრივი პნევმონიით. ჩვენ ერთმანეთისგან მოშორებით ვიწექით, მაგრამ ვიყენებდით საერთო საპირფარეშოს. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფომ შესაძლო ინფიცირებულებთან ერთ სივრცეში ყოფნა მომისაჯა.

    მეორე დღეს დადგა ტესტის გაკეთების დრო, (14:00), მალევე, საღამოს 19:00-ზე, პასუხი მოვიდა – უარყოფითი. უბედნიერესი ვიყავი. ალბათ იფიქრებთ, რომ აქ ისტორია ჰეფი ენდით მთავრდება. მეც ასე მეგონა.

    როგორც აღმოჩნდა, მეორე დილამდე ჩემი გაწერა შეუძლებელი იყო. იმდენად გახარებული ვიყავი ტესტის პასუხით, გადავწყვიტე, ხასიათი არაფრით გამეფუჭებინა და ბედს შევეგუე.
    დადგა გაწერის დღე, ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე, რაც კი მაგონდება.
    პაციენტის გაწერა ძირითადად დილით ხდება, როცა ექიმი შემოვლას აკეთებს. ექიმი 12:00 საათზე მოვიდა და მითხრა, რომ ახლავე გაამზდებდა ფორმა 100-ს და გამწერდნენ.

    დადგა 15:00 საათი მაგრამ არც ექიმი გამოჩენილა და არც ჩემს წასაყვანად მოსულა ვინმე. ექიმმა ტელეფონით მითხრა, რომ წუთი-წუთზე კარანტინში წასაყვანად მანქანა მომაკითხავდა. ექიმებისადმი დიდი პატივისცემით და მშვიდი ხასიათის გამო, ქალბატონს ავუხსენი რომ, კარანტინი უკვე მოხდილი მაქვს და თვითიზოლაციაში უნდა დავბრუნდე.

    მიპასუხა, რომ არ აინტერესებდა, რა მქონდა მოხდილი და, როგორც იტყოდა, ისე იქნებოდა. ძალიან ვთხოვე, პალატაში ჩამოსულიყო, რომ სიტუაცია დეტალურად ამეხსნა. ყვირილზე გადავიდა. ამ დროს მეც ყვირილით გადავძვერი ტელეფონში და კორექტულობისკენ მოვუწოდე. ნახევარ საათში ფორმა 100 მომიტანეს, სადაც გარკვევით ეწერა, რომ სახლში ვეწერებოდი თვითიზოლაციაში.

    კიდევ 3 საათის შემდეგ (18:00) მანქანა მოვიდა, სიხარულით მოვკიდე ჩანთას ხელი და გავეშურე.

    მანქანაში ახლა გარდაბნიდან ჩამოსული 15 უცხო ადამიანი დამხვდა. ისინი თურმე გლდანის კარანტინში გადაჰყავდათ, მაღალი რისკის, მაგრამ სიმპტომების არარსებობის გამო. მძღოლს თავაზიანად ვთხოვე, აქვე ვცხოვრობ, ჯერ მე დამტოვეთ მეთქი.

    აქვე გაირკვა, რომ მეც კარანტინის სიაში ვიყავი. თავისთავად ავუხსენი, რომ კარანტინი არ მიწევდა. მძღოლი კარგი ადამიანი იყო, მითხრა, მე ვერაფერს ვწყვეთ, პოლიციას გაესაუბრეო. დავუძახეთ პოლიციას, რომელიც კლინიკის ეზოს იცავდა, რისგან არ ვიცი.

    პოლიციელი ახალგაზრა ქალი იყო, მშვიდად ვესაუბრე, ვუთხარი რომ შეცდომა დაუშვეს და, სახლის ნაცვლად, ისევ კარანტინში მივყავდით. დახმარება და სიტუაციის გარკვევა ვთხოვე.
    პოლიციელის განმარტებით, მას არ აინტერესებდა “ეს რაღაც ფურცელი”, ანუ ექიმის მიერ გამოწერილი ფორმა 100, და ეს ყველაფერი, ჩემი კეთილდღეობისთვის და ჯანმრთელობისთვის ხდებოდა. ახლა უკვე დაჟინებით მოვითხოვე, რომ ფორმა 100-სთვის დაეხედა, რომელიც, სამედიცინო თვალსაზრისით, სულაც არ არის “რაღაც ფურცელი” და, სადაც გარკვევით ეწერა, რომ შემოწმებული ვიყავი და მეკუთვნოდა თვითიზოლაციაში დაბრუნება.

    მშვიდად და ხაზგასმით განიმიმარტა, რომ ეს არ აინტერესებდა, ან ახლავე ჩავჯდებოდი მანქანაში ან – 3000 ლარიანი ჯარიმით ჩავჯდებოდი იგივე მანქანაში.

    რომ მივხვდი, აზრი არ ჰქონდა, მანქანაში ჩავჯექი. წავედით გლდანში, ერთ-ერთ საკარანტინე სასტუმროში. ჩემს ფსიქიკურ მდგომარეობას კარგად ვერ გადმოგცემთ. სიტყვებითთ არ გამოითქმის, რაც მაშინ მთელმა ამ არეულობამ დამმართა.

    ოთახში შესვლის შემდეგ დაიწყო ბიუროკრატიასთან ჭიდილი. ჯერ ვცდილობდი, გამერკვია, ამ შეცდომის გამოსწორება ვის შეეძლო.

    საღამოს 10:00 საათზე უკვე, დაახლოებით 10 ადამიანთან მქონდა დარეკილი და ყველა ერთმანეთთან მამისამართებდა. საბოლოოდ, ერთ-ერთი ინსტანციიდან დამირეკეს, ბოდიში მომიხადეს შეცდომის გამო. აღმოჩნდა, რომ ღამე მაინც ვერ გადამიყვანდნენ, კომენდატის საათი იყო და, შემპირდნენ, რომ დილით გამოასწორებდნენ შეცდომას.

    დილით ადრე ავდექი, დრო რომ არ დამეკარგა. 22 დღე კარანტინში ვიყავი და დამატებით 1 წუთიც არ მინდოდა, იქ გამეტარებინა.

    დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე, დამიდასტურეს რომ საკითხი გადაცემული იყო და მანქანას უნდა დავლოდებოდი. მანქანა რამდენიმე საათი არსად ჩანდა.

    დავრეკე საგანგებოში, სადაც ტრანსპორტირებას აგვარებენ. მითხრეს, რომ ჩემზე არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

    უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, შემეშინდა, ვინმესთვის ან ჩემი თავისთვის რამე არ დამეშავებინა. ძველმა ექიმმა დამირეკა, ბათუმის კარანტინის ექიმ-ეპიდემიოლოგმა. ჯანმრთელობის მდგომარეობა შემიმოწმა. სიცხე ვიღას ახსოვდა, ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რომ ავუხსენი, მაშინვე დახმარებას შემპირდა.

    ჩემმა თხოვნამ გაჭრა თუ, უბრალოდ, გულისხმიერებამ, არ ვიცი, მაგრამ ერთ საათში მანქანამ მომაკითხა.

    ახლა ამას სახლიდან ვწერ, დამშვიდებული გონებით, კიდევ არ მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრდა. წარმომიდგენია, რამდენი ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა შეიწირა ამ საშინელ ბიუროკრატიასთან ბრძოლამ.

    მართალია, ვირუსი არ მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიური ტრამვა, რომელიც ამ სისტემამ მომაყენა, ალბათ დიდი ხანი გამყვება.

    ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო ძლიერია კორონა ვირუსთან ბრძოლაში და, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ, ძალიან ცდებით.

    საქართველოში შესაძლოა, ათასობით დაავადებული პირი იყოს, რომლებსაც ტესტს არ უკეთებენ, იმიტომ, რომ უსიმპტომოები არიან. მსოფლიო გამოცდილებით, ინფიცირებულთა 50% უსიმპტომოა, მაგრამ – ჩვეულებრივად გადამდები. სამედიცინო თვალსაზრისით, ყველაზე აუცილებელი მათი დატესტვაა, რადგან ისინი, ისე ავრცელებენ ვირუსს, რომ ამის შესახებ, წარმოდგენაც კი არ აქვთ.

    საქართველოს მთავრობა ყველაფერს პირიქით აკეთებს. სასტუმროები, ნუ მოგატყუებთ. პოპოლიზმზე ჯანდაცვის სისტემის აგება, არ შეიძლება, აქ ადამიანების სიცოცხლე დევს სასწორზე.

    ამ ყველაფერს ისე ვწერ, კარი 9 კლიტულით მაქვს ჩარაზული. ახლა რომ ვკვდებოდე, აღარც სასწრაფოში დამრეკი ვარ და, მითუმეტეს, არც გარეთ გამსვლელი.“– წერს გიორგი სინაურიძე.

  • ძალიან რთული ორი კვირა გველოდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება – ტრამპი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ძალიან რთული ორი კვირა გველოდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება – ტრამპი მოქალაქეებს აფრთხილებს

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალტ ტრამპმა აშშ-ში ინფიცირებისა და გარდაცვალების გაზრდილ მაჩვენებლებზე ისაუბრა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ წინ რთული 2 კვირა ელით.

    მისი თქმით, ვირუსისგან ბევრი ადამიანი დაიღუპება.

    ,,მინდა, ყველა ამერიკელი მოემზადოს იმ მძიმე დღეებისთვის, რომელიც დადგება. ჩვენ ველოდებით ძალიან რთულ ორ კვირას. ვაპირებთ დავიწყოთ რეალური სინათლის დანახვა გვირაბის ბოლოს, მაგრამ ეს ძალიან მტკივნეული იქნება, ძალიან ძალიან მტკივენული- ორი კვირის განმავლობაში”,- განაცხადა თეთრ სახლში პრესკონფერენციისას დონალდ ტრამპმა.

    მან ასევე აღნიშნა: “უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს მალე დასრულდება, უნდა განვაგრძოთ სვლა – დიდხანს ვერ გასტანს”.

    აშშ ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ქვეყანაში 311 637 ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 14 828 განიკურნა, 8 454 კი გარდაიცვალა, კრიტიკულია 8 206 პაციენტის მდგომარეობა.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170 -მდე გაიზარდა.

    ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

    ცნობისთვის, COVID-19-ით ინფიცირებული 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

    კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330 პირი.

     

  • ამ დაავადების გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე – თენგიზ ცერცვაძე

    ამ დაავადების გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე – თენგიზ ცერცვაძე

    ვფიქრობ, რომ ამ დაავადების გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე, -ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძეტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

    “ეს ზოგადად სენსიტიური და პირადად ჩემთვისაც სენსიტიური საკითხია. როგორც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ეკლესიას და ყველა იმ რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია.მე, როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება, ძველი ფორმატით, ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს, მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო ეს გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვასა და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში. მე მაინც ვფიქრობ, თუმცა ეს, კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, მე ვფიქრობ, რომ ამის  გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე”, – თქვა ცერცვაძემ.