Category: ახალი ამბები

  • ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არმისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!- ჯაღმაიძე

    ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება ტაძარში არმისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!- ჯაღმაიძე

    ,,ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს, რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში!”,- მიმართავს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მრევლს.

    მისი თქმით, ვინც სახლში დარჩება, ამას სარწმუნოების განდომად არავინ ჩაუთვლის.

    ,,პატრიარქის მიმართვაში არის პუნქტი, რომელიც ჯერჯერობით ეხება ლიტურგიებს და აქ არის ნათქვამი, რომ ვინც სიფრთხილის გამო გადაწყვეტს, რომ არ მივიდეს მსახურებაზე, იყოს სახლში და საჭიროების შემთხვევაში მოძღვარი მასთან მივა. ანუ, ის შემთხვევები, როდესაც ასაკის გამო, ან ჯანმრთელობის გამო, არის რისკ-ჯგუფში, ამ მიმართვაში ვუთხარით, რომ დარჩით სახლში.

    ამის გარდა დაემატა ეს, რომ ვინც ფრთხილობს და ვინც ფიქრობს,რომ შეიძლება, ტაძარში არ მისვლით თავი დაიცვას, დარჩეს სახლში. მთავარი არის ის , რომ ამ ადამიანებს არავინ უთვლის სარწმუნოებისგან განდგომად, თუკი ის სახლში დარჩება. მასთან მივა მოძღვარი და ყველა იმ საჭიროების შეთხვევაში მსახურებას აღასრულებს, რაც სჭირდება”,- აცხადებს დეკანოზი.

    მისივე თქმით, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა სააღდგომოდ ელოდებიან, რომ სიტუაცია განიმუხტება.

    „ჩვენ სააღდგომოდ არ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორ შევძლებთ მსახურება სრულფასოვნად, მრევლთან ერთად აღესრულოს და ამავდროულად არ დაირღვეს კომენდანტის საათი. მორწმუნემ მხედველობაში უნდა მიიღოს ის რეკომენდაციები, რაც ხელისუფლებიდან და ჯანდაცვის მესვეურთაგან მოდის. ეს ხალხი ნდობას იმსახურებს იმიტომ, რომ მათი მუშაობა ეფექტურია და შეგვიძლია, ვენდოთ მას. ე.წ კომენდანტის საათის დროს მორწმუნე უნდა იყოს სახლში, თუმცა ჩვენ სააღდგომოდ ველოდებით, რომ სიტუაცია განიმუხტება”,- თქვა დეკანოზმა და აღნიშნა, რომ აღდგომის წინა პერიოდში ხელისუფლებასთან აუცილებლად ექნებათ საუბარი.

    ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო დღესასწაული საგანგებო მდგომარეობის პირობებში. აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ასევე მოქმედებს კომენდანტის საათი- 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა ეკრძალებათ.

  • მაქვს სუნთქვის უკმარისობა, მომიდუნდა ხელები- რას ყვება ქართველი ემიგრანტი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა

    მაქვს სუნთქვის უკმარისობა, მომიდუნდა ხელები- რას ყვება ქართველი ემიგრანტი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა

    ქართველ ემიგრანტს ფიქრია რობაქიძეს, რომელიც ესპანეთშია, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

    ის კორონავირუსზე ტესტირებას იხსენებს:

    „იცით, რა ბედნიერები ხართ, ვინც თქვენს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სისხლთან და ხორცთან ხართ? ვერ აფასებთ იმას, რაც გაქვთ. დღეს ეს ასმაგად დავაფასე. როდესაც ყველა ანალიზის და გამოკვლევის პასუხს ვიგებდი, მუხლები მეკვეთებოდა…

    შენი გვარი მოიცავს საავადმყოფოს კედლებს და ექიმის შეწუხებული სახე – ვწუხვარ, პასუხი დადებითი. აი, აქ შენი გამბედაობა და ის სიძლიერე სრულდება, რაც ცოტახნის წინ იპოვე საკუთარ თავში.

    გზა ერთი საავადმყოფოდან მეორემდე. საავადმყოფოს კარიდან სასწრაფოს მანქანამდე სულ რაღაც 10 ნაბიჯი კილომეტრებად გეჩვენება, ძლივს რომ გაივლი ამ მონაკვეთს და იქაც შეშფოთებული სახეები გხვდება და იმის მთქმელიც არ გყავს, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. ყველა გზას მარტო გადიხარ. ყველა პასუხს მარტო იღებ, გტკივა, გინდა იყვირო, მაგრამ ხმა სადღაც შენში იმალება“, – წერს ფიქრია რობაქიძე.

    პოსტის დაწერიდან რამდენიმე საათში, მან „ფეისბუქლაივი“ ჩართო და თქვა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან სუნთქვის უკმარისობა აქვს, უდუნდება ხელები და ფეხები.

    „სასწრაფოდ გადმომიყვანეს საავადმყოფოში, ველოდები ექიმს. მაქვს ჰაერის უკმარისობა და მომიდუმდა ხელები და ფეხები. ძალიან მძიმე მდგომარეობა მაქვს. არ იციან სად გადამიყვანონ, მძიმე პაციენტების ადგილი არ არის“ , – ამბობს ქართველი ემიგრანტი.

  • საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

    საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 174-მდე გაიზარდა

    ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირება კიდევ 4 პაციენტს დაუდასტურდა, შესაბამისად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 174-მდე გაიზარდა.

    ეზუგბაიას თქმით, 4 ახალი ინფიცირებულიდან 1 პაციენტის ინფიცირების წყარო სომხეთიდან ჩამოსული პირია, რომელიც ინფექციურში მკურნალობს, ხოლო 3 ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. მათი ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის.

    საქართველოში 174 ინფიცირებულიდან 36 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

  • ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 621 ადამიანი დაიღუპა

    ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 621 ადამიანი დაიღუპა

    ბოლო დღე-ღამეში ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 621 ადამიანი გარდაიცვალა. გუშინ დაღუპული 708 ადამიანი იყო, შესაბამისად, დღეს ლეტალურმა შემთხვევებმა იკლო.

    ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 5903-ით, საერთო ჯამში დადასტურებულია 47 806 შემთხვევა.

    ბოლო მონაცმეებით, ქვეყანაში COVID-19-ითთ 4 934 ადამიანი გარდაიცვალა, 135 კი გამოჯანმრთელდა.

  • სალომე ზურაბიშვილი  მოსახლეობას სულხან საბას ლექსიკონით მიმართავს. რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს

    სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას სულხან საბას ლექსიკონით მიმართავს. რისი თქმა უნდოდა პრეზიდენტს

    სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სულხან საბას ლექსიკონის რამდენიმე განმარტებას აქვეყნებს. მონაკვეთი, რომლებიც პრეზიდენტმა “სიტყვის კონიდან“ ამოიღო, სიგიჟის სხვადასხვა ფორმას განმარტავს. რისი თქმა უნდოდა ზუსტად ზურაბიშვილს ამ კლასიფიკაციით, უცნობია, თუმცა სტატუსის ბოლოს ქართული ენის სიმდიდრეზეა აქცენტი გაკეთებული  და მთავრდება მოწოდებით: “დარჩით სახლში“.
    “საგიჟენი განიყოფებიან ათერთმეტად: შმაგად, ხელად, სულელად, ცოფად, ნაღვლიანად, რეგვნად, ტეტერად, შლეგად, შტერად, ფეთიანად, შეთიანად.
    შმაგი არს სიგიჟით თავსაც თვისა ავნებდეს და სხვათაცა მავნებელ ექმნებოდეს;
    ხელი არს, რომელი უცნობათ გარბოდეს, არცათა თვით იგვემებოდეს და არცა სხვათა ავნებდეს;
    სულელი არს , რომელი არცა სრულიად ცნობა მიიღებულ იყოს და არცა სასარგებლო ჰქმნას რამე;
    ცოფი არს გონება და ცნობა მოძარცული;
    ნაღვლიანი არს, ოდესმე ცნობას იყოს და ოდესმე უცნობობასა;
    რეგვენი არს, რომლელსაც სიბრძნე აკლდეს და მცირედ ხელურს იქმოდეს;
    ტეტერი არს, რომელსა სიბრძნე არა აკლდეს, არამედ ხელურს რასმე იქმოდეს;
    შლეგი არს არა ხელი, არცა ცნობა მიღებული, არამედ დაუცადებელად თავ-გაწირვით განუსვენებელი;
    შტერი არს ფრიადისა აღორთქლებათა შინაგან ნივთთა მიერ საგრძნობელთა ორღანო მიღებული და საქმის ვერ კეთილად მქნელი;
    ფეთიანი არს ღამით საოცართა დაფეთებათა მიერ მცირეს ხანს ცნობა მიღებული;
    შეთიანი არს სნეული, რომელი ხელურად იქცეოდეს და ჩქარა დწვეს და წამოდგესუგუანად უბნობდეს.”(საბა-სულხან ორბელიანი)
    – წერს სალომე ზურაბიშვილი
  • კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის 42 წლის კაცია – რატიანი

    კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ინფიცირებულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, მათ შორის 42 წლის კაცია – რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განთავსებული პაციენტების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ერთ-ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

    ,,კრიტიკული მედიცინის დეპარატამენტში არის 7 პაციენტი. აქედან ერთ-ერთის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე, პაციენტი არის 67 წლის.

    კლინიკურად სახეზეა კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული მწვავე რესპირატორული დისტრესი, გემოდინამიკის რღვევით. გვყავს ახალგაზრდა პაციენტი, 42 წლის, რომელიც გუშინაა ჩვენს კლინიკაში შემოსული, პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა უარყოფითი კლინიკით გვაქვს, მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებებისა და ნებისმიერ დროს შესაძლებელია, გადაყვანილ იქნას აპარატზე. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია, მას აღენიშნება მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომი, გულის მწვავე უკმარისობით“, – განაცხადა რატიანმა.

    გარდა ამისა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 27 პაციენტს მწვავე პნევმონიის დიაგნოზი აქვს.

    ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებლი, მათგან 36 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

  • ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს- ლევან რატიანი

    ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს- ლევან რატიანი

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ დადიან და ნუ ეხუტებიან ერთმანეთს.

    ,,ერთი რამე მინდა ვუთხრა მთელს ქვეყანას და თქვენც [ჟურნალისტებს], რაც შეიძლება ვიყოთ სოციალურად დისტანცირებული ერთმანეთისაგან. არავინ არ ვიცით ამ ვირუსის სტრატეგია, სამწუხაროდ, სამყაროს არცერთმა ექიმმა და მათ შორის არც მე.

    პირადად თქვენ მოგიწოდებთ, რომ ნუ დადიხართ ასე და ნუ ეხუტებით ერთმანეთს. დავცილდეთ ერთმანეთს რა, არამარტო თქვენ, არამედ ყველა”,- ამბობს რატიანი.

    საქართველოში საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს თვითიზოლაციის დაცვისკენ მოუწოდებენ. აკრძალულია 21 საათიდან დილის 6 საათამდე სახლის გარეთ გადაადგილება. ასევე, აკრძალულია 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

    ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებლი, მათგან 36 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

  • ონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

    ონის მერმა და მისმა პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

    ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და მისი პირველი მოადგილე დიმიტრი საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგნენ.

    გავრცელებული ინფორმაციით,  თანამდებობებიდან წასვლის შესახებ განცხადებები მათ პარასკევს დაწერეს.  გადადგომის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა ორშაბათს გაიმართება და სავარაუდოდ მაშინ გადაწყდება, ვინ შეასრულებს მერის მოვალეობას.

  • ე.წ მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, პატიმრები რუსთავის ციხეებში გადაიყვანეს

    ე.წ მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, პატიმრები რუსთავის ციხეებში გადაიყვანეს

    სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი სიძველის გამო დაიწყო.

    შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 27 მარტს გამოსცა. პატიმრები ქალაქ რუსთავის ორ ციხეში გადაანაწილეს.

    ,,ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს”,- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

  • რომ არ დაგვიანებულიყო მათი შემოყვანა, სიცოცხლის შენარჩუნების მეტი შანსი გვექნებოდა- რატიანი გარდაცვლილებზე

    რომ არ დაგვიანებულიყო მათი შემოყვანა, სიცოცხლის შენარჩუნების მეტი შანსი გვექნებოდა- რატიანი გარდაცვლილებზე

    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა კორონავირუსით ინფიცირებული დროულად გადაიყვანონ კლინიკაში ცხელების ცენტრებიდან.

    მისი თქმით, ორი გარდაცვლილი პაციენტი რამდენიმე საათით გვიან გადაიყვანეს, თორემ მათთვის სიცოხლის შენარჩუნების მეტი შანსი იქნებოდა.

    ის ექიმებს უხსნის, როდის უნდა გადაიყვანონ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პაციენტები.

    ,,ყველა ექიმს მოვუწოდებ, ვინც არის ამ ცხელების ცენტრში, როგორც კი შენიშნავენ 60+1 და სატურაციას 92-ს აუცილებლად, დაუყოვნებლივ გადმოიყვანონ ჩვენს კლინიკაში. ჩვენ ვართ რეფერალური კლინიკა, რომელიც იღებს ყველა მძიმე პაციენტს, თუ ვინმე არის და დაგვიანებულ შემთხვევას სჯობია ჩვენს კლინიკაში სწრაფად იქნეს მათი ჰოსპიტალიზაცია და პრანსპორტირება, რომ ასეთი ლეტალური შედეგები არ გვქონდეს.

    მიუხედავად იმისა, რომ ურესურსო პაციენტები იყვნენ ორივე, მაინც ვფიქრობთ, რომ რამდენიმე საათი დაგვიანდა მათი ჩვენთან გადმოყვანა. თუ შესაძლებელი იქნებოდა მათი სწრაფი ტრანსპორტირება და სწრაფი ჰოსპიტალიზაცია, უფრო დიდი შანსი გააჩნდათ პაციენტებს, რომ სიცოცხლე შეგვენარჩუნებინა”,- თქვა რატიანმა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ კლინიკაში მკურნალობს ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც, ასევე, გვიან შეიყვანეს კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მონაცემების მიხედვით, ადამიანი წესით კვდება.

    ,,აქაც დაგვიანებული შემთხვევაა იმიტომ, რომ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სატურაცია იყო 67. ეს ის მომენტია, როცა წესით და კანონით ცოცხალი არსება, სიცოცხლეს წყვეტს. მაგრამ ამ ეტაპზე ეს პაციენტი აგრძელებს მკურნალობა. იმედია, რომ ჩვენი ჩატარებული ღონისძიებები დადებით შედეს გამოიღებს”, — განაცხადა ლევან რატიანმა.

    შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევები 170-მდე გაიზარდა, ხოლო გამოჯანმრთელებულების 36-მდე.